ყოველი კვ/სთ-დან მითვისებული 0.075 თეთრი

მაკა ღანიაშვილი

ბაზარზე თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკა ასხვავებს კონკურენციის ორგანოს და სექტორულ მარეგულირებელს. კონკურენციის პოლიტიკასა და ბაზრის რეგულირებას შორის არსებითი განსხვავებაა; კერძოდ, თუ კონკურენციის ორგანოს ფუნქციები ძირითადად კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება, სექტორულ მარეგულირებელს აქვს უფრო ფართო უფლებამოსილებები, როგორიცაა, მაგალითად, კომპანიის სატარიფო ან საინვესტიციო გადაწყვეტილების კონტროლი. კონკურენციის ორგანო ამოწმებს კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის კანონთან შესაბამისობას და შემდეგ ახდენს სათანადო რეაგირებას, ანუ რეაქცია კომპანიის მიერ ბაზარზე გარკვეული ქმედების განხორციელებას მოჰყვება. კონკრეტული სექტორის მარეგულირებელი ორგანო კი წინასწარ ახდენს რეაგირებას და, შესაბამისად, აძლევს ან არ აძლევს ავტორიზაციას განსაზღვრულ სამეწარმეო ინიციატივას.

საქართველოში მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის, გაზის, წყლის მიწოდების, აგრეთვე, სატელეფონო კავშირის ფასს მომწოდებელი არ ადგენს. ეს მომსახურება ე.წ. რეგულირებადი ფასის რეჟიმს ექვემდებარება და მის ტარიფებს სპეციალური მარეგულირებელი კომისიები ადგენენ. საქართველოში დღესდღეობით ორი ასეთი მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებს: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია. მაგრამ რამდენად ასრულებენ საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი კომისიები იმ ფუნდამენტურ მოვალეობას, რომელიც მათ კანონმდებობით აქვთ დაკისრებული?

ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული და ხელისუფლების სათავეში მოსული ”ქართული ოცნების” ლიდერებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში ტარიფები სერიოზულ გადახედვას საჭიროებს და ეს პროცესი ახალი მთავრობის მუშაობის დაწყებისთანავე დაიწყება. თუმცა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი ოქტომბერის შუა რიცხვებში აცხადებდა, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები მაქსიმალური სიზუსტით არის დათვლილი და ამ ეტაპზე მათში რაიმე სახის ცვლილება შეუძლებელია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩალაგაშვილის განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ზემოხსენებულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კატეგორიულად სულაც არ ეწინააღმდეგებიან ტარიფების გადახედვას და მზად არიან, ამის თაობაზე ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელონ.

საქართველოში მარეგულირებელი კომისიის მუშაობის ხარვეზებზე, წლების განმავლობაში უცვლელ ენერგოტარიფებსა და ენერგეტიკულ კომპანიებში არსებულ დარღვევებზე მრგვალი მაგიდის გარშემო გვესაუბრებიან ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია და ექსპერტი ენერგეტიკის დარგში მარიკა ჯაფარიძე.

მარიკა ჯაფარიძე: ”სემეკის მთავარი ფუნქცია არის ტარიფების რეგულირება. ტარიების რეგულირება ფართო ცნებაა და ის ენერგოკომპანიების საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს. პირველ რიგში, ხარჯების კონტროლს, რადგან ტარიფები პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ხარჯებზე. ტარიფი არის ხარჯები გაყოფილი გასაყიდი ელექტროენერგიის რაოდენობაზე”.

ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, ყველა პირველადი ხარჯი (გენერაცია, ტრანსპორტირება) უკვე დათვლილი, დადგენილი და რეგულირებადია. მაგალითად, თუ დღეს ჩვენ 14 თეთრად ვიღებთ ელ. ენერგიას სახლში, აქედან 7 თეთრია თელასის და დანარჩენი არის რეგულირებადი ტარიფი. ხარჯები არის შესყიდვის ხარჯი, გენერაციის ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯი თავის დანაკარგიანად, განაწილების და მიწოდების ხარჯი და ადმინისტრაციული ხარჯები. გენერაცია არ არის პირდაპირ რომელიმე ელექტროსადგურიდან ან ჰიდროელექტროსადგურიდან შესყიდვის ფასი. ეს არის საშუალო შეწონილი ფასი.

მარიკა ჯაფარიძე: მარეგულირებელი ტარიფის ყველა კომპონენტს ცალ-ცალკე ითვლის: გენერაცია, ტრანსპორტირება, სისტემური რეგულირება და თვითონ ”თელასის” ტარიფი. ავიღოთ გენერაცია _ მისი ობეიქტებია, მაგალითად, ხრამი, მტკვარი და სხვა ჰესები. მარეგულირებელმა აიღო ენგურჰესი, დაითვალა მისი ხარჯები და უთხრა მას, რომ მისი გასაყიფი ფასი არის 1.17 თეთრი, ანალოგიურად სხვა ჰესების შემთხვევაშიც. ხრამს, სიტყვაზე, დაუდგინა 3.2 თეთრიანი ტარიფი. შემდეგ მარეგულირებელი ამ ყველაფერს დაითვლის და გამოიყვანს საშუალო შეწონილ ტარიფს. ეს საშუალო შეწონილი ტარიფი ყველა კომპანიისთვის ერთია, კომისია მათ უდგენს ამ ტარიფს და ეუბნება, რომ ეს არის გენერაციის თანხა. კლასიკურ ვარიანტში გენერაციის და ყველა სხვა კომპონენტიც ყოველ წელს უნდა გადაისინჯოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ ხდება საქართველოში. ბოლოს მახსოვს, რომ მარეგულირებელმა ტარიფს 2010 წელს გადახედა.

ასევეა ელექტროსისტემური, მაღალი ძაბვის ხაზები, მათი ტარიფიც გამოჰყავს მარეგულირებელ კომისიას და ადგენს, რომ თითოეული კილოვატი საათის გადაცემისთვის ენერგო კომპანია მიიღებს, მაგალითად, 1 თეთრს. არის სასისტემო ხარჯებიც, რომელშიც შედის ოპერატორის, დისპეჩერის ხარჯები. ამისთვისაც დადგენილია 1 თეთრი. და ბოლოს, რჩება საკუთრივ კომპანიის, ამ შემთხვევაში, ”თელასის” ტარიფი. რომელიც ახლა არის 7 თეთრი. 7 თეთრის რეგულირებაც შედის მარეგულირებელი კომპანიის კომპეტენციაში.

ს.ე. _ როგორ ხდება ამ ტარიფის კალკულაცია?

მ.ჯ. _ თელასი მარეგულირებელ კომისიას წარუდგენს საექსპლუატაციო დანახარჯებს, თანამშრომლების შენახვის ხარჯებს და ა.შ. კომპანიის მიერ ყოველი დახარჯული თეთრი ასახვას პოულობს ამ ტარიფში. თუ კომპანიას ყველა საექსპლუატაციო ხარჯი აქვს 200 მილიონი და თელასმა წინა წლის მოხმარებიდან იცის, ვთქვათ, რომ თბილისის მოსახლეობამ წინა წელს მოიხმარა 2 მილიარდი კილოვატსაათი. 200 მილიონი გაიყოფა 2 მილიარდ კილოვატ საათზე და მიიღება ტარიფი.

მაგრამ თუ ”თელასმა” მარეგულირებელ კომისიაში წარადგინა ანგარიში და თქვა, რომ მისი საექსპლუატაციო დანახარჯი არის 200 მილიონი, მარეგულირებელი კომისია ვალდებულია, რომ ამ 200 მილიონში დეტალურად ჩაიხედოს და დეტალურად დაადგინოს, მართლა დაუჯდა თუ არა ”თელასს”, ვთქვათ, ტრანსფორმატორის რემონტი იმდენი, რამდენიც გაწერილი აქვს. ყველა კომპანიას შეუძლია მოატყუოს მარეგულირებელი კომისია და ხარჯები და, შესაბამისად, ტარიფიც ხელოვნურად გაზარდოს, მაგრამ კომისიამ თავი არ უნდა მოიტყუოს, ყველაფერი დეტალურად უნდა დაითვალოს, რასაც ჩვენი მარეგულირებელი კომისია არ აკეთებს, მაშინ, როცა მას ამის სრული უფლება და მოვალეობაც აქვს.

ვთქვათ, ”თელასის” მიერ მოტანილი ხარჯთაღრიცხვიდან დავადგინე, რომ ერთი წლის ჭრილზე ტარიფი უნდა იყოს 7 თეთრი. მეორე წელს, თუ მე კარგი მარეგულირებელი ვარ, შევალ ”თელასში”, მოვითხოვ ყველა შესყიდვის საბუთს. თუ ”თელასმა” კიბე იყიდა 100 ლარად მაშინ, როცა მისი საბაზრი ღირებულებაა 4 ლარია, მივხვდები, რომ რაღაც კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე და ამ კიბის საფასურს ტარიფიდან ამოვუგდებ კომპანიას. კანონი ამბობს, რომ ყველა ეკონომიურად გამართლებული ხარჯი აისახება ტარიფში, რაც იმას ნიშნავს, რომ არაეკონომიურად გაწეული ხარჯები არ უნდა აისახოს ტარიფში. საბაზრო ფასსა და თელასის გადახდილ ფასს შორის სხვაობაზე მარეგულირებელმა თელასს უნდა უთხრას, რომ ამას ტარიფში არ აუსახავს. მაგრამ ამას მარეგულირებელი არ აკეთებს. წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა მარეგულირებელი თელასში შევიდა და დაადგინა, რომ იქ ვიღაცეებს ფულს აძლევდნენ, იყო გარკვეული საეჭვო გარიგებები და ა.შ. შედეგიც სახეზეა, შარშან 6 თვის მანძილზე ”თელასმა” 64 მილიონი დახარჯა, წელს იმავე პერიოდში დაიხარჯა მხოლოდ 9 მილიონი. იმიტომ, რომ მენეჯმენტი შეიცვალა, ახალი მენეჯერი კი დაინტერესებულია დანახარჯების შემცირებაზე.

როცა მარეგულირებელი კარგად მუშაობს, ყველა კომპანიას ექნება განცდა, რომ წლის ბოლო მოვა და მარეგულირებელი ამ ხარჯებს ტარიფიდან ამოუკლებს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ტარიფი რეალურ ტარიფთან, რაც მარეგულირებლის კომპეტენციაა. რადგან ის, რომ ენერგოკომპანიას არასწორი მენეჯმენტი და გაუმართლებელი ხარჯები გაქვს, იმას ნიშნავს, რომ ის მოსახლეობის ჯიბეში ყოფს ხელს. თუ შენ 100-ლარიანი კიბე 900 ლარად იყიდე, გამოდის, რომ ეს 800 ლარი მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღე, რადგან ტარიფში აისახება კიბის ღირებულება 900 ლარი. მარეგულირებლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ მან არ მოატყუებინოს თავი და არც მოსახლეობა კომპანიას” _ დასძენს მარიკა ჯაფარიძე.

ემზარ ჯგერენაია: ”ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი არაფერს არ არეგულირებს. ის, ფაქტობრივად, არის ენერგეტიკული გიგანტური კომპანიების დანამატი და აბსოლუტურად არ ასრულებს თავის ფუნქციებს. მაშინ, როცა მარეგულირებელი, ჩემი, როგორც მომხმარებლის ინტერესს უნდა იცავდეს ენერგეტიკის კომპანიებთან მიმართებაში. ჩვენს შემთხვევაში კი, პირიქით, ის იცავს ენერგეტიკული კომპანიების ინტერესს. ყველაფერში დამნაშავე კომისიაა. ის უნდა იყოს ჩვენი ადვოკატი ენერგოკომპანიებთან. ამის საპირისპიროდ, მარეგულირებელი და ენერგო კომპანიები ერთობლიობაში სერიოზული მაფიური კლანია”.

მარიკა ჯაფარიძე: ”მარეგულირებელი კომპანიის დანახარჯებს მოსახლეობა ჯიბიდან იხდის. ამ ენერგოტარიფებში, ყოველი კლოვატ საათის ღირებულებაში 0.075 თეთრი მარეგულირებელი კომისიის ხარჯი დევს. ანუ მოსახლეობა ენერგეტიკულ კომპანიასთან ერთად, მარეგულირებელ კომისიასაც ინახავს. ამით მარეგულირებელი ხდება დამოუკიდებელი ბიუჯეტისგან. და რადგან მარეგულირებელს აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა, ის გადაწყვეტილებების მიღებაშიც დამოუკიდებელი უნდა იყოს. მარეგულირებელის მიმართ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომ მან გაითვალისწინოს საქმიანობის წარმართვისას სახელმწიფო პოლიტიკა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფომ რაღაც X კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები და ამ ხელშეკრულების პიროებები უნდა გაითვალისწინოს მარეგულირებელმა საკუთარი უფლებების განხორციელებისას”.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ის საინვესტიციო კომპონენტი, რომელიც ტარიფში 1998 წლიდან (”თელასის” განსახელმწიფოებრიობა) ჩაიდო, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ამოღების მიზნით, 2007 წელს უკვე ამოღებული იყო. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით უნდა მომხდარიყო ამ ტარიფის გადახედვა 2007 წლის შემდეგ. შესაბამისად, ტარიფი 7 თეთრი კი არ უნდა დარჩენილიყო, 2010 წლისთვის თელასის ტარიფი უნდა შემცირებულიყო 3.5 თეთრით.

მარიკა ჯაფარიძე: ”ამ ხელშეკრულების ერთი დედანი არის ”თელასში”, ერთი სახელმწიფოში და ერთიც _ მარეგულირებელ კომისიაში. თუ ”თელასმა” და სახელმწიფომ თავისი ნებით არ მიმართეს მარეგულირებელს ტარიფის შემცირებაზე, თვითონ სად იყო მარეგულირებელი კომისია?! ხომ იცოდა, რომ ტარიფი უნდა შემცირებულიყო?! მას ხელშეკრულება წინ ედო, რომლის მიხედვითაც ტარიფი შესამცირებელი იყო. ამას მხოლოდ საინვესტიციო კომპონენტის ამოღება სჭირდებოდა და, როცა კომისია დღეს აცხადებს, რომ აქამდე ტარიფი სწორად იყო დათვლილი, რბილად რომ ვთქვათ, კომისია იტყუება. შედეგად, 2007-2012 წლებში თელასს აქვს გაუმართლებელი მოგება. კანონით ამას ჰქვია უსაფუძვლო გამდიდრება, ანუ კანონის გვერდის ავლით მიღებული ფინანსური მოგება. თუ პირს აქვს უსაფუძვლო გამდიდრება, ის უნდა დააბრუნოს უკან. ამ შემთხევაში ტარიფზე მომავალ წლებში გადანაწილებით უნდა დააბრუნოს ”თელასმა” ის გაუმართლებელი მოგება, რაც აქამდე მიიღო”.

ს.ე. _ ვის მიმართ არის ანგარიშვალდებული მარეგულირებელი? ვინ ამოწმებს, ასრულებს თუ არა მარეგულირებელი თავის ფუნქციებს?

მარიკა ჯაფარიძე: მარეგულირებელი ანგარიშვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ.

ემზარ ჯგერენაია: რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალია ტარიფს რომ არ უკლებენ. მარეგულირებელი პრეზიდენტის მიმართ რომ არის ანგარიშვალდებული, სააკაშვილი ხომ ვალდებულია გააკონტროლოს, თუ როგორ ასრულებს კომისია თავის ფუნქციას. უფრო მეტიც, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: გამანაწილებელი ყუთების დასაკეტად თელასი ყოველ წელს 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების ბოქლომს ყიდულობს. ამ ბოქლომების შესაძენად აქამდე გამოცხადებული ყველა ტენდერი აბსურდი იყო. უთითებდნენ რუსეთის ქარხანას, ქალაქს და საამქროს ნომერსაც კი. ისინი, ფაქტობრივად, ერთჯერადი გამოყენებისაა, რადგან იაფი და უხარისხოა. შესამაბისად, მასში ფულის გადახდა, ფულის გადაყრაა. ამ ფულს მოსახლეობა თავის ჯიბიდან იხდიდა. ”თელასს” შეეძლო მსოფლიოში ცნობილი მარკის, აბლოის ბოქლომი, ეყიდა და ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა ამ საკეტების პრობლემა.

”თელასს” ასევე პრობლემა აქვს ობიექტების დაცვის შემთხვევაშიც. აქაც შეუძლია მას ეკონომიის გაკეთება და არ აკეთებს. დღეს თელასში 500 ათასი ყუთია და თელასის თანამშრომლები მათ დასაცავად დაახლოებით 2 მილიონ გასაღებს ატარებენ თან, როცა კომპანიას შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი გასაღებების საშუალებით, მხოლოდ 200 გასაღებით გადაწყვიტოს ეს პრობლემა და, შესაბამისად, ამისათვის არა 500, არამედ 100 და 50 თანამშრომლი დასჭირდეს. ყოველი ზედმეტად დასაქმებული ადამიანი და ზედმეტად გადახდილი თანხა არის ჩვენი ჯიბიდან გადხდილი. ბიუროკრატია, რომელიც თელასშია, აბსოლუტურად ხალხის ჯიბიდან ნაზღაურდება. ეს არ ეხება მარტო ”თელასს”. რატომ არ აკონტროლებს ”ენერგო პროს” მარეგულირებელი, რომელიც ასევე აბსოლუტურად გაუმართლებელი მენეჯმენტით ხარჯავს თანხებს”, _ დასძენს ემზარ ჯგერენაია.

მარიკა ჯაფარიძე: იგივე ხდება ”ენერგოპროში”, ”კახეთის ენერგო კომპანიაში” და ა.შ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. 2008 წელს ”თელასს” ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული ამომრთველებსა და სხვა ენერგო მოწყობილობებზე, რომელშიც მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა: ”სიმენსი”, ”ეიბიბი” და რუსული თუ უკრაინული ”ზაპოროჟია”. ”სიმენსსა” და ”ეიბიბის” ნაკლები თანხა ჰქონდათ, ვიდრე ”ზაპოროჟიას”, მაგრამ ”თელასის” მენეჯმენტს ჰქონდა ”ზაპოროჟიის” ინტერესი და ასე გადაწყვიტეს _ დაწერეს დასკვნა, რომ თურმე ”სიმენსის” და ”ეიბიბის” მოწყობილობა საქართველოს პირობებში გაუმართლებელია და ”ზაპოროჟიის” მოწყობილობები უფრო მორგებულია საქართველოზე და ჩვენ ქსელს ის უფრო უხდებაო. ამიტომ 500 ათასით მეტი გადაიხადეს, ”ზაპოროჟიის” ნაგავი იყიდეს და ”სიმენსს” და ”ეიბიბის” უარი უთხრეს”.

ემზარ ჯგერენაია: ”გარდა ამისა, საოცარი ისაა, რომ ტარიფის კალკულაცია დღემდე, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, დახურულია. ახალი ხელისუფლებაც დაარწმუნეს იმაში, რომ საჯარო არ უნდა იყოს ტარიფები. ზოგადად, როცა ტარიფებზე ვმსჯელობთ, ჩვენ ორი გზა გვაქვს: შეიძლება ტარიფი 20 თეთრიც იყოს და ამით ინვესტორები მეტად დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ. ენერგეტიკა მნიშვნელოვანი დარგია და მასში ინევსტიციების განხორციელებაც მნიშვნელოვანია დარგის მომავალი განვითარების პერსპექტივით, მაგრამ მაშინ საქართველოს მოსახლეობის ჯიბეს მოაკლდება კატასტროფულად დიდი თანხა. იმ პერიოდში კი, როცა ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა, ამ ფაქტორის იგნორირება არაფრით არ შეიძლება. ამიტომაც, სანამ სოციალური ფონი გაუმჯობესდება, მანამდე მაინც, სატარიფო პოლიტიკის გატარებისას, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ მომხმარებელზე. ამასთანავე, გაზრდილი ტარიფი მძიმე წნეხად დააწვება ბიზნესსაც. ბიზნესი გაძვირდება, რადგან მას გაუძვირდება ხარჯები. ჩვენ არ უნდა გადავიხაროთ უკიდურესად არც ერთი მიმართულებით, ჩვენ გვინდა არსებული რესურსების ფარგლებში მივიღოთ ოპტიმალური ტარიფი, ისე, რომ ქვეყანაც მოგებაში იყოს, ინვესტორიც და მოსახლეობაც. და რაც ყველაზე მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწყოს საკუთარი მოვალეობების განხორციელება მარეგულირებელმა კომისიამ. ის უნდა იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და წელიწადში 2-ჯერ აქვეყნოს მუშაობის ანგარიშები”.

მარიკა ჯაფარიძე: ”ის, რომ ენერგოსექტორში დღეს კონკურენცია მომსპარია, ჩვენი სახელმწიფოს დამსახურებაა, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით, თითოეულ კომპანიას, თუნდაც, ”ენერგო პროს”, ”თელასს” ან ”კახეთის ენერგოკომპანიას” ინტერესი არ აქვს იმისა, რომ ქსელი განავითაროს. მაგალითად, ”თელასს” აქვს ფული იმისთვის, რომ ქსელი განავითაროს, მაგრამ მისი ტარიფი არ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე არის ”ენერგო პროს” ტარიფი.

როდესაც ”თელასი” შემოვიდა ბაზარზე, მას უთხრეს, რომ მისი განაწილების ლიცენზია იყო თბილისი, რაც იმას ნიშნავდა, რომ, რასაც მუნიციპალიტეტი დაადგენდა თბილისის საზღვრებად, ის უნდა მოეცვა ”თელასს”, ერთი მეტრით იქით ვერ გაანაწილებდა ენერგიას და ვერც სხვა შემოვიდოდა მის ტერიტორიაზე. როგორც კი ”ენერგო პრო” შემოვიდა ბაზარზე, ლიცენზირების სისტემა შეიცვალა. ხშირად ეს ლიცენციები ერთმანეთს კვეთს. როცა 2007 წელს ”ენერგო პრო” ინვესტიციას დებდა საქართველოში, ამ დროს ”თელასს” საინვესტიციო ნაწილი უკვე ამოღებული ჰქონდა ტარიფიდან და მისი ტარიფის ღირებულება იკლებდა. იმ დროს ”პროს” ტარიფი მართლაც უნდა ყოფილიყო 14 თეთრი, ”თელასისა” _ არა. მაგრამ იმ მომენტში ”ენერგო პროს” ხელს არ აძლევდა, რომ ”თელასის” ტარიფი 10 თეთრი ყოფილიყო, რადგან კომპანიებს ლიცენზიები ჰქონდათ ქსელის მიხედვით და ”თელასი” მის შემოგარენში ყველას შემოიერთებდა და აბონენტებს წაართმევდა ”ენერგოპროს” ნაკლები ტარიფის პირობებში. ამიტომ დატოვეს ”თელასის” ტარიფიც უცვლელი. ”თელასის” ტარიფი რომ შემცირებულიყო, ”ენერგო პროც” დათმობდა თავის პოზიაციას და იტყოდა, 10 წელიწადში კი არ მომეცით ინვესტიციის ამონაგები, მომეცით 20-ში, ოღონდ იყოს ჩემი ტარიფიც 10 თეთრი იმისთვის, რომ თელასს გავუწიო კონკურენცია”.

ემზარ ჯგერენაია: ”ეს არის კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა ბუნებრივ მონოპოლიებში, რაც დანაშაულია და მისი აღმოფხვრა მარეგულირებელი კომისიის უშუალო მოვალეობაა. იგი ვალდებულია კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა უზრუნველყოს. კონკურენციის კონტროლის კუთხით, მას კანომდებლობაში ევროპული ნორმები უწერია. დღეს რომ ვამბობთ, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ გვაქვს და საჭიროა შეიქმნასო, ეს ტყუილია. ჩვენ გავქვს ეს კანონი და მარეგულირებელი არის ამ შემთხვევაში ანტიმონოპოლიური ორგანო ამ დარგში. მაგრამ ის რაც დაწერილია ქაღალდზე არ სრულდება”.

მარიკა ჯაფარიძე: ”მაგრამ არასწორია ის მიდგომაც, რომ მარეგულირებელი უნდა გაუქმდეს. ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც, ევროპულ ნორმებს. მარეგულირებლის გაუქმების შემთხვევაში, რეგულირებად სფეროს დაიქვემდებარებს სახელმწიფო, რაც უკვე არ არის ევროპული ნორმების სტანდარტი”.

ემზარ ჯგერენაია: ”ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციასაც, რადგან კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ყველა სამინისტრო არის პოლიტიკური ორგანო. ისინი პოლიტიკით უნდა იყვნენ დაკავებულნი და არა სამეურნეო საქმიანობით. როგორც კი შენ მარეგულირებლის ფუნქციებში ერევი, სამეურნეო საქმიანობას ეწევი, რაც დაუშვებელია”.

გარდა დენის ტარიფებისა, აქტუალურია გაზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხებიც. ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში მომხმარებელს დღეს 50,6 თეთრის გადახდა უწევს, როცა მისი შემცირება, ექსპერტთა შეფასებით, მინიმუმ 10 თეთრით თავისუფლადაა შესაძლებელი. ემზარ ჯგერენაია: ”ჩემი შეფასებით, დღეს არსებობს იმის რესურსი, რომ ბუნებრივი აირის ფასი 38-40 თეთრი იყოს.”კარგად გვახსოვს შარშანდელი ზამთარი, როცა მოსახლეობას გაზის გადასახადი ჩვეულებრივზე მეტად 2-ჯერ გაზრდილი მოუვიდა. მართალია, მაშინ გაზის ტარიფი ოფიციალურად არ გაზრდილა, მაგრამ ეს მეტად საჭირო პროდუქცია მაინც უსაშველოდ ”გაძვირდა”. მოსახლეობას მოხმარებულ ბუნებრივ აირში რატომღაც ჩვეულზე მეტი დანახარჯი მიუვიდა. გაზის ”გაცივების” მიზეზი, ექსპერტთა შეფასებით, იყო გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ სტანდარტის დარღვევა. რაშიც გაზის კალორიულობა და წნევა იგულისხმება. გაზი მოსახლეობას შესაბამისი წნევით უნდა მიეწოდებოდეს, როცა წნევა დაბალია, სითბური ენერგიის გამომუშავებაც ნაკლებად ხდება, არადა, მრიცხველი იმავეს წერს, როგორც ჩვეულებრივი სტანდარტით გათვალისწინებული წნევით მიწოდებისას უნდა დაწეროს. მაგრამ ისევ და ისევ მარეგულირებელი კომისიის უმოქმედობის გამო, კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. ”ყაზტრანსგაზისათვის” პასუხი არავის მოუთხოვია.

მარეგულირებელი კომისიების წევრთა შრომითი ანაზღაურება

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა გადავხედოთ იმ ხელფასებს, რომელსაც მარეგულირებელი კომისიის წევრები, უკეთეს შემთხვევაში, არაფრის კეთებაში, უარეს შემთხვევაში კი, მოსახლეობის წინააღმდეგ კორუფციულ გარიგებებში იღებენ. საქართველოში მცხოვრები ყველა პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. ხსენებული საფასურის დადგენა ხდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების მიერ იმგვარად, რომ საკმარისი აღმოჩნდეს მისი ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვა.

ქვემოთ გთავაზობთ IDFI-ს კვლევას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

როგორც IDFI-ის კვლევაშია აღნიშნული, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა ანალოგიური ინფორმაციის გაცემაზე და კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება პერსონალურ ინფორმაციად მიიჩნია. თუმცა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ გურამ ჩალაგაშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებული წლიური შემოსავალი შეადგენს 264 000 ლარს.

ქონებრივი დეკლარაციების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრები მაღალი შემოსავლებით გამოირჩევიან. გთავაზობთ 2009-2011 წლების ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებულ წლიური შემოსავლების ცხრილს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა სამუშაოს შესრულებით მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავალი შეადგენდა 1072999.6 ლარს, რაც, მაგალითად, აღემატება 2011 წელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთა აპარატების მიერ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულ თანხებს.

ემზარ ჯგერენაია: ”ჩემი აზრით, მარეგულირებელი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის ხელფასი უნდა იყოს ფიქსირებული და ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. მარეგულირებელი ხელს არ უნდა უყოფდეს ჯიბეში მომხმარებლებს და არც კომპანიებს. ასევე, უნდა მოხდეს მარეგულირებლების სრული რეორგანიზაცია. კომისია პერიოდულად უნდა შედიოდეს კომპანიაში და დეტალურად ამოწმებდეს მის შესყიდვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ის, რომ მუშაობის ანგარიში კომისიამ გამოაქვეყნოს ექვს თვეში ერთხელ. ”შეგახსენებთ, რომ ახალმა ხელისუფლებამ უკვე შეასრულა ერთ-ერთი დანაპირები და მოხდა ენერგოტარიფების შემცირება. ”თელასის” 0-100 კვ.საათიანი ტარიფი იყო 13.48 თეთერი და გახდება 9.94 თეთრი. 101-300 კილოვატ/საათი იყო 16 და გახდება 12.46 თეთრი. რაც შეეხება ”ენერგოპროს” მისი ტარიფი 0-100 კვ/საათამდე იყო 12.98 გახდება 9.44 თეთრი; 101-300 კვ/საათი იყო 16.52 გახდება 12.98 თეთრი.