გაზსადენი და საქართველოს გეოპოლიტიკა

მათე მელია

პატარა ქვეყნის ხვედრია, როგორც პატარა პლანეტის, იყოს თანამგზავრი, ინტერესთა ორბიტაზე დიდ პლანეტებთან. საქართველოში დამოუკიდებლობის 10 წლის მანძილზე არ განხორციელებულა რეალურად იმაზე დიდი საქმე ვიდრე მილსადენებით ჩვენი მოქცევა დასავლეთის ინტერესებში.

რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის გენეტიკა კარნახობს მსოფლიოს ძმები ნობელების მიერ XIX საუკუნის ბოლოს გაკვალული გზის ბაქო-ბათუმის მილსადენის თანამედროვე ვარიანტი ბაქო-სუფსა, ბაქო-ჯეიჰანი, ბაქო-ერზრუმის აღორძინებას. XXI საუკუნის მსოფლიო ენერგეტიკული ბალანსი საქართველოს სერიოზულ როლს აკისრებს და ამის დასტურია საქ. ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ახალი პროექტი, რომელიც მისმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჭანტურიამ წარუდგინა მასმედიას 30 ნოემბერს, საკუთარ ოფისში. პროექტის მიხედვით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა მაინც შენდება ტრასა – საერთო სიგრძე 1700 კმ საქართველოს ტერიტორიის 244 კმ.

1050 მმ-იანი მილით სპეციალურ 500 მეტრიან ენერგეტიკულ დერეფანში, რომელიც კონკრეტულად ამ პროექტისთვის შექმნეს, კონსორციუმს 40 წლით გადაეცემა (მისი ორჯერ 10-10 წლის ვადის გადაწევის უფლებით).

გაზი წამოვა ჩირიგის საბადოდან კასპიის ზღვაში “შაჰდენიზის” აუზიდან. პროექტის საერთო ღირებულებების – 2,9 მილიარდი – რომელიც 70%-ს დონორები – აშშ და იაპონიის “ექსიმბანკი” და მსოფლიო ბანკი აფინანსებენ. ხოლო 30% “ბრითიშ პეტროლიუმი” როგორც ოპერატორი ფირმა.

500 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, გაზსადენის, რომლის სიმძლავრე 30 მილიარდი კუბ.მ-ია, ტრანზიტისათვის გატარებული გაზის 5% საქართველოში უფასოდ შემოვა და ქვეყნის ტერიტორიაზე სამი გასამართი სადგური გაზს უფასოდ მიიღებს. რომელთა მონეტიზაციით ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება (იხ. სქემა #4).

მას ასევე შეუძლია 20 წლის განმავლობაში მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის 1,5% შეისყიდოს სპეციალური ფასით – კუბ.მ. 55 დოლარად. რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მოუტანს. რაც მთავარია, საქართველოში, სადაც არსებობს მოსახლეობის გაზით მომარაგების პრობლემა ტრანსკავკასიურ გაზსადენს გაუჩნდება ალტერნატივის სახით მილსადენი და შესაბამისად, ფასები დარეგულირდება. თურქეთის ბაზარი საკმაოდ სერიოზულია მოხმარების კუთხით.

კონკურენცია საკმაოდ დიდია, რადგან უკრაინისა და ბულგარეთის გავლით არსებობს რუსეთის გაზსადენი, რომელიც ფუნქციონირებს. ირანმა თურქეთამდე ახალი გაზსადენი ააშენა, რომელიც იმიტომ არ მუშაობს, რომ დასავლეთი აფერხებს. შავი ზღვის ფსკერზე რუსეთი ახალ გაზსადენს აშენებს, რომელსაც “ცისფერი ნაკადი” ჰქვია. თხევადი გაზი აფრიკიდანაც (ნიგერია) შემოდის.

ამ კონკურენციულ ომში გამარჯვების გარანტი აშშ-ის მთავრობა და მისი პოლიტიკური ინტერესებია. ამასთან, საქართველოს ტრასა მეტად მომგებიანია, მიუხედავად რუსი ოპონენტების მხრიდან საწინააღმდეგოს მტკიცებისა. გიორგი ჭანტურიას და BP-ის საზოგადოებრივი უსარფთხოების მენეჯერმა, ენდრიუ ბენსმა მასმედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პროექტი, რომელიც 2002 წელს დაიწყება და ექსპლუატაციაში 2004 წელს შევა, მეტად გამჭვირვალეა და საქართველოს ინტერესებიც სრულიად გათვალისწინებულია, როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული თუ რეგიონალურ-ეკონომიკური კუთხით. შეიქმნება 500 მეტრიანი ენერგეტიკული დერეფანი და სამუშაოებს უცხოელებთან ერთად ქართველი მშენებლები ჩაატარებენ. დასაქმებულთა 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება და ამასთან, მეტად სათუთად უდგებიან პროექტის ავტორები მიწის საკითხს. უშუალოდ მიწის მფლობელთან მიწის შესყიდვაზე ფირმა ილაპარაკებს და ვადის (40 წელი) გასვლის შემდეგ მიწა სახელმწიფო საკუთრებაში ბრუნდება. პროექტის განხორციელების კუთხით გიორგი ჭანტურია ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, რუსეთსაც შეუძლია თავისი ინტერესები ჩადოს ამ პროექტში. პროექტს სერიოზული საერთაშორისო ლობი აქვს და ყველა ვარიანტში განხორციელდება. ბატონი გიორგი ჭანტურიას განცხადებით, გაზსადენი “ბაქო-ერზრუმი” და მისი პარალელური ნავთობსადენი “ბაქო-ჯეიჰანი”, რომელიც პარალელურად შენდება, იმდენივეს შეიტანს ბიუჯეტში, რამდენიც ახლა შედის საგადასახადო შემოსავალების სახით?

როგორც ბატონი ვ. პაპავა წერს: “სატრანსპორტო დერეფანი ვერ იმუშავებს, თუ ქვეყანაში მაღალ დონეზე განვითარებული არ იქნება ტელესაკომუნიკაციო სისტემა, გამართულ რეჟიმში მომუშავე ენერგეტიკა…” .

ამ პროექტის განხორციელების გარანტი საქართველოს მოსახლეობაც უნდა იყოს. ხოლო პროექტი მოსახლეობის კეთილდღეობის და ქვეყნის თვითმყოფადობის გარანტი იქნება. ამ უდიდესი ეკონომიკური პროექტის რეალიზება შემდგომ საქართველოს რეალურად დამოუკიდებელს გახდის, ხოლო მისი სუვერენობის გარანტი დასავლეთი იქნება.

1 ვლადიმერ პაპავა, საქართველოს საერთაშორისო ეკონომიური ფუნქციები, ჟურნალი სოციალური ეკონომიკა #5.