ახალი საერთაშორისო პოლიტიკა და … ყველანი დასავლეთისკენ!

მათე მელია

მსოფლიო აშკარად იცვლება. ორიენტაციის ნაწილში ქართველებს მოუწევთ, გათავისუფლდნენ სტერეოტიპისაგან – დასავლეთი თუ აღმოსავლეთი (რუსეთი). რუსეთი აშკარად დასავლეთისკენ მიექანება და ისეთი სისწრაფით, რომ მალე ჩაგვიქროლებს კიდეც. რუსეთი იმიტომ მიჰქრის დასავლეთისკენ, რომ:

1. მას ეკონომიკურად არ ძალუძს, სამხედრო დაპირისპირება გააგრძელოს დასავლეთთან, არც ჯარის შენახვის თავი აქვს და არც ახალი ტექნოლოგიების შექმნის. მით უმეტეს, ნავთობი, რომელიც მისი სავალუტო შემოსავლების ოქროს არხია, დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს. რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესები დასავლეთში აითქვიფა და დაპირისპირებისაგან შორს არის;

2. რუსეთის მთავარი პრობლემა ტლანქი, ბიუროკრატული, კორუფციის ჩირქით გაჟღენთილი ეკონომიკის გადარჩენაა. აქ მისი მოკავშირე მხოლოდ დასავლეთია. აშშ-მა უნდა მოხსნას ცნობილი შეზღუდვა (ვენნსი) რუსეთის წინააღმდეგ (ფაქტობრივად სანქცია), რის შედეგად თუ რუსეთი ჭთO-შიც კარგი პირობებით გაწევრიანდება, შეძლებს, მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს იარაღი, ფერადი ლითონები, ფოლადი, ქიმიური პროდუქტი და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რის გატანაც მას შეუძლია, მაგრამ “არადემოკრატიულობის” გამო, დასავლეთი ნებას არ აძლევს;

3. რუსეთის გადარჩენა, და ეს კარგად დაინახა პუტინმა, რომელიც სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ კუთხით, არის წესრიგი და საბაზრო მექანიზმების განვითარების, ნოყიერი საინვესტიციო გარემოს შექმნის მცდელობა. რუსეთში ახლა რეალური, არამაფიოზური ინვესტორები მიდიან, რომელთაც რისკის დასაზღვევად დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ. სიმდიდრით სავსე ქვეყანაში ეს აუცილებელია;

4. რუსეთს პოლიტიკურად მუსლიმანური ექსპანსიის ეშინია, როგორც სამხრეთ აზიაში, ისე კავკასიაში და უფრო სამხრეთით. თალიბების წინააღმდეგ ის აშშ-ის უეჭველი პარტნიორი იყო, რითაც საკუთარ ინტერესებს ემსახურებოდა. პუტინმა რუსეთი პატარა სამთავრობოებად რღვევას გადაარჩინა და ახლა ამ ქვეყნის რელიგიური ერთიანობა და, იმავდროულად, ლიბერალური კონფესიები (სხვა რელიგიები) სჭირდება. ისეთი, როგორიცაა ახალი შვეიცარიელი რავინი რუსეთის ებრაელთათვის, იგი სახალხოდ აქებს პრეზიდენტს და მადლობას უხდის. დასავლეთთან რელიგიური და ღირებულებითი ერთიანობა რუსეთის დასავლეთური ორიენტაციის ქვაკუთხედია.

რუსეთი სიხარულით დანებდა დასავლეთს, მაგრამ ამავდროულად ცდილობს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები გაიტანოს და პოლიტიკური სახე შეინარჩუნოს.

ევროპა ყველა სფეროში აშშ-ის დომინანტობით შეწუხებულია. ბებერი ევროპა ეკონომიკაში ახალ ინექციებს ეძებს, მისი სისხლი უნდა განახლდეს. დოლარის და იენის შემდგომ მან შემოიღო ევრო და მესამე სავალუტო ცენტრი შექმნა. მაგრამ თუ ევროპამ რუსეთის სახით ახალი ბაზარი არ აითვისა, ოკეანისგაღმელ კონკურენტს ის ვერ გაუძლებს. ევროპა და რუსეთი უნდა გაერთიანდეს, რაც ევროპას ჰაერივით სჭირდება, ალბათ, ისევე, როგორც რუსეთს. თუმცა, რუსეთის მიმართ, როგორც ბოლშევიკური იდეოლოგიის და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ატომური ქვეყნისადმი, შიშის ფაქტორი არსებობს. დასავლეთმა იმდენი შიში ჭამა რუსეთისგან, რომ ამის ერთბაშად დავიწყება ძნელია. ყინული დნება. საქართველოს საკითხი ამ ყინულის დნობის სიჩქარეზეა დამოკიდებული.

დღეს საჭირონი ვართ: ამერიკისთვის, სანამ რუსეთის მიმართ უნდობლობა რჩება; სანამ ირანის მიმართ სიტუაცია აშშ-ს არ შეუცვლია; ვიდრე თურქები და სომხები არ შერიგებულან; სანამ აშშ-ის ინტერესებშია ის, რომ რუსეთი არ გაძლიერდეს და ენერგოგასაღების ბაზარი არ ჰქონდეს. მაგრამ დროში და სივრცეში ყველაფერი შეზღუდულია.

პუტინი ბუშს ესტუმრა, როგორც მოკავშირე. “ვარსკვლავთა ომის პროგრამას” პუტინი ჯერ მხარს არ უჭერს, “იპრანჭება”, ვაჭრობს. არც აშშ-ს სჭირდება I?I-დან გამოსვლა და ახალი ინიციატივა კოსმიურ შეიარაღებაზე აიღო. ამერიკამ ხუთი გამოცდა ჩაატარა ამ მიმართულებით, თითო 100 მლნ. დოლარის ღირებულებით და აქედან, ორი მეტად დამაჯერებლად.

რა არის ეს – რაკეტსაწინააღმდეგო კოსმიური ქოლგა, ბიზნესი თუ უსაფრთხოება? პირველ რიგში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ვფიქრობთ, რომ უნდა განვიხილოთ, როგორც ბიზნესი და ეკონომიკური განვითარების დეტონატორი, კატალიზატორი. ეკონომიკური უსაფრთხოება მთლიან უსარფთხოებად იქცევა. ტერორიზმთან ომში მარტო კოსმიური ქოლგა არ კმარა, რაც 11 სექტემბრის ტრაგედიამ ცხადყო. ბოლო 10 წელიწადში აშშ-ის ეკონომიკა არნახულად გაიზარდა. 1998-2000 წლები მისი ეკონომიკის ბენეფისი იყო, რაშიც ლომის წილი ტექნოლოგიურ ბიზნესს მიუძღვის. მაგრამ ტექნოლოგიურ სამყაროში ბუმი შენელდა და ბიზნესის ზრდის ტემპი გაჩერდა. არ არის ახალი შეკვეთები, ტექნოლოგიური კვლევები არ ფინანსდება. რა გადაარჩენს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისაგან, რა მისცემს ბიძგს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რა მოიტანს ახალ შეკვეთებს – მხოლოდ ახალი ინიციატივა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ – ეს არის გადარჩენა მთელი მსოფლიოსთვის. რაც არის ახალი ტექნოლოგიური ბუმი, ახალი გამოკვლევები, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი შეკვეთები. მსოფლიო ამ გზით გამოვა კრიზისიდან. მსოფლიოს პროგრესულ მხარეს ეს გააერთიანებს და რუსეთიც აქ უნდა იყოს.

ჯორჯ ბუშთან პუტინი ჩავიდა როგორც პარტნიორი, მაგრამ წინა დღით მის მოკავშირეებს (ჩრდილოეთ ალიანსი) ავღანეთში შეთანხმების დარღვევა და ქაბულის აღება უბრძანა, რომელთაც იარაღით ამარაგებს და თანამშრომლობს 80-იანი წლებიდან. ამით ბუშს თავისი ძალა დაანახვა და ღირსეულ პარტნიორად წარმოუდგა. საინტერესოა, პუტინი ესტუმრა ბუშს ტეხასში, უფროს პარტნიორს უმცროსი თუ, უბრალოდ, როგორც პარტნიორი. ყინული არ გამღვალა, მაგრამ ისინი გარკვეულ საქმეში პარტნიორები გახდნენ. თავის ტრანსატლანტიკური ვოიაჟის წინ “იტარტასს” კოლინ პაუელმა განუცხადა, რომ “რუსეთმა ხელი გამოუწოდა დასავლეთს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის მომავალი დასავლეთშია” (ნეზავისიმაია #225. 1.12.01). სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თავიდან ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა შპიონების “გაცვლით” დაიწყო, რაც პარტნიორობაში გადაიზარდა. პრეზიდენტები უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პაუელი ამბობს, რომ მიუხედავად რუსეთის ინტერესებისა აღმოსავლეთში, ჩინეთსა თუ კორეაში, ის ნატოსთან თანამშრომლობს და რუსეთის ინტეგრაციაზე საუბრობს. იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში პრობლემებისა, საერთო ჯამში, რუსეთთან საერთო ენას გამონახავენ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაში. ტეხასში ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერიათ, მაგრამ მსოფლიო შეიცვალა, შეიცვალა მიდგომებიც. თუმცა არა ისე, როგორც ზოგიერთი ჭორიკანა საქართველოში აცხადებდა, რომ მსოფლიო ტეხასში გადაანაწილეს და საქართველო რუსეთს ერგო. არადა, კოლინ პაუელმა იგივე “იტარტასის” ჟურნალისტს განუცხადა – “მე შემაშფოთა იმ ცნობამ, რომ თითქოს საქართველოში დაბომბვა ხორციელდება და ამის თაობაზე მინისტრ ივანოვს ვესაუბრე. ჩვენ გავცვალეთ აზრები და იგი შემპირდა, რომ ამ საკითხს გაარკვევდა…”. როცა ივანოვმა რუსეთის ცნობილი ვერსიები, ომალოს და პანკისის დაბომბვის თაობაზე, გააცნო პაუელს მან თქვა “მე, ჩემი მხრივ, ვუთხარი, რომ ჩვენ შეგვაშფოთა ცნობამ მათი აქციების შესახებ საქართველოში” (“ნეზავისიმაია” 1.12.01). საქართველო ამერიკის ნაციონალურ ინტერესებში მყარად ზის, მით უმეტეს, ავღანეთის მერე, აქ ყველაფერი იქნება, როგორც აშშ-ს უნდა, რუსეთშიც, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება. ეს მოგვიანებით არის ჩვენი დრო, როცა ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკით ჩავეწერებით მსოფლიო პოლიტიკაში და გეოპოლიტიკას რეალობად ვაქცევთ. ამიტომ რიტორიკული კითხვა – რუსეთი თუ დასავლეთი? – აზრს მოკლებულია. თვითონ რუსეთი მიექანება დასავლეთისკენ და შეიძლება “ჩაგვიშხუილოს” კიდეც.

მოსკოვში ნოემბრის ბოლოს 12 სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა, როგორც მოკავშირე და აქედან, ექვსმა ერთმანეთს ომი გამოუცხადა, ისინი ერთმანეთს არ ენდობიან. ბელორუსიის პრეზიდენტი დსთ-ს მასხარას როლს ასრულებს. დსთ გარდაიცვალა, ხოლო 11 სახელმწიფოს მეთაური იმ ჭირისუფალს ჰგავს, რომლებიც სასიკვდილოდ დაჭრილ მხეცს ერიდებიან ბოლო წუთში კუდის მოქნევის შიშით. რუსეთთან კეთილმეზობლობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ორივე სახელმწიფოს განსხვავებული ინტერესები აქვთ და ძნელია მორიგება. რუსეთის მთელ მსოფლიოს ეშინია და არაბუნებრივი იქნებოდა, რომ არ ეშინოდეს ისეთ მეზობელს, როგორიც საქართველოა. უფრო მეტიც, დღეს საქართველო ენერგეტიკულად მეტ-ნაკლებად რუსეთზეა დამოკიდებული. ამიტომ მისი ყველა ტერიტორიული კონფლიქტის გასაღები რუსეთში დევს. თანაც, რუსეთი დიდი გონივრულობით არ გამოირჩევა და დასავლეთი მის მიმართ ორმაგ სტანდარტებს იყენებს. რუსეთი ხომ, ჯერჯერობით, ატომური ზესახელმწიფოა. ამ შემთხვევაში ძნელია მის მიმართ რაფინირებული პოლიტიკა აწარმოო, თუმცა, ილუზიებით კვებამ, შეიძლება, საშინლად ცუდი შედეგები მოგვიტანოს.

მსოფლიო შეიცვალა. საქართველო, პოლიტიკურად, ამერიკის პროტექტორატის ქვეყანაა და თანდათანობით ამას რუსეთიც შეეგუება. მთავარია, ჩვენი ეკონომიკური საკითხი, თუ რამდენად შევძლებთ ეკონომიკური რეფორმების და ბიზნესის, ეროვნული ეკონომიკის წარმართვას ჩვენთვის სასარგებლოდ. ესაა მთავარი ამოცანა თვითმყოფადობის გადასარჩენად.

ჩვენთან ერთნი რუსეთის ადვოკატობას ჩემულობენ, მეორენი ცდილობენ “დასავლეთელებს” დაესაკუთრონ. არადა, საგარეო ორიენტაცია გადაწყვეტილია – ყველანი დასავლეთისკენ! მთავარია, ჩვენ საკუთარ ეკონომიკას მივხედოთ.