მცირე ბიზნესის სისტემური სტრუქტურა

ომარ შურღაია

საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, ეკონომიკური საქმიანობის ხას იათის მრავალგვარობიდან, აგრეთვე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ორგანიზაციულ-საკუთრებითი ფორმებიდან და სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, წვრილი მეწარმეობის ფუნქციონირების სფერო არ შემოისაზღვრება არც ეკონომიკის რომელიმე დარგით და არც საკუთრების ამა თუ იმ ფორმით: მცირე საწარმოები, შეიძლება, მოქმედებდეს ნებისმიერ დარგსა და სფეროში; ისინი, შეიძლება, შეიქმნან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ან კოოპერაციულ სექტორში, ემყარებოდნენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო, კოოპერაციულ, ჯგუფურ ან შერეულ საკუთრებას.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შეიძლება, შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ მცირე ბიზნესის სისტემური სტრუქტურა: ზომის მიხედვით – უწვრილესი, წვრილი, მცირე და საშუალო სამეურნეო ერთეულები; ეკონომიკური საქმიანობის სახეობების მიხედვით – საწარმოო, სავაჭრო, სასერვისო (მომსახურების), საშუამავლო, საფინანსო-საკრედიტო, სადაზღვევო, მრავალპროფილიანი საწარმოები; ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით – ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა, წვრილი საოჯახო მეურნეობა, მცირე ინდივიდუალური მეწარმეობა; ორგანიზაციულ-საკუთრებითი საფუძვლების მიხედვით – ინდივიდუალური საწარმო, ინდივიდთა ჯგუფის საწარმო, საზოგადოებრივი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) საწარმო, მუნიციპალური საწარმო, სახელმწიფო საწარმო, შერეული ტიპის საწარმო; ეკონომიკურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიხედვით – სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციონერო საზოგადოება, კოოპერატივი და სხვ.

ძირითადად, ასეთია მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში მცირე საწარმოთა სისტემური სტრუქტურა. პოსტსოციალისტურ ქვეყნებში კი, რადიკალური ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ფაქტობრივად ახლა ყალიბდება როგორც ეს სექტორი, ისე მისი სისტემური სტრუქტურა. მაგალითად, უკვე 1995 წლის დასაწყისისათვის რუსეთის ფედერაციაში მცირე საწარმოთა საერთო რაოდენობის 4,3 პროცენტი სახელმწიფო საკუთრება იყო, 11,3 პროცენტი – შერეული, 1,5 პროცენტი – მუნიციპალური, 0,9 პროცენტი – საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხოლო 82,2 პროცენტი – კერძო საკუთრება,1 მთლიანად სახელმწიფო და მუნიციპალურ სექტორში თავმოყრილი იყო მცირე სტრუქტურების 4 პროცენტი, მაშინ, როდესაც არასახელმწიფო სექტორში 96 პროცენტი ფუნქციონირებდა. ამავე პერიოდისათვის მცირე სტრუქტურების მნიშვნელოვანი ნაწილი (127,2 ათასი ერთეული, ანუ მათი საერთო რაოდენობის 14 პროცენტი) მრეწველობაში ფუნქციონირებდა. დიდი იყო მათი რიცხვი, აგრეთვე, მშენებლობაში (123,5 ათასი ერთეული, ანუ 14 პროცენტი) და ვაჭრობასა და საზოგადოებრივ კვებაში, მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებაში, გასაღებასა და დამზადებაში (436,4 ათასი ერთეული, ანუ 49 პროცენტი). ზემოაღნიშნულ დარგებზე მოდიოდა რუსეთის ფედერაციაში მცირე საწარმოებში მომუშავეთა უმეტესი ნაწილი. კერძოდ, მრეწველობაში დასაქმებული იყო 2382,0 ათასი კაცი, ანუ მცირე საწარმოებში მომუშავეთა საერთო რაოდენობის 28 პროცენტი, მშენებლობაში, შესაბამისად, – 2631,9 ათასი კაცი და 31 პროცენტი, ხოლო ვაჭრობასა და საზოგადოებრივ კვებაში, მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებაში, გასაღებასა და დამზადებაში – 2235,0 ათასი კაცი და 26 პროცენტი. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება წვრილ მეწარმეობაში დასაქმებულ მუშაკთა საერთო რიცხოვნობაში არასახელმწიფო მცირე საწარმოებში მომუშავეთა ხვედრითი წილი: უკვე 1995 წლის დასაწყისისათვის ამ ტიპის საწარმოებში იყო დასაქმებული წვრილ მეწარმეობაში მომუშავეთა 88 პროცენტი, მათ შორის, მრეწველობაში – 82 პროცენტი. საყურადღებოა ისიც, რომ 1993 წელს ერთ საწარმოში საშუალოდ 10 კაცი, 1994 წელს კი 9 კაცი მუშაობდა.

თანდათანობით იხვეწება მცირე მეწარმეობის სტრუქტურა საქართველოშიც. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1999 წელს მცირე საწარმოთა 4,4 პროცენტი სახელმწიფო სექტორში ფუნქციონირებდა, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა – 95,6 პროცენტი – არასახელმწიფო სექტორზე მოდიოდა. არათანაბრადაა განაწილებული მცირე საწარმოები დარგების მიხედვითაც. მათი 65,5 პროცენტი ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი სარგებლობის ნივთების რემონტის სფეროს განეკუთვნება, 12,9 პროცენტი – გადამამუშავებელ მრეწველობაში, 6,9 პროცენტი – სასტუმროებისა და რესტორნების, 4,8 პროცენტი კი უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში ფუნქციონირებს (იხ. ცხრ.).

ამასთანავე, მცირე სტრუქტურების საერთო რაოდენობაში შედარებით უმნიშვნელოა ეკონომიკური საქმიანობის ისეთ სახეობებში მოქმედ საწარმოთა ხვედრითი წილი, როგორიც არის: ტრანსპორტი, სასაწყობო მეურნეობა და კავშირგაბმულობა (2,1 პროცენტი), მშენებლობა (1,9 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება (1,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა (1,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება (1,2 პროცენტი), ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება და განაწილება (0,4 პროცენტი).

საგულისხმოა ისიც, რომ მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში მოქმედ მცირე საწარმოთა დარგობრივი სტრუქტურები. სახელმწიფო სექტორში მცირე საწარმოები მეტ-ნაკლებად თანაბარზომიერად არის განაწილებული ეკონომიკური საქმიანობის სახეობების მიხედვით. კერძოდ, მათი 19,4 პროცენტი გადამამუშავებელ მრეწველობაში ფუნქციონირებს, 16,4 პროცენტი – უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლების მომსახურების, 12,9 პროცენტი – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების, 12,7 პროცენტი კი – ვაჭრობაში, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი სარგებლობის ნივთების რემონტის სფეროებში, 10,5 პროცენტი – სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და მეტყევეობაში. შედარებით უმნიშვნელოა მათი რიცხვი სამთომომპოვებელ მრეწველობაში (1,3 პროცენტი), სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში (2,4 პროცენტი), განათლებაში (2,5 პროცენტი), ტრანსპორტზე, სასაწყობო მეურნეობასა და კავშირგაბმულობაში (4,4 პროცენტი) და ა.შ.

სრულიად განსხვავებული სურათია არასახელმწიფო სექტორში. აქ მცირე საწარმოების უმრავლესობა – 67,9 პროცენტი კონცენტრირებულია ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი სარგებლობის ნივთების რემონტის სფეროში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის, აგრეთვე, გადამამუშავებელ მრეწველობაზე (12,6 პროცენტი), სასტუმროებისა და რესტორნების (7,1 პროცენტი) და უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლების მომსახურების (4,3 პროცენტი) სფეროებზე, მაშინ, როდესაც ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში მოქმედ მცირე საწარმოთა ხვედრითი წილი 0,1 პროცენტს არ ჭარბობს, სამთომომპოვებელ მრეწველობისა – 0,3, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ მომსახურებისა – 0,7, სოფლის მეურნეობის, ნადირობის და მეტყევეობისა – 0,9, განათლებისა – 0,9, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურებისა – 1,4, მშენებლობაში – 1,6, ხოლო ტრანსპორტის, სასაწყობო მეურნეობისა და კავშირგაბმულობისა – 2,0 პროცენტს.

გარკვეული ცალმხრივობით ხასიათდება წვრილი მეწარმეობის რეგიონული სტრუქტურაც. მართალია, 1998 წელს, 1999 წელთან შედარებით, ამ მხრივ გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ მდგომარეობა არსებითად მაინც არ შეცვლილა. მცირე საწარმოთა დიდი უმეტესობა – 71,7 პროცენტი განლაგებულია 5 რეგიონში, დანარჩენ 6-ში კი – მხოლოდ 28,3 პროცენტი. კერძოდ, თბილისში ფუნქციონირებს მათი საერთო რაოდენობა 21,3 პროცენტი, იმერეთში – 15,7, აჭარაში – 13,8, ქვემო ქართლში – 11,7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 9,2 პროცენტი, მაშინ, როდესაც კახეთის ხვედრითი წილი 8,2 პროცენტს არ აღემატება, შიდა ქართლისა – 7,6, მცხეთა-მთიანეთისა – 3,8, გურიისა – 3,6, სამცხე-ჯავხეთისა – 2,9, რაჭა-ლეჩხუმისა – 2,2 პროცენტს.

ამავე დროს, საყურადღებოა, რომ მცირე საწარმოთა უმრავლესობაში მეტად უმნიშვნელოა საწარმოო პერსონალის საშუალო რიცხოვნობა. კერძოდ, თბილისში 1998-1999 წლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევისას, გამოკითხულ ბიზნესმენთა 21,5 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ფირმაში 1-დან 3 კაცამდეა დასაქმებული, 17,7 პროცენტმა – 4-6 კაცი დაასახელა, 13,9 პროცენტმა – 7-10 კაცი, 5,1 პროცენტმა – 11-15 კაცი, 5,2 პროცენტმა – 16-20 კაცი, მეწარმეთა მხოლოდ 3,5 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ მათ საწარმოში 21-დან 30 კაცამდე მუშაობს, 2,8 პროცენტმა – 31-40 კაცი, 1,7 პროცენტმა – 41-60 კაცი, 3,3 პროცენტმა – 61-80 კაცი, 4,4 პროცენტმა – 81-100 კაცი, ხოლო 20,9 პროცენტმა მიუთითა, რომ მათ ფირმაში 100 კაცზე მეტი მუშაობს.

მეტად არარაციონალურია მცირე ბიზნესში დასაქმებულთა განაწილება ორგანიზებულ (რეგისტრირებულ, რეგლამენტირებულ, ფორმალურ) და არაორგანიზებულ (არარეგისტრირებულ, არარეგლამენტირებულ, არაფორმალურ) ბიზნესს შორის. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, სამეწარმეო სფეროში მოქმედ მცირე საწარმოებში, ანუ ორგანიზებულ წვრილ მეწარმეობაში 1999 წელს 92,2 ათასი კაცი იყო დასაქმებული, მაშინ, როდესაც არაორგანიზებულ ბიზნესში ინდივიდუალურად თვითდასაქმებული მოსახლეობა ასიათასობით კაცს ითვლიდა. მართალია, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო, ძნელია ასეთი მუშაკების ზუსტი რიცხვის დასახელება, მაგრამ ცალკეული სოციოლოგიური გამოკვლევებისა და სხვა არაპირდაპირი მონაცემების საფუძველზე მაინც შეიძლება მათი მიახლოებითი რაოდენობის განსაზღვრა.

მაგალითად, ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, 1995 წელს მხოლოდ თბილისში არაორგანიზებულ მცირე ბიზნესში თვითდასაქმების წესით დაახლოებით 180 ათასი კაცი (დევნილების ჩათვლით), ანუ მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 22 პროცენტი მუშაობდა,3 მაშინ, როდესაც 1998 წელს დედაქალაქის ორგანიზებულ სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საერთო რიცხვი 158,5 ათას კაცს, მათ შორის, მცირე ბიზნესის სფეროში – 72,3 ათას კაცს, 1999 წელს კი, შესაბამისად, 146,0 ათას და 32,3 ათას კაცს არ აღემატებოდა.4

არაორგანიზებულ მცირე ბიზნესში თვითდასაქმებულები თბილისის ბაზრობებსა და ქუჩებში ინდივიდუალური მოვაჭრეები, სავაჭრო ჯიხურებში მომუშავენი, არარეგისტრირებული სავაჭრო ჯიხურების მფლობელები, არაოფიციალურ შრომის ბირჟებზე სამუშაოს მაძიებელი ხელოსნები, წვრილ სახელოსნოებსა და სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები, შინამეწარმეები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები, დამლაგებლები, მრეცხავები, ძიძა ქალები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიგრანტები და სხვა მოსაქმეობის ადამიანები იყვნენ.5

ამასთან ერთად, საოჯახო მეურნეობებზე დაკვირვების მონაცემებით, 1999 წელს საქართველოში თვითდასაქმებულთა საერთო რიცხვი 1273,4 მლნ. კაცს უდრიდა.6 თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ამ პერიოდში ორგანიზებული სამეწარმეო სფეროს ყველა ტიპის საწარმოებში სულ 379,3 ათასი კაცი მუშაობდა,7 უნდა ვიგულისხმოთ, რომ თვითდასაქმებით მომუშავეთა დიდი უმრავლესობა – ასეულ ათასობით კაცი არაორგანიზებულ ბიზნესშია ჩართული.

ეს რომ მართლაც ასეა, შემდეგი მონაცემებიდანაც ჩანს: ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 1999 წელს ორგანიზებულ სამეწარმეო სფეროში სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობასა და თევზჭერაში სულ 17,3 ათასი კაცი იყო დასაქმებული,8 საოჯახო მეურნეობებზე დაკვირვების მონაცემებით კი, ამ დარგში თვითდასაქმებულთა რიცხვი ამავე პერიოდში 1137,7 ათას კაცს უდრიდა,9 ვაჭრობაში, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი სარგებლობის ნივთების რემონტში კი, შესაბამისად, – 49,4 ათას10 და 103,5 ათას11 კაცს. ანალოგიური ვითარებაა ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეობების მიხედვითაც.

თუ რამდენად არასახარბიელოა დასაქმების სტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება, ამას თვალნათლივ გვიჩვენებს თუნდაც საქართველოს მონაცემების სხვა ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარება. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში თვითდასაქმებულთა ხვედრითი წილი სამუშაო ძალის მთლიან რიცხოვნობაში 9 პროცენტს, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დარგებში – 6 პროცენტს, ხოლო სოფლის მეურნეობაში 43 პროცენტს არ აღემატება.12 თითქმის ანალოგიური ვითარებაა რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც დასაქმებული მოსახლეობის საერთო რაოდენობაში დაქირავებული შრომით დასაქმებულთა ხვედრითი წილი 81,9 პროცენტს უდრის, ხოლო არადაქირავებული შრომით მომუშავეებისა, ანუ თვითდასაქმებულებისა, – 13,1 პროცენტს. არადაქირავებული შრომით მომუშავეთა საერთო რიცხვში იმათი ხვედრითი წილი, ვინც საკუთარ თავს დამოუკიდებლად უზრუნველყოფს სამუშაოთი, 15,4 პროცენტს შეადგენს, ხოლო უსასყიდლოდ მომუშავე ოჯახის წევრებისა – 1,1 პროცენტს.13

საქართველოში დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში თვითდასაქმებულთა მაღალი ხვედრითი წილი “მიმზიდველი ფაქტორებით” რომ არ არის განპირობებული, ამას ნათელყოფს სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებიც. კერძოდ, არარეგისტრირებულ (არარეგლამენტირებულ, არაფორმალურ) წვრილ მეწარმეობაში თვითდასაქმებულთა შრომითი მოტივაციის შესწავლის მიზნით, თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევისას, გამოკითხულთა 63 პროცენტმა თვითდასაქმების მოტივად დაასახელა ოფიციალურ სექტორში სამუშაოს პოვნის შეუძლებლობა, 50 პროცენტმა – ამ სექტორში ხელფასის სიმცირე, ხოლო 9 პროცენტმა – გადასახადების სიდიდე14 , მაშინ, როდესაც, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, განვითარებულ ქვეყნებში სხვა სამუშაოს უქონლობის გამო მხოლოდ 26 პროცენტია “დამოუკიდებლად დასაქმებული”.15

ყოველივე ეს განაპირობებს სამუშაო ძალის გამოყენების უკიდურესად დაბალ ეფექტიანობას და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემათა მთელ ჯაჭვს წარმოშობს. ამიტომ ყოველი ღონისძიებით უნდა შეეწყოს ხელი მცირე მეწარმეობის ორგანიზებულ, ფორმალურ ჩარჩოებში მოქცევას, არაორგანიზებული ბიზნესის ქუჩიდან, პრიმიტიული ჯიხურიდან, სტიქიური ბაზრობიდან თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში შეყვანას, ამ სფეროში ანარქიის, განუკითხაობის დაძლევას.

ანალოგიური ვითარების აღმოსაფხვრელად მრავალი ღონისძიება ხორციელდება პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში ამუშავებენ და ახორციელებენ კომპლექსურ ღონისძიებებს მცირე საწარმოთა თანამედროვე მოწყობილობითა და ტექნოლოგიებით აღჭურვაში ხელშეწყობისა და უზრუნველყოფისათვის, ტექნოპარკების, ბიზნეს-ინკუბატორების, საწარმოო-ტექნიკური ცენტრებისა და მცირე მეწარმეობის სუბიექტების მხარდასაჭერად შექმნილი ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების შექმნისათვის, მცირე საწარმოებისათვის სპეციალიზებული მოწყობილობისა და სხვა სახეობის პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების შეკვეთების განთავსებისათვის, ხელს უწყობენ სპეციალიზებული საბითუმო ბაზრების, მცირე საწარმოთა პროდუქციის ბაზრობების შექმნას, ხოლო შემდგომ – მათი საქმიანობის ორგანიზაციას. ამასთანავე, საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მცირე საწარმოთა მხარდაჭერას, სარგებლობენ კანონით დადგენილი შეღავათებით.16 ფართოდ არის დანერგილი საექსპლუატაციოდ გამზადებული მცირე საწარმოების სალიზინგო კონტრაქტით გარკვეული ვადით არენდატორებისათვის გადაცემისა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი ნარჩენი ღირებულებით მიყიდვის პრაქტიკა.

ცხადია, მცირე მეწარმეობის მატერიალურ-ტექნიკური საფუძვლების განმტკიცებაში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა დიდ ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს მოითხოვს. ცნობილია, რომ მცირე მეწარმეობის სფეროში მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილის შექმნასა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას 10 ათას აშშ-ის დოლარამდე სჭირდება.17 ასეთი სახსრების ერთბაშად გაღება კი დღეს ჩვენს სახელმწიფოს უთუოდ გაუჭირდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე არ გადაიდგას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები. მართალია, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით მცირე ბიზნესის განვითარებისათვის გამოყოფილია მხოლოდ სიმბოლური თანხა – 2 მლნ ლარი, თუმცა, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს აზრით, იგი სულ მცირე 20 მლნ ლარს მაინც უნდა უდრიდეს, მაგრამ არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებაც, ადრინდელ სახელისუფლებო გადაწყვეტილებათა მსგავსად, დაუფინანსებლობის გამო ლიტონ დეკლარირებად არ დარჩება.

მცირე ბიზნესის ოპტიმალური სისტემური სტრუქტურის ფორმირება ამ სექტორის პოტენციალის სრულად ამოქმედების უდიდეს რეზერვებს შეიცავს. ამაზე კი დიდად არის დამოკიდებული არა მარტო ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება, არამედ უმძიმესი სოციალური პრობლემის გადაჭრაც.

გამოყენებული ლიტერატურა
1. L.Bელოკონნაქ, B.Pლყწევსკიჯ. ღაზვიტიე მალყხ პრედპრიქტიჯ ვ ღოსსიი. “ურ. ?Vოპროსყ სტატისტიკი”, 1995, ! 9, გვ. 10.
2. იქვე, გვ. 11.
3. დ. ყარაულაშვილი, ზ. გოცირიძე. არარეგისტრირებული თვითდასაქმების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. (სოციოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზი ქ. თბილისის მაგალითზე). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის შრომების ფონდი, თბ., 1996, გვ. 3.
4. სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში. 1998. სტატისტიკური კრებული. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბ., 1999, გვ. 30; მეწარმეობა საქართველოში. სტატისტიკური პუბლიკაცია. ფაქტები, ციფრები, კომენტარები. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბ., სტატისტიკა 2000. გვ. 117.
5. დ. ყარაულაშვილი, ზ. გოცირიძე. არარეგისტრირებული თვითდასაქმების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. გვ. 3.
6. საქართველოს შინამეურნეობები. 1998-1999. ეკონომიკურ-სტატისტიკური კრებული. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბ., 2000, გვ. 57.
7. მეწარმეობა საქართველოში. გვ. 117.
8. იქვე, გვ. 117.
9. საქართველოს შინამეურნეობები. გვ. 73.
10. მეწარმეობა საქართველოში. გვ. 117.
11. საქართველოს შინამეურნეობები. გვ. 73.
12. V. L[ბიმოვა. Mესტო “მელ;ჰაჯწეგო ბიზნესა” ვ “კონომიკე. ?ურნ. “Mიროვაქ “კონომიკა ი მე&ლსქუო;დუნაროდნყე ოტნოწენიქ”, 1992, !11. გვ. 142.
13. I. Kოტლქრ. O პონქტიი რუნკა ტრუდა. ?ურ. ?Vოპროსუ “კონომიკი”. 1998, !1, გვ. 37.
14. დ. ყარაულაშვილი, ზ. გოცირიძე. არარეგისტრირებული თვითდასაქმების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. გვ. 11.
15. V. L[ბიმოვა. Mესტო “მელ;ჰაჯწეგო ბიზნესა” ვ “კონომიკე. გვ. 142.
16. Mალყე პრედპრიქტიქ. Pრავოვოე რეგულიროვანიე. Nალოგი ი ოტჰეტნოსტ;. L;გოტყ. M. Iზდ.-ვო PღIOღ, 1996; გვ. 5-12.
17. “Vაწ ბანკ “კონომისტ”. M. Nოქბრ;. 2001. გვ. 22.

Leave a Reply

Your email address will not be published.