ბიზნეს-ასოციაცია არბიტრაჟის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს

”საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის” პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, არბიტრაჟის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ბიზნეს-დავის სასამართლოში გადატანა პროცესს აჭიანურებს. ამის შესახებ ჭირაქაძემ სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ”საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე _ ”არბიტრაჟის პერსპექტივები საქართველოში; არბიტრაჟის როლი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საერთაშორისო საარბიტრაჟო კონვენციების შესრულება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში” კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

”ჩვენი ასოციაცია ევროპის საარბიტრაჟო პალატასთან ერთად არბიტრაჟის თემებზე 2 წელზე მეტია მუშაობს. არბიტრაჟის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა, კერძო მხარეებმა პრობლემური საკითხი ან დავა თავად გაარკვიონ; ასევე, ყველა ბიზნეს-დავის სასამართლოში გადატანა პროცესს აჭიანურებს”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობის ნაწილი არსებობს, ნაწილი კი დასახვეწია.
კონფერენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლები და სხვები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკის მიმოხილვა და მისი განვითარების შემაფერხებელ პრობლემებზე მსჯელობა იყო.