დიდი რაგბი საქართველოში

ემზარ ჯგერენაია

ნოემბერში რაგბის მოყვარულთათვის დიდი ზეიმი გაიმართა. ჯერ იყო
საფრანგეთის ნაკრები გვესტუმრა, შემდეგ ცნობილი “ქურციკები” სამხრეთ აფრიკიდან. საფრანგეთის ნაკრები დახვეწილი ტექნიკით გამოირჩეოდა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან საკმაოდ სერიოზული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი.

ნავე (ლაკოსტი), დურთი (კაპიტანი), ვერმი, კასენი (ბომფუა), ბიდარე, სკრელა, კულინა (მიკუ); მინასიანი, ბლინი (ეჩეგარეი), ლეკიული (სიპიელსკი), კადიკი, როვანი (სიგუარი), დიო, ბალთაზარი (ოლივიე), აზულეი. ნაკრების თვალსაჩინო წევრი მწვრთნელის ვაჟიშვილი სკრელა იყო. მან ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ლელო კასენიმ და დიომ გაგვიტანა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, ფრანგების მხრიდან მატჩი 24:20 დამთავრდა ჩვენს სასარგებლოდ. და თუ არა მსაჯის მიერ ძირითადი დროის 4 წუთის დამატება, ანგარიშში სხვაობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

წარმოუდგენელი ვაჟკაცობით იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები: ხამუშარიძე, ურჯუკაშვილი, ზიბზიბაძე, ალანია (გიორგაძე), ხეხელაშვილი (ბუგიანიშვილი), ჯიმშელაძე, იოვაძე (მოდებაზე), შველიძე, გიორგაძე, ცაბაძე (კაპიტანი) (ნიკოლაენკო), დიდებულიძე (მაგრაქველიძე), ნადირაძე (უდესიანი), ბოლღაშვილი (ჯაველიძე), ლაბაძე, მჭედლიშვილი. ლელო გაიტანა: ცაბაძე, ლაბაძე, ურჯუკაშვილი. სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო – ჯიმშელაძე.

10 ნოემბერს თბილისში სუსხიანი დღე იდგა, მაგრამ მოედანზე მისული მაყურებელი ქართველი რაგბისტების თავგანწირვით აღფრთოვანებული დარჩა.

“ქართველებმა ყოველმხრივ დაგვჯაბნეს, გული მეთანაღრება, რომ ფრანგებმა ღირსეულად ვერ ავუწყვეთ ფეხი მეტოქეს და ამ დიდებული სანახაობის შემოქმედნი მხოლოდ მასპინძლები იყვნენ. არადა, ვერავინ იტყვის, რომ მატჩს მთელი სერიოზულობით არ მოვეკიდეთ. კარგად ვუწყოდით, რა ძალის მეტოქესთან გვექნებოდა საქმე, მაგრამ ნანახმა გადააჭარბა მოლოდინს”, – განაცხადა მატჩის შემდგომ ფრანგების მწვრთნელმა, დომინიკ დავანიემ.

საქართველოს ნაკრებს სათავეში უდგას მსოფლიოს ერთ-ერთ პროგრესულ მწვრთნელად აღიარებული კლოდ სორიელი. იგი ძალზე კმაყოფილი იყო. თუმცა, განაცხადა, რომ “იყო პერიოდები, როცა ჩვენმა ნაკრებმა არეულად ითამაშა. აშკარად დავინახე, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მომავალში”.

18 ნოემბერს თბილისში რაგბის ზეიმის მონაწილეები სამხრეთ აფრიკელები იყვნენ, როგორც ბიძინა გეგიძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, “როგორც იქნა, ასრულდა ქართული სარაგბო თემის ერთ-ერთი უპირველესი ნატვრა – თბილისი მსოფლიო რაგბის გრანდებს, სამხრეთ აფრიკელებს ხვდება”.

სამხრეთ აფრიკაში რაგბი სპორტის პირველი სახეობაა. ქვეყნის ეროვნული ნაკრები “სპრინგბოკენი”, ქართულად “ქურციკები”, ჯერ კიდევ 1891 წელს შეიქმნა. ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე 1937 წელს მოუგო ახალი ზელანდიის ტესტ-სერიას და მსოფლიოს ყველა ნაკრებთან დადებითი ბალანსი აქვს.

ქართველები და სამხრეთ აფრიკელები 15 კაციან რაგბში პირველად შეხვდნენ. წლეულს არგენტინაში სამხრეთ აფრიკამ შვიდკაცა ნაკრებში 24:12 დაამარცხა ქართველები. “ბორჯღალოსნები” (საქართველოს ნაკრები) აშკარად არ იყო ისეთ ფორმაში, როგორც ფრანგებთან. სამხრეთ აფრიკელები ტექნიკური და ფიზიკური მომზადებით აშკარად ჯაბნიდნენ. ამასთან “ქურციკები” თავისუფლად და დამაჯერებლად თამაშობდნენ, შედეგმაც არ დააყოვნა და წავაგეთ კიდეც. მიუხედავად ამისა, ეს დიდი ზეიმი იყო – ქართველები სამხრეთ აფრიკელებს შეხვდნენ, თუნდაც მცირე შემადგენლობით.

1995 წლის 24 ივნისს, როცა იოჰანესბურგის “ელის პარკზე” ოქროსფრად მოსირმულ მწვანე კვართში გამოწყობილმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ მსოფლიო თავის კაპიტან ფრანსუა პინარეს ჩააბარა, სამხრეთ აფრიკის ნაკრები “ქურციკები” 104 წლის გახდა.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, საქართველოს ჩემპიონატში 15 კაციან რაგბში გუნდმა “ლელომ” ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორეჯერ მოიპოვა, ჭაბუკთა ლიგაში. “ლელო” ასევე შვიდკაცა სინის მფლობელია და საქართველოს თასის. კლუბის დირექტორი ბათუ კევლიშვილი და გუნდის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დიდ იმედებს ამყარებენ ახალგაზრდა მორაგბეებზე. რუსლან ჯგერენაია, მუხრან გიგინეიშვილი, დავით კობეშავიძე, დავით დავითაშვილი, მამუკა გორგოძე, მალხაზ გოგინავა, ბექა სარდანაშვილი, ვანო ქაფიანიძე, მერაბ კვირიკაშვილი, ოთარ ბარკალაია, დათო ცხაკაია, ლაშა ფირფილაშვილი, თემურ ქობელაშვილი, გიორგი რამაზაშვილი, ლაშა შალიკაშვილი, გიორგი სანიკიძე, გიორგი დვალიშვილი, გიორგი რუაშვილი, დავით ზაქარეიშვილი, ჯემალ ბარამაძე, გელა აშაძე, ედიშერ ჯამრულიძე. ჩვენ ვულოცავთ მათ და ვიმედოვნებთ, რომ გეგიძე გაიმარჯვებს და საქართველოში რაგბი ელიტარული სპორტი გახდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial