კვიპროსი ‘იძირება’, ცხოვრება გრძელდება

ამ დღეებში განვითარდა წარმოუდგენელი დრამა _ აღიარებული საბანკო და ფინანსური სამოთხე, წარმატებული ევროკავშირის ქვეყანა, სადაც დღიური 4-საათიანი მუშაობისთვის საშუალო ხელფასი იყო 2500 ევრო, უსაფრთხო ნავსაყუდელი ”ბობოლა” ავანტურისტებისთვის და თაღლითებისთვის, ზღაპრული კუნძული ევროპის შუაგულში, ეკონომიკურად განადგურდა რამდენიმე დღეში და გაქრა ელიტარული ”ოფშორების” მსოფლიო რუქიდან. ახლა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, უკვე ნათელია, რომ კვიპროსი ვეღარასოდეს დაიბრუნებს ყოფილ მიმზიდველობას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ”ჩასაძირად” განწირულია, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე _ რამდენად ჩქარა და რა დანაკარგებით.

გაკვირვებას კი იწვევს ის ფაქტი, რომ კვიპროსელების და დაზარალებული ბანკების რუსი კლიენტების გარდა ეს დიდად არავის აღელვებს – არც ევროპის და არც რუსეთის მთავრობებს.

ერთი მხრივ, არის საფრთხე, რომ ევროპის პრობლემურ ქვეყნებში ამ მოვლენამ კატალიზატორის ფუნქცია შეასრულოს. სამხრეთ ევროპის საბანკო სექტორი ისედაც სულს ღაფავს და ბანკების მიმართ გაზრდილი უნდობლობის ფონზე, შესაძლოა დაიწყოს კრიზისის ახალი ტალღა. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ პატარა ქვეყნის წილი ევროპის ეკონომიკაში შეადგენს სულ რაღაც 0,2%-ს და დესტაბილიზაციის რისკი პრაქტკულად არ არსებობს. უფრო მეტიც, პოლიტიკოსების აზრით, მომხდარი დეფოლტი კარგი მაგალითია პრობლემური ქვეყნების მოსახლეობისთვის მომავალში სწორი არჩევანის გასაკეთებლად დასავლური საბაზრო ღირებულებების და მემარცხენე პოპულისტების დაპირებების შორის.

რაც შეეხება მთავარ დაზარალებულ მეანაბრეებს _ რუსებს, მათ ჩვეული იმპერიული მენტალიტეტით იხელმძღვანელეს და გაჭირვებაში მყოფ ”მეგობარს” ფულადი დახმარების სანაცვლოდ, ქვეყნის ტოტალური მიყიდვა და ლამის რუსეთის გუბერნიის სტატუსის მიღება მოთხოვეს.

საწყალი კვიპროსელები! ბოლო მომენტამდე ჰქონდათ იმის იმედი, რომ დაგროვილ ვალებს მეგობარი რუსები გაისტუმრებდნენ, გაერთიანებული ევროპა ცოტას უსაყვედურებდა და თვალებს დახუჭავდა მათ პირფერობაზე, ისინი კი გააგრძელებდნენ სხვის ხარჯზე ლაღად ცხოვრებას! არ გამოუვიდათ…

მომზადებულია კომპანია ”Admiral Markets” ანალიტიკური ჯგუფის მიერ
Admiral Markets