ევრო და საქართველოს ინტერესები

რეზო რობაქიძე
2002 წლის 1 იანვრიდან ევროპაში მიმოქცევაში შემოდის ერთიანი ვალუტა – ევრო, რაც, თავისთავად, ზრდის ევროზონის ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოს ინტერესს მოსალოდნელი ცვლილებებისადმი. ნაციონალური ვალუტების ევროთი შენაცვლება შემდეგ ქვეყნებში მოხდება: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და ფინეთი.

დანია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ერთიანი ვალუტის შემოღების პროცესში არ მონაწილეობენ. მიმოქცევაში შემოვა შემდეგი ნომინაციის 7 ახალი ბანკნოტა: 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 ევრო. 2001 წლის ნაღდი ფულის გადაცვლა ევროზე მოხდება ევროკავშირის ქვეყნებში 2002 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე ყოველგვარი საფასურის გარეშე, ხოლო მარტის თვიდან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. საქართველოში ლარის გადაცვლა ევროზე 2002 წლის 1 იანვრიდან მოხდება თავიდანვე საკომისიო გადასახადით, რასაც მოწმობს საქართველოს კომერციულ ბანკებში დაწყებული სამზადისი ევროს შემოღებასთან დაკავშირებით. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკს უკვე მომზადებული აქვს კლიენტურისათვის სპეციალური ბიულეტენი სახელწოდებით, “ერთიანი ევროპული ვალუტა საქართველოში”, სადაც მოცემულია ლარის ევროზე გადაცვლის წესები.

ევროპის ერთიანი ვალუტის შემოღებით დასრულდება ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმებით დაწესებული ის სამწლიანი გარდამავალი პერიოდი, რაც უნაღდო ანგარიშსწორებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ურთიერთობებზე გადასვლისათვის იყო დაწესებული. ჯერ კიდევ 1998-1999 წლებში, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ევროში ოპერაციების განხორციელებას, ევრო ზონის ქვეყნების მსგავსად საქართველოში შეიქმნა შესაბამისი ნორმატიული და ტექნიკური ბაზა. ამ მიზნით, სებ-მა ცვლილებები შეიტანა “უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის” წესებში. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მოცემული ცვლილებების საფუძველზე სებ-მა უცხოური ვალუტების მსგავსად, დაიწყო სხვა სავალუტო კურსის დაფიქსირება ევროში, რომლის აუცილებლობაც განპირობებული იყო ევროპის ქვეყნებთან ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უნაღდო ანგარიშსწორებით საიმპორტო-საექსპორტო ოპერაციათა განხორციელებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე ევროს კურსი ეცემოდა აშშ დოლართან მიმართებაში და 1999 წლის დასაწყისში 1 ევრო 83 ცენტი ღირდა. მაგრამ შემდგომში ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებამ დაადასტურა ევროს სიცოცხლისუნარიანობა, რაც გამოხატა ცალკეული ქვეყნების სავალუტო რეზერვების დინამიკაში ნაციონალური ვალუტების დოლართან მიბმის შერბილებასა და ევრო ვალუტაზე მიბმის ფიქსირებით.

სავალუტო რეზერვები მსოფლიოში ცნობილი ბრეიტონ-ვუდსის შეთანხმებული მეთოდოლოგიით, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის მიხედვით განისაზღვრება. ჩეხეთში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ქვეყნის სამი თვის იმპორტის მოცულობის ტოლია, ჩილეში ის ხუთი თვის იმპორტის ტოლფასია, პოლონეთში – 6 თვის. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკს, სავალუტო რეზერვები იმპორტის 2 თვიანი მოცულობის ტოლფასია და დღევანდელი მდგომარეობით, 127 მლნ. დოლარს შეადგენს, იმის შემდგომ, რაც ევროში უნაღდო ანგარიშსწორების საბანკო ოპერაციები განხორციელდა და ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებში ევროს ხვედრითი წილი გაიზარდა. შესაბამისად, ჩამოთვლილი ქვეყნების სავალუტო რეზერვებში ევრომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და მარტო საქართველოში ევროს ხვედრითი წილი 30%-ია. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებით, ოფიციალურ რეზერვებში აშშ დოლარმა 1358 მილიარდი შეადგინა, რაც მთელი რეზერვების 77,8 %-ია, დანარჩენი მოდის სხვა ვალუტაზე და, მათ შორის, ევრო ვალუტაზე. საქართველოს საბანკო დაწესებულებებსა და მსხვილი საწარმოების: ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის, ქუთაისის საავტომობილო ქარხნისა და ლითოფონის საწარმოში ჩატარებული გამოკითხვით, მათ საბანკო სავალუტო ანგარიშებზე ევროს 10%-იანი ხვედრითი წილი უკავიათ. ამდენად, ევრო საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე მომავალში მნიშვნელოვანი სეგმენტით იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემოღებამდე ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი, ევროსავალუტო კავშირში შემავალმა ცალკეულმა ქვეყნებმა, მაგალითად, ბელგიამ თავისი ბანკების მეშვეობით კლიენტურას ევროში საბანკო ანგარიშების გახსნის საშუალება მისცა. ასევე ბანკები ახალ ვალუტაში იხდიან კომუნალურ და სხვა სახის გადასახადებს. ევრო სავალუტო კავშირის 12 ქვეყანაში ფასები ევროშია დაფიქსირებული, რითაც ერთიანი ევროპული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებისას ამ ქვეყნების მოსახლეობა ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდება.

მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით, ყველა ქვეყანა დაინტერესებულია მყარი ევროს არსებობით. მყარი ევროვალუტა საქართველოსათვის განსაკურთებულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკური ფუნქცია განპირობებულია მისი ადგილმდებარეობით იმ სატრანსპორტო არტერიაზე, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანებს. საქართველოს გავლით ევროვალუტა აღნიშნული არტერიით იმოძრავებს. შესაძლებელია, ევრო დოლარის პარალელურად სავალუტო ბაზარზე დამკვიდრდეს და ფულის მიმოქცევის არეალში მოხვდება უკვე ორი უცხოური ვალუტა, დოლარი და ევრო. ამასთან, ის ტრანსფერები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს, ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით, საზღვარგარეთიდან უგზავნიან და რომლის ოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 30-35 მლნ. აშშ დოლარია, ევროზე გადანაწილდება. იგივე პროცესები განვითარდება საბანკო დეპოზიტების, კერძო დანაზოგების, საინვესტიციო პორტფელის, საკრედიტო არხებისა და სხვა სახით, რაც აშშ დოლართან მიმართებაში გაგვაჩნია. შესაბამისად, დოლარიზაციის 80%-იან კოეფიციენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება – ევრო გავლენას მოახდენს დოლარიზაციის მასშტაბების შემცირებაზე და დინამიკაში ასახვას ჰპოვებს ევროს სიმყარის პროპორციულად. ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში კროს კურსით თუ განხორციელდება, ე.ი. დოლარის კურსით იქნება გადაყვანილი, ამ შემთხვევაში ფასები, ძირითად საქონელზე, დოლარის კურსით დაფიქსირდება, მაგრამ ის არ მიიღებს მონოპოლურ ხასიათს, რადგან მყარი ევრო საბაზრო მექანიზმების საშუალებით გარკეულ სეგმენტს დაიკავებს შიდა სავალუტო ბაზარზე. ეს იმოქმედებს ცალკეული საქონლის ფასწარმოქმნის საკითხზე. როგორც ცნობილია, დოლარის ბანკნოტების დეფიციტის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს დანაზოგები დალარებში დაიტოვოს. ევროზე ანალოგიურ მოთხოვნას ევროს მყარი კურსი განსაზღვრავს, ე.ი. დოლარისა და ევროს “კალათა” მათზე მოთხოვნილების მიხედვით ჩამოყალიბდება და აქაც ფულის მიმოქცევის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებს რეგულირების სპეციალური მექანიზმების შემუშავება დასჭირდებათ, რისთვისაც:

ეროვნული ვალუტის ფულის მიმოქცევის ბაზარზე გაფართოებისათვის ერთხელ და საიმედოდ უნდა გადაწყდეს კრედიტებისა და გზავნილობების ქვეყნის შიგნით მხოლოდ ლარებში გაცემა;

საქართველოში ევროს მიმოქცევაში დამკვიდრებისთანავე უნდა გადაისინჯოს დოლარის როლი ეროვნულ ეკონომიკაში;

უნდა განისაზღვროს ლარის დოლართან მიბმის პოტენციური შესაძლებლობის პერსპექტივა და ევროზე გადანაწილების სტრატეგიის შემუშავება;

შესამუშავებელია ევროზონის ქვეყნებთან საერთაშორისო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის, საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმების, საინვესტიციო თანამშრომლობის ახალი წესები.

უდავოა, რომ ევროს შემოღება გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზეც, რომელიც ფლობს გერმანულ მარკებს, ფრანგულ ფრანკებს ან ევროპის მონეტარული კავშირის წევრი ქვეყნების სხვა ვალუტებს. შესაბამისად, საქართველოს კომერციულმა ბანკებმა, თავის ცნობილ ევროპელ აქციონერებთან ერთად, საუკუთესო პირობები უნდა შექმნას კლიენტებისათვის, რათა ნაციონალური ვალუტების ევროზე გადაცვლის პროცესი მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე წარიმართოს.