პარლამენტის აგრარული კომიტეტი უცხოელებზე მიწების გასხვისების კანონიერების შესწავლას არ აპირებს

პარლამენტის აგრარული კომიტეტი უცხოელებზე მიწების გასხვისების კანონიერების შესწავლას არ აპირებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწების გასხვისების შეჩერების მოთხოვნით კახელი ფერმერები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ფერმერები 25 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას ვარაუდობენ, რომელსაც პარლამენტს გაუგზავნიან და საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მოითხოვენ. თუმცა, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა მათ კომპეტენციაში არ შედის.

გიგლა აგულაშვილის თქმით, იქ, სადაც რაიმე სახის სამართალდარღვევები ფიქსირდება, საკითხით საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. აგულაშვილი მიწების გასხვისების პრობლემას წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობად აფასებს და აცხადებს, რომ მათ მიწები ფერმერების დაუკითხავად უკანონოდ გაასხვისეს. დეპუტატის თქმით, ახალ ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო მიწების რეალიზაცია შეჩერებული აქვს და მიწებს ამ დროისთვის მხოლოდ კერძო მესაკუთრეები ყიდიან.