ბიძინა ივანიშვილი შრომის კოდექსთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შეფასებას იზიარებს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შრომის კოდექსთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას ეთანხმება.

“მარგველაშვილის განცხადებას მე ვიზიარებ თავიდან ბოლომდე. შრომის კოდექსის შემოღებაზე ინიციატორები ვიყავით ძალიან ბევრნი და ერთ-ერთი მეც გახლდით. ის, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში, იყო საშინელება. დაქირავებულს პრაქტიკულად არავითარი უფლებები არ გააჩნდა.

მეორე მხარეს ვიცით ყოველთვის გადახრა, როცა რაიმე არ გვაქვს და მერე საშუალება გვაქვს. მგონი, ეს მოხდა პირველი მოსმენის შემთხვევაში განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ გადაჭარბებულად მეტი უფლებები მისცეს. მეტი უფლებები არ არსებობს დაქირავებულზე, პრინციპში ნორმალურია, ნებისმიერი უფლება დაქირავებულს შეიძლება მივცეთ, მაგრამ ჩვენ რეალობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც სუფევს საქართველოში არის ის, რომ საქართველოში მოსახლეობას არ შეუძლია სამუშაო ადგილების შოვნა. ტოტალური უმუშევრობა არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში. დასაქმება შეუძლია ინვესტორს, შეუძლია ბიზნესს. ამიტომ, დღეს ჩვენ თუ მოვახერხეთ, გადავხარეთ მეორე მხარეს და ზედმეტი უფლებები მივეცით დაქირავებულს, უნდა ვიფიქროთ მეორე მხარეზე, ინვესტორს არ უნდა დავუკარგოთ მადა იმისა, რომ შემოვიდეს საქართველოში და ინვესტიციები განახორციელოს”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით საქართველოს შრომის კოდექსი დაემსგავსება ევროპული ქვეყნების შრომის კოდექსს. “ჩვენი შრომის კოდექსი დაემსგავსება ევროპულს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და პირველ ეტაპზე ადამიანური პირობები შევუქმნათ დაქირავებულებს, მაგრამ ინვესტორებს ინტერესი არ დავუკარგოთ. პირველი მოსმენით პროექტს, რომელსაც მარგველაშვილი აკრიტიკებს, მე აბსოლუტურად ვეთანხმები და მეც იგივე რეაქციები გავაკეთე და პარლამენტარებთან მქონდა საუბარი, რომ არ შევაშინოთ ინვესტორები. თუ მათ შევაშინებთ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საუკეთესო შრომის კოდექსი, მაგრამ სამუშაო ადგილები არ შეიქმნება და ძირითადი უსამართლობა დარჩება, არ იქნება სამუშაო ადგილები”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

განათლების მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები შრომის კოდექსში, „როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია“ და „კოშმარია ბიზნესისთვის“. მისი შეფასებით, „ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი.“