ოქრომ მსოფლიო შეატორტმანა
თამარ როსტიაშვილი
ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა და მუდმივად მზარდმა აქტივიმა – ოქრომ – უეცრად ღირებულების დაკარგვა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვარდნა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და ეს გარკვეულწილად მოულოდნელიც არის. მათი თქმით, მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტები მზად იყვნენ ძვირფას ლითონებზე ფასის თანმიმდევრობითი შემცირებისთვის, მაგრამ ასეთი სწრაფი ვარდნის დინამიკას არავინ ელოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი 13%-ით დაეცა და ოქროს ფიუჩერსები უნციაზე 9,4%-ით, 1360,5 დოლარამდე შემცირდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული ერთჯერადი ვარდნაა.
2013 წლის დასაწყისიდან ოქროს ღირებულება 20%-ით შემცირდა, მაშინ როცა 2012 წელს მისმა ზრდამ 12% შეადგინა. ოქროს ფასების ვარდნას ექსპერტები გლობალური ინფლაციის შესუსტებით ხსნიან.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოქროს ღირებულების ვარდნა უახლოესი ორი-სამი წელის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება. მსოფლიო ბაზრის მსგავსად ოქროზე ფასები საქართველოშიც მცირდება და, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ ეტაპისთვის ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან მისი სტაბილურობის შერყევა რიგმა ფაქტორებმა გამოიწვია: 2013 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი შემცირდა, მაშინ როცა მსოფლიო ბაზარი ეკონომიკის მცირედ აჩქარებას მოელოდა. ამავდროულად, კვიპროსის ხელისუფლება აკეთებს განცხადებას საკუთარი ოქროს მარაგების დიდი ნაწილის გაყიდვის შესახებ, რამაც ასევე გამოიწვია ბაზარზე ოქროს ღირებულების შემცირება. სავარაუდოდ, კვიპროსისგან მაგალითს აიღებს იტალია და ესპანეთი, რაც განაპირობებს ფასის კიდევ ერთი საფეხურით ქვევით დაწევას.
აპრილის შუა პერიოდში ოქრო, ასე ვთქვათ, თავისუფალ ვარდნას მიეცა და მისი ფასი მხოლოდ ორი დღის განმავლობაში შემცირდა 1561-დან 1341 აშშ დოლარამდე უნციაზე. კოტირების ვარდნას ახლდა ჭორები, რომ აშშ-მ შეიძლება შეაჩეროს სავალუტო სტიმულირება უკვე ამ წელს, ხოლო კვიპროსის ცენტრალური ბანკი გაყიდის თავის ოქროს რეზერვებს.
ამჟამად ოქროს ფასმა დაიწია და 2011 წელს არსებულ ნიშნულს გაუთანაბრდა.
ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ოქროზე ფასის ვარდნის გამო მსოფლიო ეკონიმიკის წამყვანი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 560 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს. ასევე ”შეთხელდა” ცნობილი ინვესტორების საფულეები: კერძოდ, მილიარდერმა ჯონ პოლსონმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა. აღნიშნული ბაზრის მონაწილეებს აღარ სწამთ ოქროს 12- წლიანი მარათონის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინვესტორები ჯერ მაინც არ აპირებენ თამაშიდან გასვლას.
ჩნდება კითხვა – ვინ იგებს ოქროს ფასის ასეთი შემცირებით? პასუხი მარტივია – ყველა. ბანკები, საწარმოები და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ხალხიც. მაგალითად, ბანკები ფასის ვარდნას გამოიყენებენ საკუთარი ოქროს მარაგების შესავსებად. ჩვეულებრივ ხალხს შესაძლებლობა ექნება შეიძინონ ზოდები, ოქროს ნაკეთობები და ა.შ.
”ოქროზე ფასის ვარდნა ძალიან გვადარდებს”, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის სარეზერვო ბანკის თავმჯდომარემ, ჯილ მარკუსმა. თუმცა, იგი არ აზუსტებს გეგმავს თუ არა მის რეზერვში არსებული 125 ტონა ოქროს მარაგის გაზრდას ან შემცირებას.
შრი-ლანკას ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ოქროზე ფასების ვარდნა წარმოადგენს შესაძლებლობას გაზარდოს მისი რეზერვები, ხოლო სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ფასების შემცირება არ აისახება ბანკის სტრატეგიაზე, რომელიც მიიღწვის, მოახდინოს სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია, მათ შორის, ოქროში ინვესტირებით.
ღელავენ კერძო ინვესტორებიც, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს Goldman Sachs-ის და რიგი სხვა ბანკების რეკომენდაციებს იმის შესახებ, რომ ”დროა გაყიდოთ”. მაგალითად, ჯონ პოლსონმა, რომელიც დიდი ხანია ოქროს თაყვანისმცემელია 1.5 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. მისმა ფონდმა Paulson & Co 2013 წლის დასაწყისში 9.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა, სადაც ჩადებული ინვესტიციის 85% ოქროს ბიზნესთან არის დაკავშირებული.
ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ოქრო მეტად ვალატურია და მასში სახსრების დაბანდება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოქროს საბაზრო ღირებულება გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერის ხარჯზეა შენარჩუნებული.
ოქრო, ბოლო ასწლეულის განმავლობაში იყო მრავალი ინვესტორის ფავორიტი, რომელიც მათ 20-30%-იან სტაბილურ შემოსავალს სთავაზობდა. ოქროს ღირებულება ბოლო 18 თვის განმავლობაში 1525 დან 1800 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობდა. 2012 წლის სექტემბრის თვიდან სპეკულიანტი ტრეიდერები ვარაუდობდნენ, რომ ოქრო ფასი 1800 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწევდა, რის საფუძველზეც დაიწყეს ფიუჩერსული კონტრაქტების რაოდენობის შემცირება 20 მილიონი უნციიდან 5,6 მილიონ უნციამდე. თებერვალში ოქროს ფასმა დაიწია 1625 დოლარამდე, მასობრივმა ინვესტორებმაც დაიწყეს საბირჟო პროდუქტებით (ETP) და საბირჟო ინდექსური ფონდებით (EFT) ვაჭრობის შემცირება. ”მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორების მხარდაჭერისა, პოზიციის ლიკვიდაცია გაგრძელდა”, _ აღნიშნა სტრატეგმა და Saxo Bank-ის საბირჟო პროდუქტების განყოფიილების დირექტორმა ოლე სლოტ ჰენსენმა.
ექსპერტების აზრი ოქროს მომდევნო პერსპექტივების შესახებ გაიყო. „რისკის ფაქტორი გაქრა და ინვესტორები ეძებენ აქტივებს, რომლებიც მათ მოუტანენ მოგებას ან რომელთაც აქვთ ზრდის პოტენციალი. ოქროს არც ერთი ეს თვისება არ აქვს”, – ციტირებს Bloomberg-ი LPL Financial-ის სტრატეგს, ენტონი ვალერის. ”ვარდნის მიზეზი ეს არის სპეკულანტების მიერ მოწყობილი აგრესიული გაყიდვები, არანაირი ფუნდამენტური ცვლილებები არ ყოფილა. ადგილზეა კზირისი ევროპაში და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა. ოქრომ არ დაკარგა „უსაფრთხო ნავსაყუდელის” სტატუსი. კერძო ინვესტორები, ალბათ, გავლენ, ხოლო ცენტრალური ბანკებისთვის ფასების ვარდნა არ მგონია გახდეს სტრატეგიის შეცვლის მიზეზი. ეს ფინანსური ინსტიტუტები მუშობენ გრძელვადიანი პერსპექტივით და ოქროს განიხილავენ, პირველ რიგში, როგორც რეზერვს და არა მოგების გაზრდის საშუალებას”, – განაცხადა Capital Economics-ის ანალიტიკოსმა, ჯულიან ჯესოპმა.
ოქროს დარგში საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიო ცენტრალური ბანკების საერთო რეზერვი შეადგენს 31 694 ტონა ოქროს, რაც წარმოადგენს მსოფლიოს მთლიანი მარაგების 19%-ს.