IPO კონფერენცია გაიმართა

27 ივნისს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა IPO კონფერენცია თემაზე: ვარშავის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების პირველადი საჯარო განთავსებით კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ 50-მდე სხვადასხვა სექტორის უმსხვილესი ქართული კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებისთვისაც აქტუალურია დამატებითი ფინანსების მოზიდვა.

კონფერენციის მიზანი იყო, ქართული კომპანიებისთვის ვარშავის საფონდო ბირჟაზე წვდომისა და კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კაპიტალის მოზიდვა კი შესაძლებელია საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების პირველადი საჯარო განთავსების (IPO) გზით.
ღონისძიება გაიხსნა ”ბიდიო საქართველოს” (კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი) მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი მატკავასა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვებით.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია IPO-სთან დაკავშირებულ საკითხებზე: ვარშავის საფონდო ბირჟის წარმომადგენელმა რობერტ კვიატკოვსკიმ მოწვეულ სტუმრებს გააცნო აქციათა ვსბ-ზე განთავსების უპირატესობები, ხოლო ”ბიდიო საქართველოს” პარტნიორმა, კლიფ აიზეკმა წარმოადგინა პრეზენტაცია IPO-თვის მომზადების მთავარ აქცენტებსა და ეტაპებზე. ”ბეიკერ & მაკენზის” პარტნიორის გამოსვლა შეეხებოდა IPO პროცესში იურიდიული ფირმის მხარდაჭერის როლსა და მნიშვნელობას და IPO პროცესის სამართლებრივ საკითხებს. ”უნიკრედიტის” სიანვესტიციო ბანკირმა, რობერტ კოლეცკიმ ქართველ ბიზნესმენებს გააცნო სინვესტიციო ბანკის როლი საერთაშორისო ტრანზაქციებში.

პრეზენტაციების დასასრულს, ”ბიდიო უკრაინის” ბიზნესის განვითარების პარტნიორმა, იგორ კონსტანტინოვმა წარმოადგინა პრაქტიკული მაგალითები უკრაინული კომპანიების ვსბ-ზე პირველადი განთავსების შესახებ.
კონფერენციის დასასრულს, გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, B2B ფორმატში უფრო დეტალურად განეხილათ ყველა საინტერესო საკითხი ღონისძიების ორგანიზატორებთან.