აფხაზეთი რკინიგზის აღდგენას დათანხმდება

აფხაზეთი დათანხმდება რკინიგზის აღდგენას. როგორც ekhokavkaza.com იუწყება, ამის შესახებ მოსკოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე ”კრიზისი ახლო და შუა აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიისა და კასპიის უსაფრთხოების პრობლემები” განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექს-პრემიერმა სერგეი შამბამ. ამასთან, მისივე თქმით, აფხაზეთს აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული შიშები აქვს.

”ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი აფხაზეთისთვის საინტერესოა, თუმცა ამჟამად არსებული კომუნიკაციები ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს, და ამით ყველა ჩვენი სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური საკითხი წყდება. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთი ერთგულია რუსეთისადმი სამოკავშირეო ურთიერთობებისა, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში ის წავა ამ პროექტზე ”, – განაცხადა შამბამ.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, მისი თქმით, თბილისზე გავლენის მოხდენას აზერბაიჯანი შეეცადა იმის გამო, რომ აფხაზეთის რკინიგზა სომხეთთან კომუნიკაციას ხსნის. შამბას თქმით, თუ საქართველო ამ პროექტზე უარს იტყვის, ის აფხაზეთს კიდევ უფრო დაშორდება.

”საქართველო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, ვიდრე აფხაზეთი”, – განაცხადა მან. შამბას აზრით, თუ რეგიონის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, აღნიშნულ საკითხში კომპრომისამდე უნდა მივიდნენ.