რატომ ემუქრება საქართველოს ტელევიზიის გარეშე დარჩენა

მაკა ღანიაშვილი

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საერთაშორისო ვალდებულების შესრულების პერიოდი საქართველოს ნელ-ნელა ეწურება. საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან (მაუწყებლობის ამ ფორმაზე იმყოფება ახლა საქართველო) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად, ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველოში კი ამ პროცესზე ახლა მსჯელობენ. 2006 წლიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არანაირი ქმედითი ღონისძიება არ განხორციელებულა, უფრო მეტიც, საქართველოს ჯერჯერობით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაც კი არ აქვს. სტრატეგიის შექმნაში სამინისტროს EBRD-ის ექსპერტები ეხმარებოდნენ. მაგრამ საბოლოო პოლიტიკა ჩამოყალიბებული კიდევ არ არის.

დიდი ბრიტანეთის გაციფრულების პროცესი თითქმის 14 წელი მიმდინარეობდა, ბელგიასა და შვედეთში 8-8 წელი, გერმანიასა და საფრანგეთში 6-6 წელი. მოასწრებს თუ არა ხელისუფლება წელიწადნახევარში იმის გაკეთებას, რისთვისაც ევროპის ქვეყნებს 6-14 წლამდე დასჭირდათ? ემუქრება თუ არა მოსახლეობას მაუწყებლობის სიგნალის გარეშე დარჩენა?
ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირმა (ITU) ციფრულ მაუწყებლობაზე გადამსვლელი ქვეყნების სამი ზონა და გრაფიკი რამდენიმე წლის წინ შექმნა. საქართველო პირველ ზონაში მოხვდა, მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, თურქეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მაუწყებლობისთვის გამოყოფილი სიხშირეები დაუცველი აღმოჩნდება – ძველი სიხშირეები მეზობელი ქვეყნების ციფრული სიგნალით გადაიფარება და ქვეყანა მაუწყებლობის გარეშე დარჩება.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს დეტალურად გაწერილი გეგმა, თუ როდის რის გაკეთებას აპირებს. უნდა მიმდინარეობდეს საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობამ გაიგოს, თუ რა არის ციფრული მაუწყებლობა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ის ტელევიზორები, რომლებიც ახლა აქვთ ან ახლა ყიდულობენ, 2015 წლის ზაფხულიდან სრულიად უსარგებლო იქნება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება თუნდაც იმ თანამედროვე ტელევიზორებით სარგებლობა, რომლებიც დღეს საქართველოში იყიდება. 2015 წლიდან ვერც ერთი ტელევიზორი, ფასის, მწარმოებლის და დიაგონალის მიუხედავად, ციფრულ სიგნალს ვერ მიიღებს. თუ მომხმარებელს სახლში ციფრული ტელევიზორი ან სპეციალური დეკოდერი არ ექნება, რომელიც ციფრულ სიგნალს ტელევიზორისთვის გარდაქმნის.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაზე მუშაობის დაწყების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 8 დეკემბერს განაცხადა. პროექტი EBRD-ისა და ფინეთის მთავრობისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისასთან თანამშრომლობით უნდა განხორციელებულიყო. მთავარი გადასაწყვეტი საკითხია ციფრული მაუწყებლობის რომელ მოდელს აირჩევს საქართველო _ იქნება ერთი მულტიპლექს ოპერატორი, რომელიც ტელეკომპანიების წარმოებული კონტენტის ტრანსლირებას გააკეთებს, თუ მაუწყებლები თავად შექმნიან მულტიპლექსს და პროგრამების წარმოებასთან ერთად, მის ტრანზიტზეც იზრუნებენ. მნიშვნელოვანი საკითხია მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესიც. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ანალოგური სიხშირე გამოთავისუფლდება, რაც ქვეყანას სხვადასხვა მიზნისთვის შეუძლია გამოიყენოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკის სამინისტროს ჯერ არაფერი გაუკეთებია. 2006 წლიდან ერთად ერთი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შექმნა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო. საბჭოში 2013 წლის 13 თებერვალს პირველი შეხვედრა გამართა ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ საკითხთა სამუშაო ჯგუფმა. მასში 16 წევრი გაერთიანდა, რომელთა შორის არიან ტელეკომპანიების, სახელმწიფო უწყებების და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს ხარჯები, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში იქნება მოსალოდნელი, ინვესტიციები და სუბსიდირება. აგრეთვე, შეიმუშაოს მედია სამაუწყებლო კონტენტის მიწოდების პირობები და მოდელები, ხელი შუწყოს აპარატურის, მოწყობილობების და ტერმინალური დანადგარების იმპორტს. გარდა ამისა, საბჭომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, თუ როგორ მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება მიმიდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმისათვის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება მიიღოს მაუწყებლობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოში უკვე მუშაობს ტექნიკურ საკითხთა სამუშაო ჯგუფი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯგუფი საკუთარ ხედვას უახლოეს პერიოდში წარადგენს. სამინისტროში იქმნება სამართლებრივ საკითხთა სამუშაო ჯგუფიც. სამუშაო ჯგუფების მიერ შექმნილ სტრატეგიას შემდეგ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო განიხილავს.

ექსპერტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას მომხმარებელთა ინფორმირებასა და მომზადებას ანიჭებენ. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, აქვს თუ არა მას შესაბამისი ტელევიზორი, რომლითაც ციფრული სიგნალის მიღებას შეძლებს, რა ხარჯების გაღება მოუხდება მას, რას იკისრებს სახელმწიფო და ასე შემდეგ.

ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ საკითხთა სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD) ექსპერტები. იუკკა კონერვისტომ, რომელიც ფინეთში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში სოციალური საკითხების მიმართულებით მუშაობდა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სამუშაო ჯგუფის წევრებს. მისი თქმით, ფინეთში საინფორმაციო კამპანია ისე წარიმართა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე დაახლოებით 10 თვით ადრე მომხმარებლების 93% სრულად ინფორმირებული იყო. ფინეთში საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მსახიობები, ბიბლიოთეკები, აგრეთვე, საკომუნიკაციო ბაზრის ყველა მონაწილე. ატარებდნენ საჯარო ლექციებს, ქვეყნის მასშტაბით არაერთი შეხვედრა გამართეს მოსახლეობასთან და უხსნიდნენ რა იყო ციფრული მაუწყებლობა, როგორ მოეხმარათ ”სეტ ტოპ ბოქსები” _ მოწყობილობა, რითაც ციფრული სიგნალის მიღებააა შესაძლებელი. მისი ღირებულება 40-დან 700 დოლარამდე შეადგენს და იმ მომხმარებელს დასჭირდება, ვინც მაუწყებლობას ანტენის საშუალებით იღებს. დაახლოებით 154 სახეობის ”სეტ ტოპ ბოქს” არსებობს და უნდა შემოწმდეს ყველა ტექნოლოგია, რომელიც ბაზარზე შემოვა.

2015 წლიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. ქართველ მაყურებელთა უმრავლესობას არაფერი სმენია ამ სიახლის შესახებ, რომელიც თითოეულ მათგანს ეხება. გარდა ამისა, წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. შესაბამისად, ინფორმაციის გარეშე რჩებიან როგორც მაუწყებლები, ასევე – მაყურებლები. თუმცა ამის შესახებ არათუ მოსახლეობამ, ის მაღაზიებიც კი ნაკლებ ინფორმირებული არიან, რომლებიც ტელევიზორებს ყიდიან.
სიახლე პრობლემის წინაშე აყენებს რეგიონულ მაუწყებლებსაც, რადგან ეს ძვირი სიამოვნებაა მათთვის. ციფრული მაუწყებლობა ტექნიკის სრულად შეცვლას მოითხოვს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, იმ მწირი შემოსავლის პირობებში, რაც რეგიონალურ მაუწყებლებს აქვთ, ამის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ რამდენიმე რეგიონული ტელეკომპანია გაერთიანდება. დიდი ალბათობაა იმის, რომ კომპანიების ნაწილი საერთოდ დაიხუროს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საგრძნობლად შემცირდება ტელეკომპანიების რიცხვი.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კუპრაშვილი: ”არათუ რეგიონალური მაუწყებლები, მინდა გითხრათ, რომ 2015 წლისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მზად მსხვილი ნაციონალური კომპანიებიც კი არ არიან. ტელეკომპანიები მართლაც ვერ იქნებიან მზად, მაშინ როცა ქვეყანაში არ არსებობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია. ჯერ არაფერი ვიცით არც ტექნიკურ და არც რეგულირების საკიხებზე. როგორ უნდა მოხდეს ეს ტექნიუკურად, როგორ იქნება სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილი, ვინ იქნება ტელევიზიების მესაკუთრე და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი თუ არ იარსებებს, კომპანიები თავისით ვერ მოემზადებიან.

გარდა ამისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის გადახდა არათუ რეგიონალურ, ცენტრალურ ტელევიზიებსაც გაუჭირდებათ იმ რეკლამებისა და შემოსავლების პირობებში, რომელიც მათ დღეს აქვთ. ფინანსური სირთულეები ბევრი კომპანიის ყოფნა-არყოფნის საკითხს დააყენებს ეჭვქვეშ.

ს.ე. _ ამ სტრატეგიის შემუშავება, როგორც ვიცით, ეკონომიკის სამინისტროს ევალება
ნ.კ.
_ დიახ. 2006 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საქართელომ აიღო ვალდებულება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის, ეკონომიკის სამინისტროს ავტომატურად გაუჩნდა სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება. მას შემდეგ ხელისუფლებაც შეიცვალა, მაგარმ არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისფლების ხელში არაფერი გაკეთებულა. ერთადერთი, რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა, არის ის, რომ შექმნა სათათბირო საბჭო, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. საბჭოში ტელევიზიების წარმომადგენლებიც არიან. თუმცა ეს საბჭო არ არის ქმედითი. რეალურად მასაც არაფერი გაუკეთებია ჯერ”.

ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი: ”ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ სახელმწიფო არ იქნება ინფრასტრუქტურის მფლობელი. ანუ ეს ცვლილებები არ მოხდება სახელმწიფო ფულით. ეს არის ევროპული ქვეყნების გამოცდილება, იქ ამ მიმართულებით განხორციელდა რეფორმა და ამ გზას დავადგებით ჩვენც. აქამდე ამ ევროპული მოდელის კვლევა ხდებოდა, ამიტომაც გაჭიანურდა სტრატეგიის შემუშავება, მაგრამ ივლისის ბოლოდან ჩვენ უფრო აქტიურ მუშაობას ვიწყებთ. როგორც იცით, სამუშაო ჯგუფებიც უკვე შექმნილია სამინისტროს მიერ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მულტიპლექს ოპერატორებზე წვდომა ხელოვნურად არ შეიზღუდოს, არ შეიქმნას მონოპოლია და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დორისთვის მოსახლეობაც მომზადებული იყოს”.

მოსახლეობა ტელემაუწყებლობას სხვადასხვა არხით: კაბელით, ინტერნეტით, თანამგზავრითა და სიხშირული მიწისზედა სადგურების საშუალებით იღებს. ამ უკანასკნელზე მოსახლეობის დაახლოებით 60%-ია დამოკიდებული, ეს ის რაოდენობაა, რომელიც მაუწყებლობის გაციფრულების საკითხი უშუალოდ შეეხება. თუმცა, მათაც, ვინც მაგალითად, საკაბელო ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს, შეიძლება პრობლემები შეექმნათ, თუ რომელიმე კონკრეტულმა მაუწყებელმა ტექნიკურად ვერ მოახერხა ციფრულზე გადასვლა. ცხადია, საკაბელო მას ვეღარ გაავრცელებს. ამჟამად საქართველოს 175 ციფრული არხის გამოყენება შეუძლია. რაც საკმარისია იმისთვის, რომ არსებულმა თუ პოტენციურმა კომპანიებმა მაუწყებლობა თავისუფლად განახორციელონ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს ავტომატურად უფართოვდებათ გეოგრაფიული არეალი. გასარკვევია, რა ტიპის ტელევიზორებს ფლობს მოსახლეობა და დაახლოებით რამდენს, ასევე განსასაზღვრია რეგიონების მიხედვით, შეუძლია თუ არა მოსახლეობას შესაბამისი რისივერის შეძენა და რა შემთხვევაში იტვირთებს ამ ხარჯებს სახელმწიფო. მაგალითად, საფრანგეთს მთლიანად გაციფრულება 150 მილიონი ევრო დაუჯდა, თანხის 50% სახელმწიფომ დააფინანსა, 15% _ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დანარჩენი კი კერძო მაუწყებლებმა ან სხვა ორგანიზაციებმა. მოსახლეობის მზაობასთან ერთად მნიშვნელოვანია თავად მაუწყებლების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების შესწავლაც, ასევე იმის დადგენა ვინ რომელ ლიცენზიას ფლობს და რა ვადით.

განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება, რომელსაც თითქმის 100%-იანი დაფარვა აქვს.Mმას მინიმუმ ერთი მულტიპლექსით სარგებლობის უფლება გადაეცემა. დანარჩენი მულტიპლექსები აუქციონზე ღია კონკურსის წესით გადაიცემა. მულტიპლექსი სატელევიზიო და რადიო არხების პაკეტია, რომელთა ტრანსლაციაც ერთი რადიოსიხშირული არხის მეშვეობით ხორციელდება.

ციფრულ ფორმატში მაუწყებლობით უკეთესი გამოსახულება მიიღება, შესაძლებელია მაღალი გარჩევითუნარიანობის ტელევიზიის ტრანსლირება ვიზუალური და აუდიო ხარვეზების გარეშე, მაღალია აუდიო ხარისხი, ხელმისაწვდომია მულტიმედია და ინტერაქტიური მომსახურება. ანალოგური ტელერადიომაუწყებლობა ნიშნავს, რომ ერთ სიხშირულ ზოლში მხოლოდ ერთი პროგრამული არხის გადაცემაა შესაძლებელი. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით კი სიხშირული სპექტრი გამოთავისუფლდება და შესაძლებელი გახდება, რომ იმ სიხშირულ არხში, რომელშიც აქამდე მხოლოდ ერთი სამაუწყებლო არხის გატარება ხდებოდა, ამჯერად მეტი პროგრამული არხი გავიდეს. მაუწყებლობის გაციფრულება 90-იანი წლებიდან აშშ-ში სწორედ სიხშირული რესურსის უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად დაიწყო.

ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია (IDFI)

21 მაისს, ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) ”ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის” პრეზენტაცია გამოაქვეყნა. კვლევაში დეტალურად განხილულია ყველა ის პროცესი, რომელიც ორგანიზაციის აზრით, 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა წარიმართოს იმისათვის, რომ ქვეყანამ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა შეუფერხებლად მოახერხოს და ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ჩამოყალიბდეს, როგორც კონკურენტი პლატფორმა. IDFI მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდება მოსახლეობის 85%-ისთვის, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული და მდგრადი ქსელის ფორმირება არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.

პროექტის თანახმად, გარდამავალ პერიოდში ეროვნული საეთერო მაუწყებლობის ქსელის ლიცენზიის გაცემისას უნდა დადგინდეს გადაცემის სტანდარტი DVB-თ2 კუმშვის სტანდარტი MPEG4 და სატელევიზიო ფორმატი _ SDTV. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ კი შDთV-სთან ერთად შესაძლებელი უნდა იყოს HDTV სატელევიზიო ჩვენების ფორმატის გამოყენება. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანალოგური მაუწყებლობა უნდა შენარჩუნდეს 2020 წლამდე, ხოლო გალის რაიონის დაფარვა უნდა მოხდეს ფაქტობრივი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჩვეულებრივ რეჟიმში. კვლევის ავტორები ფიქრობენ რომ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელი მაგისტრალურ დონეზე კარგად არის განვითარებული და აუცილებელია მისი გამოყენება ქსელის საიმედოობის და მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მაღალკონცეტრირებულ ციფრულ ზონებში, რომელიც ნაკლებად რთული რელიეფით ხასიათდება, უნდა აიგოს ერთსიხშირიანი ქსელი (SFN).

IDFI-ის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პირველი ორი მულტიპლექსორით კონტენტი უფასოდ უნდა გავრცელდეს, ფასიანი მომსახურება კი მესამე მულტიპლექსორის ამოქმედების შემდეგ უნდა იყოს დასაშვები და მას უფლება უნდა ჰქონდეს შერეული მოდელის მომსახურება შესთავაზოს ბოლო მომხმარებელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტი უნდა გავრცელდეს კომერციული იურიდიული პირის მართვის ქვეშ მყოფი მულტიპლექსორების და ტრანსლირების ქსელის მეშვეობით, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტის, როგორც მუსტ ცარრყ კონტენტის გავრცელების ვალდებულებაც დაეკისრება.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გარდამავალ პერიოდში როგორც ეროვნული კომერციული, ისე კომერციული მულტიპლექსორით უნდა გადაიცეს 15 სტანდარდ Definition TV Service (SDTV) კომპრესიის PEG4 სტანდარტით. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ მულტიპლექს ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ უფლება HDTV სატელევიზიო სტანდარტით ფასიანი მომსახურება შესთავაზონ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თანხმობით.

პროექტის თანახმად, გარდამავალ ეტაპზე რეგიონული არხების კონტენტი უნდა გავრცელდეს პარალელური ფორმით თავისუფალი სიხშირეების გამოყენების ამოქმედებული საერთო ქსელით გაფართოებული ციფრული ზონების მიხედვით. ამ დროს წარმოიშვება არხების ურთიერთგადაფარვა (პლატფორმის შიდა კონკურენცია). კვლევის თანახმად, პირველ მულტიპლექს ოპერატროს უნდა ჰქონდეს უფლება წინასწარ გამოცხადებული პირობებით არადისკრიმინაციულად, გამჭვირვალედ მოახდინოს მაუწყებლის დაშვება კონკურსის საფუძველზე ან განმცხადებლების რიგითობის საფუძველზე. გარდამავალ ეტაპზე ლიცენზიის მინიჭება უნდა ხდებოდეს საჯარო კონკურსის წესით, რა დროსაც უნდა შედარდეს საქსელო გადაწყვეტა, ქსელის აგების ვადა, სიხშირული სპექტრის გამოყენების ეფექტურობა, დაშვების პირობები, ტარიფები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გონივრულობა, რომელსაც განსაზღვავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
პროექტის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ რესივერები ან მიიღონ თანდაფინანსება შესაბამისი კატეგორიის ტელევიზორების ან სხვა მოწყობილობების შესაძენად. სუბსიდირების დამდგენი ნორმები კი მარტივი და გამჭვირვალე უნდა იყოს. მთავრობამ უნდა დაადგინოს მოწყობილობების გადაცემის წესი. ყველა ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მარკირებით და გზამკვლევით რამდენიმე ენაზე. სუბსიდირების ვაუჩერი უნდა იყოს სახელობითი და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელი უნდა იყოს.

კვლევის ავტორების აზრით, უნდა შემოიღონ სუბსიდიები მაუწყებლებისთვისაც, რომ კომპენსირდეს დამატებითი ხარჯები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში. დახმარება უნდა გაიცეს გადართვის პროცესში წარმოშობილი დროებითი პრობლემების მოსაგვარებლად. ბენეფიციარების შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ, ზუსტად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ბენეფიციარმა კი უნდა დაადასტუროს, რომ არსებობს თანადაფინანსების აუცილებლობა.
კვლევაში საუბარია საინფორმაციო კამპანიაზეც. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ყველა ბოლო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ციფრული მაუწყებლობის უპირატესობის შესახებ, იოლად აღსაქმელი ფორმით ყველა ეთნიკური თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ჯგუფის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესმა შეიძლება სამაუწყებლო ზონების დამსხვილება გამოიწვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 27 რეგიონული არხი ვიწრო ლოკალურ ტერიტორიაზე ვეღარ იმაუწყებლებს და თითოეულს რამდენიმე რეგიონის დაფარვა ერთდროულად მოუწევს. ეს კი მათ შინაარსსაც შეცვლის. თუმცა ზონების გამსხვილება შესაძლოა მედიაბიზნესის განვითარების საქმეში დადებით ფაქტორადაც კი იქცეს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial