საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის საქართველო საინტერესო არენად განიხილება

თბილისში მე-16-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენისა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-3-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. „ექსპო ჯორჯიას“ მე-11-ე პავილონში განთავსებულ 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 100-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც კულტურულ, ისტორიულ და ღვინის ტურებს, ასევე ექსტრემალურ და სათავგადასავლო პროგრამებს ახორციელებენ.

ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობენ უცხოური კომპანიები: სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.

გამოფენაზე უცხოურ სტენდებთან ერთად, წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სანატორიუმები, პანსიონატები, დასასვენებელი სახლები და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრები. გამოფენის ფარგლებში მოეწყო ხალხური რეწვისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვაც.

„ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგი, რომელიც ყველაზე სწრაფი საშუალებაა ადმიანების დასაქმების. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ დარგის განვითარებას. 2013 წელს 5.4 მილიონი ვიზიტორი ეწვია საქართველოს და დაფიქსირდა ვიზიტორების 22%-იანი ზრდა, რაც, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების მიხედვით, საქართველო მუდმივად ფიქსირდება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული დარგი, რომელიც ძლიერი მექანიზმია დასაქმების, ქვეყნის უცხოეთში რეკლამირებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ტურიზმის დარგი სწრაფ ზრდას გააგრძელებს უახლოესი, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

kvirikasv

ტურისტების ზრდის დინამიკაზე საუბრობენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებიც. კომპანია „პროფკურორტის“ დირექტორის მაია მარუაშვილის თქმით, გასულ წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა მართლაც გაიზრდა და ეს, პირველ რიგში, კარგად ჩანს სასტუმროების ჯავშნებიდან.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2014 წელს საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების, ასევე ახალი საერთაშორისო ავიარეისების გახსნა. „სასიხარულოა ითქვას, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, რომელიც ორი დღის წინ იმყოფებოდა თბილისში, ანდორაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მისცა უმაღლესი შეფასება. ეს არის ჩვენთვის უდიდესი სტიმული და ასევე უდიდესი მოწოდება ინვესტორებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განახორციელონ ახალი პროექტები“

– აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა საკონფერენციო ტურიზმის განვითარებაზე, რომელიც შედარებით ახალი მიმართულებაა და ახალ შესაძლებლობებს იძლევა ტურისტულ სფეროში თანამშრომლობისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2015 წელს საქართველოში დაგეგმილი ევრობანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს-ფორუმი. ამხელა მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე ტურისტული გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რომ უცხოურ კომპანიებთან ერთად მოხდეს ერთობლივი ტურების დაგეგმვა, ახალი მარშრუტების შექმნა და შიდა ტურიზმის განვითარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა: „გამოფენის თემატიკა ასევე ეძღვნება MICE ტურიზმის, ანუ საქმიანი, საერთაშორისო კონგრესებისა თუ კონფერენციის ორგანიზებას საქართველოში. ჩვენ ახლა გავდივართ MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე და გაგვაქვს საქართველო, როგორც ტურიზმის ამ მიმართულებისთვის საინტერესო არენა, როგორც აწმყოში ასევე სამომავლო პერსპექტივაში. ეს არის ძალიან შემოსავლიანი მიმართულება.

ბიზნეს-ტურისტი საშუალოდ ხარჯავს 700-800 დოლარს დღეში, რადგან, როგორც წესი, მას ხარჯებს უნაზღაურებს ის ორგანიზაცია, რომელსაც ის წარმოადგენს. ამჟამად საქართველოს აქვს იმის საშუალება, რომ ვუმასპინძლოთ საშუალო დონის, რამდენიმე ასეული მონაწილით საერთაშორისო ღონისძიებებს, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად ვიქცევით ქვეყნად, რომელიც შეძლებს უმასპინძლოს რამდენიმე ათასკაციან ღონისძიებებს.

ამას ორი ფაქტორი შეუწყობს ხელს, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის განვითარება, არაერთი დიდი და წამყვანი ბრენდების სასტუმროების და საკონფერენციო დარბაზების გახსნაა დაგეგმილი საქართველოში, ამასთანავე ვააქტიურებთ საერთაშორისო კამპანიას ამ მიმართულებით“.

საქმიანი ტურიზმის განვითარების მიხედვით, მსოფლიო ლიდერი ჩინეთია, რომელმაც მხოლოდ 2011 წელს 7,9 მილიონი სტუმარი მიიღო. კომპანია Euromonitor International-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით. ტურიზმის აღნიშნული სახეობა გულისხმობს საქმიანი შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციებისა და კორპორაციული ღონისძიებების მოწყობას. ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილზე რეიტინგში საფრანგეთია, რომელსაც საქმიანი ვიზიტით იმავე წელს 5 მილიონი ადამიანი ეწვია. მესამეა ესპანეთი 3,5 მილიონი ტურისტით.

საქმიანი ტურიზმის ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ: გერმანია, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, მალაიზია, ჰონგ კონგი და დიდი ბრიტანეთი. ამასთან, MICE-ს სეგმენტში, ტურისტების მიერ გაწეული ხარჯების მიხედვით, ნომერ პირველი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. Euromonitor International-ის პროგნოზით, 2016 წლისთვის საქმიანი მოგზაურების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება: ამ პერიოდისთვის MICE-ის ჩინური ბაზარი დამატებით 7,1 მილიონ ტურისტს მიიღებს, აშშ კი 3,6 მილიონს. MICE ტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი და მზარდი დარგია. საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაციის (ICCA) სტატისტიკაზე დაყრდნობით, მსოფლიოში ყოველწლიურად 400 000 კონფერენცია და გამოფენა იმართება, რომელთა ჯამური დანახარჯი 280 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

რაც შეეხება მოახლოებული ტურისტული სეზონის პროგნოზებს, საქართველოს ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას განცხადებით, მარკეტინგული კამპანია გეგმის მიხედვით გრძელდება მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში. ერთადერთი შეფერხება, გიორგი სიგუას განცხადებით, გამოიწვია უკრაინის მოვლენებმა, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მალე განახლდება.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგული კამპანიები უკვე დაიწყო აზერბაიჯანში, გერმანიაში, მალე დაიწყება ავსტრალიაში, ჰოლანდიაში, უნგრეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში. როგორც გიორგი სიგუა აცხადებს, განსაკუთრებით აქტიურად აპირებენ რუსი ტურისტების მოზიდვას „მათ უნდა გავაგებინოთ, რომ მათ აქ ჩამოსასვლელად არ სჭირდებათ არანაირი ვიზა, რომ აქ არის მშვიდობა, მათ არავინ იტაცებს და ასე შემდეგ. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, რუსი ტურისტები ყველაზე მხარჯველები არიან, გერმანელ და ჩინელ ტურისტებთან ერთად“ – განაცხადა გიორგი სიგუამ.

sigua

გიორგი სიგუამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოში ტურისტთა იმ ნაკადის ჩამოსვლასაც ელოდებიან, რომლებიც ყირიმში ისვენებდნენ, მათი რაოდენობა დაახლოებით 6 მილიონია, საიდანაც 4.5 მილიონი შიდა ტურისტებზე მოდის. „გასაგები მიზეზების გამო მათ შეიძლება ყირიმში ჩასვლაზე უარი თქვან და ტურისტთა ამ ნაკადისთვის, ალტერნატივა შეიძლება გახდეს საქართველოს შავიზღვისპირა კურორტები, მით უმეტეს, რომ ჩვენი კურორტების ინფრასტრუქტურა განვითარების კუთხით ბევრად მაღლა დგას ყირიმის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე“ – განაცხადა გიორგი სიგუამ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial