რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

თბილისში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ამაზე საუბარი, ვფიქრობ, ხალხს უკვე აღიზიანებს, მაგრამ საკუთარ პრობლემებში ჩაფლულ თბილისელებს დიდი ხანია დაგვავიწყდა თუ როგორ ცხოვრობს ეკონომიკურად დანარჩენი საქართველო, მის წინაშე პასუხისმგებლობა თბილისს მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. რადგანაც თბილისის გადასახედიდან ჩემი “ხუტუნა” ქვეყანა ბუნდოვნად ჩანს, გადავწყვიტე, შობის წინა დღეებში მენახა რითი სუნთქავს იგი, როგორ ფუსფუსებს წინაპართა ძვლებით გაპოხიერებული მიწა.

პირველად, რუსთავისკენ გავეშურე, რადგან იყო პერიოდი, როცა აქ ახალი საქართველო შენდებოდა, ღუღუნებდა და ქშინავდა ქალაქი, დოვლათი იქმნებოდა. არავინ დამწამოს რომელიმე ეპოქის აპოლოგეტობა გარდა მომავლისა, რომელიმე იდეოლოგიის მონობა, გარდა იდეისა საქართველოს თავისუფლების შესახებ, ვისმეს ანდერძის აღსრულება მწყუროდეს, გარდა ჩემი დიდი წინაპრის ანდერძისა – “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნესო”. ცივ ქარში, გარინდულ, მოტიტვლებულ ტრასაზე ორმაგი სიამაყის გრძნობით აღფრთოვანებული მივიკვლევდი გზას და მორიდებით აქეთ-იქით ვიყურებოდი, სადმე წინაპრის ლანდი ხომ არ შემომეფეთება-მეთქი.

ორმაგი სიამაყე ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია. პირველი – ამაყი ვიყავი იმიტომ, რომ იმ დიდი ხალხის შთამომავალი გახლდით, არნახული წინააღმდეგობების მიუხედავად, ეს ქვეყანა ავად თუ კარგად დღემდე რომ ასე მოიტანა და მეორე – იმ თაობის შვილი ვარ, რომელმაც, ასეა თუ ისე, წინაპრების დიდ ოცნებას, სამშობლოს თავისუფლების შესახებ, ფრთები შეასხა. ფიქრებში გართული და სიამაყის თათარაში მოთუხთუხეს, გვერდში მჯდომი მეგობრის გაოცებული ყიჟინა შემომესმა – გზას ხომ არ ავცდით, მივდივართ, მივდივართ და ქალაქი არ ჩანსო. მედიდურობა გამიქრა და შიშმა შემიპყრო, ქალაქს დავუწყე ძებნა, ვიფიქრე, სად წავიდოდა, აქ იქნება-მეთქი. ქალაქს ჯართად ხომ არ ჩააბარებდნენ, ან ზედ მილსადენს ხომ არ გადაატარებდენ? (არა, რუსთავის ევაკუაციის პროექტის რატიფიკაციის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, მე და პარლამენტს ნაკლებად გვახსოვს, შეიძლება ამ სხდომას არ ვესწრებოდით, მსგვასი პროექტისთვის ხმა არ მიგვიცია). მცირე ხნის უშედეგო ძებნის შემდგომ მანქანის დაბურული მინები ჩამოვწიეთ. თავი საშინელებათა ფილმში გვეგონა, ქალაქი გამქრალიყო და შავ, მაღალ ბეტონის კოშკებს შორის ვმოძრაობდით, თითქოს სასაფლოზე ვიყავით, ხოლო ქარხნების საკვამური მილები მესაფლავეებივით გვადგნენ თავზე. ქუჩაში ცივი ქარი ზუზუნებდა და ადამიანთა მობუზული ლანდები რობოტებივით მოძრაობდნენ. ამ არსებებს არ ეტყობოდათ ბედნიერება იმის გამო, რომ თავიანთი თავი მათვე ეკუთვნოდათ. რაღაც პირქუშები გამხდარიყვნენ და უსიცოცხლონი.

გვინდოდა გვენახა როგორ ფუნქციონირებდა ეკონომიკა, რითი ცხოვრობდა ხალხი. ეკონომიკა სანთლით ფუნქციონირებდა და ხალხი არ ცხოვრობდა, ბუზღუნებდა და მიმოდიოდა. სიტუაციას უცებ ავუღეთ ალღო და სულის მოსათქმელად ქალაქის ცენტრში, სანთლის მომატებული ციალით “ბარს” მივაგენით. კიბეზე ცხვირპირისმტვრევით ჩავედით, მაგიდაც ხელების ფათურით მოვნახეთ და ჯერ კიდევ გაოგნებულმა ეკონომიკის მაძიებლებმა ცხელი ყავა მოვითხოვეთ. სიბნელეში გოგონას სილუეტი გამოჩნდა, რომელმაც მოგვიბოდიშა ამ უკუნეთის გამო. არ ვიცი ვინ ვეგონეთ, მაგრამ სხაპასხუპით მოგვაყარა: შუქის ფულს ნამდვილად ვიხდით, გადასახადებსაც, განსაკუთრებით იმას, თბილისში რომ არის გადასარიცხიო (ალბათ, ცენტრალურ ბიუჯეტს გულისხმობდა). მუშაობითაც რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ ამ დღეში ვართო. “რაღაც მარეგულირებელი ბაზარი შეუქმნიათ, არ ვიცი რას “ბაზრობენ”, მაგრამ ჩვენ კი გვაბრაზებენ” – ამ მოხსენების წაკითხვაში ყავაც (სუნზე ვიგრძენი ყავა რომ იყო) მოგვიტანა და განაგრძო – ახალგაზდა კაცია ჩვენი მერი, ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქი წელში გაიმართოს, მაგრამ ამ წლის ფულს რომ გადაუხდით, იმ წლისას გვთხოვენ, იმ წლის გადახდის შემდგომ წინაპართა ვალებს, ჰოდა, ასე ეჭიდავება ჩვენი ხელმძღვანელი თბილისს, მაგრამ აბა რა ვიცი, ის მარტოა, თბილისი კი არა. – მოგვახსენა ქალმა და ისევ სიბნელეში გაუჩინარდა.არ იქნება ყველგან ასე-მეთქი. მეორე დღეს დასავლეთისაკენ გავუდექით გზას. სიცივე, სიბნელე, სიღარიბე… და ასე ჩავედით ფოთს. დიდებული რამეა ფოთი, მისი პორტით თუ მალთაყვით, ახალ თეატრს აშენებს ხალხი, ახალ პორტს, მაგრამ შუქს ელოდებიან, როგორც მწყემსი მთაში გაზაფხულს. პორტის გარდა რამდენიმე საწარმო მუშაობს. საბიუჯეტო მოწყობის უსამართლობის გამო მერიას არა აქვს საშუალება ადგილობრივი ინვესტიცია განახორციელოს. არც თბილისი, რომელსაც მისი შემოსავლების უდიდესი ნაწილი მიაქვს, ჩქარობს დაეხმაროს ქალაქს, სამაგიეროდ, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებს უკლებლივ ითხოვს. რა ქნას, იმასაც უჭირს, ალბათ. რეგიონის ყივილი თბილისამდე ვერ აღწევს. ის პოლიტიკურ ფუსფუსშია. არადა, მიუხედავად ქალაქის დიდი პოტენციალისა და ადგილობრივების მონდომებისა, ბევრი საწარმო გაჩერებულია. ცხრა თვეში ქალაქის სავაჭრო ბრუნვა მარტო 670 ათასი ლარია, რაც თბილისის ერთი სურსათის მაღაზიის წლიური ნავაჭრია. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ცდილობს გაჩერებული დრო დაძრას. შეცვალოს საბიუჯეტო ანარიცხების სისტემა ცენტრსა და რეგიონს შორის, რათა ადგილზე მეტი ფული დარჩეს და გაყინული ეკონომიკა აამოქმედოს, მაგრამ ცენტრი ჯიუტად არ თმობს თავის დიქტატს. ოდესღაც ზღვის თბილი სიოთი გამთბარი და ბედნიერი ხალხის სიცილით აჟრიამულებული ფაზისი, გათოშილი, დანესტიანებული დავტოვეთ და ბათუმისაკენ გავწიეთ. არ გეგონოთ იმის გარკვევას ვაპირებდით, ყბადაღებულ თბილისისა და ბათუმის საბიუჯეტო ომში მტყუან-მართალი გაგვერკია. ამ საქმეში ვიცით, რომ ორთავენი სცოდავენ, რადგან ბათუმი კანონს არ ასრულებს, ხოლო თბილისი კანონის მიღებისას, რეგიონის ინტერესს არ ითვალისწინებს. გვინდოდა გვენახა როგორ ცხოვრობს თავისუფალი და ბედნიერი ხალხი, ჩვენი, სიცოცხლით სავსე ბათუმი. გარეგნულად რაღაც შენდება, რაღაც ლამაზდება, მაგრამ სამუშაო და შუქი აქაც არ არის, ხალხი აქაც სასოწარკვეთილია.

როცა სამცხე-ჯავახეთისაკენ მივუყვებოდი გზას, ბორჯომის ხეობა მატყვევებდა თავის სილამაზით, ჩემი წინაპრების სიძლიერე, რომლებმაც ქვის ეპოქიდან დღემდე შეინარჩუნეს იგი. თითქოს ბუნება და ადამიანი ერთმანეთს ეჯიბრებოდაო ხელოვნების ნიმუშების შექმნაში, ეკლესია-მონასტრების თუ მთის მასივების და ქვაში გამოქანდაკებული, მრავლისმთქმელი სახეების სახით. გათოშილ სახლებს, გაჩერებულ ქარხნებს, რკინიგზას და მიტოვებულ სოფლებს ჩავუარეთ. ვალესთან ქვეყნის საზღარს რომ მივუახლოვდით, ზედ საზღვართან ვიღაც გლეხი ახვევდა მავთულს, რომლითაც საზღვარს ამაგრებდნენ სსრ კავშირის დროს (“კალიუჩაია პროვოლკა”). ფაქტობრივად, შლიდა საზღვარს. როცა დიდი მასა მოაგროვა, მხარზე მოიკიდა და გზას გაუდგა. დავეწიე და ვკითხე, ძია კაცო, რა ქენით-მეთქი. ის ჯერ შეშფოთდა, ეჭვის თვალით ამხედ-დამხედა, ეტყობა, ამაში ისეთი ვერაფერი ნახა და დინჯად მიპასუხა, ნეტავი შენო და მავთულიანად გზას გაუდგა.

თბილისში დაბრუნებულმა ისევ შევიგრძენი სიცოცხლე. აქ შუქიც იყო, ფუსფუსიც და ეკონომიკაც სუნთქავდა. შევხედე ახალი წლის მომლოდინე, რეკლამებით გაბრდღვიალებულ (რეგიონებთან შედარებით) თბილისს და გამახსენდა ვალეში საზღვრის მომშლელი გლეხი. ნეტავ, რატომ შლიდა საზღვარს, იქნებ, ამით უცხოებს ეუბნებოდა, მოდით, გვიპატრონეთო; იქნებ, პროტესტს უცხადებდა თბილისს მიტოვებისათვის, უყურადღებობისათვის; იქნებ კომუნისტური წყობის კვალის წაშლა სურდა ან იქნებ, უბრალოდ, მოიპარა, რათა გაეყიდა და საახალწლოდ ფოჩიანი კანფეტები ეყიდა შვილებისათვის. ვერ გეტყვით. იქნებ თქვენ მითხრათ… მე კი გეტყვით, საქართველოს რეგიონებში ეკონომიკა კატასტროფის პირასაა და თუ სასწრაფოდ არ ვუშველეთ, ხვალ რეგიონები აღარ გვექნება. არადა, საქართველოს აღორძინება რეგიონებიდან იწყებოდა და ახლაც იქედან უნდა დაიწყოს, ეკონომიკური, სულიერი თუ კულტურული.

თბილისში ფრთაშეკვეცილი დავბრუნდი. მომეჩვენა, რომ თბილისი გულქვა დედინაცვალივით ექცევა თავის პერიფერიებს და თითქოს არ აინტერესებს რატომ იპარავს ვალეში გლეხი საზღვარს. ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის, მაგრამ ვინ ვართ, ეს ჩვენ?

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial