ცემენტის ინდუსტრიის ტენდენციები ქვეყნის ეკონომიკაზე მეტყველებს

ცემენტის ინდუსტრიის ტენდენციები ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შეჯამებისას, როგორიც ნავთობი ან ფოლადია. ცემენტი უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკის ისეთ სეგმენტებში არსებულ მდგომარეობას, როგორიცაა სახლების, კომერციული ფართებისა და გზების მშენებლობა, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ამიტომაც, ცემენტის რეალიზაციის მაჩვენებლებიდან, შეიძლება იმის ანალიზი, თუ რა მდგომარეობაა ზოგადად ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში. მსოფლიოში ცემნეტის წარმოება-რეალიზაციის წლიური შემოსავალი 250 მილიარდი აშშ დოლარია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, რომლზეც მოდის ცემენტზე გლობალური წარმოებისა და მოთხოვნის ნახევარი და ამას ძირითადად საკუთარი წარმოების ხარჯზე იკმაყოფილებს, მსოფლიოს უმსხვილესი ცემენტის მწარმოებლები არიან Buzzi, Xemex, Heidelberg, Holcim, Italcementi და Lafarge. ჯამში ისინი მსოფლიო წარმოების (ჩინეთის გამოკლებით) 40%-ს ფლობენ. ბაზარზე შეღწევადობის მაღალი დანახარჯების მიეუხედავად, ცემენტის ინდუსტრია მაინც მიმზიდველია ინვესტორებისათვის.

სამშენებლო ბიზნესის გამოცოცხლება, რა თქმა უნდა, მათ სასიკეთოდ მეტყველებს. ინდუსტრიისთვის დამახსაიათებელია ისიც, რომ ცემენტის მწარმოებელი კომპანიები ნაკლებად ექცევიან პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ისინი აწარმობენ უზარმაზარი მოცულობის პროდუქტს და ყიდიან ”ჩუმად” და იაფად, ვინაიდან ცემენტის ტრანსპორტირება 320 კილომეტრზე ზემოთ რთულია, მისი მწარმოებლები ლოკალურ დონეზე ახდენენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ბაზარზე შესვლა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, წელიწადში 1 მილიონი ტონა ცემენტის წარმოება (რაც წარმოების ყველაზე მცირე მოცულობა შეიძლება იყოს) 200 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. ამის გამო მთელ მსოფლიოში ცემენტის ბაზარზე ოლიგოპოლური მდგომარეობაა და ამის გამო დარგი ხშირად იქცევს მარეგულირებელი ორგანოების ყურადღებას.

მსოფლიო წარმოების მხოლოდ 3%-ის გადაზიდვა ხდება საზღვარგარეთ. ძირითადი ტრანსპორტი საამისოდ კი საზღვაო გადაზიდვებია. ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან ჩინეთი, იაპონია და თურქეთი.

ბოლო წლების განმავლობაში ცემენტზე მოთხოვნა განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა, რადგან აქ ბევრი ურბანული პროექტის ხორციელდება. ეს ქვეყნები ახლა მსოფლიო ცემენტის გამოშვების 90%-ს მოიხმარენ და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. განვითარებულ ქვეყნებში კი მხოლოდ მცირე რაოდენობის შენობები და გზები შენდება. ასე რომ, თუ იგივე ტენდნეცია განვითარებად ქვეყნებშიც გავრცელდა, რამდენიმე წელში, გრძელვადიან პერიოდში ცემენტზე მოთხოვნა შემცირდება.

ამ ტენდენციების გათვალისწინებით, გასული ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესმა ცემენტის მწარმოებელმა კომპანიებმა, ვინაიდან მათ შიდა ბაზრებზე შემცირდა მოთხოვნა, იყიდეს შვილობილი კომპანიები განვითარებად ბაზრებზე. კომპანია Holicom, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, შემოსავლების 70%-ს ახლა განვითარებადი ბაზრებიდან იღებს, თითქმის იგივეა ფრანგული Lafarge-ს მაჩვენებელიც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მსხვილ კომპანიებს შორის განვითარებად ბაზრებზე შვილობილი კომპანიების შეძენის დროს დიდი კონკურენცია იყო, ამიტომ მათ, შეიძლება ითქვას რომ, `ზედმეტის~ გადახდა მოუწიათ.

მოთხოვნა დიდია აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ევროპაში კრიზისია, მშენებლობებისთვის ნაკლებად სცალიათ, შესაბამისად ამ რეგიონში ცემენტზე მოთხოვნა შემცირებულია. არღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სფეროს კომპანიებმა, ცემენტის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა კომპანიებმა რთული პერიოდი გადაიტანეს კრიზისის დროს, მაგრამ ისინი ამ კრიზისს ნელ-ნელა აღწევენ თავს.

ასე რომ, მართალია, ცემენტის ინდუსტრია ახლა შედარებით გამოცოცხლდა, განვითარებადი ეკონომიკების ხარჯზე, მაგრამ ექსპერტები ამ ქვეყნებში სამშენებლო ბუმის პიკს მომავალი 5 წლის განმავლობაში ელიან. საინტერესოა რა ელოდება ამის შემდეგ ცემენტის ბიზნესს?

რას შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდი ,,ჰაიდელბერგ ცემენტ კაუკასუსი~, რომელი კასპსა და რუსთავში ორ ქარხანას ფლობს. 2012 წლის იანვარ თებერვალში ცემენტის ექსპორტი 2,2 მლნ აშშ დოლარი, იმპორტი კი 3,7 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქართველოში 2011 წელს 24,3 მლნ აშშ დოლარის ცემენტის იმპორტი განხორციელდა, რაც 9,5%-ით აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს (22,140 მლნ აშშ დოლარი). 2009 წელს კი იგივე მაჩვენებელი 26,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველოში ცემენტის იმპორტი, ძირითადად, სომხეთიდან ხორციელდება.

საქართველოდან ცემენტის ექსპორტის მოცულობამ 2011 წელს 18,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2010 წელს ექსპორტი 5,6 მლნ აშშ დოლარი, 2009 წელს კი 22,5 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა. საქართველოში წარმოებული ცემენტი, ძირითადად, აზერბაიჯანში იყიდება, სადაც 2011 წლის მეორე ნახევრიდან 2012 წლის მეორე ნახევრამდე 129%-ით გაიზარდა ცემენტის ექსპორტი. 2012 წლის პირევლ ნახევარში აზერბაიჯანში 14,359 მლნ აშშ დოლარის ცემენტის ექსპორტი მოხდა, ხოლო 2011 წლის იმავე პერიოდში 6,26 მილიონისა. 2013 წლის იანვარ-ივნისში კი საქართველოდან აზრბაიჯანში 18 449,1 მილიონი აშშ დოლარის 249 772,6 ტონა ცემენტის ექსპორტი განხორციელდა.