კარგ პედაგოგს + ბეჯითი მოსწავლე = კარგი განათლება

სოფიკო სიჭინავა

საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი, რომელმაც ჰუმანიტარული ორგანიზაციები კორუფციაში ამხილა, თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნებს სხვა ქვეყანაზე გავლენის მოპოვების კლასიკური გეგმა გააჩნიათ. ეს არის პირველი, ენერგოსისტემის და მეორე, განათლების სისტემის ხელში ჩაგდება.

ასე რომ, განათლება, პირველ რიგში, უნდა აღვიქვათ, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება. 1 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო “უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები”. ეს იმ სიტუაციაში, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს უვარგისი კანონი აქვს განათლების შესახებ. არ ცხრება ვნებათა ღელვა, ზოგადად, განათლების სისტემის ირგვლივ. საქართველოში ოფიციალურად ფუნქციონირებს 212 კერძო სასწავლებელი, რომელთა შორისაც, ალბათ, 200 მაინც ვერ აკმაყოფილებს კანონით დაწესებულ მოთხოვნათა მინიმუმს. რა გზები არსებობს ამ პრობლემის გადასაჭრელად და რა ხდება უმაღლეს სასწავლებლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა, რას ფიქრობს განათლების სისტემის ფლაგმანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უმაღლესი განათლების პრობლემებზე გვესაუბრება თსუ-ის რექტორი, ბატონი როინ მეტრეველი.

ბატონო როინ, 1 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები. როგორც ვიცით, თქვენ გარკვეული შენიშვნები გქონდათ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. იქნებ გვითხრათ გაითვალისწინეს თუ არა იგი?
ძირითად მიმართულებებზე მუშაობა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ადრიანად დაიწყო. მისი ინიციატორია პარლამენტის ერთ-ერთი ფრაქცია. ევროსაბჭოში გაიგზავნა წერილი, იქიდან თანხმობა მოვიდა, რაღაც პროცენტს, როგორც ინფორმირებული ვარ, სოროსიც აფინანსებს. თავისი არსით ეს სასიკეთო საქმეა. შექმნილი დოკუმენტი განმარტებითი ბარათის გარეშე გავუგზავნეთ რექტორებს, რომლებთაც თავიანთი შენიშვნები გამოთქვეს. შენიშვნები 13 თებერვალს გავაგზავნეთ პარლამენტში, როდესაც დავა ატყდა პარლამენტში. საჭიროდ მივიჩნიე სიტუაცია განმემუხტა. ეს დოკუმენტი რომ დასამუშავებელია, მისი ავტორებიც არ უარყოფენ, ამიტომ შევთავაზე მათ ეცნობებინათ თუ რა დონეზე იყო ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული. მოხდა ისე, რომ მიიღეს პროგრამა. მთავარია, იგი დაიხვეწოს, დამუშავდეს და თუკი სადმე გასაგზავნია, ევროსაბჭოში თუ სოროსში, იმ დონეზე უნდა იყოს დამუშავებული, როგორც საქართველოს ეკადრება.

რამ განაპირობა მსგავსი სახის დოკუმენტის არსებობა, როცა ჩვენ 60 მლნ-იან კრედიტს ვიღებთ, რომელიც პროგრამას ითვალისწინებს.
დღეს ერთადერთი რეალური გარდაქმნა უმაღლეს სკოლებში მიმდინარეობს. შემიძლია ეს გადაუჭარბებლად ვთქვა. ჯერ კიდევ 1994 წელს შეიქმნა კონცეფცია უმაღლესი განათლებისათვის. იგი თსუ-მა შექმნა, რაც, პრაქტიკულად, ყველა სასწავლებელმა გადაიღო და მოხდა ისე, რომ ჩვენთან მართლაც შეიცვალა სისტემა. საბჭოური მოდელი ხელაღებით დასაგმობი არ არის. მასში ბევრი დადებითია და მისგან რაციონალური უნდა ავიღოთ. ანალოგიურად, ბევრი დადებითია ევროპულ თუ ამერიკულ მოდელებში. ჩვენი კონცეფცია სწორედ ამას ითვალისწინებს. 1995 წლიდან ორსაფეხურიან სწავლებაზე გადავედით. 4 წელი ბაკალავრიატი და 2 წელი მაგისტრატურა, რამაც რეალურად დადებითი შედეგი მოგვცა იმ თვალსაზრისით, რომ მინუსები, რომელიც ვიწრო სპეციალიზაციაში გვქონდა, გამოსწორდა. ჩვენი კონცეფცია მთელი საქართველოს უმაღლესმა სასაწავლებლებმა გაიზიარეს. მას შემდეგ გავცემთ მეთოდურ მითითებებს ბეჭდურად და ანალოგიურად იზიარებენ. საბაზრო ეკონომიკამ მოითხოვა ეკონომიკური განათლებისაგან სრულიად ახლებური მიდგომა. ამისათვის შეიქმნა მენეჯმენტის, მარკეტინგის სპეციალობები. ბევრი იგივე პედაგოგი ასწავლის, ახალიც ბევრია. შემოვიტანეთ ახალი სახელმძღვანელოები, როგორც ნათარგმნი, ასევე ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი. მრავალი რამ კეთდება, მაგრამ ვინ ვინ და ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. სახელმძღვანელოს გამოცემა საყოველთაო პრობლემაა, მაგრამ ჩვენთან ყველა სახელმძღვანელოს მწვანე გზა აქვს. არც ერთ პროფესორს, არც ერთ კათედრას, ფაკულტეტს არ აქვს სახელმძღვანელო, რომელიც გამოცემულია და წარმოებაში არ არის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ გამოვცეთ და იგი სტუდენტამდე მივიდეს.

პრობლემა სხვა საკითხშია, კერძოდ, სახელმძღვანელოთა ხარისხში. თქვენ მკითხეთ, თუ რამ განაპირობა ასეთი სახით პროგრამის მიღება. ალბათ, იმან, რომ არ გვაქვს კარგი განათლების შესახებ კანონი და იგი უნდა იქნეს მიღებული.

რატომ პირდაპირ კანონის მიღებაზე არ არის საუბარი?
რამდენადაც ვიცი, მეორე ეტაპი კანონის მიღება უნდა იყოს. პროგრამის ავტორები ითვალისწინებდნენ ამას. საერთოდ, როდესაც განათლებაზეა საუბარი, ადამიანი ამ საკითხში ჩახედული უნდა იყოს. დღეს ყველას და ყველაფერს ლანძღავენ, ამის გადმოტანა უმაღლეს განათლებაში, არ შეიძლება. საუბარია რეფორმის გატარებაზე, რა თქმა უნდა, რეფორმა ჩასატარებელია და ამას ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ სად გაგონილა პროფესორს ხელფასს არ აძლევდე და მისგან რამე განსაკუთრებული მოითხოვო.

რამდენია პროფესორ-მასწავლებლების ხელფასი?
60 ლარი. თან იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტს საგანგებო სტატუსი აქვს. 50%-ს ჩვენ ვუმატებთ, გამოდის, რომ უნივერსიტეტის საბიუჯეტო სექტორის პროფესორი, ჯამში, 90 ლარს იღებს.

თქვენ იცნობთ თქვენს კოლეგებს. ევროპაში ანალოგიურ დაწესებულებაში რამხელა ხელფასი აქვთ?
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის რექტორს ვკითხე, რამდენი გაქვთ ხელფასი-მეთქი და ბევრი იცინა. მან მომიგო, რომ წელს ცუდი წელი იყო და 800 ათასი დოლარი ავიღეო. მერე გავიგე, რომ შემდგომ წლებში მისმა შემოსავალმა 2 მილიონი შეადგინა. ამის შედარება უხერხულია. პროფესორს თვეში 7-8 ათასი დოლარი მაინც აქვს. არის კიდევ ფიერ-პროფესორი, რომელიც კიდევ მეტს იღებს. პლუს სხვა შეღავათები და სოციალური დაცვა.

ჩვენი და მათი პროგრამები რამდენად განსხვავებულია?
ჩვენი პროგრამები ამერიკის და ევროპის პროგრამებთან გვაქვს შეჯამებული. დიდი განსხვავება არ არის. პროგრამები აბსოლუტურად გადახალისდა. იუნესკოს წევრი გახლავართ და ყველა საკითხს, რომელიც იუნესკოში განათლების და მეცნიერების სფეროში შემოდის, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ვხდით. ჩვენ ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ როგორი რეფორმაც უნდა ჩავარატოთ განათლების სისტემაში ორი პერსონაჟია მთავარი – კარგი პედაგოგი და ბეჯითი სტუდენტი. ტექნიკური მხარე (რა თქმა უნდა) აუცილებელია და დამატებითი მხარეა. კარგ პედაგოგში იმას ვგულისხმობ, რომ მას ახალი მეთოდიკა უნდა ჰქონდეს. ვცდილობთ, რომ მონოლოგიური სისტემა გამოვრიცხოთ და სპეცკურსებზე, სპეცსემინარებზე სტუდენტები დიალოგში შემოგვყავს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკა, როდესაც ქვეყანა ფეხზე დადგება და მომძლავრდება, რასაკვირველია, სწავლება უფრო ეფექტური იქნება.

მიმაჩნია, რომ პედაგოგების მხრიდან ასეთ პირობებში მუშაობა გმირობის ტოლფასია. მოვახერხეთ, რომ უნივერსიტეტს მუდმივი განათება აქვს. როდესაც ქვეყანაში უფრო ჭირდა, ხელფასების გაცემას ვახერხებდით. გვაქვს ფასიანი, არასაბიუჯეტო სწავლება და პროფესორს ამ გზით ვუნაზღაურებთ. ყოველივე ეს დიდი შრომის ფასად არის მიღებული.

დღეს უამრავი უმაღლესი სასწავლებელია გახსნილი. როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემა ცხოვრებამ უნდა დაარეგულიროს თუ კანონმა?
ამ სფეროში დიდი შეცდომებია დაშვებული. საკანონმდებლო ბაზა არსებობს და საკმაოდ კარგიც. უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად საჭიროა ბაზა, პროფესურა და ბიუჯეტი. ოფიციალურად, 212 კერძო სასწავლებელი არსებობს. ეჭვი მეპარება, რომ აქედან 200 მაინც აკმაყოფილებდეს პირველ ელემენტარულ მოთხოვნებს. საჭიროა, აკრედიტაციის ჩატარება და უმრავლესობას იგი არ უნდა მიეცეს.

ყველაზე მთავარია, რომ ამ სასწავლებლებში მოტყუებული ახალგაზრდები სწავლობენ, მოტყუებული არიან მშობლებიც. იურიდიულ ფაკულტეტზე თოთხმეტი კათედრა გვაქვს და ქვეყანაში თუკი ვინმე აკადემიკოსია, ჩვენთან არის. იგივე ხდება ეკონომიკურ ფაკულტეტზეც. ამ მხრივ, წარმომიდგენია რა ხდება კერძო სექტორში. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული შეცდომებია დაშვებული.

ამ პრობლემის მოგვარება თუ დევს იმ მიმართულებებში, რომელიც პარლამენტმა მიიღო?
ტექსტი იმის შესახებ, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია, წერია, მაგრამ თუ რა გზებით, ამაზე არაფერია ნათქვამი. უმაღლესი სასწავლებლებით “გატაცება”, როგორიც საქართველოშია არც ერთ ქვეყანაში არ არის. საკრედიტაციო საბჭო უნდა ამუშავდეს და აკრედიტაცია რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს. თავისთავად ესეც პრობლემატურია, რადგან უზარმაზარი მასა განაწყენებული დარჩება. თუმცა, ალბათ, არსებობს 2-3 კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც ფუნქციონირების უფლება სამართლიანად აქვს.

ეკონომიკური მიმართულებით სახელმწიფო უნივერსიტეტი სერიოზული კადრების სამჭედლო იყო, დღეს როგორი ვითარებაა ამ კუთხით?
ვფიქრობ, რომ ამ მოვალეობას თსუ დღესაც ასრულებს. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ. მთელ რიგ მიზეზთა გამო, ჩვენ სამი ეკონომიკური ფაკულტეტი შეგვრჩა. მეოთხე წმინდა კომერციულია. ვფიქრობ, ამდენი საჭირო არ არის.

ჩვენთან იყო ძველი კადრები ისეთი, როგორებიც იყვნენ: პაატა გუგუშვილი, ირაკლი მიქელაძე, ქოიავა, ვასილ ჩანტლაძე. ისინი ჩვენი კათედრის გამგეები იყვნენ და სათავეში ედგნენ გარკვეულ მიმართულებებს. დღეს ჩვენთან მათი მოწაფეები არიან. ახლა სხვა დროა. მაქსიმალური ინფორმაციაა საჭირო და სახელმწიფოს ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა აუცილებელი. ძველ საბჭოთა ეკონომიკაზე გაზრდილი თაობა ვერ უზრუნველყოფს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. დაგეგმარება დღეს სხვანაირად უნდა ხდებოდეს, რაც, სამწუხაროდ, არ არის.

ზოგადად, როგორია უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივა და გეგმები.
პირველ რიგში, მისაღებთა კონტინგენტი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. ბევრი საინტერესო რამ უკვე გაკეთდა უნივერსიტეტში. სხვათა შორის, ჩვენ ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს, მათ შორის, ეკონომისტებსაც. მათ ურთიერთობა აქვთ საფრანგეთთან, გერმანიასთან (ბრემენის უნივერსიტეტი), სორბონის უნივერსიტეტთან. ჩვენი სტუდენტები იყვნენ გამგზავრებულნი და ძალიან საინტერესო მასალები ჩამოიტანეს. ხშირად, უცხოელი სპეციალისტები უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ. იმ დონის პროფესიონალი როგორიცაა, სტენლი ფიშერი, იგი ჩვენი საპატიო დოქტორიცაა და ჩვენთან რამდენიმე ლექცია წაიკითხა. უცხოელები თითქმის ყოველ თვე ჩამოდიან. მათგან ვიღებთ გრანტებსაც, რომლის მეშვეობით რამდენიმე კომპიუტერული კლასი მოვაწყვეთ. უნივერსიტეტში დღეს კომპიუტერიზაციის პრობლემა, პრაქტიკულად, გადაჭრილია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial