რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდ. ემზარ ჯგერენაია

“ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”. ლუკა 6. (37)
“არავის უკვირს, კიდევ ერთი გაზაფხული რომ მოგვდგომია კარს. ღმერთმა იცის-მეთქი, რადგან არავინ არ ვიცით, როდის დავიწყეთ, საერთოდ, ცხოვრება, ანუ რამდენი მილიონი წამის წინ მოვკალით აბელი. თავისთავად ცხადია, პირველი აბელი, თორემ, ერთი ჩვეულებრივი აბელი, ალბათ, ყოველ წამში კვდება ამ ქვეყანაზე. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, ვინც აბელად გაუჩენია ღმერთს. განსაკუთრებულად გაზაფხულზე” (ოთარ ჭილაძე, აველუმი, გვ. 22, 1995).

როგორ ვიშოვოთ ფული? რიტორიკულმა კითხვამ, რომელიც კაცობრიობის შემეცნებას საუკუნეების განმავლობაში ღრღნიდა, ახლა საქართველომდეც მოაღწია და ფორმების მრავალფეროვნებით და სიმძაფრით გამოირჩევა.

სამყაროს ბოროტ ძალებს შური და ბოღმა ამოძრავებთ. ეს ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ ღარიბს სძულს მდიდარი. ამისთვის სულაც არ არის საჭირო, იცნობდეს მას, მახინჯს – ლამაზი, სულელს – ჭკვიანი, დაბალს – მაღალი, წარუმატებელ ადამიანს – წარმატებული და ა.შ. მთლიანობაში ეს ბოღმა საზოგადოებაში იწვევს რევოლუციას, ტერორს, ქაოსს. ქაოსს ფანატები იწყებენ და მისი შედეგებით ნაძირალები ითბობენ ხელს. მართალია, ეს სიტყვები დიდმა ფრანგმა მოაზროვნემ ორი საუკუნის წინ განაცხადა, მაგრამ საქართველოში დღესაც აქტუალურია.

მკითხველი სამართლიანად იკითხავს, რაში დაგვჭირდება ამდენი ფილოსოფიური სქოლასტიკა? საქართველოში აყვავდა ბიზნესის ისეთი სახეობა, როგორიცაა შანტაჟი დემაგოგიით და მის გარეშე. დიახ, შანტაჟი, დემაგოგია ჩვენთან სერიოზული შემოსავლის წყაროა და ამისთვის იქმნება სპეციალური ორგანიზაციებიც კი, ძალზე მიამიტური დასახელებით, მაგალითად: სიმართლის ორდენი, ან თავისუფალ მოაზროვნეთა ლიგა, ან დელფინების და ზულუსის ტომებში ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის საქართველოს ბიურო. ჰოდა, “მოღვაწეობენ” ეს დალოცვილიშვილები საქართველოში, რა თქმა უნდა, იღებენ გრანტებს და მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალზე ზრუნავენ. თუმცა, ეს არ არის ჩვენთვის მთავარი, არამედ ის, რომ ისინი თავის “მოღვაწეობისგან” თავისუფალ დროს სხვადასხვა პიროვნებების მიმართ “გამოძიებას” აწარმოებენ. აქედან იწყება ვაჭრობა – მომეცი ამდენი და ამდენი, თორემ ვიტყვი, რომ გვირაბი გაგყავდა ბომბეიდან მადრიდამდე, ან ინგლისის დედოფლის, ელისაბედის გაუპატიურებას აპირებდი, თუნდაც, პეტრე პირველის ხაზინა გაქურდე. კი, მაგრამ მერე რა, რომ არ გითხრია გვირაბი და არ იცნობდი ელისაბედს? მერე რა, მე ვიტყვი და შენ ამტკიცე, რომ ასე არ მომხდარა. ვიღაცას გაეცინა და, ალბათ, იფიქრა, აგერ არ არის სასამართლოო? მაგაზე მოგახსენებთ – ამას წინათ, ბრიტანულ გამოცემა, “Mირრორ”-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში გამოთქმული ფრაზები Nნაომი ქემბელმა შეურაცხყოფად მიიღო და გამოცემას უჩივლა. ექვსი თვის შემდგომ სასამართლო მოიგო კიდეც და 5000 დოლარი დააკისრა მოქილიკეს, მაგრამ ამისათვის 155 000 დახარჯა. ასე რომ, სამართალი ფული ღირს და თანაც სერიოზული. ეს კი ჩვენმა შანტაჟისტმა “ბიზნესმენებმაც” იციან და ტრიალებს ცოდვა-მადლი. სხვა გზა არ არის, მოძალადეებს უხდიან. არა მარტო უხდიან, არამედ უკვეთავენ კიდეც. ზოგჯერ ამ საქმეში ძალოვან უწყებებსაც რთავენ – მოგვიტანე ამდენი და ამდენი, თორემ ამ და ამ ორგანოში ვიტყვი, რომ ქრთამი გაქვს აღებული, თანამდებობა ბოროტად გამოიყენე, გზა არასწორად გადაჭერი, და მეზობლის ცოლს ვულგარულად შეხედე. მოკლედ, თემები ულევია. ამ საქმეში შავი სამყარო, როგორც ყოველთვის, აქტიურადაა ჩართული გრანტების გარეშე, მხოლოდ გამორჩენის მიზნით- “ძმაო შენ 10 წლის წინ ამ კაცს გამარჯობა არასწორად უთხარი… რაღაც მიგიქარავს, ჰოდა…”

ორად გაიხლიჩა საქართველო – მოშანტაჟეებად და დაშანტაჟებულებად. რამდენნი არიან ამ “ბიზნესით” დაკავებულნი? ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირი გამორჩენის გამო, ხოლო ნაწილი იმ მიზეზის გამო, რაზეც დასაწყისში ვილაპარაკეთ. ჰოდა, ამომრჩეველთა, ანუ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი თუ გვინდა გადმოვიბიროთ, რა უნდა ვქნათ? შევქმნათ ქაოსი და დავაჭმევინოთ ერთმანეთი ისედაც ბოღმით გაჯერებულ ქართველებს, ვუთხრათ, რომ არსენაა და მდიდარს წაართვას, ღარიბმა კი, ანუ თვითონ მიიღოს და შური იძიოს მოძმეზე, აბელზე, რომ არ დაგვიჯეროს? ისეა დამშეული და გამწარებული მაგას კი არა, სერიალებში ასახულ ამბებს იჯერებენ უკვე და სულ მემკვიდრეობა და ამნეზია ელანდებათ. დაუსაბუთებელი ქონების კანონით, რომლის გამო კონსტიტუციის ცვლილებაზეც მზად ვართ, არის მცდელობა ისედაც მაშანტაჟებელი კაენები და მოროზოვები მიუსიო საკუთარ ხალხს, ნათესავებს, მთელ ქვეყანას, ოღონდ საკუთარი პოლიტიკური ქულები მოიპოვო, პირადი ამბიცია დაიკმაყოფილო. თუ ქონების ბიუჯეტში დაბრუნება გვინდა, შემოვიღოთ ქონების გადასახადი 0,5%-ის ოდენობით და დაბეგვრაში იურიდიულ პირსა და ფიზიკურ პირს შორის დისკრიმინაცია მოვსპოთ. თანაც, საშუალო ბინა, ღირებულებით 20000 ათასი, მანქანა 15000-მდე და ა.შ. გადასახადისგან გავათავისუფლოთ. ამ პირობით, ქონება ბიუჯეტში ცივილური წესით 100 წელიწადში დაბრუნდება. თუ გვინდა საზოგადოება არ გაიხლიჩოს, ეს ყველას უნდა შეეხოს. მაგრამ რა ვქნათ, რომ ჩვენ ქაოსი და ელექტორატი გვჭირდება?

როგორ ვიშოვოთ ფული? შანტაჟით, რა თქმა უნდა, შანტაჟით და ქაოსით! ჩემო ძვირფასებო, დღეს ეს ბიზნესია “ხოდში”, სანამ დაგვიჭერენ და თითებს, ენებს და კუდებს დაგვაჭრიან!

“ყველანი დამნაშავენი ვართ ყველაფერში. აი, არსი ჩვენი არსობისა! ყველანი დამნაშავენი ვართ, მაგრამ რაკი ყველანი ვართ დამნაშავენი, არავის აქვს უფლება მეორე ადამიანი დაადანაშაულოს რამეში, რამეში მაინც”. (ოთარ ჭილაძე, აველუმი, გვ. 15. 1995).

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial