”ვეტცელ პლაზა” 5 მილიონ ლარად

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე გოთიკური სტილის სამსართული შენობა, რომელიც მე-19-ე საუკუნეში გერმანელმა ვაჭარმა, ფრიდრიხ ვეტცელმა ააშენა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონზე იყიდება. 5540 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი 1510 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობთან ერთად 4 მილიონ 859 ათას ლარად შეაფასეს, ბიჯის მოცულობა კი 5 ათასი ლარია.

კომპანია ”ვეტცელში” აცხადებენ, რომ განახლებულ შენობაში სასტუმროს განთავსება იგეგმებოდა, თუმცა, დამფუძნებლებს საკმარისი ფინანსური რესურსი არ აღმოაჩნდათ, შესაბამისად, ობიექტის აუქციონზე გამოტანა გადაწყვიტეს.
არქიტექტურული ძეგლი თავდაპირველად ეკონომიკური განვითრების სამინისტროს, შემდეგ კი თბილისის მერიის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელმაც ობიექტი ”თბილისის განვითარების ფონდს” გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით, თვე-ნახევარში `თბილისის განვითარების ფონდმა~ ქონების ნაწილი – 523 კვადრატული მეტრი _ შპს ”ვეტცელ პლაზას” 832 000 აშშ დოლარად მიჰყიდა, ხოლო დროთა განმავლობაში კომპანიამ შენობა მთლიანად შეიძინა. კომპანიაში 50-50%-იან წილს სს ”რეალ ინვესტი” და ”პრივატბანკი” ფლობენ.