საინვესტიციო საქონლის იმპორტმა იკლო

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი კვლავ მცირდება, თუმცა ამჯერად ნაკლები პროცენტით წინა თვეებთან შედარებით. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საგარეო ვაჭრობა იმპორტის მკვეთრი შემცირების ხარჯზე მცირდება, რადგან ექსპორტი ბოლო პერიოდში სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლები იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითადად შემცირებულია ე.წ. საინვესტიციო საქონლის – დაზგა-დანადგარებისა და სათანადო მასალის – იმპორტი.

1

2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე, 6640 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1761 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4879 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-აგვისტოში 3119 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.
2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1769 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 319 მლნ. აშშ დოლარი იყო (34 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1450 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 18 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 27, 15 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი (2012 წლის იანვარ-აგვისტოში 38 პროცენტი).

2

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-აგვისტოში 2246 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 9 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 979 მლნ. აშშ დოლარს (24 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1267 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 56 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2012 წლის იანვარ-აგვისტოში 14 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 41 პროცენტით შემცირდა.

3

2013 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (950 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (841 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (488 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 452 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 26 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 163 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 9 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 96 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-აგვისტოში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 563 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 466 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 175 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).

რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,3%-ით გაიზარდა და 426 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, _ ამის შესახებ სტატისტიკა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.

4

”ექსპორტი გაიზარდა 199%-ით და 84 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი გაიზარდა 19%-ით და 342 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. იმპორტის მაჩვენებელში კლებაა. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილობრივი აღდგენის შემდეგ, 2013 წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციაში გავიდა 15 მილიონი დოლარის ღვინო და 13 მილიონი დოლარის მინერალური წყალი. რუსეთის ფედერაციაში ამ პროდუქციის გასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 383 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. დსთ-ის წევრ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8,7%-ით გაიზარდა, ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 979 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი ერთი პროცენტით შემცირდა და მილიარდ 267 მილიონით განისაზღვრა”, – განაცხადა ტყემალაძემ.

5

ექსპერტები იმპორტის შემცირების რამდენიმე მიზეზზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკის შემცირების ტენდენციებია, იმპორტის შემცირება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ძირითადად საინვესტიციო საქონლის შემცირებით. ამას ემატება ზაფხულის განმავლობაში დაბალი ეკონომიკური აქტივობის სეზონი და ასევე არჩევნების მოლოდინი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial