აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!

კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა – მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ… ვკითხულობ, რომ უფლისწული მოუნათლავთ მცხეთაში! თავი თურქულ სერიალში მეგონა, ვიფიქრე, სულეიმანის შვილს ნათლავენ-მეთქი. კინოში ხომ ყველაფერი ხდება, მაგრამ თანამედროვე საქართველოში, სიმართლე გითხრათ, ამას არ მოველოდი და გავოგნდი.

შოკი ამით არ დამთავრებულა, შოუ გრძელდება. შემოდგომა იმითაც გამოირჩა, რომ ეკონომიკის ზრდა 2.5 პროცენტამდე დაეცა, ბიუჯეტს საკასო შემოსავალი დააკლდა, ხალხი შეაწუხა უმუშევრობამ, უფულობამ და ბანკის კაბალურმა კრედიტებმა. ყველას თითქმის იდენტური კითხვა აწუხებდა – რა გვეშველება? და აი… გაიხსნა ცა და ნათელი სხივი გამოჩნდა, რა საჭიროა ჩიკაგოს სკოლის გულუბრყვილო იდეები ან მილტონ ფრიდმანის და ფელპსის მონეტარული იდეები. ეს სრულიად ახალია, რაღაც შტრიხებში კეინსს კი ჩამოჰგავს, მაგრამ პლაგიატი ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ორიგინალია! რას რას და იდეებს ქართველებში რა გამოლევს.

ჰოდა, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ერთ მშვენიერ, შემოდგომის დაბერებული, დაჩაჩანაკებული, დაუძლირებული მზით და გაგულისებული ყინვით შეჯვარებულ დილას ვკითხულობ:

”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს,
საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ბიძინა ივანიშვილს

მოხსენებითი ბარათი

უწმინდესო და უნეტარესო, გვაკურთხეთ!

ბატონო ბიძინა! კვლავ მოგმართავთ რწმენითა და იმედით ერის სულიერ მამას და ერის ფიზიკურ მხსნელს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტული მოძრაობა ”სამეფო გვირგვინის” წევრთა, ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგთა და მშობელთა სახელით კონსტიტუციური მონარქიის კონცეფციის აქტუალობაზე ამჟამინდელ საქართველოში.

ჩვენი პატრიარქის თავდადებული მეცადინეობით, ჩვენი მრწამსისა და ნაფიქრალის, ეროვნული სულისკვეთების შესაბამისად გაუწყებთ, რომ ღვთივკურთხეული მეფის მოვლინების მოლოდინი, დისკრედიტირებული პრეზიდენტ-ყოფილის ინსტიტუციების უარყოფა საზოგადოებაში მრავალ მხარდამჭერს პოულობს”.

არ გჯერათ? არც მე, მაგრამ წყაროს მივუთითებ – (http://www.sakartvelos-tavadaznauroba.ge/openletter/) – ტვინიც რომ მეჭყლიტა, თვითონ ამას ვერ მოვიფიქრებდი და შევთხზავდი. დიახ, ზარზეიმით რომ აღვნიშნეთ პრეზიდენტის ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი გვიხაროდა, თურმე დისკრედიტირებული ყოფილა და მეფობა უნდა აღვადგინოთ. ეს გადაგვარჩენს.

სულ მაწუხებდა კითხვა – IX-X საუკუნეებამდე რა გვარები იყვნენ საქართველოს მეფეები? ეს ის ბაგრატიონები არ არიან, სათაყვანებელმა მეფე ერეკლემ 5000 კაცი რომ ვერ შეკრიბა (მათ შორის შვილებიც კი დაემალნენ) აღა-მაჰმად ხანთან ომისათვის და უკანასკნელ გზაზე 50 000 კაცი რომ მიაცილება? ან ბაგრატ მეფეს ცოცხალი თავით ერთიანი საქართველოს იდეისთვის არც მამამ და არც ბიძამ ტახტი არ დაუთმო? არ ვიცი! მე ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ ეკონომიკური სასწაული ქვემოთ გელოდებათ. ჰოდა, წერილში მთელი ისტორია წერია და ბოლოს ისიც, რომ მეფის ინსტიტუთან ერთად თურმე თავდაზნაურთა ისნტიტუტიც უნდა აღსდგეს. რატომ? მეფეს ამალაც ხომ უნდა? ამ თავადაზნაურებს მამულები უნდათ, სასახლეები, საჯინიბოები, სპეციალური სკოლები, ლიცეუმები, ბოლოს და ბოლოს სახარჯო ფული და გაცოცხლდა კეინსის იდეები:

”15. ამ იდეების ხორცშესხმაში ჩვენ დაგვეხმარება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომელიც ისევ საქართველოს დაუბრუნდება”.

მე-15-ე პუნქტი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ დანარჩენზე უკვე მოკლედ მოგახსენეთ, თუ რა სურვილები აქვთ, რისი შეძენა და შექმნა სურთ. ამისთვის კი რამდენიმე ათეული მილიონი სჭირდებათ. რატომაც არა! უბრალოდ, სიტყვა კრედიტს გრანტი ჯობს. კრედიტს მაინც ვერ გადაიხდიან და შერცხვებიან, მერე იმ მიწების გაყიდვას დაიწყებენ, როგორც ადრე აკეთებდნენ და გაგვიჭირდება ილია ჭავჭავაძის გაცოცხლება იმისთვის, რომ სათავადაზნაურო ბანკი თავიდან შექმნას საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ ფულის მიღების სურვილში ვეთანხმები და ეს არის ქვეყნის განვითარების ინკლუზიური თავადაზნაურული ეკონომიკური კონცეფცია, გრანდიოზული გეგმა.

თქვენ მიეცით ფული, ბატონო ბიძინა, ამ თავადაზნაურთა კლუბის წევრებს. ისინი დაიწყებენ სასახლეებისა და სამეფო დაწესებულების მშენებლობას და ის 65 000 დროებით უმუშევარი მშენებელი დასაქმდება, გაცოცხლდება ინერტული თუ სხვა სამშენებლო მასალის ბაზარი, მრეწველობის ზრდის მაჩვენებლი გაიზრდება, მერე მაგ ფულით იყიდიან მანქანებს, ”ზმანებს”, ოქროებს, ვაჭრობაც გამოცოცხლდება და, საერთოდ, მერე ყველფერ ამას მომსახურება ხომ სჭირდება? დაიქირავებენ მოსამსახურეებს, ლაქიებს _ დასაქმდება ხალხი, მშპ-ის მაჩვენებელი წლიურ 8-10 პროცენტზე მეტი იქნება და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარი გახდება. გაიხარე, მაგარი იდეაა, ჩვენმა მზემ! დაახლოებით იმას ჰგავს, კეინსმა 30-იან წლებში ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირებისაკენ რომ მოუწოდა და თავისი მულტიპლიკატორის გამჟღავნებით დღემდე საფიქრალი რომ გაუჩინა მსოფლიოს, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, ცოტა ქართული გულუბრყვილობის მარილი და ვირეშმაკობის წიწაკა აყრია.

პატივცემულებო, გართობა თუ გინდათ, თვითონ გაერთეთ, ქვეყანას და ხალხს თქვენი მეფობა არ უნდა. იწვალეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ააშენეს რეგიონში, ყოველგვარი მეფობის გარეშე და იმ ეკონომიკასაც მიხედავენ. ოსტაპ ბენდერები ხართ თუ კვაჭი კვაჭანტირაძეები, საუკუნე შეგეშალათ.

ზომბების ეკონომიკას ქმნიდით თუ ინკლუზიურს! ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: სომეხმა ”ზაპოროჟეცი” იყიდა და ავტოფარეხში დააყენა. კვირის ბოლოს გააღო კარი და მანქანა არ დახვდა, მოპარეს. კიდევ იყიდა ”ზაპოროჟეცი”, ახალ მანქანსაც იგივე ბედი ეწია, ისიც მოიპარეს. მესამედ რომ იყიდა და დილით ავტოფარეხის კარი გააღო, ”ვოლგა” დახვდა წარწერით: ”კატატ ხოჩეშ, კატაისია, ნო ნე პაზორ ნაციუ”! გართობა თუ გინდათ, გაერთეთ, ეს თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ თქვენს ხარჯზე და ხალხსა და ქვეყანას ნუ შეაწუხებთ.

კიდევ ერთი ანტიკური იგავ-არაკი გამახსენდა – თხა დასცინის მგელს პატრონის აივნიდან, მგელმა სიმწრით ჩაილაპარაკა, შენ კი არა, ის ადგილი დამცინის, სადაც შენ ზიხარო. არ მინდა ჩემს ერს ვიღაცამ სპეციალური აივნიდან დასცინოს, ეს საქართველოა – დემოკრატიული და თავისუფალი, თუ აგურის დადება შეგიძლიათ – დადეთ! სხვის დადებულს კი ვერ მიითვისებთ, იხუმრეთ და გეყოფათ, უფლისწული მომიკითხეთ დედის მხრიდან (როდის იყო დედის მხრიდან გადადიოდა გვარი ქართველებში, ებრაელები ვართ?).
ისე, ამ ახალი იდეის განხილვა კი ღირს – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ქართული ეკონომიკურ-ინკლუზიურ-სათავადაზნაურო თეორია – ორიგინალურია!

ისე, მოხსენებით ბარათს ნუ დაწერთ, არ არის კორექტული, თანხაც კონკრეტულად მიუთითეთ, კრედიტის და ”ქეშფლოს” დათვლა არ დაგავიწყდეთ! ჰო მართლა, კრედიტს უზრუნველყოფა სჭირდება და ეტყობა, გამოგრჩათ, აუცილებლად მიუთითეთ.
განიხილეთ საფიხვნოზე.

წარმატებები და წმინგა გიორგი გფარავდეთ!
23 ნოემბერი

ემზარ ჯგერენაია
თსუ, PHD

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial