სოფიკო ჭიაურელი ლონდონში და ერის მისია

სექტემბრის მზის სხივებით გაჯერებულ ლონდონის ქუჩას მივუყვებოდით „სიტიში“ მე და ოჯახი ჩემს ერთ ლონდონელ მეგობართან ერთად. მასპინძლობას ჩემულობდა ჩემი მეგობარი და იმ კუთხით და რაკურსით უნდოდა ლონდონის დანახება, საიდანაც ჩვენ აქამდე არ გვინახავს, მიუხედავად ლონდონისადმი ჩვენი ტრფობისა. „სიტის“ ხმაურიან ქუჩებზე ნასადილევს,( ხოხობით სადილობის შემდგომ) ფეხით გასეირნება შემოგვთავაზა ტბასთან და სიმწვანეში. „სიტი“ და სიმწვანე?- რაღაც შეუთავსებელია გავიფიქრე გულში, დაუჯერებელი მომეჩვენა. უცებ იქვე მდგარ რამოდენიმე „უსახურ“, დახავსებულ, მოღუშულ კორპუსზე მიმითითა. დაგვპატიჟა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ახალი ექსპონატების სანახავად. საოცარია „სიტი“! ბევრჯერ ჩამივლია იმ ადგილას , შემიხედავს ლონდონისთვის უჩვეულო მაღალსართულიანი მოღუშული შენობებისათვის და გამიფიქრია – რა უნდათ ამ მახინჯ კოშკებს აქ, რატომ არ ანგრევენ?

ახლა მეგობარმა შიგნით შესვლა შემომთავაზა და ამიხსნა, რომ ეს 60-იანების სიმბოლოა, მაშინ ააშენეს, ბითლზების, პანკების და კოსმოსით დაავადების ერაში და სპეციალურად არ ანგრევენ, როგორც არქიტექტურულ დისონანსს. დღეს არის „ბარბიქან ცენტრი“. რაც უფრო შიგნით შევდიოდით, წარმოდგენა ელვისებურად მეცვლებოდა. გავიარეთ უზარმაზარი პირველი სართული(რაღაც უზარმაზარი ჰოლივით) და გადავედით ტერასაზე. გავოცდი! ეს იყო მთელი ანსამბლი, კვარტალი, მთლიანად წყლით დაფარული ეზოთი, კორპუსები იკვრებოდა ოთხკუთხედ კვარტლად და ყველა აივანზე, ყველგან ყვავილები, განსაკუთრებული სინოტივით და სურნელით გაჯერებული ჰაერი, ხელოვნური ტბა და მოსეირნე ლონდონელები. მასპინძლის განცხადებით, დანგრევა კი არა, ეს არის ლონდონში ყველაზე ძვირიანი ბინებია, სადაც 1 ოთახიანი მილიონი ფუნტი ღირს. ნაგებობების შუაში უძველესი გოგოების კოლეჯი იდგა ტბის პირას და ირგვლივ სულ სხვადასხვა სტილის გალერეები იყო განთვსებული. დიდებული არქიტექტურული ანსამბლი იყო და თუ არ შემოხვიდოდით შიგნით, ვერასდროს მიხვდებოდით აქ თუ ასეთი სილამაზე ბატონობდა. 

ეს ყველაფერი არაა! ერთ-ერთი გალერეისკენ მიმავალ დერეფანში, უცებ ნაცნობმა პროფილმა გაიელვა – არა ნამდვილად სოფიკო იყო, სოფიკო ჭიაურელი! მივუახლოვდით და კი. ეს იყო ფარაჯანოვის ნამუშევრის კონტექსტში სოფიკო ჭიაურელის პორტრეტი. ერთი ორად გავიზარდე. მოვკიდე ჩემს მეგობარს ხელი და მივიყვანე სურათთან – ვუხსნი რომ ეს უდიდესი ქართველი მსახიობის პორტრეტია და ფარაჯანოვი თბილისელი ხელოვანია.
ბიჭი გაოგნდა, ვერ მიხვდა ასე რა მიხაროდა (ის ხომ არ იყო პატარა ერის შვილი).

მიხაროდა ის, რომ ჩვენ, ჩვენი კულტურით ამ დიდი ერის წიაღშიც ჩვენ სიტყვას ვამბობთ. ჩვენც ვართ დედამიწაზე და უბრალოდ კი არ ვარსებობთ,არამედ კულტურას ვქმნით მთელი მსოფლიოსათვის. ეს ციცქნა ერი – მსოფლიოსათვის კულტურას ვთლით და ვძერწავთ, ვალამაზებთ სასტიკ დუნიას!… და რა გახდა, მოუხაზეთ ის თავისი საქართველო გაეროს საზღვრებში, წაათრიეთ თქვენი იარაღი და“სალდატი“ და მოგვეცით საშუალება ლაღად ვემსახუროთ ხელოვნებას ამ პატარა ერმა და ასე გაგახაროთ, მოგიტანოთ სარგებელი თქვენ და მთელს მსოფლიოს. ასე უფრო გამოგადგებათ. დაანებეთ თავი ამ კრეატიულ ქვეყანას, მიეცით ნიჭსა გზა ფართო და ეს თავისუფალი ქართული გენიის მიერ შექმნილი ხელოვნება თქვენ შვილებს გააკეთილშობილებს, უფრო თავისუფალს და ბედნიერს გახდის – ესაა ჩვენი მისია და ასპარეზიც!

14572369_10207329661463613_2795474497397620211_n

14479768_10207329661343610_7677145047704969748_n

14485159_10207329661383611_9049610292559181380_n

14494611_10207329661983626_8340303995609791072_n

14568220_10207329661423612_8675643457806583399_n

14570395_10207329661943625_2894736381194964987_n

ლონდონი, 26-09-16 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial