რა (არ) იცვლება 2014 წლის ბიუჯეტში

ალექსანდრა ლალიაშვილი

2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 40 მილიონი ლარით შემცირდა. ”მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 80 მილიონი ლარი იქნება”, – ამის შესახებ 29 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ დაამტკიცა და ის პარლამენტს უკვე გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში გასავლების მოცულობა 9 მილიარდ 9 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარჯები 71 მილიონი ლარით გაიზარდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 7 მილიარდ 230 მილიონი დოლარია, რაც პირველად მონაცემებს 40 მილიონი ლარით ჩამორჩება (შემოსავლების მოცულობა, დაახლოებით, 7 მილიარდ 270 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული).

”ბიუჯეტი გათვლილია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდასა და 3,5%-იან დეფლატორზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 29 მილიარდ 342 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, საერთო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია 7 მილიარდ 230 მილიონი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტი კი 3,9% იქნება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე განმარტებით, იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსება. თუკი მეცნიერების სფეროსთვის 2012 წელს 18 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ახლა ეს მაჩვენებელი 49 მილიონს შეადგენს.

2014 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გრანტების სახით მთავრობა 129.8 მლნ ლარის მიღებას გეგმავს მომავალ წელს – მიმდინარე წელს გრანტების ოდენობა 202.5 მლნ ლარია; ხოლო სხვა შემოსავლების სახით, წლევანდელის მსგავსად, 2014 წელსაც, 300 მლნ ლარის მობილიზება იგეგმება, საიდანაც 100 მლნ ლარი კვლავ ჯარიმებსა და საურავებზე მოდის.

2014 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი პრიორიტეტები კვლავ ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება მაშინ, როცა ძალოვანი უწყებების დაფინანსება არ გაიზრდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2014 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2.7 მლრდ ლარი (2013 წელს _ 2.345 მლრდ ლარი; 2012 წელს – 1.821 მლრდ ლარი);
თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2013 წელი – 660 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6 მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 570 მლნ ლარი (2013 წელი _ 570 მლნ ლარი; 2012 წ – 587.8 მლნ ლარი; 2011 წ – 568 მლნ ლარი);

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 890.9 მლნ ლარი (2013 წელი _ 928.5 მლნ ლარი);

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 764.3 მლნ ლარი (2013 წელი _ 673.2 მლნ ლარი);

სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 290 მლნ ლარი (2013 წელი – 241 მლნ ლარი);

ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2013 წელი – 100 მლნ ლარი);
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 25 მლნ ლარი (2013 წელი – 55 მლნ ლარი);

ენერგეტიკის სამინისტრო – 103.6 მლნ ლარი (2013 წელი – 118.7 მლნ ლარი);

იუსტიციის სამინისტრო – 50 მლნ ლარი (2013 წელი – 71.4 მლნ ლარი);
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 155 მლნ ლარი (2013 წელი – 174.3 მლნ ლარი);

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2013 წელი – 80 მლნ ლარი);
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2013 წელი _ 80 მლნ ლარი);

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 50 მლნ ლარი (2013 წელი – 47.2 მლნ ლარი);

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 27.8 მლნ ლარი (2013 წელი – 25.9 მლნ ლარი);

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2013 წელი – 48 მლნ ლარი);

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2013 წელი – 1.3 მლნ ლარი);

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (2013 წელი _ 2.3 მლნ ლარი);

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 850 ათასი ლარი (2013 წელი – 850 ათასი ლარი).

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პარლამენტის, მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება მომავალ წელს ნახევარი მილიონი ლარით შემცირდება და 59.5 მლნ ლარს შეადგენს; პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 მლნ ლარს მიიღებს, რაც 20 ათასი ლარით მეტია წლევანდელ დაფინანსებაზე; მთავრობის კანცელარიისთვის კი წლევანდელზე ოდნავ მეტი, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული.

1

ამასთან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს განახევრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს მაშინ, როცა მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავ 50 მლნ ლარის მოცულობის დარჩება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც თითქმის 200 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე; სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი კვლავაც 50 მლნ ლარი გამოიყოფა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 54.5 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც 28 მლნ ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება საქსტატის დაფინანსება არსებული 4.5 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე, საიდანაც 8.8 მლნ ლარი მომავალ წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მოხმარდება.
სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება 280 ათასი ლარით გაიზრდება 2014 წელს და 2.380 მლნ ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს, რომელსაც პროექტის თანახმად, საბიუჯეტო თანხები 38 მლნ ლარამდე გაეზრდება წელს გათვალისწინებული 31.8 მლნ ლარიდან. საქართველოს საპატრიარქო, 2013 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც 25 მლნ ლარით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2

სასამართლო სისტემის დაფინანსებაში წლევანდელთან შედარებით არავითარი ცვლილება არ არის მოცემული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში და შესაბამისად, მასში არ ასახულა ის დაპირება, რომელიც მთავრობამ გასცა სასამართლო სისტემაში ხელფასების ზრდის თაობაზე.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველა გუბერნიას ეზრდება რამდენიმე ათასი ლარით საბიუჯეტო დაფინანსება.

ამასთან, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრანსფერების ჯამური რაოდენობა, მომავალ წელს 795.9 მლნ ლარამდე გაიზრდება, წელს არსებული 769.7 მლნ ლარიდან. თუმცა, თბილისისთვის გათვალისწინებული ტრანსფერის ოდენობა მომავალ წელს დაახლოებით, 50 მლნ ლარით შემცირდება და 398 მლნ ლარს შეადგენს.

2014 წლის ბიუჯეტის შეფასება

როგორც ვხედავთ, საქართველოს ბიუჯეტი კვლავ სოციალურად ორიენტირებულია, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების შეფასებით, 2013 წლის ბიუჯეტის გარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბიუჯეტიდან მოხდა გაზრდილი სოციალური ხარჯების დაფინანსება. რის ხარჯზეც ინფრასტრუქტურულ პროექტებს თანხები მოაკლდა და, შესაბამისად, ვერ მოხდა ეკონომიკის ზრდის ჯეროვანი სტიმულირება.

3

ერთი შეხედვით, ცუდი იმაში, რომ პენსიები, სადაზღვევო ანარიცხები და გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა საბიუჯეტო ხელფასები იზრდება – არაფერია, მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ მყისიერი, მოკლევადიანი ეფექტი აქვს. რეალურად, გრძელვადიან პერიოდში ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას საფრთხე ემუქრება. გაზრდილი სოციალური ხარჯების გამო, ბიუჯეტის გარღვევის გარდა, 2013 წელს დეფლაცია მივიღეთ. რაც, ფაქტობრივად, გაჩერებულ წარმოებას ნიშნავს.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია: ”2012 წლიდან საქართველოში დეფლაციური ტრენდია. სამომხმარებლო ფასების ინდექსი უარყოფით ნიშნულზეა. ჩვენი გათვლებით, წლის ბოლოსთვის ინფლაცის მაჩვენებლი სადღაც -1% ის ფარგლებში იქნება. რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია. ამ მომენტისავის სამ პროცენტამდე ინფლაცია ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება. დეფლაცია დამანგრეველია ბიზნესისათვის, შრომის ბაზრისთვის, რადგან ამ დროს მცირდება დასაქმების მაჩვენებელი. აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თანაც დაუყოვნებლივ. ინფლაცია უფრო ხანგრძლივი პერიოდის დაკვირვებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის თვეში ინფლაცია დაფიქსირდა, საშუალო წლიური მაჩვენებელი ნულს ირგვლივაა. ოქტომბერში ფასების ზრდა გამოიწვია ენერგეტიკის ჯგუფში ცვლილებებმა, განსაკუთრებით მყარი საწვავის (შეშა) ფასების ზრდამ და სურსათის ჯგუფიდან ზოგ საკვებზე ფასების სეზონურმა მომატებამ და ეს სავსებით ბუნებრივია. საქართველოში მოქმედი სისტემის თანახმად, სამომხმარებლო კალათაში 288 საქონელი შედის და ისინი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. სამწუხაროდ, ქორ-ინფლაცის მაჩვენებელს ჩვენთან არ ითვლიან. ასე რომ, ოქტომბერში ტრენდის კორექცია არ მომხდარა”.

”საქსტატის” მონაცემებით, 2013 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -1.3% შეადგინა. აგვისტოში ივლისთან შედარებით კი _ 0%. საშუალოწლიურმა ინფლაციამ აგვისტოში -0,8% შეადგინა. დეფლაცია დაფიქსირდა სექტემბერშიც, როცა წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1 პროცენტი შეადგინა. მდგომარეობა ოქტომბრიდან შეიცვალა. ამ თვეში საქართველოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1,5 პროცენტი შეადგინა, თუმცა საშუალო წლიური დეფლაცია კვლავ სახეზეა.

4

დეფლაციის რამდენიმე მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, მათ შორის, მსოფლიო ფასების კლებაზე ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და საწვავზე, რაც საქართველოში იყო იმპორტით შემოტანილი; შიდა მოხმარების შემცირებაზე, ადამიანიები გარდამავალი წლის გამო უფრო მეტს ზოგავდნენ, ვიდრე ხარჯავდნენ; მიმოქცევაში ფულის მასის შემცირებაზე, რაც ბიზნეს აქტივობის შემცირებას უკავშირდებოდა და ტარიფებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე ფასების კლებაზე, რაც კონკურენციის ზრდას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა.

დეფლაციის გარდა, სახეზეა კიდევ ერთი მთავარი პრობლემა – 2013 წლის ბიუჯეტის გარღვევა. მთავრობას ამ დრომდე პარლამენტისთვის არ შეუთავაზებია გეგმა, თუ როგორ მოხდება საბიუჯეტო დანაკლისის შევსება. არადა, ის ფაქტი, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ვერ შეივსება, უკვე ყველასთვის ნათელია. საქართველოს ხაზინის 9 თვის მონაცემებით, 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში 4 503 473 400 ლარის ნაცვლად 4 385 311 900 ლარის მობილიზება მოხერხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტს 118 161 500 ლარი უკვე დააკლდა.

ექსპერტების აზრით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის გარღვევის მიზეზი დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გახდა – დაგეგმილი 6%-იანი ზრდის ნაცვლად, 2,5%-იანი ზრდის პირობებში, ნაკლებია ბიზნესის აქტივობა, რაც, თავის მხრივ, გადასახადების ამოღებას ამცირებს.

5

”ბიუჯეტის დეფიციტი გამოიწვია დაუბრუნებელმა დღგ-ის ვალდებულებებმა; ბელგიის კლუბისგან მილიარდ 200 მილიონი ლარის არმოცემამ, რომელსაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყოველწლიურად გვაძლევდა, როგორც დახმარებას. ეს 2013 წელს დამთავრდა და ეს თანხა მოაკლდა 2014 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს. რასაკვირველია, უნდა მოფიქრებულიყო, რით მოხდებოდა ამის კომპენსაცია; საგარეო ვალის მომსახურების დაწყებამ, რომელიც ჩვენ ბოლო 7-8 წელი გადავადებული გვქონდა და 2013 წელს დავიწყეთ; ბიუჯეტის სოციალურმა ხასიათმა და მთავრობის მიერ კაპიტალური ხარჯების არ განხორციელებამ. მნიშვნელოვანი ნაწილია არასწორად გათვლილი ეკონომიკური ზრდა. შარშან, როდესაც 2012 წელს არჩევნები დამთავრდა და ახალი მთავრობა დამტკიცდა, მთავრობას ძველი გეგმის მიხედვით გაკეთებული ბიუჯეტის განხილვა მოუწია, რამაც ისინი შეცდომაში შეიყვანა და ვერ გათვალეს ეკონომიკის განვითარების გეგმა. 6% იქნა აღებული მთავარ ბაზად, რამაც შემდგომში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. 2012 წელთან შედარებით 2013 წელს ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო 1 მილიარდი ლარით, საიდანაც 400 მილიონი მოდიოდა ეკონომიკურ ზრდაზე. როგორც კი ეკონომიკა არ გაზარდა, ბიუჯეტს ეს საკასო 400 მილიონი დააკლდა”, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ხარჯვითი პროექტების მკვეთრი შემცირების გარდა, გამოჩნდა, რომ არ იყო სინქრონი ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას შორის. ეროვნულმა ბანკმა სააღრიცხვო პროცენტი მაქსიმალურად დასწია და იაფი ფული შესთავაზა ბაზარს, 3,75%-ით, კომერციულ ბანკებამდე ფული მივიდა საკმაოდ დიდი დოზით, მაგრამ კომერციული ბანკებიდან აღარ მოხდა ბიზნესის და ეკონომიკის დაფინანსება. კომერციული ბანკები ბიზნეს კრედიტებს ძალიან მწირად იძლევიან. ბევრად შემცირებულია მათ მიერ ბიზნესის დაკრედიტება. იაფდება მხოლოდ სამომხმარებლო და იპოთეკური კრედიტები.

6

ექსპერტთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს 2014 წელს დაგეგმილი 4%-იანი ზრდის შესაძლებლობასაც, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც კვლავ მკვეთრად სოციალურად ორიენტირებულია. ემზარ ჯგრენაია: ”2014 წელს სასურველი იქნებოდა 3%-იან ზრდას მივაღწიოთ. როცა ქვეყანაში დეფლაციაა, იქ სერიოზულ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, 2014 წლის ბიუჯეტი იგეგმება 200-მილიონიანი ზრდით. ამ დროს, მარტო ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება 350 მილიონით იზრდება და საგარეო ვალის მომსახურება კიდევ 350 მილიონით. ანუ 700 მილიონი მარტო ამ ორ დარგზე მოდის. წინ გველის 2014 წლის ურთულესი პირველი ორი კვარტალი. მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია ბიუჯეტზე სოციალური ზეწოლის შემცირება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა ინფრასტრუქტურულ სექტორებში”.

ემზარ ჯგერენაია იმ სტრქტურული რეფორმების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რომელიც ეკონომიკაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია:”უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყდეს ეს ორწლიანი ტრენდი და ინფლაცის თარგეთი უნდა გახდეს წლიური 3 პროცენტი. ამ ნიშნულისათვის მისაღებია 4%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი. უნდა შემცირდეს მმართველობითი ხარჯები და აქცენტი გაკეთდეს კაპიტალურ ხარჯებზე.

მთავარი საზრუნავი საერთო მოთხოვნის დაცემაა, რამაც ბაზარზე ფატალური ზეგავლენა იქონია. პირველ ეტაპზე, შემცირდა კომპანიების მოგების მარჟები და შემდგომ ბევრი მათგანი დაიხურა. სამწუხაროდ, ბაზარზე მთავარი მოთამაშე ისევ დარჩა სახელმწიფო თავისი შეკვეთებით. ამიტომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის სინქრონიზირება უპირველესი ამოცანაა, ასევე, ბიუჯეტზე სოციალური ზეწოლის შემცირება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა ინფრასტრუქტურულ სექტორებში. ბაზრის გახსნა და მონოპოლიების დაშლა. ეს უდიდესი პრობლემა. ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა და ამიტომაც საქართველოს ბაზარი ძნელად შეღწევადია. აუცილებელია რეგულირებადი დარგების ე.წ. მარეგულირებელი სიტემების ძირეული შეცვლა, რადგან ისინი მონოპოლიების არაეფექტური მართვით და მომხმარებელთა ინტერესების არდაცვით არიან დაკავებულები, ეს ეხება მომხმარებელ ფიზიკურ პირებს და მომხმარებელ ბიზნესსაც.

აუცილებელია სასწრაფოდ მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის ინსტიტუტის და საკანომდებლო ბაზის შექმნა, რაც ევროპასთნ შეღავათიანი ვაჭრობის პირობების ფარგლებში იქნება ექსპორტის ზრდის ძირითადი ლოკომოტივი. უდიდესი საფრთხე ინვესტიციების ზრდისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამრთლოების გარდაქმნაა. განუკითხაობის სინდრომი აფრთხობს ინვესტორს და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. უნდა გაუქმდეს არსებული ელექტრონული აბსურდული ტენდერი და უნდა მივიღოთ შესყიდვების ახალი კანონი, რომელიც ამ პროცესს უფრო ქმედითს, ბაზარს კი გახსნილს და კონკურენტუნარიანს გახდის. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმირება და საფინასო სფეროს გაჯანსაღება”.

ექსპერტები ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ბიუჯეტის გარღვევის მთავარ მიზეზად გაზრდილ სოციალურ ხარჯებს ასახელებენ. ამ მიმართულებით არც 2014 წლის ბიუჯეტი იცვლება, მის მთავარ ორიენტირად კვლავ ჯანდაცვა რჩება. ემუქრება თუ არა საფრთხე იმავე პირობების გათვალისწინებით მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მომდევნო საბიუჯეტო წელი გვიჩვენებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial