ITS წავიდა, გაუმარჯოს საბაჟოს!

ეკა გაბადაძე

1999 წლის 23 აგვისტოდან 2002 წლის 1 აპრილამდე ბრიტანული კომპანია ITS საქართველოს საბაჟოზე წინასაიმპორტო ინსპექტირებას ახორციელებდა (სხვა ნაკისრ ფუნქციებთან ერთად) მითქმა-მოთქმა და სკანდალური განცხადებები ამ პროცესს ნამდვილად არ დაჰკლებია. ფინანსურ-მაქინაციურ გარიგებებზე და ITS-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გადახდილ 2 ათას აშშ დოლარზე უცხოური პრესაც კი წერდა. მაინც, რა იყო ბრიტანული კომპანიის საქართველოში შემოყვანის რეალური მიზეზი, როგორ განვითარდა მოვლენები და რატომ წავიდა ITS? ექსპერტები, ფინანსისტები და პოლიტიკოსები ამ საკითხებში ვერ თანხმდებიან. თუმცა, ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. საქმეს როგორ გაართმევს თავს საბაჟო, საჭირო იყო თუ არა ITS-ის შემოყვანა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ გახდა საჭირო ქვეყანაში გადაზიდვის წინაინსპექტირება და რას ნიშნავს ეს. არც ისე შორეულ წარსულში, გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებში მინიმალური ზღვრული ფასები მოქმედებდა. შემდგომ, სავალუტო ფონდის დაჟინებული მოთხოვნითა და რეკომენდაციით, მინიმალური ზღვრული ჩამონათვალი გაუქმდა. ექსპერტები სავალუტო ფონდის ამ მოთხოვნას ამართლებენ, რადგან არსებობდა საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდიკა, რომლითაც დგინდებოდა ფასი. ეს იყო ე.წ. შემცირებული ინვოისების თემის აქტიურობის პერიოდი, ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის როგორც ოდენობა, ისე ღირებულება მცირდებოდა, რის გამოც საბაჟოზე, ფორმალურად, ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ შემოსავლები ბიუჯეტში, პრაქტიკულად, არ შედიოდა. მთავრობამ პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიება დაიწყო. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ტვირთის გადაზიდვის წინაინსპექტირებას ახდენენ – ანუ ტვირთის ჩატვირთვის ადგილზე მოწმდება მისი რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ღირებულების მახასიათებლები. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა საბაჟოსათვის შეეძინა დამხმარე “იარაღი”, რომელიც პრობლემებს დაარეგულირებდა. წინასწარი გათვლებით, საბაჟოს გამართული, მოწესრიგებული მუშაობის პირობებში და გადაზიდვის წინაინპექტირების რომელიმე კომპანიის დახმარებით მობილიზებული თანხების მკვეთრი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ ამ ფუნქციასთან ერთად საბაჟო სისტემის რეფორმირებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების ფუნქციის შესრულებაც დააკისრა “დამხმარე იარაღს”. ყოველივე ეს უკვე აღვნიშნეთ, – საბაჟო სამსახურების დასახმარებლად და შემოსავლების გაზრდის მიზნით კეთდებოდა.

გასათვალისწინებელია ერთი მომენტი – თუ არ გსურს რაღაც გააკეთო, რაოდენ ლამაზი და არაჩვეულებრივი კალამიც უნდა გქონდეს, ვერაფერს დაწერ!

სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაჟინებული მოთხოვნით, რეკომენდაციით ჩატარდა საერთაშორისო ტენდერი. (სხვათა შორის, იმ დროს საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანდა). სწორედ მათი უშუალო რეკომენდაციითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა მთელი ეს საქმიანობა – სატენდერო კომისიის მუშაობა, ტენდერის ჩატარება, კრიტერიუმების შემუშავება. ტენდერი ორ ტურად ჩატარდა და მასში ბრიტანულმა კომპანია ITS-მა გაიმარჯვა, რადგან მან სხვაზე უკეთ წარმოაჩინა საკუთარი კომპანია და უკეთესად გაყიდა თავისი პროდუქცია – ანუ თავი მოაწონა სატენდერო კომისიას ისეთი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებით, რომლის აღება ტენდერით სხვა დანარჩენმა მონაწილეებმა ვერ გარისკეს… ხელშეკრულების გაფორმება ITS-თან ცალკე სკანდალის თემა იყო, კომპანია საქართველოდან გაქცევასაც აპირებდა. საქმეში მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ექსპერტებიც კი ჩაერთვნენ (მთავრობის მოწვევით), მაგრამ ITS-თან გაფორმებული ხელშეკრულება ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს ამ ტიპის მომსახურებაზე. თუმცა, შემდგომ, ხელშეკრულების რევიზირების დროს ITS-ს გარკვეული ვალდებულებები ჩამოაშორეს. პრობლემა ქართული მხარის პოზიციიდან წვრილმან ემოციამდეც კი დადიოდა იმ ადამიანთა მიერ გააზრებულ პრობლემამდე, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური თუ იერარქიული მდგომარეობის გამო მასმედიასთან ჰქონდათ კონტაქტი.

საბაჟო გადაზიდვის წინაინსპექტირებას ექვემდებარებოდა $ 5 000-ზე მეტი ღირებულების ტვირთი, თუმცა, შემდეგ ეს მაჩვენებელი $ 2 000-მდე დაიყვანეს. ექსპერტთა აზრით, პირიქით უნდა მომხდარიყო – $ 10 000-მდე უნდა აწეულიყო, რადგან, მართალია, ITS-ის ბიუჯეტს ამ მაჩვენებლის გაზრდა “ურტყამდა”, სამაგიეროდ, საქართველოს ბიუჯეტისათვის იყო სასარგებლო… მთელი ბიზნესი, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი წილი, არალეგალურში მოექცა. ეს იყო გენიალური სიტუაცია ქაოსის მსურველთათვის. ITS-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა, თანხები ვერ ამოიღო, მისი მუშაობა საბაჟოზე აბსოლუტურად არაეფექტური გახდა. არ ვიცი, ვინმეს ITS საქართველოს გულშემატკივარი ეგონა თუ არა, მაგრამ იგი რომ საკუთარი ბიზნესისათვის და ეკონომიკური ინტერესებისათვის გამოჩნდა, ეს ცხადზე ცხადია. საქართველოს მხარემ კი არსებული შანსი ვერ გამოიყენა, უფრო ზუსტად, თავის საზიანოდ გამოიყენა.

მას შემდეგ, რაც ITS-მა საქართველოს საბაჟო დატოვა, ქართული მხარე ომახიანად აცხადებს, რომ ყოველივე იმის გაკეთებას, რისთვისაც ITS შემოიყვანეს, თავადაც კარგად შესძლებს. (გაურკვეველია, თუკი შეგვეძლო, ITS რაღა შუაში იყო?) უკაცრავად პასუხია, მაგრამ ამაზე დიდი მარაზმი ქვეყნად, ალბათ, არც კი არსებობს.

ცნობისათვის, საბაჟო გადაზიდვის წინაინსპექტირების ფუნქციას ვერ შეასრულებს. მან სწორად უნდა გამოიყენოს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესი. კოდექსში ცალსახად წერია ბევრი ისეთი მომენტი, რომელსაც საბაჟო გადაზიდვის წინაინსპექტირება არეგულირებდა. როგორც კი ინსპექტირება მოიხსნა, კოდექსის ზოგიერთმა ნორმამ ძალა დაკარგა და ავტომატურად ძალაში შევიდა პროდუქციის ინვოისის ღირებულება და ვერც ერთი დოკუმენტით ვერავინ დაასაბუთებს, რომ მათ ინვოისში არასწორი ღირებულება სწერია.

უფრო კონკრეტულად ციფრებსა და მონაცემებზე ITS-თან დაკავშირებით

1999 წლის 23 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოსა და ბრიტანულ კომპანია “ინტერტექ ტესტინგ სერვიზ ინტერნაციონალ ლიმიტედს” (ITS) შორის გაფორმებული “საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ” ხელშეკრულება ვადით 2001 წლის 31 დეკემბრამდე. მასში 2000 წლის 3 თებერვლის და 31 მაისის ცვლილებები შევიდა და მოქმედების ვადა 2002 წლის აპრილამდე გაგრძელდა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ინგლისური კომპანია ITS ერთპიროვნულად ატარებს საქონლის ტერიტორიაზე შემოტანამდე (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება) გადაზიდვამდე ინსპექტირებას გარკვეული საფასურის საფუძველზე, რომელსაც იხდის იმპორტიორი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, საბაჟო დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას, ყოველმხრივ შეეწყო ხელი კომპანიისათვის საქმიანობის განხორციელებისას. ITS კი იღებდა ვალდებულებას: ა) გაეზარდა საბაჟო შემოსავლები, შემდეგ ზღვრულ ოდენობამდე: 1999 წელს (სექტემბერ-დეკემბერში) – 85 მლნ აშშ დოლარამდე; 2000 წელს – 260 მლნ აშშ დოლარამდე; 2001 წლს – 312 მლნ აშშ დოლარამდე. აღნიშნულ პერიოდში მობილიზებულ იქნა შემოსავლები 1999 წელს (IX-XII) – 80,5 მლნ ლარი; 2000 წელს – 262 მლნ ლარი; 2001 წელს – 289 მლნ ლარი.
ბ) საბაჟო სისტემის რეფორმის დაფინანსებასა და განხორციელებაზე;
გ) გაეწია პრაქტიკული დახმარება საბაჟო ორგანოებისათვის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საბაჟო დეპარტამენტის განცხადებით, მითითებული ვალდებულებები კომპანიას წლების განმავლობაში ან საერთოდ არ შეუსრულებია, ან არაჯეროვნად და უხარისხოდ შეასრულა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა. საბაჟო დეპარტამენტი ხელშეკრულებაში ფორმულირებულ ვალდებულებებზე პრეტენზიას აცხადებდა, სადაც კონკრეტულად არ იყო განსაზღვრული სგი მომსახურების ჩატარების მაქსიმალური ვადა და კომპანიის პასუხისმგებლობა ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში. ხშირად, ეს საკმაოდ დიდი დრო ორჯერ და მეტადაც იზრდებოდა, მაგრამ ხელშეკრულებით ამ ვადების დაცვა-შემცირება მთლიანად კომპანიის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. წინასწარი ინსპექტირებისას არ ხორციელდებოდა საქონლის ხარისხის დადგენა (ლაბორატორიული შემოწმება), ხდებოდა მხოლოდ საქონლის იდენტიფიკაცია. ხელშეკრულებით, სგი მომსახურების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიას პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრებოდა, თუ ეს დაუდევრობით იქნებოდა გამოწვეული; ანუ თუ ITS-ს არ შეუძლია კარგი მუშაობა, საქართველოს მხარე მას პასუხს ვერ მოსთხოვს.

ხელშეკრულებით, კომპანია საბაჟო რეფორმების განსახორციელებლად საჭირო თანხებს გაიღებდა მხოლოდ საბაჟო შემოსავლების გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, რამაც გამოიწვია (სრულიად კანონიერად) დაუფინანსებლობა. ხელმძღვანელობა შემოიფარგლა ერთი კონსულტანტის დაქირავებით, რომელსაც ევალებოდა მხოლოდ რეკომენდაციების მიღება, არსებული საგადასახადო კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პროცედურების მიმოხილვა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრა.

ITS-მა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლასაც ვერ გაართვა თავი. ასეთი საქმიანობის განხორციელებისას სახელმწიფოს სასარგებლოდ ამოღებულია მხოლოდ 6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. მათი მონაწილეობა ამ საქმეში შემოიფარგლა მხოლოდ წლიურად 400 ათასი აშშ დოლარის სახელმწიფოსათვის გადაცემით და ერთი კონსულტანტის დაფინანსებით.

როგორც კომპანიის ანგარიშიდან და სხვა წერილებიდან ირკვევა, ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ITS-ის მიერ მრავალ შემთხვევაში მოხდა საქონლის თვითღირებულების და საბაჟო ღირებულების გაზრდა, რამაც, საბოლოოდ, ფასების მხოლოდ 4%-ით მომატება მოგვცა. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იგივე მომწოდებლის ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა იმპორტიორ ფირმას მნიშვნელოვნად განსხვავებულ ფასებში შეუფასდა. ნაცვლად იმისა, რომ ITS-ის წარმომადგენლებს თავის ძალებით დაედგინათ საქონლის რეალური ფასი, ისინი ექსპორტიორებისაგან ფასის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვდნენ. საბაჟო ღირებულების დადგენისას, ITS-ის ქმედება საკმაოდ გაურკვეველი იყო. საქართველოს კანონის “საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ” და “საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესის” თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულებაში დაზღვევის ხარჯები გათვალისწინებულ უნდა იქნას იმ ოდენობით, რა ხარჯიც გასწია იმპორტიორმა. კომპანია კი ზრდიდა საბაჟო ღირებულებას დაზღვევის ხარჯით. კანონით, “საქონლის საბაჟო ღირებულება მოიცავს გარიგების ფასს საქონლის შეძენისას, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის პუნქტამდე მისი ტრანსპორტირების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, დაზღვევის, საკომისიო (გარდა საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების საზღაურის) და საბროკერო მომსახურების ხარჯებს”. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ITS-ის წარმომადგენლები უმატებდნენ ე.წ. სხვა ხარჯებს, რომელიც არ იყო გაშიფრული და ხელოვნურად იზრდებოდა საბაჟო ღირებულებაც. ITS-ის ხელმძღვანელობა უარს აცხადებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აზომვისას მონაწილეობაზე, მაშინ, როცა ექსპორტიორ ქვეყანაში ჩატარებული იყო წინაინსპექტირება და ვაგონ-ცისტერნებზე ITS-ის ლუქები და დამღები იყო.

ერთი სიტყვით, საბაჟო დეპარტამენტის დასკვნით, არ შესრულდა ანტიკონტრაბან1999 წლის 23 აგვისტოდან 2002 წლის 1 აპრილამდე ბრიტანული კომპანია ITSსაქართველოს საბაჟოზე წინასაიმპორტო ინსპექტირებას ახორციელებდა (სხვა ნაკისრ ფუნქციებთან ერთად) მითქმა-მოთქმა და სკანდალური განცხადებები ამ პროცესს ნამდვილად არ დაჰკლებია. ფინანსურ-მაქინაციურ გარიგებებზე და ITS-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გადახდილ 2 ათას აშშ დოლარზე უცხოური პრესაც კი წერდა. მაინც, რა იყო ბრიტანული კომპანიის საქართველოში შემოყვანის რეალური მიზეზი, როგორ განვითარდა მოვლენები და რატომ წავიდა ITS? ექსპერტები, ფინანსისტები და პოლიტიკოსები ამ საკითხებში ვერ თანხმდებიან. თუმცა, ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. საქმეს როგორ გაართმევს თავს საბაჟო, საჭირო იყო თუ არა ITS-ის შემოყვანა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

დული ღონისძიებების გეგმა; არ განხორციელდა საბაჟო რეფორმა; საბაჟოს შემოსავლების გეგმა 1999 წლიდან მოყოლებული არ შესრულებულა; კომპანიის მომსახურების ვადებმა და ხარისხმა საქონლის ბრუნვის სიხშირის შემცირება გამოიწვია; ITS-მა თავი ვერ გაართვა საქმეს. (როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყანა საცდელი ობიექტის როლში იყო, ოღონდ ვისთვის, ბრიტანული კომპანიისა თუ ქართული მაფიოზური კლანებისათვის, ეს საუბრის ცალკე თემაა).

ITS-თან დაკავშირებული სკანდალის პოლიტიკური ასპექტები

ბრიტანული კომპანიის საბაჟოზე შემოსვლის ბედის გადაწყვეტა მთლიანად ქვეყნის მმართველი წრეების ხელთ იყო და, შესაბამისად, ყველა უარყოფითი თუ დადებითი ქულა მმართველი პარტიის ანგარიშზე დაგროვდა. ოპოზიცია, უფრო ზუსტად “აღორძინების” მხარე, თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდაITS-ის შემოსვლას და გაფორმებულ ხელშეკრულებას ქართული მხარისთვის კაბალურს უწოდებდა, რისთვისაც ისინი მოღალატეებადაც შერაცხეს. ამ პოზიციას თავიდან ბევრი იზიარებდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება აზრიც შეეცვალათ.
ვალერი გელბახიანი (“აღორძინება”) – “საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის კონტრაბანდის აღკვეთის და საბაჟო სისტემის რეფორმის გატარების მიზნით დამხმარე უცხოური კომპანიის მოწვევა გამართლებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი ხელშეკრულების პროექტს გადავხედეთ, მივხვდით, რომ ყველაფერი ფარსი იყო. ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებსა და ქართველ მეწარმეებს ზიანს მიაყენებდა. ჩვენ ვითხოვდით, რომ წინასაიმპორტო გადასახადი საბიუჯეტო კომპენსაციით ანაზღაურებულიყო, რაც არ მომხდარა. ზარალდებოდა ეროვნული ვალუტა, იმპორტიორი. ჩვენ ვამბობდით, რომ თვითონ მწარმოებელს გადაეხადა (რადგან მისი პროდუქციის ხარისხი და ოდენობა მოწმდებოდა). ITS-მა უარი თქვა, მეორე ვარიანტშიც შევთავაზეთ – საბაჟო ზონაში მომხდარიყო ITS-ის მიერ საქონლის შეფასება და შემდეგ გადაემოწმებინა იმპორტიორ ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, ხარჯი ნაკლები იქნებოდა. ამაზეც უარი განაცხადეს. აჭარის მეთაურის აპარატმა შესთავაზა კიდევ ერთი ვარიანტი – თუ ITS ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და ბიუჯეტი 50%-ით გაიზრდებოდა, მაშინ მოგვეხდინა ჩათვლა იმ მეწარმეებზე, რომლებსაც საქართველოში საქონელი შემოჰქონდათ. ITS-მა ამაზეც ხელები დაიბანა – ამაზე თქვენ სახელმწიფოს ესაუბრეთო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ უარი მივიღეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არავის ჰქონდა ITS-ის მიერ ბიუჯეტის გაზრდის იმედი. ერთი სიტყვით, პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. ქართული მხარე უაპელაციოდ ფიქრობდა ITS-ის შემოყვანას. პრობლემა იურისდიქციის საკითხიც იყო. იმპორტიორსა და ITS-ს შორის დავის შემთხვევაში საქმე საფრანგეთის კანონმდებლობით უნდა განხილულიყო. ქართულ დოკუმენტაციას ძალა არ ჰქონდა, ინგლისურად უნდა ყოფილიყო წარმოებული. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვარდებოდა მეწარმე. ანუ, თავიდანვე ჩაიდო ნორმა – არ იდავოთ! ფაქტია, რაღაც გარიგება მოხდა, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა მონაწილეობდა. ტენდერიც ტენდენციური იყო, რამაც ერთ-ერთი მონაწილის, შვეიცარული ფირმა SGS-ის, გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც ITS-ს ყველა მაჩვენებლით ოთხჯერ მაინც სჯობდა.

შვეიცარულმა ფირმამ ამ პროცესს მექრთამეობისა და კორუფციის კლასიკური ნიმუში უწოდა, უცხოურ პრესაში 2 მლნ დოლარად მომხდარ გარიგებაზე წერდნენ (თუმცა, ჩევნი ინფორმაციით, 5 მლნ დოლარზე იყო საუბარი).

კიდევ ერთი ნიუანსი: კონტრაქტით, ITS-ს უფლება ჰქონდა, დაედო ხელშეკრულება და საქართველოში თავიანთი მიზნების განსახორციელებლად სასურველი სუბიექტი შემოეყვანა. ქვეკონტრაქტორად ინგლისის სამეფო საბაჟოს სპეცსამსახური წარმოადგინა. პრაქტიკულად, ITS-ს საქართველოში ინგლისის დაზვერვა შემოჰყავდა! ადრე, ამ ხელშეკრულების გაფორმებისათვის ყველას დახვრეტდნენ. ITS-ს სხვა “სიკეთესთან” ერთად წარმომადგენლობებიც არ ჰქონდა გახსნილი სხვადასხვა ქვეყნებში და მხოლოდ მიუნხენსა და ანკარაზე მიუწვდებოდა ხელი. ეს იყო საქართველოსთვის დივერსიული ხელშეკრულება, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჩინოვნიკებიც წარმატებით მონაწილეობდნენ”.

პარლამენტარი ნოდარ ჯავახიშვილი: “ეს პრობლემა აბსოლუტურად ტრადიციულია საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში და ასევე ტრადიციულია მიდგომაც. ხელისუფლება დეკორაციებს ცვლის, რომლის შედეგი ნულის ტოლია. ასე მოხდა ITS-ის შემთხვევაშიც, რომლის შემოყვანა აბსოლუტური ბლეფი გახლდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ITS-ის პასუხისმგებლობის საკითხი იყო. ტენდერში 15 პირველი პირი მონაწილეობდა. ჩატარდა ორი ტური. პირველში, უზარმაზარი განსხვავებით, შვეიცარულმა კომპანიამ მოიგო SGS-მა, რომელსაც რამდენჯერმე უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდა ITS-თან შედარებით, მათ შორის, ოთხჯერ მეტი ოფისი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია წინასაიმპორტო მომსახურებისას), ოთხჯერ მეტი ბრუნვა, მოგება, თანამშრომლები. ეს იყო გაცილებით სერიოზული ფირმა. მეორე ტურში, ოდიოზურმა კომისიამ პირველი ადგილი ITS-ს მიაკუთვნა, რადგან კომპანიამ ისეთი ვალდებულებები იკისრა, რომლის აღება ვერავინ გარისკა. ეს არ იყო დემაგოგია, ეს გახლდათ შეგნებული დანაშაულებრივი ქმედება. სატენდერო კომისიას დავით ონოფრიშვილი ხელმძღვანელობდა. თუკი ITS 85 მლნ-ით აპირებდა შემოსავლების გაზრდას, რატომ არ აისახა ეს ცვლილება ბიუჯეტში, ან შემდეგ წელს 160 მლნ-ით ითვალისწინებდა ITS საბაჟო შემოსავლების გაზრდას, რაც ასევე არ აისახა ბიუჯეტში. რატომ? იმიტომ, რომ არც არავინ ელოდა, რომ ასე მოხდებოდა, რადგან ITS-ს ყველაფერი ხელშეკრულებაში ჰქონდა გაწერილი, მაგრამ პასუხისმგებლობას არავინ აკისრებდა. ეს იყო სატენდერო კომისიის დანაშაულებრივი ქმედება! ონოფრიშვილი, ზოგადად, პატიოსანი კაცია, და მისი მოფიქრებული ეს არ იყო. მოსაზრება, ანუ იდეის ავტორი ჭკუასელის მოღვაწეობის პერიოდში გაჩნდა. ონოფრიშვილმა მისი მოსაზრება ბოლომდე გაატარა. შემდეგ მოდის მიშა მაჭავარიანი, რომელიც მინისტრობამდე და გამინისტრების პირველ 2-3 თვეში კატეგორიულად ითხოვდა ITS-ის გაძევებას (თითქოს სხვა გუნდის შემოყვანილი იყო ITS). დამატებითი ხელშეკრულებით, ITS-ს ყველანაირი პასუხისმგებლობა მოუხსნეს. უფრო მეტიც, ITS-ს ჩვენივე ფულით კონტრაბანდა მიყიდეს. თავდაპირველ ხელშეკრულებაში კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაეძლიერებინაITS-ს. დამატებით ხელშეკრულებაში კი ეწერა, თუ ITS ამას არ გააკეთებდა 600 ათას დოლარს გადაუხდიდა საბაჟოს ამ საქმის გასაკეთებლად. ვისგან? ITS შემოგვყავს, ვუხდით ფულს და იქიდან ნაწილს ჩვენ მოგვცემდა… ის, რომ არ შემიძლია კონკრეტულად ვთქვა, ვინ რამდენი აიღო ქრთამი და ვის რამდენი გაუყო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიტუაციაში პატიოსნების ოდნავი ელემენტები მაინც იყო. ITS-მა ქვეყანაში გაართულა სიტუაცია – გააძვირა პროდუქცია, დააწესა ანტიკონსტიტუციური გადასახადი, იმპორტიორს არაფერში ახდევინებდა ფულს (თავიდან 1,19%, შემდეგ 1,09%), რომელიც უბრალო მოქალაქეების ჯიბიდან გავიდოდა. დამატებითი გადასახადი მხოლოდ კონსტიტუციით უნდა დადგინდეს.

რას შეცვლის ITS-ის წასვლა?!

ოპოზიციის აზრით, შეიცვლება ერთადერთი რამ – საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება 1,09% გადასახდელი თითოეულ შეძენილ პროდუქტზე, ბიუჯეტს კი არც მიემატება არც დააკლდება რამე, თუ შესაბამისი ორგანოები არ გააუმჯობესებენ ან არ გააუარესებენ მუშაობას.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაცია 2002 წლის პირველი კვარტლის და მარტის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე:

მიმდინარე თვეში ნაერთი ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული იყო 239 40 ათასი ლარი. ფაქტობრივად, მობილიზებულია 24826,3 ათასი ლარი, ანუ 886,3 ათასი ლარით (3,7%-ით) მეტი. მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცილებით მაღალი მაჩვენებელია და აკრეფილი შემოსავალი ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით გაზრდილია 1907,2 ათასი ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტი – გეგმა 23280 ათასი ლარი. მობილიზებულია 23213,3 ათასი ლარი, ანუ 67,2 ათასი ლარით (0,3%-ით) ნაკლები. ამ თანხაში არ შედის აჭარის საბაჟო სისტემის მიერ მობილიზებული 2145 ათასი ლარი, რომელიც ჩარიცხული უნდა ყოფილიყო ცენტრალურ ბიუჯეტში, რაც არ მომხდარა და დატოვებულია აჭარის ტერიტორიულ ბიუჯეტში.

1 აპრილიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით, “გადაზიდვამდე საქონლის სავალდებულო ინსპექტირებაზე სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი” აღარ არსებობს და, აქედან გამომდინარე, საბაჟო გაფორმების მიზნებისთვის სავალდებულოდ აღარ ითვლება საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. დეკლარანტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მიზნებისათვის წარმოდგენილი საბუთებისა და ცნობების სისწორეზე.

ITS-ის წასვლის შემდეგ საბაჟო დეპარტამენტის ვალდებულებები:
ბრიტანული კომპანიის მიერ ინსპექტირებული საქონლის დაბეგვრიდან შემოსავლების 70% ექვსი დასახელების საქონელზე მოდის: ნავთობპროდუქტები – 40,8%, სიგარეტი – 17,9%, ფქვილი – 3,4%, გაყინული ქათმის ხორცი – 2,8%, შაქარი – 2,7%. ხორბალი – 2,1%. ამათგან, ნავთობპროდუქტების საბაჟო წინასაწარი ინსპექტირება საჭირო არაა, რადგან არსებობს “პლაცის” ანუ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე ყოველდღიური ინფორმაციის მიღების საშუალება. სიგარეტის ღირებულებაზე მოქმედი კანონმდებლობით არა არის დამოკიდებული მისი დაბეგვრიდან მიღებული შემოსავალი. ფქვილის, შაქრის და ხორბლის ფასები საბაჟო დეპარტამენტს დიდი სიზუსტით, მათი გამოგზავნილი ქვეყნებიდან, დღესაც მიეწოდება. რაც შეეხება ქათმის ბარკლებს, Iთშ-ის მიერ დადგენილი საბაჟო ღირებულება 410 დოლარიდან 730 დოლარამდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ რეალური საბაჟო ღირებულების განსაზღვრა იძლევა იმის გარანტიას, რომ ITS-ის მომსახურების შეწყვეტა არ გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას.

არავინ იცის, გამოიწვევს თუ არა “ქვეყნის დამქცევი” ITS-ის საქართველოდან წასვლა საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას, და, ყველაზე ცოტა, რისი პროგნოზირებაც შეიძლება, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, უახლოეს პერიოდში მაინც.