ქალაქის ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარებისა და კომუნალური მომსახურების პირველი საერთაშორისო გამოფენა

6-7 თებერვალს თბილისში გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, ქალაქის ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარებისა და კომუნალური მომსახურების პირველი საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. გამოფენის პარალელურად ჩატარდა „სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და ახალი ენერგიის საინვესტიციო სამიტი“. სამიტს 200-მდე დელეგატი დაესწრო. მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები და მსხვილი ქართული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

როგორც სამიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამიტის მიზანია ხელი შეეწყოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე, ახალ პროექტებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობას. სამიტის ორგანიზატორია ბელგიური კომპანია Convention Ventures – Euroconvention Global. ამასთანავე, როგორც გამოფენა, ასევე სამიტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სამინისტროების მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებები იყო წყლისა და დაბინძურებული წყლის მართვა; ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება; დასუფთავების ტექნოლოგიები და დაცვა; გამონაბოლქვის კონტროლი და გარემოს დაცვა; ქალაქის ინფრასტრუქტურა; უსაფრთხოება და კატასტროფის მართვა; ტრანსპორტი და საგზაო მოძრაობა, მშენებლობა და სამშენებლო ტექნოლოგიები.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა გამოფენისა და სამიტის მიზანია „დააკავშიროს საკონსულტაციო, მშენებლობებით დაკავებული ორგანიზაციები, რომელთაც აინტერესებთ ქვეყნის პოლიტიკა ინფრასტრუქტურულ მშენებლობებთან დაკავშირებით“.

narmania

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილე კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოურ კომპანიას წარმოადგენს, რომელთა მიზანიც საქართველოს ბაზარზე დამკვიდრება და ადგილობრივი პარტნიორების მოძიებაა.

როგორც „საქართველო ეკონომიკიასთან“ საუბრისას გერმანული კომპანია KROHNE-ს წარმომადგენელმა, პაველ ვარდანიანმა განაცხადა, მათი პროდუქცია უკვე ორი წელია იყიდება საქართველოში, თუმცა კომპანიას ადგილობრივი წარმომადგენლობა ჯერ არ აქვს. გამოფენით მათი დაინტერესება სწორედ ადგილობრივი პარტნიორებისა და ადგილზე ფილიალის გახსნის სურვილმა განაპირობა. ისინი გეგმავენ უახლოეს მომავალში წარმომადგენლობის გახსნას საქართველოში.
KROHNE აწარმოებს ინსტრუმენტებს მოცულობის, მასის, ნაკადის, დონის, წნევისა და ტემპერატურის გასაზომად, ასევე მოწყობილობებს სუფთა და დაბინძურებული წყლის ანალიზისთვის. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები მთელ მსოფლიოში, სადაც დასაქმებულია 3000-მდე ადამიანი. მისი სათაო ოფისი მდებარეობს გერმანიის ქალაქ დიუსბურგში.

ქართული ბაზრის ათვისებას ახლა იწყებს იაპონური კომპანია Nippon Koei. ის არის საერთაშორისო საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც კლიენტებს სთავაზობს დაგეგმვის, დაპროექტებისა და სამშენებლო ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობას ენერგეტიკის, სატრანსპორტო, ურბანული და საჯარო სექტორის განვითარების სფეროში. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, კომპანიამ იმუშავა 3000-ზე მეტ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მსოფლიოს 135 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს საფონდო ბირჟაზე Nippon Koei სიის პირველ ნაწილშია. მისი საქმიანობის სფეროებია: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ბუნებრივი რესურსები და ურბანული განვითარება და საჯარო სექტორი. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გამოფენის მსვლელობისას განაცხადა, ისინი დიდი ხანია იკვლევენ საქართველოს ბაზარს და გადაწყვიტეს ქვეყანაში შემოსვლა და საქმიანობის გაფართოება.

გერმანიისა და იაპონიის გარდა, გამოფენაში მონაწილე კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აზერბაიჯანი, რუსეთი, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია და უკრაინა.

რაც შეეხება ქართულ კომპანიებს, გამოფენაში მონაწილეობას იღებდა MG Metal Georgia, რომელიც წარმოადგენს საწარმოო-სავაჭრო ორგანიზაციას და ახდენს სამშენებლო მასალების წარმოებასა და იმპორტს საქართველოს კომპანიებისთვის. კომპანიას სამშენებლო მასალების ბაზები გააჩნია თბილისსა და დასავლეთ საქართველოში.