PEMPAL-ის პროგრამა საქართველოში

მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს თბილისში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, PEMPAL-ის პროგრამის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „საჯარო სექტორის აღრიცხვა და ანგარიშგება“. კონფერენციაზე საქართველოს მხარეს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ხაზინების ხელმძღვანელები და საფინანსო სფეროს სხვა წარმომადგენლები ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე დონორი ორგანიზაციების როლზე, კონკრეტულად PEMPAL-ის პროგრამის მნიშვნელობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. „მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს Pempal-ის კონფერენციას, რომელიც საჯარო ფინანსების მართვის სფეროში სამი მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ბიუჯეტის, ხაზინის და ბუღალტრული აუდიტის, ასევე შიდა აუდიტის მიმართულებით. აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ეძღვნება. ჩვენ გავუზიარებთ გამოცდილებას და იმედია, მივიღებთ საინტერესო შენიშვნებს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოწვევით კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავით საქართველოში. პროგრამა PEMPAL-ი მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორების მხარდაჭერით ფინანსდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ 2 წლის წინ ვიმყოფებოდით თბილისში და გავეცანით იმ რეფორმებს, რომელიც სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში გატარდა საქართველოში. ახლაც იმედი გვაქვს, რომ ორდღიანი კონფერენციის მიმდინარეობისას, ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას და ცოდნას, მოვისმენთ ინფორმაციას ამ დროისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკში პროგრამა PEMPAL-ის ხელმძღვანელმა ელენა ნიკულინამ.

„პროგრამა PEMPAL-ი ჩვენ გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ერთმანეთს დაუკავშირდნენ სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. მოხარულები ვართ, რომ შემოგვთავაზეთ სემინარი საქართველოში გამართულიყო, ქვეყანაში, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში რეფორმირების ეტაპზე იმყოფებიდან, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ცოდნას, პრობლემებს, იმისათვის, რათა ეს რეფორმები წარმატებით დაინერგოს ჩვენს ქვეყნებში“, – განაცხადა პროგრამა PEMPAL-ის პრაქტიკოს ხაზინადართა საზოგადოების (TCoP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ანჟელა ბარონინმა. კონფერენციის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ საქართველოში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, აგრეთვე, ზოგადად, სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმებს.

PEMPAL-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ქვეყანებში არსებული საჯარო სექტორის აღრიცხვა-ანგარიშგების საუკეთესო პრაქტიკა. PEMPAL-ის შესახებ PEMPAL-ი (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამა დააფუძნა მსოფლიო ბანკმა 2005 წელს.

პროგრამის მიზანია სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით.

პროგრამა აერთიანებს ცენტრალური აზიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 21 ქვეყნის წარმომადგენლებს. მათ შორის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საქართველო, უნგრეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ყირგიზეთი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა, უზბეკეთი და სხვა ქვეყნები.

პროგრამის შექმნის ინიციატორი 9 წლის წინ მსოფლიო ბანკთან ერთად იყო გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი.

პროგრამის შექმნის მიზანი იყო იმ მთავრობებისთვის დახმარების გაწევა, რომლებიც რესურსებს ეფექტიანად ვერ ხარჯავენ იმისათვის, რომ შესაბამის სტრუქტურებში დასაქმებული მუშაკების კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება მოახდინონ. PEMPAL-ის პროგრამა მიზნად ისახავს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს მთავრობებს.

პროგრამის ფარგლებში PEMPAL-ი რამდენიმე მიდგომით სარგებლობს: სანამ ის საერთაშორისო დონეზე დაიწყებს ქვეყნებთან მუშაობას და მრავალმხრივ და დონორებთან ურთიერთობის შესახებ კვალიფიკაციების ამაღლებას დაიწყებს, მთავრობებთან ერთად განიხილავს ადგილობრივ ან რეგიონალურ დონეზე არსებულ პრობლემებს. ამასთანავე, ცალკეულ ქვეყნებთან მუშაობისას პროგრამის ექსპერტები მაქსიმალურად ცდილობენ თანამედროვე გამოწვევები ადგილობრივ რეალობას და პირობებს მოარგონ. PEMPAL -ის დონორები არიან The Economics Cooperation and Development Division of the Swiss State Secretariat for Economic Affairs (SECO), რუსეთის ფინანსთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და OECD. საქართველოს შემდეგ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო შეხვედრები დაგეგმილია თურქეთში და მონტენეგროში (მარტი 2014).

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial