ელექტრონული ხელმოწერის სისტემა – ინოვაცია საბანკო მომსახურების სფეროში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ინოვაცია შესთავაზა საბანკო სექტორს. დღეიდან ქართულ საბანკო სისტემაში მომსახურების გაწევის ახალი ფორმა – ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა. ახალ ინიციატივას პროექტის საწყისი ეტაპიდანვე პროკრედიტ ბანკი შეუერთდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში და ეროვნულ ბანკთან აქტიური თანამშრომლობით პირველმა დანერგა ეს ინოვაციური პროექტი. ახალი სისტემის დანერგვით პროკრედიტ ბანკი, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს გარკვეულ საბანკო ოპერაციებზე ხელმოწერა არა ქაღალდზე, არამედ ელექტრონულად განახორციელონ.

ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა მნიშვნელოვანია, საბანკო ოპერაციების განხორციელებისას მეტი კომფორტისა და სიმარტივის უზრუნველსაყოფად. საბანკო დოკუმენტებზე ელექტრონულად შესრულებული ხელმოწერა ყოველდღიურად მოხმარებული ქაღალდის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც გარემოზე დადებითად აისახება.

პირველ ეტაპზე პროექტში ახლად გარემონტებული თბილისის აღმაშენებლის ფილიალი ჩაერთო, სადაც ელექტრონული ხელმოწერით პირველი საბანკო ოპერაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შეასრულა. „საბანკო სექტორში ინოვაციების დანერგვა და ინფრასტრუქტურული რეფორმები შეუქცევადი და მუდმივი პროცესია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქართული ფინანსური ინსტიტუტები მომხმარებელს ყველაზე თანამედროვე პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ. ამის მაგალითია დღევანდელი პროექტიც, ელექტრონული ხელმოწერა, რომლის მსგავსი მომსახურება აქვთ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სექტორში. სისტემის მთელი არსი მომსახურების პროცედურის სიმარტივე, სისწრაფე და უსაფრთხოებაა. ეს პროექტი არის დასასრულის დასაწყისი შემოსავლის ქვითრების, დღიური საბუთების, ქაღალდის უზარმაზარი არქივების და ა.შ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ პროკრედიტ ბანკი არის პიონერი ამ პროექტის განხორციელებისას, ასევე დარწმუნებული ვარ და იმედს გამოვთქვამ რომ მთლიანად საბანკო სექტორი ძალიან სწრაფად აიტაცებს ამ პროექტს, ასევე აუცილებლად მინდა მადლობა ვუთხრა სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ეს პროექტი ნიშნავს მომხმარებლისთვის ნაკლებ დახარჯულ დროს ოპერაციებში, ეს ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ სისწრაფეს, ამავე დროს ნიშნავს კომერციული ბანკისთვის მეტ ეფექტურობას, მეტ პროდუქტიულობას, ნაკლებ დანახარჯებს, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად აისახება კონკრეტული კომერციული ბანკის კონკურენტულობაში, საპროცენტო განაკვეთებში და ყველა იმ სიკეთეში რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პროკრედიტ ბანკს ამ პიონერი ბანკის სტატუსით დღეს ყოფნა, და იმედს გამოვთქვამ რომ დღეს ეს პროექტი არის დასაწყისი და ძალიან სწრაფად აიტაცებს ამ ინოვაციას ჯერ საბანკო სექტორი და შემდეგ მთლიანად ბიზნეს საზოგადოება”, – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეს ინოვაციური პროექტი პროკრედიტ ბანკის ფილიალებში მოგვიანებით ეტაპობრივად დაინერგება.

ელექტრონული ხელმოწერა ქაღალდის დოკუმენტზე ხელმოწერი ალტერნატივას წარმოადგენს. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მოდელის საფუძველზე მას მინიჭებული აქვს მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და იგი ბანკსა და კლიენტს შორის წარმოშობს იდენტურ უფლება–მოვალეობას. პროკრედიტ ბანკში გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით შესაძლებელია ხელმომწერის იდენტიფიცირება და ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის დადგენა.

მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის მსგავსად, ელექტრონული ხელმოწერა სრულდება მხოლოდ ბანკის ტერიტორიაზე უშუალოდ მომხმარებლის მიერ, სპეციალურ მოწყობილობა – ხელმოწერის დაფაზე (ე.წ. sign pad). უნიკალური კოდის საშუალებით ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში კლიენტს სრულიად უფასოდ შეუძლია ორიგინალი დოკუმენტის ჩამოტვირთვა პროკრედიტ ბანკის ვებგვერდზე განთავსებული პორტალიდან http://edocs.procreditbank.ge და ელექტრონული დოკუმენტის მისთვის სასურველ ადგილას შენახვა.

სანდო და დაცული გარემოს უზრუნველყოფისთვის ეროვნული ბანკი თანამშრომლობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან. ამასთანავე, გარანტირებულია ოპერაციის უსაფრთხოება, ვიდაიდან დაცულია დოკუმენტის მთლიანობა და უცვლელობა. დოკუმენტის ან/და მისი შინაარსის ნებისმიერი ცვლილება ხელმოწერის შემდეგ, არღვევს ხელმოწერას რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ძალადაკარგულია. ასევე უზრუნველყოფილია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება მხოლოდ იმ დოკუმენტზე, რომელიც უშუალოდ ხელმომწერის მიერაა დადასტურებული. ბანკის მიერ გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის არსებული სისტემა უზრუნველყოფს ხელმოწერის პერსონალური მონაცემების დაცულობას და გამორიცხავს მათ გამოყენებას სხვა ნებისმიერ დოკუმენტზე.

მნიშვნელოვანია გაყალბებისგან თავის დაცვის მაღალი ხარისხი. ასევე უზრუნველყოფილია ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

ელექტრონული ხელმოწერის სისტემის ყველა უპირატესობის გათვალისწინებით, პროკრედიტ ბანკის კლიენტები თანამედროვე, დაცული და მოქნილი სისტემით ისარგებლებენ საბანკო მომსახურების მიღებისას.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც სექტორის მარეგულირებელმა, აღნიშნული პროექტის შემუშავებისას იხელმძღვანელა ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი დირექტივითა და ელექტრონული ხელმოწერის სტანდარტიზაციის ევროპის ინიციატივის რეკომენდაციებით.

ელექტრონული ხელმოწერა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული საბანკო სექტორის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი განვითარებისთვის.

“ელექტრონული ხელმოწერის სისტემა ინოვაციაა საქართველოს საბანკო სფეროსთვის, რომელიც ეროვნულ ბანკთან აქტიური თანამშრომლობით განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ პროკრედიტ ბანკის კლიენტები იქნებიან პირველები, რომლებიც ამ თანამედროვე მომსახურებით ისარგებლებენ. პროექტის მნიშვნელოვნებას მისი ეკოლოგიური ხასიათიც განაპირობებს. მოგეხსენებათ, ყოველდღიურად საბანკო დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს უამრავი ქაღალდი იხარჯება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ხე-ტყის გაჩეხვაზე. ხშირ შემთხვევაში ხელმოწერილი ქვითრები მომსახურების მიღების შემდეგ უსარგებლო ხდება. ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით ქაღალდის მოხმარება საგრძნობლად შემცირდება და ამით ჩვენს წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის საკითხში, მომხმარებლებს არ მოუწევთ ხელმოწერილი ქვითრის შენახვა ვინაიდან, ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებისას მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დოკუმენტის ელექტრონული დედანის მიღება”, – განაცხადა პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორმა საშა ტერნესმა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial