როგორ განიკარგება 875 მილიონ ლარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებს 11 თებერვალს სამინისტროს მიერ დაგეგმილი, 2014 წელს განსახორციელბელი პროექტები გააცნო. შეხვედრა „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა ასოციაციის წევრმა 105-მდე კომპანიამ მიიღო.
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან მოხდა 2014 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია და განხილულ იქნა ბიზნესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

2

შეხვედრაზე მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა დაგეგმილი პროექტების შესახებ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 875 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება 501 მილიონი ლარი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის – 187 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის – 131 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის – 50 მილიონი ლარი; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მართვისთვის – 5 მილიონი ლარი. გარდა ამისა, დამატებითი დაფინანსება გამოეყო: „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ – 16 მილიონი ლარი; „თეთნულდ დეველოპმენტს“ – 10,6 მილიონი ლარი; მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას – 10 მილიონი ლარი.

გრაფიკი #1. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტი

narmania, cxrili 1

დავით ნარმანიას განცხადებით, სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2014 წელს დაგეგმილია მინიმალურად აუცილებელი სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტების კონტროლი და ახალი რეგულაციების მომზადება; სატენდერო პირობებში უფრო მკაცრი და მკაფიო ხარისხის მოთხოვნების ჩადება; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ხარისხის კონტროლის გაძლიერება; ელექტრონული გეოინფორმაციული სისტემის (GIS) შემდგომი განვითარება.

ამასთანავე, 2013 წელს მოხდა 7 რეგიონისთვის განვითარების სტრატეგიების შემუშავება, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. 2014 წელს მოხდება შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება.

გზებისა და ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობა

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 კილომეტრ საავტომობილო გზას და 30 საავტომობილო ხიდს. აგრეთვე, აშენდება 5 ახალი ხიდი.

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად წარიმართება 7 მონაკვეთზე, ჯამში, 140 კილომეტრზე. დაიწყება აგარა- ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა – სამშენებლო გზის სიგრძე შეადგენს 12 კილომეტრს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება მშენებლობა; დაიწყება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა – სამშენებლო გზის სიგრძე 30 კილომეტრია. სატენდერო პროცედურები დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს მომდევნო მონაკვეთის პროექტირება; დაიწყება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა – სამუშაოების განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“. სამუშაოები დაიწყება პირველ და მესამე მონაკვეთებზე, ხოლო მეორე მონაკვეთზე დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და გადაგზავნილია დონორ ორგანიზაციასთან (აზიის განვითარების ბანკი). დონორის თანხმობის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი; პირველი და მესამე მონაკვეთების ბიუჯეტი 88,761,128.95 ლარია.

დასრულდება რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობა – 2014 წელს ბეტონის საფარი მოეწყობა 16 კილომეტრიან მონაკვეთზე. მოეწყობა 4 ხიდი, 2 ხიდი-ესტაკადა, 5 გზაგამტარი. პროექტის ღირებულება – 70,8 მილიონი ლარი; დასრულდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა – 2013 წელს მოეწყო 6.2 ბეტონის საფარი. გზის მშენებლობა დასრულდება 2014 წელს. ჯამში, აშენდება 3 ხიდი და 5 გზაგამტარი. სამშენებლო გზის სიგრძე 25,6 კილომეტრია, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 115 მილიონ ლარს შეადგენს.

1

გრძელდება ზესტაფონი-ქუთაისი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა – 2013 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოეწყო 6,2 კილომეტრი ბეტონის საფარი. მთლიანობაში სამშენებლო გზის სიგრძე შეადგენს 32.5 კილომეტრს. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდება, ხოლო ზესტაფონი-ქუთაისის გზის მშენებლობა – 2015 წელს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 245,5 მილიონი ლარი; გრძელდება ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობა – სამშენებლო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. მთლიანობაში აშენდება 16 ხიდი და 2 გვირაბი. პროექტის ჯამური ღირებულება 209,8 მილიონი ლარია.

იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა

ზუგდიდსა და ფოთში აშენდება დევნილთა 15 საცხოვრებელი კორპუსი (ზუგდიდში რვა 356-ბინიანი კორპუსი, ხოლო ფოთში შვიდი 280-ბინიანი კორპუსი); გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, მოხდება წყალსადენი სისტემისა (9 სოფელში) დრენაჟის (7 სოფელში) რეაბილიტაცია. ამბულატორიების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში აშენდება 81 ამბულატორია და 1 გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ამისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2,4 მილიონი ლარი.

წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ კრედიტის სახით გამოყოფილი 40 მილიონი ევრო და გრანტის სახით გამოყოფილი 8 მილიონი ევრო მოხმარდება წყალმომარაგების გაუმჯობესებას. 25 ქალაქსა და 3 დაბაში მოხდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია. გაგრძელდება ქუთაისის, ანკლიისა და ფოთის წყალმომარაგების 60-მილიონიანი პროექტი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტით დამატებით 16 ქალაქში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რისთვისაც კომპანია 6,7 მილიონ ლარს დახარჯავს.

მყარი ნარჩენების მართვა

ქვეყნის მასშტაბით კეთილმოეწყობა და გამართულ საექპლუატაციო რეჟიმში შევა 8 ნაგავსაყრელი საგარეჯოში, მარნეულში, კასპში, ხაშურში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ფოთსა და დუშეთში; შეძენილი იქნება ახალი ტექნიკა; დაიწყება იმერეთის ნაგავსაყრელის პროექტირება. მესტიაში დაგეგმილია თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება – საფრანგეთის მთავრობის მიერ სესხის სახით გამოყოფილი 18 მილიონი ევრო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი 40 მილიონამდე ლარი. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2016 წლისათვის. პირველადი პროექტის მიხედვით განსაზღვრულია ჯამში 3 საბაგიროს მშენებლობა.

„საუკუნის პროექტები“

არხოტში დაიწყება 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.

დაიგეგმა საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობაც. საჩხერე-შქმერის გზის მონაკვეთზე პირველმა ტრაქტორმა 2013 წლის ოქტომბერში უკვე გაიარა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება.

შეხვედრას დადებითად აფასებენ მიწვეული ბიზნესმენები, ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა სასარგებლოა. საექსპორტო-საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „ვალენსია ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ზურაბ აგლაძე: „ჩვენთვის, როგორც ბიზნესმენებისთვის, ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ შეხვედრას ესრებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში შეიძლება იყვნენ ჩართულნი. ჩემთვის, როგორც დეველოპერისთვის, ძალიან საინტერესო იყო იმ პროექტების წარმოჩინება, რომელიც 2014 წელს განხორციელდება. კერძოდ მე დამაინტერესა დევნილებისთვის სახლების მშენებლობის პროცესმა“.

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, ბიზნესმენების დავით ნარმანიასთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა:

„მსგავსი ტიპის შეხვედრები იგეგმება იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნებია კომპანიების მხრიდან. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო კომპანიებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ, გასცნობოდნენ სახელმწიფოს ტენდერების პირობებს და, ზოგადად, ჩამოყალიბებულიყო სისტემური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. აქცენტი გაკეთდა საშუალო ზომის კომპანიებზე, რათა მათ უფრო მეტი წვდომა ჰქონოდათ სახელმწიფო პროექტებთან“.

ფოტოები ეკუთვნის თაკო ვარდოსანიძეს

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial