საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადავა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეს-კონფერენცია გამართა. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ტყეშელაშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კონცეფციის პრეზენტაცია ჩაატარა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

რამდენიმე თვის აქტიური მუშაობის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმას. როგორც ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დოკუმენტი მომზადდა უპირველეს ყოვლისა მაუწყებლების მოთხოვნების გათვალისწინებით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. მან ასევე ისაუბრა იმ დადებით მხარეებზე, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას აქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე მაუწყებლებისა და მოსახლეობისთვის. პირველ რიგში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს ედიაპლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებასა და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მაგალითად, დღეს არსებული ერთი სატელევიზიო სიხშირით მომავალში 15-მდე ციფრული სატელევიზიო არხი გავრცელდება. ეს თავის მხრივ საშუალებას მისცემს როგორც არსებულ, ასევე ახალ ტელემაუწყებლებს, გავრცელდნენ ღია ეთერით მთელი საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწოდონ მაუწყებლობა. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი. ამასთან, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – ის მომავალში მე-4 თაობის ინტერნეტის გავრცელების შესაძლებლობას იძლევა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მაუწყებლობას იღებენ ღია ეთერით, ე.წ. “სახლის ანტენებით“ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე.წ. სეთ-თოფ ბოქსები, რომლებიც 2014 წლიდან უფრო მასობრივად შემოვა საქართველოში და რომელსაც ექნება განმასხვავებელი ჰოლოგრამული ნიშანი-სტიკერი, რაც მომხმარებელს გაუადვილებს მათ ამოცნობას. ამასთან, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფომ გაითვალისწინა სოციალურად დაუცველი ოჯახების “სეთ-თოფ-ბოქსებით“ უზრუნველყოფის საკითხიც. კერძოდ, 70 000 ქულაზე ნაკლები შემოსავლის ოჯახებს ისინი უსასყიდლოდ გადაეცემა. ამასთან, მთავრობა მუშაობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესების კუთხითაც, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ტელევიზორები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა “ციფრული მაუწყებლობის სააგენტო“, რომელიც უხელმძღვანელებს რეფორმის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, კერძოდ:
განხორციელდება საინფორმაციო სახის სოციალური რეკლამებისა და კლიპების დამზადება და მომხმარებლებისთვის საცნობარო ბუკლეტების შედგენა;
შეიქმნება ცხელი ხაზი, სადაც თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საჭირო ამომწურავი ინფორმაცია.

წყარო: www.economy.ge