ეკონომიკის ზრდა შეჩერებულია

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა საქართველოში 0.0 პროცენტი, ხოლო 2013 წლის აპრილ-მაისის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა. 2013 წლის იანვარ-მაისის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.
საქსტატის წინასწარ მონაცემებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პროგნოზების შემცირების შესახებ საუბრობენ სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სარეიტინგო სააგენტოები.
Standard and Poor’s-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესებას 2013 წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს, ხოლო 2013-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის საშუალოდ 5%-მდე მიღწევას პროგნოზირებს.

სარეიტინგო სააგენტომ 2013 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, პროგნოზის შეცვლა 2013 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა ეკონომიკური ზრდის 1,7%-იანმა მაჩვენებელმა გამოიწვია, თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის დარჩენილი პერიოდი ბევრად წარმატებული იქნება და სააგენტოები პროგნოზებს გადახედავენ.
ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის აზიმ სადიკოვის განცხადებით: ”საქართველოში ეკონომიკა გზაჯვარედინზეა. 9 თვის განმავლობაში არჩევნების შემდეგ ეკონომიკის ზრდის ტემპი ცოტა შენელდა. თუმცა ეს შენელება არჩევნებამდე დაიწყო. პირდაპირი ინვესტიციები ცოტა ადრე შენელდა. თავიდან ძირითადად ინვესტიციები შემცირდა. ინვესტორებმა გადაწყვიტეს, რომ მოლოდინის რეჟიმში გადასულიყვნენ. მიზეზები ნათელია. ეს იყო პოლიტიკური ტრანსფორმაცია, მოვიდა ახალი მთავრობა და ასე შემდეგ. პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობა იყო და ეს რჩება ახლაც. ბიზნესმა გვითხრა, რომ მათ არ აქვთ სრული ინფორმაცია გასატარებელი პოლიტიკის შესახებ. ეს არის პირველი მიზეზი”.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელების მიზეზი ისიცაა, რომ სახელმწიფო ხარჯები არ გაიწია იმ ტემპებით, როგორც იყო დაგეგმილი. მთავრობამ გადაწყვიტა თავიდან განეხილა შესყიდვის პროცედურები და ამის გამო ზოგიერთი პროექტი შენელდა. მთავრობის მიზანი იყო, ხარჯვის ხარისხი გაუმჯობესებულიყო, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ ვერ მოხერხდა თანხის დახარჯვა.

1
ეკონომიკის ზრდის მომავალი ტემპების მიმართ ექსპერტები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი. აზიმ სადიკოვი: ”ჩვენ გვწამს, რომ ეს დროებითი მოვლენაა. ზემოთ აღვნიშნე, რომ ეკონომიკა გზაჯვარედინზეა, ეს იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო შენელების პერიოდი, ახლა აღმავლობის პერიოდი უნდა დაიწყოს…… ამ წუთში ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა უნდა შენარჩუნდეს და უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. მაგრამ ზრდა უნდა იყოს ყოვლისმომცველი. გასული წლების განმავლობაში (3-4 წლის განმავლობაში) ზრდა მაღალი ტემპით მიმდინარეობდა, მაგრამ დასაქმების ზრდა არ გამოიწვია, სიღარიბე ძალიან მცირედით შემცირდა. როცა ეკონომიკა იზრდება, მისი მომგებიანობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს. ასეთ შემთხვევაში, ზრდა მდგრადი იქნება და ამას ყველა იგრძნობს”.

2
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამჟამინდელი წლიური პროგნოზი არის 4 პროცენტი. თუმცა მათივე შეფასებით, პროგნოზი ყოველთვის პროგნოზია და გაურკვევლობები ახლავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელია. მოდის ასევე საპრეზიდენტო არჩევნები. ”პროგნოზები განსხვავდება, ზოგი 3 პროცენტს ვარაუდობს, ზოგი 4 პროცენტს. ჩვენ წლის ბოლოს 4 პროცენტს ვვარაუდობთ”, _ აცხადებენ სავალუტო ფონდში.