თბილისი რეგიონის ფინანსური ცენტრი
7 მარტს, „თბილისი მარიოტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, რომ ღონისძიება ორ მთავარ მიზანს ემსახურება: ეროვნული ბანკის გამჭვირვალობასა და თბილისის რეგიონის ფინანსურ ცენტრად ქცევას:
„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია. ამაზე მიუთითებს თუნდაც იმ ინფორმაციის ოდენობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე. რაც მთავარია, ჩვენი გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს-სექტორისთვის, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის, რადგან ზუსტად იცოდნენ, რა დევს ჩვენი გადაწყვეტილებების უკან და სწორი ანალიზი და პროგნოზი გააკეთონ, სწორად შეაფასონ რისკები, რაც მათ ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. მეორე მიზანია, საქართველო და თბილისი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი, ამას სჭირდება ძალიან თანმიმდევრული და დაუღალავი შრომა ბევრი მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულება ზუსტად არის ის, რომ თბილისში მუდმივად იმართებოდეს კონფერენციები და იყოს ადგილი, სადაც რეგიონის სხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, მუდმივად ჩამოვლენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, გაეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს და მიიღებენ ამის შესახებ ინფორმაციას“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მასუდ აჰმედმა, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა ზდენიეკ ტუმამ და სხვა მაღალი რანგის მომხსენებლებმა. კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია აღწერს მონეტარული პოლიტიკის ძირითად პრინციპებს საქართველოში და მისი განვითარების მიმართულებებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რასაც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით აღწევს. რაც უფრო ეფექტიანია მონეტარული პოლიტიკა, მით უფრო დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯითაა შესაძლებელი ფასების სტაბილურობის მიღწევა. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის კიდევ უფრო ზრდას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის.
როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ეყრდნობა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე ეროვნული ბანკი 2009 წელს გადავიდა. აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას და ინსტრუმენტების იმგვარად მართვას, რომ საშუალვადიან პერიოდში მიღწეულ იქნას ინფლაციის მიზნობრივი დონე.
„ინფლაციის ეფექტიან თარგეთირებას ბევრი კომპონენტი აქვს, რომელთა გაუმჯობესება მუდმივი პროცესია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრესი ბაზრის განვითარებისა და სწორი ფუნდამენტის მშენებლობით იყოს მიღწეული და არა რაიმე ადმინისტრაციული მეთოდებით. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ერთ-ერთ უპირატესობას მისი გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიმარტივე წარმოადგენს, ვინაიდან წინასწარ დადგენილი ერთი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი და შეიქმნას სწორი მოლოდინები მონეტარული პოლიტიკის მიმართულების შესახებ“, – განაცხადა ქადაგიძემ.
მსოფლიოს ყველა ძირითადი ცენტრალური ბანკის მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ინსტრუმენტად გამოიყენება მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, რომელთა ცვლილება შემდგომ გრძელვადიან განაკვეთებს გადაეცემა და ეკონომიკის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს გააჩნია დროითი ლაგი, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს დაახლოებით 4-6 კვარტალს. მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტის ცვლილება გავლენას ახდენს მომავალ ინფლაციაზე, ამიტომ, ფასების სტაბილურობის ეფექტიანად მიღწევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპროგნოზო ინფლაცია.
საპროცენტო განაკვეთების მართვისას ეროვნული ბანკის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი. მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი ეყრდნობა ეკონომიკის მრავალმხრივ ანალიზსა და მაკროეკონომიკურ მოდელირებას.
ამჟამად საქართველო წარმოადგენს მზარდ ეკონომიკას და მსგავსი ტიპის ეკონომიკისთვის დამახასიათებელია ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპი, 2014 წლისთვის ეროვნულმა ბანკმა მიზნობრივი ინფლაცია განსაზღვრა 6 პროცენტით, 2014-2015 წლებისათვის კი – 5 პროცენტით.
გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებულ ქვეყნებთან დაახლოების პარალელურად, ეტაპობრივად შემცირდება ინფლაციის ოპტიმალური დონე და, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შემცირდება მის გრძელვადიან დონემდე.
მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიაზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოში მოქმედ მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს მცირე ზომის ღია ეკონომიკას, რომელიც არის მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი. საკამათო არ არის, რომ საქართველოსთვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი.
ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გულისხმობს სავალუტო ბაზარზე მინიმალურ ჩარევას. სავალუტო ინტერვენციების მიზანია კაპიტალის დროებითი, ჭარბი ნაკადების გამო გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევების შემცირება და კერძო და სახელმწიფო სექტორების საგარეო დაფინანსებებს შორის დისბალანსის ნაწილობრივ კორექტირება გრძელვადიან პერიოდში.
გიორგი ქადაგიძე: „სავალუტო ბაზრის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გაატარა გაცვლითი კურსის რეფორმა და მანამდე არსებული თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა სავალუტო აუქციონებით ჩაანაცვლა. ამ რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის ინტერვენციების საჭიროება სავალუტო ბაზარზე. ახალმა პოლიტიკამ საგრძნობად გაზარდა კურსის მოკლევადიანი მერყეობა, რაც სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამგვარად, გაცვლითი კურსი გახდა არაპროგნოზირებადი მოკლევადიან პერიოდში, რამაც მოხსნა დესტაბილიზაციური სპეკულაციისადმი ინტერესი და შედეგად გაიზარდა ლარის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში“.
ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გულისხმობს სავალუტო ბაზარზე მინიმალურ ჩარევას. სავალუტო ინტერვენციების მიზანია კაპიტალის დროებითი, ჭარბი ნაკადების გამო გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევების შემცირება და კერძო და სახელმწიფო სექტორების საგარეო დაფინანსებებს შორის დისბალანსის ნაწილობრივ კორექტირება. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ გრძელვადიან პერიოდში ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს სავალუტო ინტერვენციების კიდევ უფრო შემცირებას და საბოლოოდ გაუქმებას.
ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად და რეალურ ეკონომიკაზე გადასაცემად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ლარიზაციის დონე. სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნის მიზნით, ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს ეროვნული ვალუტის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რაც აისახება ლარიზაციის მაჩვენებლების ზრდაზე და შედეგად მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.
სწორედ ამ მიზნით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვასთან ერთად, 2010 წელს გააქტიურებულ იქნა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი – რეფინანსირების სესხები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები. ამ ინსტრუმენტის ამოქმედებამ საშუალება მისცა კომერციულ ბანკებს, უკეთ მართონ მიმდინარე ლიკვიდობა. რაც ბანკებს მნიშვნელოვანი საოპერაციო დანახარჯების ეკონომიის და, შესაბამისად, ლარით სესხების უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეთავაზების საშუალებას აძლევს. კომერციული ბანკებისთვის ლარით რესურსის მოზიდვის წახალისების მიზნით, მოხდა მინიმალური სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის დიფერენციაცია ვალუტების მიხედვით. ამასთან, ეროვნული ვალუტით სარეზერვო მოთხოვნების დაცვა ორკვირიანი დასაცავი პერიოდების განმავლობაში საკორესპონდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის მიხედვით წარმოებს, რაც კიდევ უფრო ამსუბუქებს სარეზერვო მოთხოვნის ტვირთს ლარის რესურსისთვის. სარეზერვო მოთხოვნების ამგვარი ფორმირება კომერციული ბანკებისთვის ლარით რესურსის მოზიდვას უფრო მიმზიდველს ხდის.
კონფერნციაზე ასევე ისაუბრეს ფულადი ბაზრის გაღრმავების ხელშეწყობაზე, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობისა და ვადიანობის ზრდამ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკრედიტო და საოპერაციო რისკების შესამცირებლად. კერძოდ, ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბლუმბერგის სისტემაში შეიქმნა სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვა და ანგარიშსწორება ხდება ავტომატურად და შედეგად საოპერაციო და ტრანზაქციული რისკები ფაქტობრივად ნულამდეა დაყვანილი.
კონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის მოხდა ეროვნული ვალუტით ცვლადი საპროცენტო განაკვეთებით სესხების წახალისება. აღნიშნული ტიპის სესხების პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტით სესხების გაცემას, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი. თუმცა, ქადაგიძემ დასძინა, რომ საქართველოში ცვლადი საპროცენტო განაკვეთით სესხების წილი მთლიან სესხებში ჯერ კიდევ ძალიან მცირეა, როცა სხვა განვითარებულ და ზრდადი ეკონომიკის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტიპის სესხების შემთხვევაში ბანკი დაცულია საპროცენტო განაკვეთის რისკისგან, რაც მას განაკვეთების შემცირების საშუალებას აძლევს, ისინი ასევე არ შეიცავენ ვალუტების შეუსაბამობით გამოწვეულ საკრედიტო რისკებს, რაც დამატებით ამცირებს ვალის მომსახურების ტვირთს.
კონფერენციაზე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში, ჩეხეთსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის განვითარების ეტაპები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სებ-ის მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა. მათი განცხადებით, საქართველოს ერონული ბანკი ახორციელებს სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. სწორედ ამდაგვარი პოლიტიკის შედეგად აღწევენ ქვეყნები მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, ხელმისაწვდომ და იაფ საბანკო პროდუქტებს, აღნიშნეს გამომსვლელებმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის, რომლის არჩევანი ევროპაა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია ქაღალდად დარჩება თუ არ იქნება მჭიდრო კავშირი ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას შორის: „აუცილებელია ერთიანი მიზნების ჩამოყალიბება და ამ მიზნებისთვის ბრძოლა, ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა იმისთვის, რომ სრული წარმოდგენა გვქონდეს არსებულ სიტუაციაზე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“.
ამ თანამშრომლობით და კოოპერაციით შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების, დაბალი ინფლაციისა და ასევე უმუშევრობის დაბალი დონის მიღწევა.