რა შეთანხმებას მიაღწია დავით ნარმანიამ SIDA-ს წარმომადგენლებთან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლოდ თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, გაეცნონ სამინისტროსთვის პირველხარისხოვან, პრიორიტეტულ საკითხებს, რათა მათ მოგვარებასა და გადაჭრაში ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღმოუჩინონ. როგოც SIDA-ს აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, მირჟა პეტერსონმა აღნიშნა, ორგანიზაციის მიზანია, ითანამშრომლოს საქართველოსთან ისეთ საკითხებში, რომლებიც ქვეყნის რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემებისა და მყარი ნარჩენების მართვის მოწესრიგების საკითხებზე. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე პრიორიტეტული გახლავთ რეგიონული ნაგავსაყრელების მოწესრიგება. რამდენიმე მათგანი (თელავსა და ახალციხეში) უკვე გაიხსნა და უახლოეს მომავალში სხვა რეგიონების ნაგავსაყრელებიც მოწესრიგდება. ამის შემდეგ სამინისტრო უკვე სხვა ქალაქების ნაგავსაყრელების რეაბილიტაციაზე, ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობასა და ძველი, მწყობრიდან გამოსული პოლიგონების დახურვაზე იზრუნებს.

ამავდორულად მიმდინარეობს მუშაობა მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. რაც შეეხება წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების საკითხს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ. გრძელდება გამრიციხველიანების პროცესიც. დავით ნარმანიას თქმით, კომპანიის მიზანია, არა მხოლოდ უზრუნველყოს რეგიონების უწყვეტი წყალმომარაგება, არამედ გაწეული ხარჯების დაფარვასა და მოგებაზე გასვლაზეც იზრუნოს.

შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო არის შვედეთის სამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა. სააგენტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს 650 თანამშრომელი. SIDA-ს ფინანსური რესურსები ნაწილდება არასამთავრობო ორგანიზაციების, მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ევროკავშირის, ასევე სხვა ორგანიზაციების მეშვეობით. ამ დახმარებით სააგენტო ცდილობს, რომ ცალმხრივი ხასიათის ე.წ. „საერთაშორისო დახმარება“ ჩაანაცვლოს „საერთაშორსიო განვითარების თანამშრომლობის“ მიდგომით.

ორგანიზაცია აფინანსებს 2000-ზე მეტ პროექტს 100-ზე მეტ ქვეყანაში (აქედან 20-ზე მეტი წარმოადგენს სამიზნე ქვეყანას). სააგენტო ცდილობს თავისი პროექტები სხვადასხვა კომპანიასთან, ცნობილ მოძრაობასთან, ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან და სამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით განახორციელოს. სააგენტო საქმიანობა გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს – აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებს.

SIDA-ს პროექტები საქართველოში

SIDA-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას საფუძველი 2010 წლის დეკემბერში ჩაეყარა. შვედეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება მიზნად ისახავს: დემოკრატიული პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს შექმნას, რომელიც აიღებს ვალდებულებას, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის განვითარების მყარი საფუძველი. დახმარება, რომელსაც შვედეთი საქართველოს უწევს, ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობას და ისეთი შეთანხმების შესრულებაში დახმარებას, რომლითაც შეიძლება შეიცვალოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, მაგალითად, ასოცირებული შეთანხმება. შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელდა მასშტაბური „დამისამართების პროგრამა“, მისი მხარდაჭერით მიმდინარეობს მთარგმენლობითი ცენტრის ფორმირება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი შვედური მხარე ურთიერთთანამშრომლობის პროექტს ახორციელებს. 2011 წლის 9 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და შვედეთის მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც შვედეთის სტატისტიკის სამსახური დახმარებას უწევს საქსტატს. პროექტის საერთო ღირებულებაა: 16.1 მლნ, შვედური კრონი (4.067 მლნ. ლარის ეკვივალენტი) – ხანგრძლივობა: სამი წელი. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

თანამშრომლობის სამი ძირითადი კომპონენტია სტატისტიკური მეთოდების სრულყოფა; ეროვნული ანგარიშები და ფასების სტატისტიკა. საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, შვედეთის სტატისტიკა საქსტატს დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრეინინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

როგორც SIDA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა ქვეყანაში მათი მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთან თანამშრომლობისას. ამისათვის ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასთან ბევრი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მენეჯმენტი და საჯარო დოკუმენტაციის მოწესრიგება-კადასტრი. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასევე სხვა საერთაშორისო დონორებთან ერთად იღებს მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასთან დაკავშირებულ პროექტებში.

Leave a Reply

Your email address will not be published.