ამერიკელი რეინჯერები ბაქოს ხიზილალას ეძალებიან

ეკა ლომიძე

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია (წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით) უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აზერბაიჯანის როლს კავკასიის რეგიონში, რაც გამოწვეულია ვაშინგტონის ახალი მიდგომით მთლიანად კავკასიისადმი. ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მიმართ ფიქსირდებოდა საყოველთაო ჰუმანიტარული დახმარების მცირე პროცენტისა და აშშ-ის პოზიციით ყარაბახის პრობლემასთან მიმართებაში. “ოკეანის მიღმა აზერბაიჯანს ბანანების რესპუბლიკად უკვე დიდი ხანია მიიჩნევენ, რომლის დახმარებაც არ ღირს”.

ასე გამოხატავდა აზერბაიჯანის პრესა გულისტკივილს აშშ-ის პოლიტიკის მიმართ. რაც შეეხება USAID-ის ჰუმანიტარულ დახმარებას კავკასიის ქვეყნების ხაზით, ასეგამოიყურება: ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ სომხეთს, რომლის მოსახლეობა ორჯერ ნაკლებია აზერბაიჯნის მოსახლეობაზე, ორჯერ მეტი დახმარება გაუწიეს, ვიდრე აზერბაიჯანს. აქედან გამომდინარე, ოფიციალური ბაქო თვლიდა, რომ აშშ-თვის აზერბაიჯანი არ წარმოადგენს სტრატეგიულ ქვეყანას. დღეს სურათი სხვაგვარია. აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას აზერბაიჯანში გააჩნია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინტერესები. ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებული დაძაბულობა ვაშინგტონს აიძულებს, ყურადღება გაამახვილოს ნავთობის ალტერნატიული წყაროებისკენ. ამასთანავე, ბოლო პერიოდში, შესამჩნევად გაიზარდა აშშ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური სტრუქტურების ჩართვის ტენდეცია კასპიის ნავთობპროექტში.

თუმცა, 1992 წელს ამერიკის კონგრესის მიერ ?თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” 907-ე შესწორებას ოფიციალური ბაქო მოთმინებიდან გამოჰყავდა. 907 საყვარელი ციფრი გახდა როგორც აზერბაიჯანის მასმედიის, ასევე პოლიტიკური წრეებისთვის. ამ სამმა მოჯადოებულმა ციფრმა აზერბაიჯანის ხელისუფლება აიძულა და 1995 წელს აიყვანა ლობი კომპანია აშშ-ში, რომ რამენაირად შეეცვალა 907 შესწორება. მაგრამ ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ოკეანის მიღმა ლობისტები ვაშინგტონის საადვოკატო კომპანიიდან მხოლოდ ?წვრილფეხა აფერისტები” გამოდგნენ, რომლებმაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან რამდენიმე მილიონი დოლარი ჩაიჯიბეს. 1997 წლის ივლისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ვიზიტისას აშშ-ში გაჩნდა იმედი, რომ ძალინ მალე ამერიკის კონგრესი შეცვლიდა 907-ე შესწორებას, მაგრამ ამაოდ. ეს ?ოპტიმიზმი” ემსახურებოდა პროამერიკული ორიენტაციის გამყარებას აზერბაიჯანში, რამაც ოფიციალური ბაქოს განცხადებით, მკვეთრად გააუარესა ქვეყნის ურთიერთობა რუსთთან და ირანთან.

ოფიციალური აზერბაიჯანისთვის ყველაზე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აშშ ასე ექცევა ქვეყანას, რომელიც ფაქტობრივად სტრატეგიულ როლს თამაშობს კავკასიისა და კასპიისპირა რეგიონებში, სადაც აშშ-ს ჩადებული აქვს მიახლოებით 3 მილიარდი დოლარის ამერიკული ინვესტიციები და ქვეყანას, რომელმაც უარი თქვა ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, როგორებიც არიან რუსეთი და ირანი, ბრმად მიიღო ყველა მოთხოვნა აშშ-ის ადმინისტრაციისგან. კლინტონის ადმინისტრაციის პოზიცია ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში აზერბაიჯანისთვის პოზიტიური აღმოჩნდა.

გასულ წელს კი აშშ-ში გამართულ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით პროაზერბაიჯანული ტენდენციებით ხასიათდებოდა. ალიევისა და ქოჩარიანის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმოხილვა, რომლის შეფასების დროსაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა პირველად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპირების საკითხი სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და ყარაბახის სეპარატისტების მიერ. აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის სპიკერმა, რიჩარდ შელბიმ წინა პლანზე წამოსწია “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” 907-ე შესწორების გაუქმების საკითხი, რომელიც აზერბაიჯანისათვის აშშ-ის სამთავრობო დახმარების აღმოჩენას კრძალავს. რუსეთის მისწრაფება აღადგინოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში, განაპირობებს აშშ-ის მიერ საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერების მცდელობას აღნიშნულ რეგიონში, ხოლო, თავის მხრივ, ოფიციალური ბაქო ცდილობს აშშ-რუსეთის მეტოქეობის ფაქტორის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას.

სომხეთის პოლიტიკურ წრეებში თვლიან, რომ ქვეყანაში ეფექტური ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის კლანური ეკონომიკა, რომლის აღმოფხვრა, ბუნებრივია, უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. ეს “მსხვერპლი” პოლიტიკურ სფეროსაც შეეხება.

ეფექტური ეკონომიკა, ეფექტური სახელმწიფოებრივი მართვით იწყება. სომხეთის ექს-პრემიერ მინისტრი, არმენ დარბინიანი, ერთ-ერთ ინტერვიუში საკითხს შემდეგნაირად აყენებს: არაეფექტური სახელმწიფოებრივი მართვის შედეგია ის კოლოსალური რიცხვი, ბიუჯეტზე მომუშავე მოხელეების, რომელიც დღეს სომხეთში რეალურად არსებობს. ამ ფონზე კი ნაკლები ყურადღება ექცევა კერძო ინიციატივებისათვის ხელშეწყობას.არადა, კერძო სექტორის განვითარებას მოჰყვება სწორედ ის სასიკეთო ძვრები, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის წინსვლას. დარბინიანის აზრით, ქვეყანაში კერძო ინიციატივის განვითარებას სომხური კლანური ეკონომიკა უშლის ხელს. სომხეთში მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლის მიღწევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ნორმალურია, მაგრამ ეს არ ვრცელდება სისტემურ მაჩვენებელზე, რადგან, ფაქტობრივად, სომხეთში არ მომხდარა დარგობრივი განვითარების სისტემიზაცია. ყველაზე მთავარი, დარბინიანის აზრით, არის ის, რომ სომხეთში არ არსებობს სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემდა ხელმძღვანელობას, გადასულიყვნენ ახალ ეკონომიკაზე, რომელიც ითვალისწინებს ახალ ტექნოლოგიებს, იდეებს, ორიგინალურ და ეფექტურ ბიზნეს-გეგმებს. ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდი დროა დაკარგული ძველი ეკონომიკის რეაბილიტაციის სფეროში, რომელიც მხოლოდ დროებით ეფექტს მოგვცემს. თუ ამ ფონზე, პარალელურად არ ჩაისახება ახალი ეკონომიკის განვითარების ტენდენცია, სომხეთი კიდევ ერთხელ დადგება სისტემური კრიზისის წინაშე.

სომხეთის ექს-პრემიერ მინისტრის განცხადებით, მასთან, პირად საუბარში საერთაშორისო, საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაოცება გამოთქვეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ფული კრედიტების სახით არის, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ბიზნეს-პროექტი, იდეა, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება. არადა, სომხეთმა 1997 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ ქვეყნის სტატუსი მიიღო,სადაც შეიძლება დაფინანსდეს კომერციული იდეა. ეს ხდება არა იმიტომ, რომ არ არსებობს სუბიექტი, უბრალოდ გაძლიერებულია კლანური ეკონომიკაა, რომელიც ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას.

სომხეთში ინფლაციამ 2002 წლის I კვარტლისათვის 0,9% შეადგინა. სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ტიგრან სარქისიანის განცხადებით, მოცემული მაჩვენებელი პროგრამით გათვალისწინებულში ჯდება და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში 2002 წლის მონაცემებით, ინფლაცია 3%-ით იყო დაგეგმილი.
აშშ კვლავ აქტიურად ეხმარება სომხეთს. ამერიკის ელჩის განცხადებით, სომხეთს სამხედრო საქმისათვის გამოეყო დაახლოებით 4 მილიონი დოლარი. ვაშინგტონი აფინანსებს აგრეთვე ერევნის ახლოს გახსნილ სასწავლო ცენტრს, რომელიც 65 განმნაღმველს მოამზადებს 3 თვის განმავლობაში. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ათობით ათასი ნაღმია, რომელთა უმრავლესობა არ არის აღნიშნული რუკაზე, რომლის მსხვერპლნი ხდებიან არა მარტო სომხეთის ჯარისკაცები, არამედ მოქალაქეებიც. ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული 65 კაცი, რომლებიც მეძებარ ძაღლებთან ერთად განაღმავენ აღნიშნულ ტერიტორიას.

1 ივნისიდან სომხეთში ამოქმედდება მსოფლიო ბანკის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოური ინვესტიციების სტიმულირებასა და 1 მილიონი დოლარის ღირებულების, სომხური პროდუქციის ექსპორტს. ამ პროგრამის ხელმძღვანელმა (მსოფლიო ბანკის მხრიდან) კარენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ დღესდღეობით ეს პროგრამა იმყოფება მოსამზადებელ ეტაპზე. ხელი მოეწერა საპასუხისმგებლო დოკუმენტს როგორც ცენტრალური ბანკის, ასევე სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ.

რაც შეეხება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას ეკონომიკურ ჭრილში, აქ მეტად საყურადღებოა ვალების რეგულირების საკითხი. რობერტ ქოჩარიანი და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომელიც ითვალისწინებს ვალების გაცვლას ინვესტიციებზე. ამ საკითხთან მიღწეულ შეთანხმებას რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ილია კლებანოვმა, პირველი, დიდი რეალური წინსვლა უწოდა სომხეთისა და რუსეთის თანამშრომლობის ბოლო ათი წლის მანძილზე.

სომხეთი ვალების სანაცვლოდ რუსეთს გადასცემს რამდენიმე საწარმოს, მათ შორის, ქარხანას “მარს”, ორ საწარმოს, რომელიც მოქმედებს ერევნის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან.

სომხეთში, 2002 წლიდან, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახალ ფაზაში შევიდა პროგრამა, რომელიც ეხება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დამკვიდრებას. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 10 მლნ დოლარს შეადგენს. დაახლოებით 800 მლნ დრაჰმი გამოიყოფა მოსახლეობის ჰიგიენური დაცვისათვის. დანარჩენი ნაწილი თანხის შესაბამისად გადანაწილდება ეპიდემიის, ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების დახმარებისათვის.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არარატ მარტიჩიანის განცხადებით, მოსალოდნელია, კადრობრივ დარგში შემცირება, რომელიც, ძირითადად, საპენსიო ასაკის მქონე მედპერსონალის ხარჯზე მოხდება.

დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სომხეთში სატელეკომუნიკაციო მონოპოლისტის “არმენტელ”-ის გადაწყვეტილებას, შიდასაქალაქო საუბრებზე წუთობრივი გადასახადის დაწესებას. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “არმენტელი” და სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო. საბოლოოდ, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც უკვე 15 აპრილიდან ამოქმედდა, დადგენილი ტარიფების ღირებულება, ფაქტობრივად, განახევრდა. ამ წლის ბოლომდე მოხდება სომხეთის თითქმის მთელი ტერიტორიის ათვისება; დამონტაჟდება ციფრული სატელეფონო სადგურები.

თითქმის ყველა სფეროში მიმდინარე პროცესების გაანალიზებით გამოკვეთილი სურათი,საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ სომხეთის ეკონომიკაზე, თვალი გადავავლოთ როგორც სომხეთ-რუსეთის, ასევე სომხეთ-დასავლეთის ურთიერთობებს. ორივე მხარისაკენ აქტიურად ხელგაწვდილი სომხეთი ორი კურდღლის მადევრის შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებს: რუსეთთან ზურგს ტრადიციული ურთიერთთანამშრომლობა უმაგრებს, დასავლეთში კი – ძლიერი დიასპორა.კვლავ გადავხედოთ წინა წლების ოფიციალური აზერბაიჯანის პოზიციას.

ოფიციალური ბაქო ეცადა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, აღედგინა ურთიერთობა რუსეთთან, რათა მოეპოვებინა მისი მხარდაჭერა როგორც ყარაბახის პრობლემის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების მემკვიდრეობის გადაწყვეტის საკითხში. აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას იმ საბაბით, რომ აზერბაიჯანის არმიას შეიარაღებაში გააჩნია ძირითადად საბჭოთა წარმოების ტექნიკა, რომელსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია, რემონტი და ახალი სამხედრო ტექნიკით შევსება. ამასთანავე, ერევანში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთ-აზერბაიჯანის დაახლოებამ, რაც, სომხეთის აზრით, მათი ინტერესების ხარჯზე შეიძლება მიმდინარეობდეს. თუმცა, აღნიშნულს რუსეთი უარყოფს. ოფიციალური ერევნისათვის, რუსეთ-აზერბაიჯანის დაახლოება შეასუსტებს მოსკოვის მხარდაჭერას სომხეთისადმი, ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

თავის მხრივ, ოფიციალურ ბაქოს გაბალინის რადიოლოკაციური სადგურის სახით მძლავრი ზემოქმედების ბერკეტი გააჩნია მოსკოვთან, პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობისას. აშშ-ის ანტიბალისტიკური ხელშეკრულებიდან გამოსვლის და ნაციონალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნის შემდეგ რუსეთისთვის გაბალინის რადიოლოკაციური სადგურის მნიშვნელობა და როლი რამდენჯერმე გაიზარდა.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა უყურადღებოდ არ დარჩენილა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. აღნიშნულმა ფაქტმა ოფიციალურ ბაქოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება ნამდვილად არ გამოიწვია. უფრო მეტიც, ამ გარემოებამ განაპირობა აშშ-ის მეტი აქტივიზაცია რეგიონში, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ წინადადებაშიც გამოიხატა.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს აშშ-მა გააკეთა განცხადება, რომ მზად არის სამხედრო მოქმედებებით დაეხმაროს აზერბაიჯანს იმ საზღვაო საზღვრების დასაცავად, რომელიც სადავო გახდა ბაქოსა და თეირანს შორის.

გასული წლის ივლისში, ოფიციალურ აზერბაიჯანსა და ირანს შორის წარმოიშვა დიპლომატიური კონფლიქტი, ნავთობით მდიდარ კასპიის ზღვის გაყოფის გარშემო. ირანის სამხედრო- საზღვაო ფლოტი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაემუქრა აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმას, რომელიც ოფიციალური თეირანის მოსაზრებით, შედიოდა ირანის ტერიტორიულ წყლებში. ამ დროიდანვე ნავთობის მოპოვება სადავო ზონაში შეწყდა.

ახლა კი ამ თემაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ღიად დაიწყო საუბარი. პენტაგონის წარმომადგენელმა, მირა რიკარდერმა განაცხადა, რომ აშშ და აზერბაიჯანი აგრძელებს ორმხრივ მოლაპარაკებას იმის თაობაზე, თუ რა სახის იქნება მათი თანამშრომლობა. პირველი შემთხვევაა, როცა ვაშინგტონი ასე ღიად ერევა აზერბაიჯან-ირანის დავაში და აზერბაიჯანს დახმარებას სთავაზობს. კასპიის აუზის ხუთი ქვეყანა: რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი და თურქმენეთი ყველაზე დიდი ტბის სასაზღვრო ზონებად დაყოფას სხვადასხვანაირად უდგებიან. მოსკოვი, ბაქო და ასტანე ოფიციალურად აცხადებს, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები სასაზღვრო ხაზის მიხედვით უნდა იყოს გადანაწილებული. თეირანი და აშხაბადი კი თვლის, რომ კასპიის ზღვა ხუთ, თანაბარ ნაწილად უნდა გაიყოს.

სპეციალისტების აზრით, ნავთობისა და ბუნებრივი მარაგის მიხედვით, კასპიის ზღვა მსოფლიოში მესამეა. რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარებას, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა სომხეთი და აზერბაიჯანი ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომელთაც ეკრძალებოდათ ამერიკული წარმოების იარაღის გაყიდვა. აშშ ამ ფაქტს ერევანსა და ბაქოში დამაკმაყოფილებელი ტენდენციების განვითარებით ხსნის. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბუშმა აზერბაიჯანს სანქციები მოუხსნა და განაცხადა, რომ ეს ზომები გატარდა ამერიკის მხრიდან დაწყებული ანტიტერორისტული კამპანიის მხარდასაჭერად.

აზერბაიჯანს ამერიკის მხრიდან დახმარება 1992 წელს შეუწყდა იმ სარკინიგზო ბლოკადის საპასუხოდ, რომელიც მან სომხეთის წინააღმდეგ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დროს განახორციელა.

ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციის მოხსნა არ ითვალისწინებს იმას, რომ არ მოიძებნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზები.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ჰეიდარ ალიევმა მხარი დაუჭირა ამერიკის ანტიტერორისტულ კამპანიას და ოფიციალურ ვაშინგტონს მისცა უფლება, გამოიყენოს აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე სამხედრო შენაერთებისა და ტვირთების გადასაზიდად ცენტრალური აზიის ბაზებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანის მომავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ზოგადად კავკასიაში შექმნილ გეოპოლიტიკურ სურათსა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსზე.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის ხელისუფლებაში, რუსეთის აქტიური ხელშეწყობით, პრორუსულად განწყობილი ძალები მოვლენ, რუსეთის მიერ შექმნილ სტრატეგიულ ღერძს – რუსეთ-სომხეთ-ირანი, დაემატება აზერბაიჯანიც, რაც, პრაქტიკულად, გამოიწვევს კავკასიაში ევროპა-აზიის გეოეკონომიკური კავშირის გაწყვეტას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აშშ უფრო აქტიურად ინტერესდება აზერბაიჯანით, სთავაზობს მას უკვე კონკრეტულ სამხედრო დახმარებას. კავკასიაში გეოეკონომიკური კავშირის გაწყვეტას ნაკლებად უნდა ველოდოთ. რუსეთი კი, თავის მხრივ, რეგიონზე ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით, შეეცდება მის ხელთ არსებული ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებით კავკასიაში არსებულ ფეთქებადსაშიშ ზონებში სიტუაციის დესტაბილიზაციის და გამწვავების პროვოცირებას, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედებს დასავლეთის პოლიტიკაზე რეგიონის მიმართ.