აშშ-ის უმუშევრობის დონე და ბირჟების რეაქცია

აშშ-ის შრომის ბაზარს ზამთრის უარყოფითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მოულოდნელი წინსვლა აქვს. სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება და აშშ-ის უმუშევრობის დონემ 5-წლიან მინიმუმს მიაღწია. სამუშაო ადგილების რაოდენობა მარტში 192 000-ით, თებერვალში კი 197 000-ით გაიზრდა. ეს მაჩვენებელი 37 000-ით მეტია, ვიდრე ამას Wall Street-ის ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ. უმუშევრობის მაჩვენებელი აშშ-ში კვლავ 6.7%-ია. სამუშაო ადგილების ზრდის პირობებში, უმუშევრობის დონის უცვლელობა ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სამუშაო ძალას შეუერთდა – გაიზრდა.

ამერიკის ეკონომიკის მთავარ პრობლემად 2014 წელსაც უმუშევრობა დარჩება. ქვეყანას ამ ეტაპზე არ ძალუძს იმ რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც გაზრდილი სამუშაო ძალის პირობებში უმუშევრობის დონის შემცირებას შეუწყობს ხელს.2013 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 9,8 პროცენტი იყო.

ამერიკაში ოფიციალურად დარეგისტრირებული უმუშევრების დიდი ნაწილი 6 თვის განმავლობაში ვერ ახერხებს სამუშაოს პოვნას. სამშენებლო და სამრეწველო წარმოების შემცირებამ შედეგად ის გამოიწვია, რომ კვალიფიციური მუშების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ არის საჭირო.

გარდა ამისა, უძრავი ქონების ბაზრის სიხისტის გამო, ბევრი ამერიკელი ვერ ახერხებს საკუთარი სახლის გაყიდვას და იმ შტატებში გადასვლას საცხოვრებელად, სადაც სამსახურის შოვნის თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსების ვარაუდით, შეერთებულ შტატებში უმუშევრობასთან დაკავშირებული სიტუაცია ახლო პერსპექტივაში არ გაუმჯობესდება. ამერიკის ეკონომიკას ყოველთვიურად 150 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა სჭირდება, რათა შრომისუნარიანი მოსახლეობის ზრდის ადექვატური იყოს. ანალიტიკოსთა შეფასებით, თებერვალ-მარტის ოპტიმისტური მონაცემების მიუხედავად, ყოველთვე იგივე ნიშნულზე გასვლა აშშ-ს ეკონომიკას გაუჭირდება.

დასაქმების ბაზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საშუალო ამერიკელს უფრო მეტი საათის გატარება უწევს სამსახურში. სამუშაო ძალის ახალი ნაკადი კი, ძირითადად, დიასახლისები არიან, რომლებიც სამუშაო ძალას ნელ-ნელა უერთდებიან. ამერიკის სამუშაო ძალის პროცენტულმა მაჩვენებელმა (დასაქმებულები ან ისინი ვინც ეძებენ სამსახურს) მოსახლეობის 63.2% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.

2013-2014 წლების მიჯნაზე აშშ-ის ეკონომიკამ მძიმე პერიოდი გადაიტანა. შემცირება ძირითადად მოდის წარმოებისა და მომსახურების სექტორებზე, განსაკუთრებით საავტომობილო ბიზნესზე, რომლის გაყიდვებიც, პირველი კვარტლის დასაწყისში საგრძნობლად შემცირდა.

სამუშაო ადგილების ზრდის დინამიკა კარგი სიგნალია ფედერალური სარეზერვო სისტემისთვის, რომელიც ღია ბაზრზე ბონდების შესყიდვას ამცირებს, რითაც ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ეტაპობრივ შეკვეცას იწყებს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უმუშევრობა აშშ-ში კვლავ მაღალია, ამიტომ ფედს მაინც მოუწევს პირველადი საპროცენტო განაკვეთის მინიმალურ ნიშნულზე დატოვება გარკვეული ხნით.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალმა ხელმძღვანელმა ჯანეტ იელინმა, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ ამერიკელთა მაღალ რაოდენობაზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაშია რჩებიან უმუშევრად ან მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე, რადგან ვერ შოულობენ სრულ განაკვეთიან სამსახურს. ამიტომაც იელინის შეფასებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუცილებელია რბილი მონეტარული პოლიტიკა.

Inside The International Monetary Fund's Rethinking Macro Policy Conference

იმ ამერიკელეთა რაოდენობა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ეძებენ სამუშაოს, შემცირდა 100 000-ით, 3,7 მილიონ ადამიანამდე მარტში. ამასთანავე, იზრდება ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ამერიკელთა რიცხვი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარტში შექმნილი სამუშაო ადგილები მთლიანად კერძო სექტორზე მოდის, სახელმწიფო უწყებებში სამუშაო ადგილები არ შექმნილა ამ პერიოდში. კერძო სექტორმა ყველა იმ სამუშაო ადგილის აღდგენა მოახერხა ამ დროისთვის, რომელიც 2007-09 წლების რეცესიის დროს გაუქმდა.

სამუშაო ადგილების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზრდა სამშენებლო სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარი ჯერ ისევ ცუდ მდგომარეობაშია აშშ-ში, მარტში ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 19 000-ით გაიზრდა.

2014 წლის ბოლოსთვის უმუშევრობა აშშ-ში 6.5%-მდე დაეცემა
ნიუ იორკის ფედის მკვლევარების აზრით, უმუშევრობის დონე აშშ-ში 2014 წლის მეოთხე კვარტალისთვის დაიკლებს ფედის მიერ დაწესებულ ზღვრამდე, რომლის შემდეგაც დასაშვები იქნება საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ასევე, მათი ვარაუდით, ეკონომიკის ზრდა 2014 წელს იქნება 3.25 პროცენტი, ხოლო ინფლაცია ფედის სამიზნე მაჩვენებელს – 2%-ს მიაღწევს.

იმ ახალმა ამბავმა, რომ აშშ-ში უმუშევრობის დონე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიუხედავად, არ შემცირებულა, უმალ უარყოფითად აისახა ბირჟებზე. Nasdaq შემცირდა 2,6%-ით. 5 მარტის მაჩვენებელთან შედარებით კი Nasdaq-ის ვარდნამ 5.3% შეადგინა. ამჟამად Nasdaq-ს ყველაზე რთული პერიოდი უდგას მიმდინარე წელს. შემცირდა The Dow Jones industrial average და Standard & Poor’s 500 index, შესაბამისად 1% და 1,3%-ით.

4 აპრილს უმუშევრობის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდგე ყველაზე მეტად შემდეგი კომპანიების აქციები დაზარალდნენ: Facebook-ის აქციები თითქმის 22%-ითაა შემცირებული 11 მარტიდან მოყოლებული, როცა მისი აქციების ფასმა პიკს მიაღწია. ეს მაშინ როცა 2013 წელს მისმა ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა 3.3 მილიარდი მოგება მიიღო ფინანსური ბაზრებიდან. 6%-ით შემცირდა ელექტრო-ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla -ს აქციები პარასკევს. მისი ღირებულების სარეკორდო მაჩვენებელთან შედარებით კი 20%-ითაა შემცირებული. 3,8%-ით შემცირდა iShares Nasdaq Biotech ETF, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კი 18%-ით. Amazon.com-ის აქციები პარასკევს 3,2%-ით, 52 კვირიან პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კი 20.8%-ითაა შემცირებული.

მართალია, მცირედი, მაგრამ აშშ-ის უმუშევრობის სტატისტიკის გამოქვეყნებამ გავლენა ევროპულ და აზიურ ინდექსებზეც მოახდინა. იაპონური Nikkei 8.11 პუნქტით, 0.1%-ით შემცირდა. ჰონკონგის კი Hang Seng index 0.2%-ით. აზიაში გამონაკლისი იყო შანხაის ინდექსი, რომელიც 0.7%-ით გაიზრდა.

ევროპული ინდექსები ამერიკულისა და აზიურის საპირისპიროდ გაიზრდა. 4 აპრილს ბრიტანული FTSE 100 0,7%-ით, გერმანული DAX ასევე 0,7%-ით, ხოლო ფრანგული CAC-40 0,8%-ით გაიზრდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial