ბოლნისის საბადოს ნაცნობ-უცნობი ისტორია

ქეთი მიქელაჭე

ექვსიოდე წელია “ბოლნისის ოქროსადმი” მკითხველის ინტერესი არ ნელდება. ბევრი დაიწერა, ითქვა, მაგრამ… კიდევ მეტი დაიწერება, რადგან ეს თემა კვლავ ამოუწურავია. არის საკითხები, რომლებიც ვერ (არ) ირკვევა. იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც პრესაშია გამოქვეყნებული, შეიძლება რამდენიმე დასკვნის გაკეთება, მაგრამ არა საბოლოოდ და მკაფიოდ. არც ს/ს “მადნეულის” სათავო ოფისში ამჟღავნებენ პრესასთან ურთიერთობის სურვილს, არადა ბევრ კითხვას გაეცემოდა პასუხი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ თემით ვიღაც მანიპულირებს, პერიოდულად გამოაჩენენ ინფორმაციას იმ დოზით, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, დანარჩენს სხვა დროისთვის შემოინახავენ… ასეა თუ ისე შევეცდებით რამდენიმე საკვანძო საკითხის თანმიმდევრობით გარკვევას.

ბოლნისის საბადო ერთია საქართველოში, სადაც მეორადი კვარციტებიდან ოქრო (ვერცხლი) მოიპოვება. სხვა საბადო ჯერ აღმოჩენილი არ არის. 90-იან წლებამდე მეორადი ოქროს შემცველი კვარციტები საწყობდებოდა. სპილენძის კონცენტრატს “მადნეულიდან” რუსეთში აგზავნიდნენ გადასამუშავებლად.

1994 წელს აპრილში ს/ს “მადნეულმა” აიღო ლიცენზია ბოლნისის ოქროს საბადოს დამუშავებაზე. ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ანუ საბადოს ამოკრეფა, გადამუშავება, აფინაჟი და რეალიზაცია, “მადნეულის” მიერ წარმოდგენილ პარტნიორს შპს “კვარციტს” უნდა გაეკეთებინა, ხოლო შპს “ეკოლოგს” უნდა ემუშავა დაბინძურებული წყლების გაწმენდის კუთხით. ბოლნისის საბადოში ოქროს მარაგი დაახლოებით 14 ტონით ივარაუდება. ყოველ წელს ოქროს ამოკრეფის კოეფიციენტი იცვლება, რადგან ეს პროცესი ბევრ ტექნიკურ მიზეზებზეა დამოკიდებული. როგორც ამბობენ, წელიწადში 300 კგ-მდე ოქროს ამოღება ხერხდება.

წიაღის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ქუთელიას თქმით, ოქროს მარაგები მინიმუმ 50 ტონა უნდა იყოს, რომ საქართველოში ღირდეს აფინაჟის (დორედან ოქროს მიღების) ქარხნის მშენებლობა. ამ იდეამ ბევრი დააინტერესა. ეს აზრი პრეზიდენტმა ოთხიოდე წლის წინ გამოთქვა ბოლნისში ვიზიტისას. თუმცა, სიტყვებს რეალური მსჯელობა, ანგარიში არ მოჰყოლია. საერთოდ, აფინაჟის ქარხანა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა და ისინი შეძლებულ ქვეყნებს გააჩნიათ.

დავუბრუნდეთ წარსულს: “კვარციტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო “მადნეული” 50%-ით და მეორე ფირმა “კროპვუდ ლიმიტედი”. (“კროპვუდი” იურიდიული ფირმაა). მოგვიანებით, დაახლოებით 1997 წელს “კროპვუდ ლიმიტედი” იცვლება ფირმად სახელწოდებით “ბოლნისი მაინინგ ოპერეიშნზი”. თუ რატომ და რამდენად სწორად შეიცვალა, ან რა გაუმჯობესდა ამით, დღემდე სადავოა. პრესაში ხშირად ახსენებდნენ კონტროლის პალატასა და პროკურატურას: კერძოდ, პროკურატურა “ბოლნისი მაინინგ ოპერეიშნზ”-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო აფერისტებს უწოდებს, ხოლო კონტროლის პალატა აღნიშნავს, რომ ქონების მართვის სამინისტროს ყოფილმა ჩინოვნიკებმა წვლილი შეიტანეს ოქროს (ფულის) გასატანად ოფშორულ ზონაში უცხოელთა გასამდიდრებლად.

დღეს კონტროლის პალატის პრეს-ცენტრი აცხადებს, რომ “მადნეულთან” დაკავშირებული ყველა დოკუმენტი პროკურატურას აქვს, ხოლო პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, დოკუმენტები… კონტროლის პალატას აქვს. და საერთოდ, პროკურატურა მხოლოდ კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილი დარღვევების მიღების ბოლო რგოლია.

თუ რა დოკუმენტებს ეფუძნება პროკურატურა, ზემოხსენებული აფერისტთა ქმედებების დანაშაულად ჩასათვლელად, ან ქონების მართვის სამინისტროს ყოფილ ჩინოვნიკთა რა წვლილზეა საუბარი და რა გარემოებებით დგინდება ეს, ამის გარკვევა საკმაოდ გაძნელდა. კონტროლის პალატაში კვირამდე იდო “მმე”-სთვის საინტერესო საკითხები. თუმცა, ბოლოს გაირკვა, რომ პასუხები პალატაში აღარ არის. აი, საკითხებიც:
1. რა წლების დოკუმენტების საფუძველზეა გავრცელებული მასმედიაში თანხა 10 მლნ. დოლარი, რაც საქართველოს მხარემ დაკარგა “მადნეულის” მუშაობის პროცესში.
2. არსებობს ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი (გაზ. “ჯორჯიან ტაიმსის” პუბლიკაცია), რის მიხედვითაც ფული ავსტრალიურ “მაქვორი ბანკში” დაბინავდა. ვინ აწერს ხელს ამ დოკუმენტს ან რომელ წელსაა შედგენილი?
3. არის მეორე დოკუმენტიც (რომელსაც მთავარ შეთანხმებას უწოდებენ), რითაც ოქრო ინგლისში წავიდოდა ქარხანა “ჯონსონ მათ”-ში და რეალიზებული ოქროს, ვერცხლის ფული საქართველოში ჩამოირიცხებოდა. თუ არის ცნობილი კონტროლის პალატისთვის ეს დოკუმენტი, როდისაა დათარიღებული და ვინ აწერენ ხელს? ანდა რომელიმე წელს სრულდებოდა თუ არა იგი?
4. საქმეში ფიგურირებენ “მადნეული”, “კვარციტი” “ბოლნისი მაინინგ ოპერეიშნზი” და “კროპვუდ ლიმიტედი”. ამათგან რომლებშია მეტი დარღვევები და არის თუ არა მათზე ცნობილი რაიმე ინტერნეტით?
სტატიაზე მუშაობას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გააადვილებდა და ბევრ საკითხს წერტილიც დაესმებოდა, მაგრამ ამის მცდელობა არსაიდან არ არის. ასეა თუ ისე შეგვიძლია გავშიფროთ ის სქემა, რაცწლის “ჯორჯიან ტაიმსში” გამოქვეყნდა. მასში მონაწილეობს ოთხი ფირმა. ამასთან, ოპერაციები განეკუთვნება 1999-2000 წლებს. (სხვა წლების ინფორმაციები “კარგად არის შენახული” და როგორც ჩანს მალე არ გამოჟონავს). ეს სქემა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. 1999 წელს “კვარციდან” ინგლისის ქარხანა “ჯონსონ მათში” გაიგზავნა დაახლოებით 1,6 ტონა ოქრო, 0,9 ვერცხლი (სქემაში წონა უნციებშია მოყვანილი, მაგრამ წარმოდგენის გასამარტივებლად გადავიყვანეთ ტონებში), ჯამში, $14 957 414. 15 მილიონზე ოდნავ ნაკლები და 2000 წლის 6 თვეში 1,3 მლნ დოლარზე მეტი; სულ ორ წელიწადში – $16.266197
2. 1999-2000 წლებში ქარხანა “ჯონსონ მათი”-დან იგზავნება ავსტრალიის ბანკ “მაქვორი ბანკ ლიმიტედში”, მთლიანად $26781955-ის ღირებულების ოქრო-ვერცხლი. გამოდის, ინგლისის ქარხნიდან გაცილებით მეტი თანხა მიდის ავსტრალიაში.
3. ამ ეტაპზე “მაქვორი ბანკიდან” “ბოლნისი მაინინგ ოპერეიშზნ”-ში მიდის თითქმის 15 მილიონ დოლარამდე თანხა, პლუს ბანკის სესხი 4 მლნ დოლარი. სულ 20 მილიონამდე დოლარი.
4. დაბოლოს, რა მოდის საქართველოში სამი რგოლის გავლის შემდეგ? $4 201 349 “ბოლნისი მაინინგიდან”, ხოლო “ბოლნისი მაინინგში” დარჩა დაახლოებით 15 800 000 დოლარზე ოდნავ ნაკლები. თუმცა, არის სქემაში ერთი ვექტორი, რომლის მიხედვით, ავსტრალიიდან, უკვე ნაცნობი “მაქვორი ბანკიდან” საქართველოში ირიცხება (მითითებით მხოლოდ ხარჯებისათვის): $11 791 123. ერთი სიტყვით, ორივე არხიდან საქართველოში შემოვიდა 15 992 472 ანუ 16 მილიონამდე დოლარი. გავიხსენოთ, რამდენი ოქრო-ვერცხლი გავიდა: $16 266 197. გამოდის, სხვაობა გასულ და შემოსულ თანხებშია $273725. ესაა სხვაობა, რაც უცხოეთში დარჩა (რასაკვირველია თუ ამ სქემას დავეყრდნობით და ის არაა საფასადო სქემა). ბევრია ეს თუ ცოტა? ვიცით, რომ ავსტრალიურ მხარეს (“ბოლნისი მაინინგს”) ოქროს დორე აფინაჟისთვის ინგლისში მიჰქონდა. ბუნებრივია, აფინაჟი ფული ღირს. არსებობს სპეციალური ფორმულა: $0.65 ღირს ერთი ტროის უნცია. თუ საქართველოდან გავიდა 51 038 უნცია ოქრო, გამოდის აფინაჟი დაახლოებით 33 ათას დოლარზე მეტი დაჯდებოდა. ამას შეიძლება წაღებისა და სხვა ხარჯებიც დაემატოს… საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ უცხოეთში დარჩენილი ოქროს რაოდენობა 24 კგ-ია. უცხოეთში დარჩენილ თანხას $273 725 გამოაკლდა 33 ათასი დოლარი აფინაჟისთვის. უცხოეთში დარჩა მიახლოებით 240 725 დოლარი, რაც 24 კგ. ოქროს ღირებულებაა (თუ ერთ რამს $10 ვივარაუდებთ).

სადაა ტონობით ოქროს მთები ავსტრალიაში? ან მილიონობით დოლარი? ვიმეორებთ, წინა წლების 1994-98 სქემები არსად არაა გაცხადებული. შეიძლება მაშინ სულ სხვა ოპერაციები კეთდებოდა და რაც გადიოდა, იმის თანხა კი არა, უმცირესი წილი შემოდიოდა. იქნებ, ავსტრალიაში მართლაც დაგროვდა კანონდარღვევით იმდენი ოქრო და ფული, რომ დღემდე ვერც კონტროლის პალატამ, ვერც პროკურატურამ, ვერც ჟურნალისტებმა მოისვენებს. შესამჩნევია, რომ ეს თემა არ უყვართ იმ კომისიის წევრებს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის გია არსენიშვილის 2000 წლის 5 ივლისის ბრძანებით შეიქმნა. ეს კომისია ს/ს “მადნეულის” საქმეთა შესასწავლად დაარსდა და მასში შედიოდნენ: გიორგი გაჩეჩილაძე, ნინო ჩხობაძე, ვაჟა კაპანაძე, ზურაბ ქუთელია, ნიკო ორველაშვილი, მიხ. უკლება, ვანო ჩხარტიშვილი, ლევან მამალაძე და სხვები. კომისიას მუშაობა ორ კვირაში (!) უნდა დაესრულებინა, რაც გაუკეთებიათ კიდეც და დასკვნა კანცელარიაში ჩაუბარებიათ, მაგრამ დღეს ამ დასკვნის გაცნობა კი არა, პოვნაც გაძნელდა. ის არ აღმოჩნდა არც ქონების მართვის სამინისტროში და არც წიაღის დაცვის დეპარტამენტში. ქუთელიას თქმით, ყველა დოკუმენტს ინახავს, მაგრამ დასკვნა მაინც არ ჩანს. რაც ყველაზე გაუგებრია, დასკვნა არ არის კანცელარიის არქივში, თუმცა, ბრძანება არის… კომისიის ერთ-ერთი წევრი, დამოუკიდებელი ექსპერტი, ნიკო ორველაშვილი აცხადებს: “დასკვნა ისეთი არ იყო, როგორიც მამალაძეს სურდა, ამიტომაც გააქრეს”. გაუგებარია რისთვის აამუშავეს კომისია, თუ დასკვნას ეს ბედი ელოდა. უფრო კონკრეტულ კომენტარს კომისიის არც ერთი წევრი არ აკეთებს, ზოგმა მას შემდეგ პოსტი გამოიცვალა და არავის სურს იმ პერიოდის გახსენება, ზოგს დასკვნის დეტალები გადაავიწყდა…

როგორც ამბობენ, 2000 წელს, “მადნეულის” დირექტორად ზურაბ ლობჟანიძის დანიშვნის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. ასევე – ეკოლოგიური სურათიც. თუ მანამდე მდ. კაზრეთულაში ჩაედინებოდა კარიერული მჟავე წყლები, არ გადაიტუმბებოდა კუდსაცავში, ბოლო პერიოდში ეს შედარებით გამოსწორებულია.

გავრცელებულია აზრი, რომ ლობჟანიძეს ტელეფონზე საუბარი არ უყვარს, ალბათ, ჟურნალისტებთან საუბარი უფრო მეტად არ ეყვარება. პრესასთან კონტაქტი არც “მადნეულის” მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარეს, შ. რეხვიაშვილს იზიდავს. საკმაო მცდელობის მიუხედავად, “მადნეულის” ოფისი შეუვალია. ასე თუ ისე, ყველა დაიღალა ვიღაცის ინტერესების დაჯახებით, შემოწმებით, სასამართლო პროცესებით, ჟურნალისტებით. არსებობს კომისიის მუშაობის ოქმები. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრთან თათბირის, სადაც ლობჟანიძე ამბობს, რომ კომბინატს არა აქვს საბიუჯეტო და სახელფასო დავალიანებები. საბრუნავი სახსრებიც 1 მლნ ლარია. ყველაზე დიდი მევალეა “გლენკორ ინტერნეიშნლი”. მან 1 800 000 დოლარამდე ინვესტიცია ჩადო “მადნეულში”. ამ უკანასკნელს კი მადნის კონცენტრატი უნდა მიეწოდებინა. რაღაც ეტაპიდან ვეღარ მიაწოდა. “გლენკორიც” ბოლნისის სასამართლოში ჩივილს აპირებდა “მადნეულის” ლიკვიდაციის მოთხოვნით. როგორც შევიტყვეთ, დღეისათვის საქმე ღიად არის. “მადნეულმა” წარმოადგინა სანაციის გეგმა და მიდის მისი ეტაპობრივი განხილვა.

იგივე ლობჟანიძის თქმით, “კვარციტს” შეუძლია წელიწადში 500 ათასი დოლარი გადაიხადოს, მაგრამ ხარჯებს ხელოვნურად ბერავს და მოგებას არ აჩვენებს. სავარაუდოდ, პარტნიორებს “მადნეულსა” და “კვარციტს” შორის მორიგება ვერ მოხდა, ვის რა და რისთვის უნდა გადაეხადა (შეიძლება ამას გადაყვა “კვარციტის” ერთ-ერთი დირექტორიც გია მგალობლიშვილი).

წიაღის დაცვის დეპარტამენტში შეადგინეს დოკუმენტი “მადნეულის” მიერ საბადოს ათვისების სრულყოფის მიზნით. მისი მიხედვით, კომბინატის ბალანსზეა მეორადი კვარციტების მარაგი 3.5 მლნ ტონა (მასშია 2.8 ათასი კგ ოქრო, ვერცხლი 20 ტონა), ხოლო დასაწყობებულია 11.4 მლნ ტონა ოქრო-ვერცხლი. მეორადი კვარციტების გადამუშავების ეკონომიკური ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ 1996-97 წლებში შეიმჩნეოდა “მადნეულის” უკუსვლა, შემცირდა მადნის მოპოვება. 2000 წლის მარტიდან კი “მადნეული”

უწყვეტად მუშაობს და 1 სექტემბრიდან სრულ სიმძლავრეზე გადავიდა. ამჟამად გადახსნილია კარიერის ზედა ჰორიზონტები… დასახულია კრიზისიდან გამოსვლის გზები: საჭიროა საწარმოს გადაიარაღება (ან ინვესტორები უნდა მოძებნონ, ან მადნეულმა მოგებიდან გადაიხადოს) თუ “მადნეული” ამას ვერ შესძლებს, მაშინ საერთაშორისო ტენდერი უნდა მომზადდეს და მისი აქციათა პაკეტის შეძენა მოხდეს…

ივ. ჯავახიშვილის ნაშრომი “საქართველოს საზღვრები” კარგად მეტყველებს ქვეყნისათვის ასეთი საბადოს მნიშვნელობას: “ქვემო ქართლში მდებარე ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის მაღაროების მნიშვნელობა ეკონომიკური კეთილდღეობისათვის კარგად ესმოდათ ვახტანგ მეექვსეს და ერეკლე მეფეს, რომელთაც არაფერი დაუზოგავთ, დროთა ვითარების გამო მიტოვებული სამთამადნო საქმე კვლავ განახლებულიყო. ეს მადნები საქართველოს ფულის მოსაჭრელ ლითონსაც აძლევდნენ, ამით სჭრიდნენ მეფეები ქართულ ფულს. და ამის გარდა, წმინდა შემოსავალსაც. ნ ბუტკოვს აღნიშნული აქვს, რომ მის დროს 1778 წელს, ერეკლემ თავისი სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი გააძლიერა ახტალაში და სხვა ადგილებში აღმოჩენილი სპილენძისა, ოქრო-ვერცხლის და რკინის მადნეულობით; ამ მადნების დასამუშავებლად ბერძნები გამოიწერა და შემოსავლით ნაქირავებ ჯარს ინახავდა საქართველოს დასაცავად… მეფეები ანგარიშში არ მოტყუებულან ქვამადნის განვითარებაზე მზრუნველობით, ამას ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ ერეკლეს მეფობის უკანასკნელ წლებშიაც, მე-18 საუკუნის ბოლოს, მადნის მაღაროების წმინდა შემოსავალი, სახელმწიფოს ყოველწლიური ოქრო-ვერცხლის შემოსავლის ერთ მეოთხედს უდრიდა.

… წარმოვიდგინოთ თანამედროვე საქართველოს ბიუჯეტი: 800 მლნ ლარამდე; შემდეგ – მისი მეოთხედი: 200 მლნ ლარამდე. თუ მე-18 საუკუნის ტექნიკით საბადოთა შემოსავალი მთლიანი შემოსავლის მეოთხედი იყო, უკეთესი ტექნიკით მუშაობის 5 წელიწადმა ბოლნისის საბადოზე შემოსავლის ნაცვლად კომისიის მუშაობის ოქმები, ფინანსურ ჯგუფთა შენიღბული დაპირისპირებები და იურიდიულად დახლართული სქემები დაგვიტოვა, ხოლო კონტროლის პალატას, პროკურატურას და მასმედიას საზოგადოებასთან ერთად – ამ “მოსავალზე” თავისმტვრევა ერგოთ.