2013 წლის პოლიტეკონომია და 2014 წლის გამოწვევები

4 აპრილს სასტუმრო, „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, ბიზნეს პალატისა და ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ ორგანიზებით, თბილისის ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.
ფორუმის თემა იყო საქართველოს 2013 წლის პოლიტეკონომია და 2014 წლის გამოწვევები. ფორუმის მსვლელობისას ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა 2013 წლის მიღწევები და ეკონომიკური პოლიტიკის ტენდენციები განიხილეს და ეკონომიკური ზრდის პრობლემებზე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების სიტების, ლოჯისტიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

DSC_9051

როგორც შეხვედრაზე ფასიანი ქაღალდების ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ლოლაძემ განაცხადა, აღნიშნული თემა ერთ-ერთი მწვავე საკითხია. მან ბიზნესის დაფინანსების ფორმებსა და იმ რისკებზე ისაუბრა, რასაც თითოეული ფორმის არსებობა ბიზნესს უქმნის. მაგალითად, ერთ-ერთი ფორმა საბანკო კრედიტია, რომელიც, გამომსვლელის თქმით, სხვისი ფულია და კრიზისის დროს ის საკუთარ ფულს უკანვე მოითხოვს. ლოლაძის თქმითვე, ეკონომიკის დაფინანსება, ძირითადად, რამდენიმე ბანკის ხელშია და ბიზნესგადაწყვეტილებები გაუმჭვირვალეა.

DSC_9023

ლოლაძის შეფასებით, პრობლემებს ისიც აჩენს, რომ საბანკო ჯგუფები ერთდროულად მესაკუთრეებიც არიან და კრედიტორებიც. მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ დღეს საზოგადოების დაყოფა მსხვილ მესაკუთრეებად და მრავალრიცხოვან დაქირავებულ „პროლეტარებად“ ხდება.

DSC_9133

მან იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად საშიშია ქვეყნისთვის საფონდო ბაზრის არ არსებობა და რა რისკებს მოიცავს ფასიანი ქაღალდების არ არსებობა. ლოლაძე თვლის, რომ დაფინანსების ფორმები, როგორიცაა: საბანკო კრედიტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ადგილობრივი საბანკო ჯგუფების პირდაპირი ინვესტიცია და IPO უცხო ქვეყნის ბირჟებზე ეკონომიკისთვის გარკვეულ რისკებს იწვევს.
საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ სვანაძემ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ 2007 წელს კანონში შეტანილი ცვლილებები, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უშლის ხელს და ამჟამად ქვეყანაში აქცენტი უფრო მეტად საბანკო სექტორის და არა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე კეთდება.

DSC_9170

ფორუმზე სიტყვით ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიაც გამოვიდა. მან ეკონომიკური ზრდის მთავარი ფორმულა წარმოადგინა: წარმოების, კაპიტალისა და შრომის რესურსის ზრდა. ჯგერენაიას შეფასებით, გამოსავალი პორტფელურ ინვესტიციაზე გადასვლა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში მდგომარეობს.

DSC_9426

ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ აღნიშნულ სფეროში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველო 70-75 პროცენტით იმპორტირებულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდება.

დავით მირცხულავამ ყურადღება იმ წინააღმდეგობაზეც გაამახვილა, რომელიც ჰესების პროექტების განხორციელებას ხვდება. „ჰესების პროექტებზე სისტემური შეტევებია. არა მგონია, ამაში მარტო ქართული ჯგუფები მონაწილეობდნენ“, – აღნიშნა დავით მირცხულავამ. მისი შეფასებით, ენერგოეფექტურობის ზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს ენერგო მოხმარების ზრდასთან. მისივე შეფასებით, 2030 წლისთვის სქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ენერგეტიკის მოხმარების დონეს მიაღწევს.

DSC_9364

ენერგეტიკის თემით, ფორუმზე ენერგეტიკის პროფესორი დემურ ჩომახიძეც გამოვიდა, რომელმაც განმარტა, რომ ენერგეტიკა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფუძეა და ის უწყვეტ დაფინანსებას საჭიროებს. „ამ დარგისთვის აუცილებელია რეგულირება და ინვესტიციები“ – განაცხადა ჩომახიძემ.

DSC_9405

თბილისის ეკონომიკურ ფორუმზე სპეციალისტებმა უმუშევრობაზე, განათლების დონეზე და შრომის ბაზარზეც ისაუბრეს. განათლების ინდექსის დონით საქართველო, კვლევების მიხედვით 124 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზეა.

განათლების სისტემის რეფორმების კომისიის წევრმა კახა ერაძემ უნივერსიტეტებზე და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. კახა ერაძე თვლის, რომ დღეს სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და აკრედიტაციაში დიდ როლს პოლიტიკა თამაშობს. ის დისკრიმინაციულად თვლის იმ ფაქტს, რომ გარკვეული პროფესიები უფასოდ მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებლებში ისწავლება.

„სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომი ერთგავროვანია, რადგან პროგრამა არის ერთგვაროვანი. დღეისათვის საკმაოდ მოდურ ტენდენციად იქცა ის, რომ ამა თუ იმ სფეროდან მსხვილი ბიზნესის წარმომადადგენლები თვითონ ხსნიან სასწავლო ცენტრებს“ -ამბობს კახა ერაძე. მისი აზრით, მთავარი უმაღლესი განათლების სისტემის პრობლემა დამსაქმებლის ნაკლები ჩართულობა და შრომის ბაზრის არარსებული კვლევაა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, მურთაზ კვირკვაიას აზრით, იმის მიზეზი თუ რატომ არის კურსდამთავრებულთა 50% პროცენტი დაუსაქმებელი, არის ის, რომ სასწავლებლებს არ აქვთ რეალური სურათი თუ რა ხდება ბაზარზე. „მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე შეიქმნას კვლევა ამ საკითხის მიხედვით, რომელიც არ იქნება ერთჯერადი“ – განაცხადა მურთაზ კვირკვაიამ.

როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა „საქართველოში მსგავსი ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებით განებივრებულნი არ ვართ“. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება ერთ საკითხზე – ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში ვითარების აღწერაზეა ფოკუსირებული, „ნაკლებია ისტორიზმი, მეტია სინამდვილის ასახვა“ – განაცხადა გოცირიძემ.

DSC_9209

ფორუმის ორგანიზატორთა განცხადებით, ფორუმის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის გამოსათქმელად თავისუფალი ტრიბუნაა და პერმანენტულ სახეს მიიღებს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მომდევნო ფორუმი ერთი თვის ვადაში ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს კვლავ მიეცემა მსჯელობის, რეკომენდაციებისა და წინადადებების საჯარო ასპარეზზე გამოტანის საშუალება.