საქართველოს სამთო მრეწველობა: თანამედროვე მდგომარეობა, პროგნოზები, პერსპექტივები

გელა ლობჟანიძე

სამთო მრეწველობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც დიდად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მეურნეობის ცალკეულ დარგთა ჩამოყალიბება-განვითარების შესაძლებლობებს და მასშტაბებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი მინერალური რესურსების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფოს კეთილდღეობასა და სიძლიერეს განაპირობებს.

საქართველოში ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების წინააღმდეგობრივმა პროცესებმა, რომლებიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს, ქვეყანაში შექმნილ რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებათა ფონზე, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მრეწველობა, რაც, თავის მხრივ, ძირითადად, განაპირობა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ჩვენი ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების რღვევამ. ცხადია, აღნიშნული გარემოება უარყოფითად აისახა საქართველოს სამთო მრეწველობის ძირითად ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ეფექტიანობასა და, საერთოდ, ამ დარგის განვითარების შესაძლებლობაზე.

საქართველოს სამთო მრეწველობაში სხვადასხვა სახეების მინერალური რესურსების მოპოვება-გადამუშავებამ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან გარკვეული ცვლილებები განიცადა, უპირველეს ყოვლისა, გამოვლინდა სამრეწველო წარმოების მასშტაბების და საწარმოო სიმძლავრეთა ათვისების დონეების საგრძნობი შემცირება. კერძოდ, 1990-2000 წლებში ჩვენს ქვეყანაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 41,1%-ით, ნახშირის – 131-ჯერ, მანგანუმის – 21,2-ჯერ და ა.შ. (იხ ცხრილი 1). მართალია, 1995 წლიდან შეინიშნება საქართველოს სამთო მრეწველობის ქვედარგთა ერთგვარი გამოცოცხლება, რაც უმთავრესად ნავთობმომპოვებელი მრეწველობის, ხოლო 2000-2001 წლებიდან კი მანგანუმისა და სპილენძის მრეწველობის რამდენადმე წარმატებულმა ფუნქციონირებამ განაპირობა, თუმცა, რიგ ძირითად დარგებში ჯერ კიდევ რთული ვითარება გრძელდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გარემოება, რომელიც ეკონომიკური კრიზისის წლებში წარმოიშვა, პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველასათვის ცნობილი წინააღმდეგობრივი მოვლენების შედეგია, რომლებმაც სამთო მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურაში არსებითი გარდაქმნები გამოიწვია და ამასთან, ქვედარგების პრიორიტეტულობაც შეცვალა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნორმალური განვითარების პირობებში სტრუქტურული ცვლილებები, ბუნებრივია, პროგრესული (პრიორიტეტული) დარგების ხვედრითი წილების ზრდისა და სხვა დარგების ხვედრითი წილების შემცირების გამო მოხდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სამთო მრეწველობის ხვედრითი წილის ამაღლება და ნახშირისა და სამთო-ქიმიური მრეწველობის ხვედრითი წილის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში გამართლებულად ჩაითვლებოდა, მაგრამ ჩვენს პირობებში, როდესაც მთლიანად სამთო მრეწველობის განვითარების დონე არსებითად დაეცა, ძნელია, ერთმნიშვნელოვანი შეფასების მიცემა. აქვე ნახშირის მრეწველობის ასეთი მკვეთრი დაცემა და სპილენძის წარმოების საგრძნობი ამაღლება არაბუნებრივად უნდა ჩაითვალოს (სამთო მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურაში წარმოდგენილი ქვედარგები პირველ ცხრილში მოცემულ შესაბამის პროდუქციას ასახავს, კერძოდ: ნავთობი – ნავთობმომპოვებელი მრეწველობა, ნახშირი – ნახშირის მრეწველობა და ა.შ.).

საერთოდ, სამთო მრეწველობა საქართველოში, ისე როგორც მთელი მრეწველობა, არათანაბრად ვითარდება. მაგალითად, თუ 1995-1997 წწ. (23671,2 – 26716,7 ათასი ლარი) საქართველოს სამთო მრეწველობის პროდუქცია ღირებულებითი მაჩვენებლის მიხედვით გაიზარდა 12,9%-ით, 1997-1999 წწ. (26716,7 – 36781,2 ათასი ლარი). იგივე მაჩვენებლი 37,7%-ით განისაზღვრა, ხოლო 2000 წელს, წინა წელთან შედარებით (64598,2 – 36781,2 ათასი ლარი), ზრდა 75,6%-ით აღინიშნა, რაც ძირითადად ნავთობისა და ლითონური მადნის მოპოვების ზრდით იყო გამოწვეული. თუმცა, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საქართველოს მრეწველობაში სამთო მრეწველობის ხვედრითი წილი წარმოებული პროდუქციის მიხედვით ზემოაღნიშნული წლების შესაბამისად შემცირდა 4,2-დან 3,2%-მდე, ანუ 1,0 პროცენტული პუნქტით; 3,2-დან 2,9%-მდე, ანუ 0,3 პროცენტული პუნქტით; ხოლო გაიზარდა – 2,9-დან 6,6-მდე, ანუ 3,7 პროცენტული პუნქტით (სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მასალები).

ადრინდელი სამეურნეო კავშირების მოშლის, სანედლეულო და გასაღების ბაზრების დაკარგვის, ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრად გადიდების, ეკონომიკური რეფორმის ღონისძიებათა არასრულყოფილებისა და გაჭიანურების პირობებში სამთო სამრეწველო საწარმოთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს კვლავწარმოების შენარჩუნებას. თუმცა, ამასთან, ზოგიერთმა მათგანმა გარდამავალი პერიოდის რთული საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიანობა. მიუხედავად აღნიშნულისა, საკვლევ დარგში ეკონომიკური რეფორმის (სტრუქტურული გარდაქმნის, პრივატიზების, საერთოდ მთელი დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების) ტემპი, განსაკუთრებით მისი შედეგები ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია, რომლებიც ვლინდება სამთო მრეწველობის ქვედარგებისა და საწარმოების სიმძლავრეების უმოქმედობით, ან მისი დატვირთვის ძალიან დაბალი დონით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სამთო-სამეცნიერო-საინჟინრო-სამრეწველო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი და პრივატიზებულ-აქციონირებული მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების უმრავლესობა გაჩერებულია ან მცირე დატვირთვით მუშაობს. საწარმოთა შენობა-ნაგებობანი, აგრეთვე, ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილია. უმოქმედობის, შემოსავლებისა და ინვესტიციების უქონლობის გამო, სამთო პროფილის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების, ამასთან, შენობა-ნაგებობების კაპიტალური რემონტი, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები ვერ ხორციელდება, რაც, თავის მხრივ, სამთო-სამრეწველო საწარმოების რესტრუქტურირების პროცესის ნელი ტემპით მიმდინარეობაზე მიგვანიშნებს.

შესწავლილი მასალებისა და ჩატარებული ანალიზის მიხედვით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკვლევ დარგში ამჟამად განხორციელებული ეკონომიკური რეფორმა არასახარბიელოა, კერძოდ, სამთო მრეწველობის ეკონომიკა მთლიანად ვერ პასუხობს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მოთხოვნებს, საინვესტიციო აქტიურობის ზრდას, საწარმოთა საქმიანობის სტაბილურად გამოცოცხლებას, ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას და ა.შ. ცხადია, ყოველივე ზემოაღნიშნული საქართველოს ეკონომიკაში, სამრეწველო კომპლექსში ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება-განვითარების წინააღმდეგობრივ თავისებურებებსა და, თვით სამთო მრეწველობის დარგში ჯერ კიდევ ღრმა ეკონომიკური კრიზისის მიმდინარეობაზე მიუთითებს.

ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმებით გამოწვეული ცვლილებები – სახელმწიფო საწარმოთა დემონოპოლიზაციის, წარმოების კონცენტრაციის დონის, საწარმოთა ზომის, ინსტიტუციონურ, შრომის ნაყოფიერების მიღწეული დონისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, გარდამავალი ეკონომიკის თავისებურებების გამოხატულებაა.

შესწავლილი მასალებიდან გამომდინარეობს, რომ მცირე საწარმოების წილი აბსოლუტური მაჩვენებლებით (საწარმოთა რაოდენობის გარდა) ბევრად ჩამორჩება მსხვილ და საშუალო საწარმოთა მაჩვენებლებს. ამასთან, ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით, მცირე საწარმოების წილი მთლიან მაჩვენებლებში გამოშვებული პროდუქციის მიხედვით შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე დასაქმებულებში. მსხვილი და საშუალო საწარმოებისა კი – პირიქით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მცირე საწარმოებში წარმოება რამდენადმე უფრო ეფექტიანია, ვიდრე მსხვილ და საშუალო საწარმოებში. (თუმცა, ეს არ მიუთითებს მსხვილი და საშუალო საწარმოების განვითარების ნაკლებ პერსპექტივაზე). ამის ნათელი დადასტურებაა წარმოების ისეთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლი, როგორიცაა შრომის ნაყოფიერება (იხ. ცხრილი 2). ამასთან დაკავშირებით, განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების კოორდინირებული მეურნეობრიობა, რაც მათი ეფექტიანი და წარმატებული ფუნქციონირების საფუძველია. ცხადია, ყოველივე ეს დადასტურდა ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნების სამეურნეო პრაქტიკით.

საქართველოში გრძელდება რა ახალი ურთიერთობებისა და დამკვიდრების რთული პროცესი, საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და მისი ეფექტიანად ფუნქციონირების თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, დასახვეწია საკვლევ დარგში ეკონომიკური რეფორმების სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების რეალური გზები და მექანიზმები, სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების წარმატებით განხორციელება, სამთო მრეწველობის საბაზრო ორგანიზაციის სრულყოფა, კერძოდ, დარგობრივი და რეგიონული სტრუქტურა, წარმოების განლაგება, ინვესტიციური აქტიურობის და სამრეწველო საქმიანობის რეგულირება და სტიმულირება, საკუთრების სხვადასხვა ფორმის ოპტიმალურად შეთანაწყობის გარემოს წარმომქმნელი პირობები და სხვა.

საქართველოს მინერალური ნედლეულის ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრა მინერალური რესურსის სახელმწიფო ბალანსზე აღრიცხული 450 მოძიებული საბადოს მარაგებით, მათგან გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი და ეკონომიკურად შეფასებული იქნა ის ობიექტები, რომლებიც დღეისათვის შეიძლება ათვისებულ იქნეს მრეწველობის მიერ. ამასთან, განსაზღვრული იქნა სასაქონლო პროდუქციის წარმოების შესაძლო მოცულობა და მისი ღირებულება მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასებით. ამგვარად, შეფასებულ იქნა ქვეყნის მინერალურ-რესურსული ბაზის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდია და შეადგენს 42.76 მლრდ აშშ დოლარს. სამთო მრეწველობასთან მიმართებაში, ესენია: მოსაპირკეთებელი მასალები, ნახშირი, მანგანუმის მადანი, ნავთობი, ქვიშა-ხრეშის მასალები, დიატომიტე, ცეოლითები, თერმული წყლები, კალციტი, პერლიტები, ბუნებრივი საწვავი გაზი, ანდეზიტი, სპილენძი, კვარც-მინდვრისშპატიანი ქვიშები, ბენტონიტები, ოქრო, ბარიტი, თუთია, არამადნეული ნედლეული მეტალურგიისათვის (დოლომიტები და საფლუსე კირქვები), კერამიკული ნედლეული (ტრაქიტი, რიოლითი), ტყვია, დარიშხანი, ქვიშები მინის მრეწველობისათვის, ბაზალტი (ქვასხმულისათვის), ვერცხლი, სტიბიუმი.1

საქართველოს სამთო მრეწველობის დარგში ეკონომიკური რეფორმის სტრატეგიის განსაზღვრისას მთავარი ამოცანაა მინერალურ-სანედლეულო ბაზა შესწავლილ იქნეს ეკონომიკურად დასაბუთებულად. მოპოვებული და გადამუშავებული რაციონალურად და კომპლექსურად, ხოლო გამოყენებული ეფექტიანად. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამთო მრეწველობის დარგის მართვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებების და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური როლის ეფექტიანად გამოყენების სტრატეგიის განსაზღვრას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია საქართველოში სამთო მრეწველობის მართვის ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რამდენიმე დაქვემდებარებულ ქმედითუნარიან სტრუქტურას ფედერალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ სამთო პროფილის საწარმოთა მართვის დონეების შესაბამისად. ამ სისტემას მაკროდონეზე დაევალება საკვლევ დარგში ეფექტიანი სოციალურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური პოლიტიკის გატარება, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ხარისხის კონტროლი, ამ დარგის პერსპექტიული განვითარების დაგეგმვა, ინვესტიციების მოზიდვის და გამოყენების მიზანმიმართული შესაძლებლობების გათვლა, გარემოს დაცვის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება და სხვა. ამრიგად, მინერალური რესურსების ეფექტიანად ათვისების მიზნით და ამ რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი, გადამამუშავებელი და მომხმარებელი დარგების საქმიანობათა ურთიერთგანპირობებულობის საფუძველზე, ეროვნული მეურნეობის მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნილებების უზრუნველყოფის მარეგულირებელი სახელმწიფო სისტემის განსაზღვრა უპირობოდ მოითხოვს სტრუქტურული ცვლილებების ეტაპობრივ განხორციელებას, პრიორიტეტების არჩევას და მათ თანმიმდევრულად დაცვას, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პირობების ჩამოყალიბებას და მის სტიმულირებას, საერთო ეროვნული ინტერესების მქონე სახელმწიფო სამრეწველო საწარმოთა მართვას, მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების კოორდინირებული განვითარების უზრუნველსაყოფად ორგანიზაციული, ფინანსური, სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების დამუშავებას და ა.შ. საქართველოს ეკონომიკური (სამრეწველო) განვითარების სტრატეგია, ჩვენი აზრით, მიმართული უნდა იქნეს ოთხ-ერთ პრინციპოვან (მინერალური რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი, გადამამუშავებელი და მომხმარებელი დარგების ეფექტურ საქმიანობაზე) მიდგომაზე, სადაც საჭიროა ტექნოლოგიატევადი მრეწველობის ამუშავებით მინერალური ნედლეული კი არ გაიყიდოს, არამედ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გადამუშავდეს და მიღებულმა მზა კონკურენტულმა პროდუქტებმა მოიზიდოს მრავალრიცხოვანი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ყველაზე მომგებიანი სამთო პროფილის დარგების მკვეთრი ზრდა, რაც შემდგომში გამოიწვევს გადამეტწარმოების კრიზისს.

ამიტომ, ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს მინერალურ ნედლეულზე, მათზე წარმოებულ პროდუქტებზე შიდა და საექსპორტო გასაღების შესაძლებლობები ახლო, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს წარმომადგენელია სახელმწიფო ქონების მართვა, რაც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს.

სახელმწიფო ქონების მართვის საკითხების განხილვისას აუცილებლად უნდა გაივლოს ზღვარი ქონების მართვასა და საწარმოების მართვის ფუნქციებს შორის. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, როგორც საქართველოს მინერალურ-სანედლეულო ბაზის, ისე თვით სამთო მრეწველობის მართვის ეკონომიკური საკითხების მიმართ მიდგომა საჭიროებს განსაკუთრებულ ფრთხილ დამოკიდებულებას. მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფომ აქციების საკონტროლო პაკეტი უნდა შეინარჩუნოს სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოებში (სს “მადნეული”, სს “ჭიათურმანგანუმი”, სს “საქნავთობი”, სჰკ “სამთო ქიმია”…), რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სახელმწიფო ქონების (მინერალური რესურსები) და აღნიშნული საწარმოების მართვის ისეთი სტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ ქონების გასხვისების, გაქირავების და ა.შ. მიზანმიმართული მართვის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ საწარმოების მუშაობის ფისკალურ ეფექტურობაზე, ანუ აქ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ისეთი ეფექტიანი მართვის მექანიზმის შემუშავება, რომელსაც დაევალება საწარმოთა რესტრუქტურიზაციის განხორციელება, სტრატეგიული და რეალური ინვესტორის მოძიება, ინფორმაციის და ბიზნეს-გეგმების ანალიზი, საწარმოების პერსპექტიული გეგმების, დივიდენდებისა და წმნიდა მოგების განაწილების სამართლებრივი მექანიზმების დახვეწა და ა.შ. ამასთან, ეს სისტემა ორგანოს სახით, ჩვენი აზრით, წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომლის დაფინანსება განხორციელდება სამთო პროფილის საწარმოთა ეფექტური მართვის შედეგად მიღებული წმინდა მოგებით ან დივიდენდების გარკვეული პროცენტით. აქ მნიშვნელოვანია საკვლევ სფეროში სამრეწველო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების გამიჯვნა მართვის ეკონომიკური მექანიზმის საკითხებისაგან, რაც, თავის მხრივ, უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი ბაზით და ცვლილებების შეტანით მეწარმეთა შესახებ კანონის 55-ე მუხლის მე-9 პუნქტში, საქართველოს კანონის “წიაღის შესახებ” 32-ე მუხლში, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 თებერვლის #51 ბრძანებულებაში და საკუთრების უფლების შესახებ კანონში.

აქვე ნიშანდობლივია, განხილულ იქნეს ის შესაძლებლობაც, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული მსხვილი სტარატეგიული მნიშვნელობის ობიექტების კონკურსის, აუქციონის საფუძველზე საერთაშორისო ტენდერების გზით განსაზღვრული პირობებით (თანამედროვე მაღალი, უახლესი ტექნოლოგიების შემოტანა, წარმოების გაფართოება, საინვესტიციო ვალდებულებები, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სხვა) გადაეცეთ ინვესტორებს სარგებლობისათვის გრძელვადიანი არენდით. ცხადია, ეს გარემოება თავიდან აგვაცილებს ჩვენი ქვეყნისათვის სტარატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საკუთრების უფლების უცხოელ ინვესტორთა ხელში გადაცემას.

ინვესტირების შერჩევითი მიდგომა (ლიცენზიური შეთანხმება, მენეჯმენტზე კონტრაქტი და სხვა) ფართოდ გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება აზიის “ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში”, სადაც ცდილობდნენ მოეზიდათ არა ყოველგვარი უცხოური ინვესტიციები, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებიც სასარგებლოდ და ეფექტიანად ერწყმოდნენ ქვეყნის განვითარების სტარტეგიულ მიმართულებებს. ამ თავისებურებების გათვალისწინებით საქართველოში სამთო მრეწველობის ეფექტური მართვის მექანიზმის შემუშავებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დაცვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, სატენდერო პირობების მომზადების დონე ინვესტირების, საწარმოთა ხელმძღვანელების და შრომითი კოლექტივების ურთიერთმისაღები ინტერესების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ცალკეული საწარმოს, ისე თვით სამთო მრეწველობის სტაბილურად რენტაბელური ფუნქციონირების მიღწევა.