ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოების გრძელვადიანი სატარიფო რეგულირება

ლია გვაზავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი
gvazavalika@yahoo.com

რეზიუმე
სტატიაში განხილულია ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები, საერთაშორისო პრაქტიკა გრძელვადიან სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებით და ინვესტიციების წახალისების საჭიროება, ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, შესწავლილია საქართველოს ელექტროენერგის გამანაწილებელი კომპანიების SAIDI და SAIFI სტანდარტების მაჩვენებლები, ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების დინამიკა და საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარებიფების ცვლილების დინამიკა. აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად როგორც მომხმარებელთა მონოპოლიური ფასებისაგან დაცვის ასევე, ლიცენზიატი საწარმოების სტაბილური და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობასთან მიმართებით.

Abstract
The article discusses the legal basis of the electricity sector regulation, international practices of the tariff regulation and the necessity of incentivizing investments in order to ensure sustainable supply of electricity. Also, the article studies values of SAIDI and SAIFI parameters for electricity distribution companies, trends of electricity generation and consumption and the dynamics of the end-user tariffs. Based on the discussed topics, the article proposes recommendations for achievement of the goals defined by the Georgian legislation in terms of protecting customers from monopolist prices and facilitating stabile and reliable operation of the licensees.

ქვეყნის საიმედო და მდგრადი ენერგოუზრუნველყოფა თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. თავი მხრივ ელექტროენერგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც საზოგადოების, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ეკონომიკის გაუმჯობესების დღევანდელი ტენდენცია ქვეყნის ენერგო რესურსებზე მოთხოვნილების აშკარა ზრდის პერსპექტივას სახავს და მათი საბაზრო ურთიერთობების მკაცრ პირობებში გადაჭრის აუცილებლობას მოითხოვს. თანამედროვეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია მხოლოდ თვისობრივად განახლებული შიდა და გარე ბაზრებისთვის მისაღებ სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსს რაც თავისმხრივ საჭიროებს დანახარჯების ზრდას ელექტროენერგიის მიწოდებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განახლების თუ სხვა აუცილებელი მომსახურების შესყიდვის კუთხით. აღნიშნულის ფარგლებში კი – მიღწეული უნდა იქნას ხელმისაწვდომი და ენერგოდამზოგავი წამახალისებელი ფასებით ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის ენერგო-რესურსებით მომარაგება.

ელექტროენერგეტიკული სექტორი თითქმის ყველა ქვეყანაში ჩამოყალიბდა და განვითარდა, როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებული, გეოგრაფიული ნიშნით (გარკვეულ გეოგრაფიულ რაიონში) ჩამოყალიბებული მონოპოლიები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული ობიექტების ერთობლიობას. ელექტროენერგეტიკული სისტემის თითქმის ყველა კომპონენტი – ელექტროენერგიის წარმოება, დისპეტჩერიზაცია, გადაცემა, განაწილება-მიწოდება კი – წარმოადგენდა ერთ კონკრეტულ საწარმოს ანუ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებს, ხოლო აღნიშნული საწარმოები წარმოადგენდნენ განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ერთადერთ მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ნებისმიერი მომხმარებლებისათვის.

საქართველოში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ელექტროენერგეტიკული სექტორის ბუნებრივი მონოპოლიების, კერძოდ, ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოების სატარიფო რეგულირება საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო განსაკუთრებით აქტუალურია და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ტარიფები მუდმივი განსჯის და დავის საგანი ხდება, როგორც ენერგეტიკული საწარმოების მხრიდან, ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

საქართველოში ელექტროენერგეტიკული საქმიანობების რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განსაზღვრულია “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკის, როგორც მნიშვნელოვანი დარგის ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ხოლო აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით ჩამოყალიბდეს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი და სატარიფო სისტემები, ვინაიდან აღნიშნულის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნეს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა შესაბამის სატარიფო განაკვეთში, ამასთან, დიდი ყურადღება ეთმობა ელექტროენერგეტიკის დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ელექტროენერგეტიკულ სექტორში კანონმდებლობას შესაბამისობაში მოიყვანდა ევროკავშირისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნებთან, ხოლო საქართველოს მიერ აღნიშნული მოთხოვნები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების ოქმის ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში.

საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების ოქმზე ხემოწერის საფუძველზე, საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ თანამეგობრობაში ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, აამაღლოს კონკურენცია ბაზარზე და ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების დონე, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტიანობას. ამავე, დოკუმენტით განისაზღვრა ენერგეტიკული თანამეგობრობის კანონმდებლობის (დირექტივებისა და რეგულაციების) ჩამონათვალი და მათი საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ასახვის ვადები, რომლის შესაბამისად, და არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ჩამოყალიბებისათვის არსებობს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
• მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნეს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი რეგულირებადი ტარიფები;
• უზრუნველყოფილ იქნეს სამომხმარებლო ბაზრის პერმანენტული გახსნა და ელექტროენერგიის წარმოება- მიწოდების სეგმენტებში კონკურენციის განვითარება;
• გაიზარდოს სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა;
• რაციონალურად და ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ქვეყნის ენერგორესურსები;
• საკანონმდებლო ბაზა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმები ჰარმონიზებულ იქნეს ევროპარლამენტის და ევროკომისიის მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან და მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში სუფთა ენერგიის რეგიონალური პლატფორმის ჩამოყალიბებას და ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარში ინტეგრაციას.

ამ კონტექსტში ქვეყნისთვის დასახულ ამოცანათა შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი რეგულირებადი ტარიფების და ელექტროენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად შესაძლოა განხილული იქნეს დღეს მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (EU Twinning Project) ფარგლებში, ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს ექსპერტების რეკომენდაციებისა და საქართველოს ენერგოსისტემის შეფასების გათვალისწინებით განსაზღვრულ სატარიფო რეგულირების პრინციპებს. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებულ სატარიფო მეთოდოლოგიაში მითითებულია, რომ ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული „წამახალისებელი“ (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) და „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს ფუნქციონირების სტაბილურობას და ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას, გაწეული მიზანშეწონილი დანახარჯების ანაზღაურებას და საწარმოო კაპიტალზე სამართლიანი, გონივრული მოგების მიღებას.

მიმდინარე პერიოდისათვის, სემეკის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე, შესაბამისი ტარიფები ლიცენზიატ საწარმოს უდგინდება 3 წლის ვადით, ანუ სატარიფო რეგულირებისათვის პერიოდი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 3 წლით, რაც თავისმხრივ წარმოადგენს გრძელვადიან სატარიფო რეგულირებას.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტების ანალიზზე დაყრდნობით, ზოგადად მიზანშეწონილად არის მიჩნეული საწარმოთა გრძელვადიანი სატარიფო რეგულირება, ვინაიდან ამგვარი რეგულირების პრინციპით რაც უფრო ხანგრძლივია რეგულირების პერიოდი, მით უფრო დიდია რეგულირებად საწარმოთა სტიმული შეამცირონ საოპერაციო დანახარჯები. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნების მიერ სატარიფო რეგულირების პერიოდი ძირითადად განისაზღვრება 3-დან 5 წლამდე (იხ. დიაგრამა №1):

1

ვინაიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი საჭიროებს დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, ამიტომ რეგულირების მოდელი სტიმულს უნდა აძლევდეს აუცილებელი ინვესტიციების განხორციელებას, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფილია მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიით და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების რეგულირებადი აქტივების ბაზის ფორმირებაში მონაწილეობს როგორც საწარმოს არსებული (მოქმედი) აქტივები, ასევე იმავე 3 წლიან სატარიფო რეგულირების პერიოდში განსახორციელებელი და შესაბამისი წესით მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივები, რომელიც გულისხმოს მომხმარებელთა ინტერესების დაცვით საინვესტიციო დანახარჯების შესაბამისი სატარიფო წლის განაკვეთში მყისიერ (სატარიფო წლის ბოლოს მდგომარეობით) ასახვას და არა – დაგეგმილი ინვესტიციის განსახორციელებელი ფინანსუნრი რესურსის საწარმოსთვის წინასწარ მიცემას. თავისმხრივ ქსელის განვითარებისათვის საჭირო ახალი ინვესტიციების არ განხორციელება, საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას და მომხმარებლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის – ელექტროენერგიის მიწოდებას.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ გონივრულობისა და მიზანშეწონილობის ფარგლებში შესწავლილი იქნეს საწარმოს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები, ხოლო ლიცენზიატი საწარმო თავისმხრივ ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა, აგრეთვე ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი (სამიზნე მაჩვენებელი) და საბოლოო ჯამში მომხმარებელთა სარგებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუმართლებელი იქნება დაუსაბუთებელი დანახარჯის სატარიფო განაკვეთში ასახვა აგრეთვე, მნიშვნელოვანია განხორციელებული ინვესტიციების შედეგად მიღწეული იქნეს:
• მიწოდების საიმედოობის ამაღლება;
• ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესება;
• დანაკარგების შემცირება;
• უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობების მოთხოვნების შესრულება;
• და სხვა.

გასულ პერიოდში დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტების გათვალისწინებით, მომხმარებლებისა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად ცხადია სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განაწილების ლიცენზიატების მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხს და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით განაწილების ლიცენზიატებს განუსაზღვრავს მომსახურების ხარისხის მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლებით:
• მომსახურების კომერციული ხარისხი;
• ელექტრომომარაგების საიმედოობა (უწყვეტობა);
• ელექტროენერგიის ხარისხი.
საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) განსაზღვრის შემდეგ ინდექსებს:
• ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობა – SAIDI წუთი/მომხ.
• ერთ მომხმარებელზე გამორთვების საშუალო სიხშირე – SAIFI გამორთ/მომხ.
ქვემოთ მოცემულ ნახაზზე (იხ. დიაგრამა №2) წარმოდგენილია საქართველოში არსებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოები მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია 2014-2016 წლებში (წყარო: www.gnerc.org კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში), რომელიც ყოველწლიურად გაუმჯობესების ტრენდით ხასიათდება:

2

სემეკის საქმიანობის 2016 წლის ანგარიშიდან იკვეთება, რომ 2015 წელთან შედარებით 2016 წელს სს „თელასის“ SAIDI-ის მაჩვენებელი გაუმჯობესდა 1.75%-ით, ხოლო SAIFI – 7.75%-ით, ხოლო რაც შეეხება სს ენერგო-პრო ჯორჯიას” – ამ შემთხვევი გაუმჯობესებულია ქალაქის SAIDI-ის მაჩვენებელი 7.85%-ით, დაბის – 10.8%-ით, სოფლის – 11%-ით, ხოლო SAIFI-ის ქალაქის მაჩვენებელი გაუარესებულია 25%-ით, დაბის – 7.1%-ით, ხოლო სოფლის – 8.45%-ით.

აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის განაწილების ქსელი საჭიროებს მიზანმიმართულ და გეგმაზომიერ ინვესტიციას იმისათვის, რომ ერთ შემთხვევაში შენარჩუნებული იქნეს SAIDI და SAIFI სტანდარტების მაჩვენებლების გაუმჯობესების დინამიკა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავიდან იქნეს არიდებული მაჩვენებლების გაუარესება.

სატარიფო განაკვეთის ზრდის გამომწვევი გარემოებების შეფასებასთან მიმართებით მნიშვნელოვანია შესწავლილი იქნეს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. 2016 წელს ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება წინა წელთან შედარებით 6.2%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 8.4%-ით (იხ. დიაგრამა №3). აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, 2006-2016 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 3.5%-ით იზრდება (წყარო: www.genrc.org კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში):

3

ამასთან, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი საწარმოების ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად ბოლო პერიოდში გარკვეულწილად ზრდადი დინამიკით ხასიათდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, რომლებიც საკანონმდებლო ნორმებისა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად განისაზღვრება არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ცალ-ცალკე, შესაბამისი ძაბვის საფეხურისა და მოხმარების ბლოკისთვის.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფების დგინდება მაღალ, საშუალო და დაბალი ძაბვის საფეხურისთვის:
• 220/380 ვოლტი – მაღალი;
• 3,3-6-10 კილოვოლტი – საშუალო;
• 35-110 კილოვოლტი – დაბალი.
თავისმხრივ დაბალი ძაბვის საფეხურზე დგინდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, რომელიც დამოკიდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდემობაზე, კერძოდ, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები (30 კალებდარულ დღეში) განისაზღვრება შემდეგ საფეხურებად:
• 101 კვტსთ-ის ჩათვლი მოხმარებული ელექტროენერგია;
• 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლი მოხმარებული ელექტროენერგია;
• 301 კვტსთ-დან ზევით მოხმარებული ელექტროენერგია.
ელექტროენერგიის მომხმარებელთა კატეგორიების გათვალისწინებით ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ლიცენზიატი საწარმოებისათვის დგინდება ინდივიდუალურად.

ჩატარებული კვლევის ფარგლებში შესწავლილი მაჩვენებლების შედეგად, წარმოდგენილია კონკრეტული პერიოდისთვის დადგენილი საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფების დინამიკა, რომელიც 2014 წლამდე არსებული რეგულაციებისა თუ სახელმწიფო შეთანხმებების (შეღავათების) ფარგლებში იყო განსაზღვრული (სს თელასისთვის 2015 წლამდე), 2014-2017 სატარიფო წლებისთვის ყოველწლიურად იცვლებოდა იმ დროისთვის მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად თუმცა, გრძელვადიან სატარიფო რეგულირებაზე გადასვლის შემდგომ უკვე დადგენილია ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების 3 წლიანი ტარიფები 2018-2020 სატარიფო რეგულირების სრული პერიოდისთვის. აღსანიშნავია, რომ ტარიფის ყოველწლიური ცვლილება საზოგადოების მხრიდან გარკვეულ ვნებათაღელვას წარმოშობს, მომხმარებელს უჩნდება ნეგატიური მოლოდინები სატარიფო განაკვეთების მცირედ ცვლილებასთან დაკავშირებითაც, იმისდამიუხედავად აღნიშნული განპირობებულია სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვესტიციებით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა თუ ელექტროენერგიის როგორც პროდუქტის ფასის ზრდით შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდზე დადგენილი ტარიფები შეიძლება შეფასებული იქნას, როგორც სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისა და საწარმოთა ეფექტიანი რეგულირებისაკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ქალაქ თბილისის აბონენტებისათვის, სადაც ელექტროენერგიის განაწილებას და მიწოდებას ახორციელებს სს „თელასი“, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების 2006 წლის 2016 წლის ჩათვლით ხასიათდება თითქმის უცვლელი განაკვეთებით 2015 წლის სექტემბრამდე (www.matsne.gov.ge). თუმცა აღნიშნული პერიოდის შემდგომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირედი ზრდისკენ არის მიმართული 2016-2017 წლებზე, ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან ტარიფებეს ის ამჯერად დადგენილია 2018-2019-2020 სატარიფო წლებისთვის თანაბარი განაკვეთის დონეზე რჩება (იხ. დიაგრამა №4):

4

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების არეალს წარმოადგენს მთელი საქართველოს ტერიტორია გარდა თბილისისა (2017 წლის სექტემბრიდან) აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმო ახორციელებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ელექტრომამარაგებას. დიაგრამა №5-ზე წარმოდგენილია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სატარიფო განაკვეთდები, რომელიც ასევე, გარკვეული მცირედი ზრდით ხასიათდება 2015 წლიდან თუმცა 2016-2017 წლებში ტარიფების ცვლილება არ ფიქსირდება და განაკვეთები დატოვებულია გასულ სატარიფო წელს განსაზღვრული ნიშნულის დონეზე (www.matsne.gov.ge):

5


დასკვნა.
ამდენად ცალსახაა, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, შესაბამისი ტარიფების გაანგარიშებისას გამოყენებული რეგულაციებით მიღწეული უნდა ოყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ამოცანები, კერძოდ:
• მომხმარებლები დაცულნი იქნენ მონოპოლიური ფასებისაგან;
• სტიმული მიეცეს საწარმოს, გაზარდოს ეფექტიანობა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ არ მოხდეს საწარმოს მომსახურების ხარისხისა და ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება;
• საწარმოს სტაბილური და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობა;
• საწარმოსათვის გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესება.

ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მეტი ინფორმირება სატარიფო განაკვეთის ფორმირებასთან, განაკვეთის ცვლილების (ზრდის/კლების) გამომწვევ გარემოებებთან თუ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან მიმართებით, იმისათვის, რომ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს განცდა მიმდინარე პროცესებში ჩართულობის, მიღებული კომუნალური მომსახურების ადეკვატური (დანახარჯების ამსახველი) სატარიფო განაკვეთის არსებობის და მაღალი ნდობა გამოუცხადონ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს როგორც მომხმარებლებმა ასევე, საწარმოებმა რეგულირების ფარგლებში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

თავის მხრივ უდავოა, რომ გამართული და სათანადოდ აღჭურვილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც გადამწყვეტია საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ქვეყნის ეკონომიკური და ელექტროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად რეალიზაციისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, საქართველოს პარლამენტი, თბილისი, 1997;
2. საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“, საქართელოს პარლამენტი, 2002;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ თბილისი, 2014;
4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილება „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“, თბილისი, 2016;
5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილება „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“, ქუთაისი, 2008;
6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“, ქუთაისი, 2008;
7. 2016 წლის საქმიანობის ანგარიში – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, თბილისი, 2017;
8. თავაძე გ., ჩომახიძე დ., ქავთარაძე ი., მენაბდე დ., ენერგეტიკის რეგულირება: თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2006;
9. გაჩეჩილაძე ზ., მაღეაძე ნ., მაღრაძე თ., კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში, თბილისი, 2014;
10. კამერდინერი ლ., შპონგლი ჰ., მენგელსონი ა., ფელდმანი ე., საქართველოში არსებული სატარიფო სისტემისა და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და შესაძლო განვითარება, 2013;
11. Electrisity Networc Tariffs Regulations, Italian Study, Milan, May 7, 2017;
12. “Study on tariff design for distribution systems” prepared for European Commissio, DG Energy to the consortium of AF‐Mercados, REF‐E and Indra, January 28, 2015;
13. Regulation of Electrisity Distribution Business, Satu Viljainen, Kaisa Tahvanainen, Jukka Lassila, Lappeenranta University of Technology, 2014;
14. www.e-control.at
15. www.energy-community.org
16. www.matsne.gov.ge
17. www.gnerc.org