სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმი საქართველოში

მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, პირველად კავკასიის რეგიონში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ატარებს სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებში მე-4 რეგიონალურ ფორუმს.
ფორუმში მონაწილეობენ ADB-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილება აქვთ სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში. ფორუმს დაახლოებით 120 მონაწილე ყავს.

ფორუმი გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. „შეიძლება ითქვას რომ, საქართველოში გარდამავალი პერიოდი დასრულებულია და მთელს ძალისხმევას რეფორმებისა და ძირეული ცვლილებების განხორციელებისკენ მივმართავთ. საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნების შემდეგ პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა. ახალი ხელისუფლება მოვიდა დიდი გეგმებით და დიდი რეფორმებით, თუმცა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გამოვიარეთ ბევრი სირთულე და გამოწვევა. პოლიტიკური გაურკვევლობისა და კოჰაბიტაციის პერიოდში შეჩერდა ეკონომიკური აქტივობა და დაგვჭირდა დრო, რათა დაგვემსახურებინა ბიზნესის ნდობა და გაგვეღრმავებინა ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით გასატარებელი რეფორმები. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებემა 3,2% შეადგინა, ხოლო 2014 წლის პირველ ორ თვეში აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 7%-ს უახლოვდება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდი დასრულებულია და მთელ ძალისხმევას მივმართავთ რეფორმებისა და ძირეული ცვლილებების განხორციელებისათვის“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ფორუმის გახსნისას.

ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობას, როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ასევე საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, გამოცდილების გაზიარების და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებით.

“საქართველოსთვის ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა. უახლოეს მომავალში ევროკავშირთან ხელი ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება. ეს ხელშეკრულება უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროპას და ევროპულ კულტურას. თუმცა ჩვენთვის, ჩვენი ისტორიიდან და გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია აზიის მეზობლებთან და მეგობრებთან თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავება. უზარმაზარი შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს აზიის ბაზრები აძლევს, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული“.

ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების სახელმწიფო ვალის მმართველებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას. 3 დღის განმავლობაში დაგეგმილია 13 სესიის ჩატარება და თითოეული მათგანი მიეძღვნება კონკრეტულ მიმართულებებს. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია და სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი, რისკების მართვა, ცენტრალური ბანკის ხედვა ვალისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებში, გლობალური და რეგიონალური ეკონომიკის მდგრადობის მიმოხილვა, სახელმწიფო და კერძო კომპანიების თანამშრომლობა, პირობითი ვალდებულებების მონიტორინგი, ადგილობრივ ვალუტაში გამოსაშვები ობლიგაციების ბაზრების განვითარება და სხვა.

სესიებზე საქართველოდან პრეზენტაციებს გააკეთებენ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

როგორც ფორუმის ორგანიზატორები იმედოვნებენ, აღნიშნული ფორუმი უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ADB-ის შორის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს ADB-ის წევრი ქვეყნების და საქართველოს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ADB საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წელს გახდა და მას შემდეგ ყოველ წელს იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ქვეყნისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
მაგალითისათვის, გასული წლის აპრილში, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეთანხმებებს.ხელშეკრულებები ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დაფინანსებას: „ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3”; „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3”.

მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა გაიმყაროს პოზიციები რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს თბილისში კიდევ ერთი მაშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი, მომავალი წლის აპრილში თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს.