დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი მაისისათვის 13.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 395.5 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თუმცა, ოპერაციების შედეგად (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე) ეს მაჩვენებელი ამ პერიოდში 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გაცვლითი კურსის ცვლილებამ მისი 2.2 პროცენტით ზრდა გამოიწვია. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 245.1 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით, საიდანაც ოპერაციებზე მოდის 0.7, ხოლო კურსის ცვლილებაზე-2.6 პროცენტი. ამავე პერიოდში, მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდამ 150.4 მლნ ლარი ანუ 3.0 პროცენტი შეადგინა, აქედან კურსის ცვლილებამ მისი 1.7 პროცენტით ზრდა განაპირობა, ხოლო ოპერაციებმა – 1.3 პროცენტი.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 33.75 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ლარიზაცია 0.07 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე-8.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 4.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.3 პროცენტი შეადგინა.