„კავამკაცროთ კოდექსი, მაგრამ ნუ გავართულებთ მას“

საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2011 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო GIZ-თან ერთად, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე მუშაობს. 2012 წელს, GIZ-ის მხარდაჭერით, სამშენებლო კოდექსის შემუშავებაში ქართველი და საერთაშორისო სამართლის ექსპერტებიც ჩაერთნენ, რომლებმაც სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების სფეროების შემდგომი განვითრებისთვის გარკვეული რეკომენდაციები და შენიშვნები შეიმუშავეს.

სამშენებლო კოდექსი მოიცავს საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემას, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურას, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების, შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობის და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესს.
როგორც ცვლილებების შემუშავების საწყის ეტაპზე სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების საკანონმდებლო დოკუმენტები რამდენიმე კანონსა და კანონქვემდებარე აქტშია მიმოფანტული, რომლებიც უკვე მოძველდა და პრაქტიკაში აღარ გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ახალმა კოდექსმა ხელი უნდა შუწყოს სამშენებლო და სივრცითი კანონმდებლობის ოპტიმიზაციას, კონსოლიდაციასა და ძირითადი პრინციპების კოდიფიკაციას, პროცედურები და ტექნიკური ხასიათის წესები კი კანონქვემდებარე აქტებში გაიწერება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ახალმა სამშენებლო კოდექსმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის ხარისხი. მასში გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ნორმები და პარკირების საკითხები. საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება როგორც მშენებლობის ფორმა, ასევე საშენი მასალების ზემოქმედება ჯანმრთელობასა და გარემოზე, ტექნიკური რეგულირების საკითხები კი კანონქვემდებარე, სამართლებრივ აქტებში დარეგულირდება.

16-17 ივლისს, სასტუმრო “Holiday Inn”-ში საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის მეორე საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. „დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც შემუშავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ასევე ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით. მათ შორის პროფესიული საზოგადოების და ბიზნეს სექტორის. რაც მთავარია, ამ პროცესში ჩვენ გვქონდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც გვიწევს როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ დახმარებას. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ კანონპროექტის ვარიანტს, რომელშიც ყველა მხარის ვერსიაა გათვალისწინებული. დღეს უნდა შევძლოთ საბოლოო კონსესუსის მიღწევა ყველა მხარეს შორის და ამის შემდეგ მოვახდენთ ინიცირებას მთავრობაში და იმედს ვიტოვებთ, რომ საშემოდგომო სესიაზე კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

სივრიცითი მოწყობისა და სამშენებლო კოდექსი იქნება ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ძირითად პრინციპებს ამ სფეროში, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სხვა ქვენორმატიულ აქტებზე, რომელიც უკვე განსაზღვრავს სპეციფიურ საკითხებს. „ახალი კოდექსის ძირითადი არსი და მნიშვნელობა არის ის, რომ სივრცითი მოწყობის პროცესში გაიმიჯნოს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების როლი, იყოს ასევე ფართო ჩართულობა საზოგადოების. კოდექსი უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ბიზნეს სექტორითვის მისაღები. ასევე, ძირითადი აქცენტი კეთდება სამშენებლო სფეროს უსაფრთხოებაზე და მდგრადობაზე. საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი მშენებლობა, ანუ ენერგოეფექტურობა, ასევე საუბარია პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, როგორც მშენებლობის, ასევე სამშენებლო მასალების ხარისხზე, საუბარია სანებართვო სისტემის გამარტივებაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის ძალიან პროგრესული დოკუმენტი, რომელიც ემყარება ევროპულ პრინციპებს და მიდგომებს, იმისათვის, რომ ეს კოდექსი სრულად იყოს ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში, ჩვენ ამ პროცესში ჩართული გვყავდა გერმანელი ექსპერტი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, ისევე როგორც ყველა ადგილობრივმა პროფესიონალმა და სპეციალისტმა, ვინც ამ განხილვაში იყო ჩართული“ – დასძენს მიხეილ ჯანელიძე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასევე მუშაობს ევროკოდების დანერგვაზე. ეს არის კოდექსის შემუშავებისაგან ცალკე, დამოუკიდებელი პროცესი. ჯანელიძის განცხადებით, ევროკოდები პირველ რიგში უნდა ითარგმნოს, მოხდეს მათი ადაპტირება საქართველოს რეალობასთან და მოთხოვნებთან. ამისათვის კი შეიქმნება შესაბამისი ტექნიკური კომიტეტები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა დარგის პროფესიონალები და სხვა დაინტერესებული მხარეეები, კომიტეტი მოახენს ევროკოდების ადაპტირებას საქართველოს პირობებთან. „საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და დაახლოების შემდეგ პარალელურად წარიმართება საგანმანათლებლო საქმიანობა რათა იმ პირებს, რომელიც მოიხმარენ ამ კოდებს ქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა, თუ როგორ გამოიყენონ ეს ევროკოდები. ეს არ იქნება შემზუღდველი ნორმები, ეს იქნება თანამდეროვე ნორმებზე გადამსვლელი ეტაპობრივი სისტემა. რაც პირველ რიგში ჩვენ მშენებლობას გახდის მდგრადს და უსაფრთხოს. ასევე პროეფსიულ საზოგადოებას მისცემს საშუალებას დახელოვდნენ ახალ ევროპულ ნორმებში, იმისათვის, რომ მათ საკუთარი მომსახურების გაწევა შეეძლოთ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც“ – განაცხადა ჯანელიძემ. ამასთანავე, ევროკოდებს არ ექნებათ სავალდებულო ხასიათი და მათი გათვალისწინება და მშენებლობის პროცესში გამოყენება კომპანიებისთვის ნებაყოფლობითი იქნება. მაგრამ კომპანიები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და იმუშავებენ ამ კოდების გათვალისწინებით, შეძლებენ მომსახურების გაწევას საზღვარგარეთაც.
ახალი კოდექსი სამშენებლო ზედამხედველობის, არქიტექტორთა და ინჟინერთა პროფესიული საქმიანობის საკითხებსაც მოაწესრიგებს. სამშენებლო კოდექსის პროექტის რეკომენდაციები, სამშენებლო ზედამხედველობისა და პროფესიული სერტიფიცირების საკითხებსაც განიხილავს. არქიტექტორებისა და მშენებელ-ინჟინრების პროფესიული სერტიფიცირება, ერთი მხრივ, მათ პროფესიულ საქმიანობას მოაწესრიგებს, მეორე მხრივ კი, ამ პროფესიების უფლებამოსილება გაფართოვება.

დავით გიგინეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: „ახალი სამშენებლო კოდექსით ბევრი რამ იცვლება ზოგადად, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, საფუძველი ეყრება არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირების პრაქტიკას. ეს პროფესიები გახდება რეგულირებადი სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის მცდელობა იმისა, დავაფიქსიროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროფესიები სახელმწიფოსთვის, იმისთვის, რომ მშენებლობისა და პროექტირების ხარისხი გაიზრდოს“.

დავით გიგინეიშვილმა იმ სავალდებულო ნორმების ამოქმედების შესახებაც ისაუბრა, რაც ახალ სამშენებლო კოდექსშია ჩადებული: „კოდექსის არსი გამომდინარეობს იქიდან, რომ მშენებლობები უფრო ხარისხიანი გახდეს. ჩნდება სავალდებულო ტექნიკური ზედამხედველის სამსახური, კოდექსის მიხედვით, ხდება სავალდებულო უსაფრთხოების ინჟინერი სამშენებლო მოედანზე, რომელიც დღეს არ არსებობს და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ინციდენტი ხდება სამშენებლო მოედანზე. ახალი კოდექსი მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს და აღმოფხვრის ამ პრაქტიკას. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, ტვირთად ედება, რა თქმა უნდა, სამშენებლო კომპანიებს, მაგრამ მათ ავუხსენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხაროსხის კონტროლი, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ა.შ. სამშენებლო მოედანზე. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ევროპული მიდგომა ამ საქმისადმი. მაგალითად, როცა დამპროეტქებელი აპროეტქებს გარკვეული სტანდარტების და რეგლამენტების მიხედვით ამა თუ იმ შენობას, მშენებლობის პროცესში ეს ყველაფერი ერთი ერთში უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ამ მიდგომით ჩვენ ვცდილობთ გავაქროთ ის პრაქტიკა, რაც დღესაა – პროექტში წერია ერთი და შენდება მეორე. რაც წერია პროექტში, ის უნდა გადავიდეს სამშენებლო მოედანზე. ამის კონტროლი განხორციელდება ტექნიკური ზედამხედველის საშუალებით. კოდექსი ასევე ითვალისწინებს მთელ რიგ სანქციებს დარღვევების შემთხვევაში. კოდექსში ჩადებულია თავი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ და ითვალისწინებს შესაბამის თანხობრივ დაჯარიმებას ან სხვა სანქციას, გააჩნია დარღვევის ხარისხს“.

ახალი სამშენებლო კოდექსის განხილვაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, უწყებებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

დავით აბულაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე: „ეს დოკუმენტი მთლიანად წესრიგზეა ორიენტირებული. უწინარესად ის ორიენტირებულია ადამიანზე, მისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე. გარდა იმისა, რომ კოდექსში გათვალისწინებულია ტერიოტორიულ-სივრცითი დაგეგმარების საკითხები, ასევე უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი თემებიც. როცა საუბარია ხარისხის ახალ სტანდარტებზე, რა თქმა უნდა, ეს სამშენებლო კომპანიების მუშაობის კორექტირებას გამოიწვევს, რაღაც ცვლილებები იქნება, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პროცესი და სანამ ეს კოდექსი ამუშავდება და უშუალოდ მშენებელებს შეეხებათ, არის დიდი დრო და კომპანიებს აქვთ დრო მომზადებისთვის. ჩემი, როგორც არქიტექტორის მოლოდინი არის ის, რომ როცა საუბარია ქალაქის მშენებლობასა და გრძელვადიან განვითარება-დაგეგმარებაზე, ახალი კოდექსის საშუალებით, ეს პროეცსი მუდმივად უნდა დაეყრდნოს წინასწარ დაგეგმილ, დამუშავებულ გრძელვადიან დოკუმენტს, სადაც გაწერილია ყელაფერი, სტანდარტებისა და წესების მიხედვით, ანუ უნდა მოხდეს დარგის სისტემური დალაგება“.

სამშენებლო კოდექსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით მენაშენეების ნაწილს შენიშვნები აქვს. თორნიკე აბულაძე, სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი:„მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, განხილვები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ ეტაპისთვის რაღაც შენიშვნები მაქვს. ფორმატის მიმართ მაქვს დადებითი დამოკიდებულება, რადგან განხილვები არის ყველასთვის ღია. გვაქვს იმედი და შანსი იმისა, რომ კანონი გამოვიდეს კარგი, მაგრამ, მეორე მხრივ, მაქვს უარყოფითი დამოკიდებულებაც, რადგან ბევრი წინადადება, რომელიც ჩვენ მიერ იქნა შეთავაზებული წინა განხილვის დროს, არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, ჩვენი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ის, რომ შემმოწმებელი სახელმწიფოში არ უდა ყოფილიყო სახელმწიფო ბიუროკარატი. მაგალითად, საგადასახადო პრაქტიკაში, როდესაც შეგიძლია დაიქირაო კერძო აუდიტორი, ასევე მშენებლობის დარგშიც ლიცენზირებული და სერტიფიცირებული შემმოწმებლის დაქირავების საშუალება უნდა გვქონდეს. ეს ჩვენი შენიშვნა არ გაითვალისწინეს. არის კიდევ რიგი საკითხებისა, რომელიც ასევე არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ბოლომდე დაველოდოთ განხილვების დასრულებას. შეიძლება რამე ამ მიმართულებით შეიცვალოს. კოდექსი ახლა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს შემმოწმებლის შტატი, რომლიც ძალიან დეტალურად ამოწმებს სამშენებლო ობიექტებს. შეუძლია გააჩეროს მშენებლობა რაღაც დარღვევის გამო და ა.შ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს კორუფციის წყარო. წარმოიდგინეთ, რამდენი ჩინოვნიკი უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს, ვინც ამის შემოწმებას შეძლებს? საკითხავია ისიც, თუ რამდენად კომპეტენტური იქნებიან ისინი და დაკმაყოფილდებიან თუ არა სახელმწიფოს ხელფასით. ჩნდება გარკვეული რისკი კორუფციული გარიგებების. მაშინ როცა მე ვქირაობ კერძო შემმოწმებელს, შემიძლია ის ყოველ კვირა მოვიყვანო და ჩავატარებინო შემოწმება. მას ვუხდი თანხას და პასუხისმგებლობას ვაღებინებ, რომ არავითარი დარღვევა არ მაქვს. ახლა რა კანონიც არის, მას სჭირდება გამკაცრება და არა გართულება ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერებით. დღეს კოდექსი არის წასული გართულებისკენ. გამკაცრება არის, როცა გთხოვენ, რომ ხარისხი იყოს უფრო მაღალი და გართულება არის ის, რომ იმისთვის, რომ თქვენ მშენებლობის ნებართვა მოიპოვოთ, უნდა გაიაროთ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი. ზოგადად მენაშენეების პოზიცია არის ასეთი – კავამკაცროთ კოდექსი, მაგრამ ნუ გავართულებთ მას. ნუ იქნება რთული მშენებლობის ნებართვის მოპოვება, ნუ იქნება რთული სახლის მშენებლობის დასრულება, ნუ იქნება რთული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და ა.შ.“

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საჯარო განხილვების ეტაპი უკვე სრულდება და ახალი კოდექსი პარლამენტს განსახილველად შემოდგომის სესიაზე წარედგინება. მოხდება თუ არა მენაშენეთა შენიშვნების სრულად გათვალისიწინება, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება.