ExxonMobil-მ „როსნეფტთან“ დაგეგმილი 10 პროექტიდან 9 შეაჩერა

ExxonMobil-მ აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, „როსნეფტთან“ დაგაგმილი 10 პროექტიდან 9 შეაჩერა. ამის შესახებ ამერიკული კომპანიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.
„ExxonMobil-სა და „როსნეფტს“ შორის გაფორმებული შეთანხმება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ითვალისწინებს, ათი ერთობლივი პროექტის რეალიზებას, მათ შორისაა: დაზვერვა და შავი ზღვის შელფზე, არქტიკასა და დასავლეთ ციმბირში პოტენციური მოპოვება. ExxonMobi-მ შეაჩერა სამუშაოები ათიდან ცხრა ერთობლივ პროექტზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ExxonMobil-ს პრეს-სპიკერის თქმით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, კარის ზღვაში ჭაბურღილზე „საუნივერსიტეტო-1“ სირთულეებისა და ამ რეგიონში მგრძნობიარე ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ExxonMobil-ს მოცემულ რეგიონში სამუშაოების შესაჩერებლად მეტი დრო მისცა. დანარჩენები კი სექტემბრის ბოლოსვე შეჩერდა.
„როსნეფტმა“ და ExxonMobil-მ სადაზვერვო ბურღვითი სამუშაოები „საუნივერსიტეტო-1“ -ზე, რომელიც რუსეთში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჭაბურღილია, 9 აგვისტოს West Alpha-ს ფლატფორმის დახმარებით დაიწყეს.
სამუშაოების შეჩერება უკავშირდება აშშ-ს მიერ 12 სექტემბერს შემოღებულ ახალ საქნციებს რუსეთის წინააღმდეგ. მათ შორისაა: „გაზპრომი“, „გაზპრომ ნავთობი“, „ლუკოილი“, „სურგუტნეფტგაზი“ და „როსნეფტი“. ჩამოთვლილი კომპანიებისთვის აკრძალულია საქონლის, მომსახურებისა და ტექნოლოგიების მიწოდება, რომელიც ნავთობის მოსაპოვებლად არის საჭირო წყალუხვ ადგილებში, არქტიკის შელფსა თუ ფიქლის წარმონაქმნებში.
„როსნეფტი“ აპირებს სხვა პარტნიორების მოძიებას ამ რეგიონში ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად. კომპანიის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ExxonMobil-ს წასვლის შემთხვევაში, საქმიანობას თვითონ გააგრძელებენ და აუცილებელ ტექნოლოგიებს სხვა პარტნიორებისგან მიიზიდავენ, რომელთაც თანამშრომლობაზე შეზღუდვები არ აქვთ. ამასთან, სეჩინმა დასძინა, რომ კარის ზღვაში პროექტის ოპერატორი ერთობლივი საწარმოა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „როსნეფტი“ და ExxonMobil და ისინი არ გეგმავენ ერთობლივი საწარმოს სტრუქტურაში ცვლილებების შეტანას. „ExxonMobil-ს ყოველთვის ექნება პროექტში დაბრუნების შესაძლებლობა, როგორც კი მარეგულირებელი ორგანოები ამის საშუალებას მისცემენ“, – განაცხადა სეჩინმა.