ნავთობის ფასმა რუსეთისთვის კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვეა რაც მცირდება და უკვე 2010 წლის დონესაც მიაღწია. ხუთშაბათს (2014 წლის 2 ოქტომბერი) მოსკოვის დროით დღის საათებში, ნიუ-იორკის ბირჟაზე, Brent მარკის ბარელი ნავთობი 92 დოლარზე იაფი ღირდა – ეს რეკორდულად დაბალი დონეა ბოლო ხუთი წლის მანძილზე. ამერიკული WTI ნავთობი მთელი დღე ივაჭრებოდა ფასით – 90 დოლარი/ბარელი მინიმუმით ნიშნულზე 88,20. ამგვარად, ნავთობის ფასის შემცირებამ ახალი რეკორდი დაამყარა – ასეთი იაფი ის 2010 წლის დეკემბრიდან არ ღირებულა.
როგორც მიმომხილველები აცხადებენ, ბარელზე 90 დოლარი რუსეთისთვის საკმაოდ კრიტიკული ფასია ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით. 2014 წლის ბიუჯეტი გათვლილია ბარელზე 100 დოლარით, ხოლო შემდეგი წლის ბიუჯეტის გათვლაში ჩადებულია 96 დოლარი Urals-ის მარკის ნავთობზე, რომელიც საშუალოდ Brent-ზე 2-3 დოლარით იაფია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის შესრულებაში ეს ქვეყანას ხელს შეუშლის და ის საგრძნობი უკვე ახალი წლიდან გახდება.
ცოტა ხნის წინ რუსეთის ცენტრალური ბანკის მეთაურმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ რეგულატორს სავსებით რეალურად ეჩვენება ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნა და ამუშავებს ეკონომიკის განვითარების ე.წ. „სტრესულ სცენარს“ ამ შემთხვევისთვის. მოგვიანებით ნაბიულინამ დააკონკრეტა, რომ საუბარია პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა 60 დოლარზეც ჩამოვიდეს. თუმცა, რიგი ექსპერტები ამ სცენარს არარეალურს უწოდებენ.
ნავთობის ფასების შემცირების შესაძლო მიზეზად ექსპერტები საუდის არაბეთის ახალ პოლიტიკას ასახელებენ ნავთობის ბაზართან მიმართებაში. თუმცა, ერთ რამეში თანხმდებიან, რომ ასეთი ფასი არც ერთი ნავთობის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნისთვის არ იქნება კომფორტული. მიმომხლიველები, რომლებიც ამბობენ, რომ ფასების მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის, ემხრობიან პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, 2015 წლისთვის საშუალო ფასი შესაძლოა ბარელზე 85 დოლარი იყოს. ისინი აცხადებენ, რომ პირველ რიგში, ეს შეერთებული შტატებისთვის არ არის მომგებიანი. აშშ-ს, ერთი მხრივ, სურს პუტინის რეჟიმის დემონტაჯი და ამისთვის ფასების შემცირებაა აუცილებელი, მეორე მხრივ კი, ფასების შემცირებით ნადგურდება ფიქლის პროექტების მთელი ეკონომიკა.
ნავთობის ფასის ახლანდელ ვარდნას ანალიტიკოსები დოლარის გამყარებას და, როგორც ზემოთ ვახსენეთ, საუდის არაბეთის ახალ პოლიტიკას უკავშირებენ, რომელიც ფასების შემცირების ხარჯზე ცდილობს თავის ნავთობისთვის ენერგომატარებლების ბაზარზე წილის მოპოვებას.
„ეს ბაზრის სტრუქტურული ცვლილებებია, რადგან საუდის არაბეთი ღია ტექსტით აცხადებს, რომ „ფასების ომს“ იწყებს თავის კონკურენტებთან“, – განაცხადა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში შვედური ბანკ SEB-ის სასაქონლე ბაზრის ანალიტიკოსმა ბიარნე სკილდროპმა. ამ მოსაზრებას იზიარებს Again Capital LLC-ის ანალიტიკოსი ჯონ კილდაფი ბლუმბერგთან ნავთობის ფასების კომენტირებისას – „საუდის არაბეთის ნავთობის ფასების შემცირება იმის ნიშანია, რომ ის აღარ აპირებს წარმოების შემცირებას და, მეტიც, ბაზრისთვის ბრძოლას შეუდგება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ანალიტიკოსთა მეორე ჯგუფი ფიქრობს, რომ არაბული ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკა ნავთობის ფასებზე, რასაკვირველია, აისახება, მარგამ არც ისე ძლიერად. თანაც, მიმომხილველები ამბობენ, რომ საუდის არაბეთს არაფერში არგია იაფი ნავთობი, მით უფრო, რომ მათი ბიუჯეტი გათვლილია ბარელზე დაახლოებით 90 დოლარის ფასით, „არაბულმა გაზაფხულმა“ მათ სოციალური ხარჯების ზრდა მოუტანა. ექსპერტთა ამ წრისთვის, ნავთობის ფასების გადამწყვეტი აშშ-ის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც, მათი აზრით, ასევე ხელს არ აძლევს იაფი ნავთობი.
სექტემბრის ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობის ფასის კვარტალუმა კლებამ 16% შეადგინა. ამასთან, Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელიან, რომ Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 105 დოლარი იქნება ოქტომბერ-დეკემბერში. მსოფლიო მოთხოვნის ზრდა II კვარტალში 2011 წლიდან მინიმუმამდე შემცირდა მაშინ, როცა აშშ-ში ნავთობის მოპოვებამ მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში (აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემები).
ტრადიციულად, ენერგორესურსებზე მოთხოვნა იცვლება სეზონური ფაქტორებიდან და მოთხოვნისა და მიწოდების მოცულობებიდან გამომდინარე. გაიზრდება ზამთრის საწვავის ტიპზე მოთხოვნა, როგორიცაა მაზუთი. ფასების აღდგენა შეიძლება მხარდაჭერილი იყოს იმ ჰეჯ-ფონდების ინტერესებისა და სხვა ინვესტორების ხარჯზე, რომლებიც ადრე გავიდნენ ბაზრიდან. მით უფრო, უკვე არის მოთხოვნაზე ზეწოლის გარკვეული ნიშნები, ამიტომ შეიძლება ფასების ზრდა ისეთი აქტიური არ იყოს. ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზის თანახმად, 2015 წელს მსოფლიო მოხმარება საშუალოდ შეადგენს 93,8 მილიონ ბარელს დღე-ღამეში, ეს კი წინა პროგნოზზე 300 ათასი ბარელით მცირეა.