საქართველოში ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესი ამოქმედდა

2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, რომლის თანახმადაც, დაინერგა გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი მეთოდი – ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერი და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (ორეტაპიანი ტენდერი).

ახალი მეთოდი ორდინალური ტენდერებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში პრეტენდენტთა რანჟირების (რიგითობის) განსაზღვრისთვის გადამწყვეტი აღარ იქნება მხოლოდ სატენდერო წინადადების ფასი, არამედ საუკეთესო სატენდერო წინადადების პრეტენდენტი გამოვლინდება, როგორც ხარისხის, ასევე ფასის გათვალისწინებით.

შემსყიდველი ორგანიზაცია, მისი საჭიროებიდან და კონკრეტული შესყიდვის მიზნიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განსაზღვროს სხვადასხვა თვლადი კრიტერიუმი, რომელიც მას მისცემს საშუალებას, დაბალ ფასად შეისყიდოს საუკეთესო ხარისხის მქონე შესყიდვის ობიექტი.

ორეტაპიანი ტენდერების მოდული სრულად ავტომატიზებულია. როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები, ასევე მათი მაჩვენებლები (პრეტენდენტის შეთავაზება ამ კრიტერიუმების საპირწონედ), მიეთითება სისტემის შესაბამის ველში, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სისტემამ ავტომატურად, სატენდერო პირობებით დადგენილი კრიტერიუმებისა და მათი წონების გათვალისწინებით, სისტემაში გენერირებული საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულის გამოყენებით, განსაზღვროს პრეტენდენტების რანჟირება და, შესაბამისად, გამოავლინოს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი.

უკვე დანერგილი ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე ერთეტაპიანი ტენდერების მსგავსად, ორეტაპიანი ტენდერიც ჩატარდება ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე. ამავდროულად, სატენდერო წინადადების ფასის წარდგენის შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობები და ტექნიკური დოკუმენტაცია.

ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, საჯარო ხდება მხოლოდ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. ორეტაპიან ტენდერში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე. ორეტაპიანი ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გახსნილა, საჯარო აღარ გახდება და დარჩება დაფარული.

აღნიშნული სიახლე ემსახურება შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის დაბალ ფასად უფრო მეტად ხარისხიანი შესყიდვის ობიექტის შეძენის შესაძლებლობის მიცემას.