საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საფრთხეები

მაკა ღანიაშვილი

წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმდინარე მოვლენების შეჯამება და მომავალი წლის პროგნოზები კეთდება. გამონაკლისი არც ენერგეტიკის სექტორია. ერთ-ერთ სემინარზე* („საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება და სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები“) განიხილეს საქართველოს და რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები და მათი როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე – ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა ენერგეტიკულ სექტორში და, კერძოდ, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესი; მის მიმდინარეობა და მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული ინტერესების კონტექსტში.

სემინარს ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, პარლემენტის, საერთაშორისო ორგნიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები. სემინარის ბოლოს პანელური დისკუსიის ფორმით მონაწილეებმა განიხილეს 2014 წელს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე მოვლენები. დისკუსიაში მონაწილეოდნენ დარგის ექსპერტები – ენერგეტიკული კვლევების დირექტორი მურმან მარგველაშვილი, ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით მირცხულავა და სხვა.

სემინარზე წარმოდგენილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტისა და WEG-ის მიერ მომზადებული 2014 წელს მიმდინარე მოვლენების შეფასება ენერგეტიკის დარგში. „ქვეყნის ენერგეტიკულ შესაძლებლობებზე დადებითად აისახება ახალი ჰიდროელექტროსადგურების ამუშავება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 150 მგვტ (შილდაჰესი, ბახვიჰესი, ლარსიჰესი, ახმეტაჰესი, ყაზბეგიჰესი, არაგვიჰესი და ფარავანჰესი)“ – ვკითხულობთ WEG-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

2014 წელს მნიშვნელოვანი იყო ასევე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ენერგეტიკის სექტორში შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, მათ შორის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოძიება, მოპოვება და ტრანზიტი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესაძლებლობას.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება და საქართველო

საქართველომ 2010 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიასთან ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, 2013 წლის იანვარში კი საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიმართა ენერგეტიკული გაერთაინებას სრულუფლებიან წევრობაზე. 2014 წლის თებერვალში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, გიუნტერ ოტინგერის განცხადებით, საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ევროკომისიის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2014 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა გამხდარიყო. მას შემდეგ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა, სადაც მნიშვნელოვანი კომპრომისები იქნა მიღწეული საქართველოსათვის მნიშვნელოვან საკითხებში. საჯაროდ რამდენჯერმე გაცხადდა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა და პრაქტიკულად დასრულებული იყო, თუმცა საბოლოოდ, ჩანს, რომ გაწევრიანების პროცესი ჭიანურდება. მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეჩერებულია 2014 წლის ადრე გაზაფხულიდან, როცა შეფერხდა ორმხრივი საკონსულტაციო შეხვედრები. ამასთან, არ ყოფილა სათანადოდ განმარტებული ამ გაჭიანურების მიზეზები და წამოჭრილი სირთულეები.
„შექმნილი მდგომარეობა სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა, ვინაიდან გაუმართლებელი გადავადებით შესაძლებელია ზიანი მიდგეს მთლიანად ევროინტეგრაციის პროცესს და მასთან დაკავშირებული მრავალი სარგებლის და ეროვნული ინტერესის განხორციელებას“, – ვკითხულობთ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსვთის“ შეფასებაში.

გასათვალისწინებელია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ უკვე აიღო ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პაკეტის განხორციელების ვალდებულება. მოლაპარაკება ენერგეტიკული გაერთიანების (EC) წევრობის ფორმატში განსაზღვრავს მხოლოდ ვადებს და განხორციელების პირობებს. თუ EC მოლაპარაკება წარუმატებლად დამთავრდა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, მაინც უნდა მოხდეს იგივე დირექტივების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობაში, თუმცა, შესაძლოა, უფრო ხისტი ვადებით და პირობებით.

EC წევრობით გამყარებული კანონმდებლობის და სისტემების ჩამოყალიბება ქმნის გამჭვირვალე, სტაბილურ საკანონმდებლო და მარეგულირებელ გარემოს, რაც ქვეყანაში კვალიფიციური სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვის და ინვესტიციის მოცულობების გაზრდის და ასევე სატრანზიტო ფუნქციის განხორციელების და სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა პოლიტიკური ასოცირების მნიშვნელოვანი ნაბიჯია და აჩვენებს პოლიტიკური არჩევანის სიმწიფეს, რამაც შედეგად უნდა გამოიღოს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკური მხარდაჭერის უფრო მაღალ ხარისხი.

ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვა თავისთავადი სარგებელია, ვინაიდან ეს გულისხმობს საბაზრო მექანიზმების, გამჭვირვალობის და ხარისხიანი საკანონმდებლო გარემოს დამყარებას; რაც ნიშნავს ენერგეტიკის სექტორში არსებული უხარისხო საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს შეცვლას, გაუმჭვირვალე მემორანდუმების მახინჯი სისტემის ეტაპობრივ გაუქმებას, ბაზრის დემონოპოლიზაციას, ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული და გამჭვირვალე საბაზრო პრინციპების და პროფესიული გარემოს დამკვიდრებას, კორუფციის შესაძლელობების აღმოფხვრას. EC წევრობა ასევე გულისხმობს ევროპული კანონმდებლობის დანერგვაში ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღებას.

EC წევრობა მოითხოვს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, გარემოსდაცვის და კონკურენციის პირობების დაცვას და ა.შ. რაც ქვეყნის და საზოგადოების ტექნოლოგიურ და ინსტიტუციურ განვითარებას ნიშნავს და რისი გადადებაც გაუმართლებელია. მათ შორის, იხსნება საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

ენერგეტიკული გაერთიანება არის ევროპასთან ენერგეტიკული ურთიერთობების პლატფორმა და ფორუმი, სადაც საქართველოს შეეძლება მონაწილეობა და საკითხების დაყენება სხვა ქვეყნებთან ერთად. მიუხედავად პირდაპირი ენერგეტიკული კავშირის არქონისა, შესაძლებელია მოიძებნოს EC ქვეყნებს შორის არსებული საგანგებო ენერგეტიკულ სიტუაციებში ურთიერთდახმარების მუხლის განხორციელების პირობების ამოქმედების გზებიც.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, ევროინტეგრაცია და, აქედან გამომდინარე, ჰარმონიზაცია ენერგეტიკულ სფეროში, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელება, არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა ესწრაფოდეს მის განხორციელებას ყველა შესაძლებლობით, მათ შორის EC წევრობით.

ენერგეტიკული გაერთიანების წევრობაზე განაცხადის და ოთხწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ არაარგუმენტირებული თავშეკავება შიდა პოლიტიკური პროცესის უმწიფრობის ან საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მაჩვენებელი შეიძლება გახდეს, რაც შელახავს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯს, ხელს შეუშლის მთლიანად ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განხორციელებას. საქართველოს ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა მხრიდან კი შესაძლებელი ხდება ამ ყველაფრის გამოყენება დამატებითი ბარიერების და სირთულეების შესაქმნელად.

WEG-ის ექსპერტთა შეფასებით: „ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მიანიშნებს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობაზე მოლაპარაკებების გაჭიანურება შესაძლოა ქვეყნის პროდასავლურ განვითარებაზე უარყოფითად აისახოს და ევროინტეგრაციის პროცესზე უარის თქმის ტოლფასი გახდეს. მოყვანილ სარგებელებზე უარის თქმის და საფრთხეების წარმოშობის პირობებში, სასურველია, გამოირიცხოს შეცდომის ალბათობა და გაირკვეს, რამდენად არგუმენტირებულია ამ პროცესის შეჩერება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების მხრივ მეტ ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს“.

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეფერხების გარდა, WEG-ისა და ილიაუნის ექსპერტები სხვა უარყოფით ტენდენციებზეც ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ 2014 წელს დაიწყო ენერგეტიკის პოლიტიკისა და ენერგეტიკის დაგეგმვის მეთოდებზე, ქვეყანას ჯერჯერობით მაინც არ გააჩია დასაბუთებული და საფუძვლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა და ენერგეტიკული სტრატეგია. ქვეყანას ასევე არ აქვს ოფიციალური ენერგეტიკული ბალანსი, შესაბამისად არ ხდება მნიშვნელოვანი პარამეტრების და შესაძლებლობების, მათ შორის ქვეყანაში გამოყენებული ბიომასის (ძირითადად შეშა) გათვალისწინება, რაც ენერგეტიკის კვალიფიციურ მართვას უშლის ხელს.

სემინარის ორგანიზატორები ასევე ეხმიანებიან მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ მოვლენებს: „მსხვილი ჰიდროსადგურების, მათ შორის ჰუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით კეთდება შემაშფოთებელი განცხადებები, რომ შესაძლოა სახელმწიფომ აიღოს პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე, რაც არაგონივრული გადაწყვეტილებაა. აღნიშნული უნდა ხორციელდებოდეს სათანადო საინვესტიციო გარემოს შექმნის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სტრატეგიული კვალიფიციური ინვესტორების ჩართვით, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით და სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების კვალიფიციური გამჭვირვალე პროცესით. გრძელდება ენერგეტიკის სექტორის სამეურნეო და კომერციულ საქმიანობაში სახელმწიფო ჩარევის გაძლიერება, რაც საბაზრო პრინციპების დარღვევის და სახელმწიფო-მბრძანებლობითი ეკონომიკისკენ დაბრუნების უარყოფითი ტენდენციაა.“

მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი გარემოს კუთხითაც. საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის კანონები. თუმცა, ევროკავშირმა გამოაცხადა ტენდერი საქართველოში ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც იძლევა იმის იმედს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო 2015 წელს ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, რაც გარკვეულწილად პასუხისმგებლობას დააკისრებს ენერგოეფექტურობის შესახებ გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

*15 დეკემბერს, ილიას უნივერსიტეტში, გაიმართა WEG-ისა (World Experience for Georgia) და ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლის მორიგი სემინარი