ხელოვნური თოვლი და ბუნებრივი პრობლემები

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს ზამთრის კურორტებზე აქტიური სეზონი ტრადიციულად დეკემბრის ბოლო კვირაში იხნება. წლევანდელ სეზონს ზამთრის კურორტები მნიშვნელოვანი სიახლით ხვდებიან – გუდაურსა და დიდველზე ამ ზამთარს ბუნებრივთან ერთად, თოვლის ხელოვნური საფარიც იქნება. ინიციატივის მიზანი ისაა, რომ ამ მეთოდის დანერგვით ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი სულ მცირე ორი თვით გახანგრძლივდეს, რითაც უნდა გაიზრდოს ტურისტთა ნაკადი და ამაღლდეს მომსახურების დონე. მთის კურორტების ხელოვნური გათოვლიანება დაახლოებით 7,5 მილიონი ლარი დაჯდა. ხელოვნური გათოვლიანება იტალიურ-ავსტრიულმა კომპანია „დემაკლენკომ“ განახორციელა, რომლის კონკურენტი ასევე იტალიურ-ასვტრიული კომპანია „ტექნო ალპენი“ იყო, თუმცა ფასისა და სხვა შეთავაზებების გამო, „დემაკლენკოზე“ გაკეთდა არჩევანი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, მომავალ წელს ხელოვნური გათოვლიანების მეორე ეტაპი იგეგმა, რომელიც გულისხმობს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური წყლის რეზერვუარების, ანუ ტბების მოწყობას. დაგეგმილია 4 კილომეტრამდე სათხილამურო ტრასის გათოვლიანებაც, რის შემდეგადაც გუდაური მომავალ წელს სრულყოფილი ევროპული სტანდარტების კურორტი უნდა გახდეს.
როგორც სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, ზამთრის კურორტებზე საახალწლო პერიოდისთვის სასტუმროების უმრავლესობა უკვე დაჯავშნილია. გუდაურში სასტუმროების 85%-ი, 25 იანვრამდე უკვე დაკავებულია. ბაკურიანსა და გუდაურში მომსახურების ფასები თითქმის იდენტურია. ერთდღიანი დასვენება, საშუალოდ, 30-დან 350 ლარამდე ჯდება. გუდაურში მთლიანი კოტეჯის დაქირავებაა შესაძლებელი, რომელიც 15 ადამიანზეა გათვლილი, ამ შემთხვევაში 10-დღიანი საგზურის ფასი 500-750 ლარის ფარგლებშია. 3 ან 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამე 350 ლარი ჯდება, ხოლო ჰოსტელში ოთახის დაქირავება 15-20 ლარის ფარგლებშიცაა შესაძლებელი. რაც შეეხება სათხილამურო ინვენტარს, მისი ქირაობა 18-დან 40 ლარამდე ღირს. საბაგირო მომსახურებისთვის გუდაურში ერთჯერადი ბილეთის ფასი 5 ლარია, ხოლო ერთი დღის სააბონიმენტო ბარათი 30 ლარი ღირს.
ბაკურიანში საოჯახო ტიპის სასტუმროებში ნომრის დაქირავების ფასი დღეში 20-დან 250 ლარამდე მერყეობს. ახალი წლის დღეებში სასტუმროში ერთი დღის დასვენების საფასური 280 დოლარით განისაზღვრება. ჩვეულებრივ დღეებში ეს მაჩვენებელი 220 დოლარს შეადგენს. არასადღესასწაულო დღეებში კოტეჯებში დასვენების ფასი, კვების გარეშე, 40 ლარიდან იწყება. ორჯერადი კვებით დასვენება კი 70-80 ლარი ღირს. რაც შეეხება სათხილამურო ინვენტარის ფასს, 50 თეთრიდან 3 ლარამდე მერყეობს. დღიური აბონემენტის ღირებულება კი 30 ლარს შეადგენს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, სასტუმროს ფასები ლარის გაუფასურების მიუხედავად არ შეცვლილა, იგივეა აბონიმენტის ფასიც და დღის განმავლობაში 30 ლარს ხოლო სეზონის განმავლობაში 500 ლარია. თუმცა სასტუმროებისა და კოტეჯების მფლობელთა ნაწილი ლარის კურსის მერყეობის გამო მომავალში ფასების ზრდას არ გამორიცხავს, რადგან მათი განცხადებით, კურსის გაუფასურების გამო ბევრი პროდუქტი გაძვირდა, რაც მათ დანახარჯებს ზრდის. წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს საკურორტო ზონებში კვლავაც ბევრი პრობლემაა, რაც ტურისტების პოტენციურ რაოდენობას ამცირებს.
გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან ერთად, მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი ფასები და მომსახურების დაბალი დონე რჩება. ამ პრობლემას ხაზს ტუროპერატორებთან ერთად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც უსვამს:
„ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია სასტუმროების თემა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი არის საწოლებისა და ოთახების რაოდენობა, რომლის ზრდაც აუცილებელია დღეს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამასთან, სასტუმროები და მათი მომსახურების სერვისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როცა უცხოელი ტურისტები საქართველოში ტურიზმის განვითარების დონეს აფასებენ. ამიტომ ჩვენ ამ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი მხრივ, იმისათვის, რომ წავახალისოთ ოთახებისა და საწოლების რაოდენობის ზრდა, მეორ მხრივ, დავეხმაროთ სასტუმროებს მომსახურების ხარისხის ამაღლებაში. მიმდინარეობს მუშაობა სასტუმროების დაბეგვრის სისტემის ცვლილების მიმართუელბითაც. დღეს მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ წავახალისოთ ინვესტიციების შემოსვლა ამ სფეროში, აქტიურად განიხილება თუ რა დამატებითი საგადასახადო შეღავათები შეიძლება დაუწესდეს სასტუმროებს იმისათვის, რომ ეს საქმე უფრო მომგებიანი და რენტაბელური გახდეს“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანია „მაესტროში“ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.
ადმინისტრაციის სამომავლო პრიორიტეტებში ახალი მიმართულებების, პირველ რიგში, საქმიანი ტურიზმის მიმართულების დამატება იგეგმება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კურორტები, რადგან საქართველოში არსებული და ახალი კურორტების დიდი ბაზა არსებობს. მნიშვნელოვანია კურორტების იდენტიფიცირება, მათი შინაარსის განსაზღვრა და შესაბამისად პოზიციონირება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბაზრებზე. ასვე, გაკეთდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული პროდუქტის გაჯანსაღებას, მის მარკირებას და თანამედროვე ვიზუალის შექმნას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობები მოიცავს: ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომსახურების ხარისხის ზრდას, მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე, ახალი ბაზრების ათვისებასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას. „რაც შეეხება ზოგადად სარეკლამო კამპანიას, ჩვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, ამის გამო ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად ეფექტიანად დაიხარჯოს ეს თანხა. მომავალ წელს დაახლოებით 6 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი სარეკლამო კამპანიებისთვის სხვადასხვა ბაზრებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამეზობლო ბაზრები, რადგან ჩვენი ტურისტების უდიდესი წილი ამ ბაზრებზე მოდის. თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას ახალი ბაზრების ასათვისებლად. ამისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება ყველა ის ქალაქი და რეგიონი საიდანაც საქართველოს მიმართულებით არსებობს პირდაპირი ავიარეისები, რადგან ტურისტების მიმოსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარტივ საჰაერო კავშირს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მუშაობა ისეთი ბაზრების მიმართულებითაც როგორიცაა აზია და ამერიკა, მიუხედავად იმისა, რომ ავიარეისების კუთხით მათ არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვთ საქართველოში ჩამოსვლის კუთხით, მაგრამ ახალი ბაზრის ათვისება არ ხდება ერთ წელიწადში, ამიტომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმუშავებთ, იმისთვის, რომ ის პოტენციალი რაც საქართველოს აქვს, ვაჩვენოთ, დავაინტერესოთ და გავზარდოთ ტურისტების ნაკადი ახალი ბაზრებიდანაც“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
მომავალ წელს ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად 18 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი, რაც წინა წლის მონაცემებზე 5 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია. გასულ წელს, ამ მიმართულებით 12 მილიონ 653 ათასი ლარი დაიხარჯა. 2015 წელს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარებას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს. ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უცხოურ მასმედიაში აპირებს, ასევე იგეგმება 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ტურისტული მიმართულებების მარკეტინგი, ვებმარკეტინგი, სატელევიზიო რეკლამები. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მომსახურების სექტორებს შორის ერთ¬ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2013 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მშპ-¬ში 2.2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (მშპ-ს 2.9%) და ხელი შეუწყო 101 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, აღნიშნული სექტორის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია: მსოფლიოს მშპ¬-ს 9.5%, ერთი ადგილი ყოველი 11 სამუშაო ადგილიდან, 4.4% მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებსა და 5.4% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში.
უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს ქვეყანაში დიდი გავლენა აქვს საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე. დაახლოებით 58% საქართველოს სერვისის ექსპორტის შემოსავლებიდან ტურიზმზე მოდის. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, 2013 წელს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.72 მილიარდ დოლარს (ზრდა 22%), ხოლო საქართველოს მოქალაქეების დანახარჯებმა უცხოურ ტურიზმზე 0.29 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 15%). შედეგად, უცხოური ტურიზმის ბალანსი საქართველოში შეადგენდა 1.43 მილიარდ დოლარს (ზრდა 23%). 2013 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ ტურიზმში 168.8 ათასი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი დასაქმებულია ტრანსპორტის სექტორში (57%) და სასტუმროებსა და რესტორნებში (20%). დასაქმება ამ უკანასკნელში გაიზარდა 17%¬-ით, ტრანსპორტში კი 6%-¬ით. მთლიანობაში დასაქმების შემცირება 6%¬-ია, რაც გამოწვეულია ტურიზმის სხვა სექტორებში ამ მაჩვენებლის კლებით. 2012 წელს ტურიზმში დასაქმების კონტრიბუცია მთლიან დასაქმებაში შეადგენდა 10%-¬ს. 2013 წელს მთლიანმა დამატებულმა ღირებულებამ 1.5 მილიარდ ლარს მიაღწია გაზრდილი მოთხოვნის გამო (ზრდა 10%). შედეგად, ტურიზმის წმინდა დამატებითი ღირებულება, როგორც მშპ¬ს წილი, 6.1%¬-დან 6.5%¬-მდე გაიზარდა. 2013 წელს ტურიზმის სექტორში დამატებითი ღირებულება ძირითადად შეიქმნა განთავსების საშუალებებში (ზრდა 13%), და ტრანსპორტში (საჰაერო ტრანსპორტი – ზრდა 28%, სხვა ტრანსპორტი – ზრდა 3%). თუმცა ზრდის ტემპების შენარჩუნება 2015 წლის ზამთრის საკურორტო სეზონისთვის რთული იქნება, თუ გავითვალიწინებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტების გეოგრაფიულ განაწილებას. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, საქართველომ 2014 წლის პირველ კვარტალში, რაც ზამთრის საკურორტო სეზონის პერიოდს ემთხვევა, საქართველომ 1 006 267 საერთაშორისო მოგზაური მიიღო, საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი წილი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მეზობელი ქვეყნებიდან მოგზაურების რაოდენობამ 909 430 შეადგინა, რაც მთლიანი ვიზიტორების 90%-ს წარმოადგენს. ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზრდა ვიზიტორების რაოდენობა უკრაინიდან და რუსეთიდან (იხილეთ ცხრილი).

Screen Shot 2014-12-18 at 11.54.21 PM

თუმცა, დღეისთვის როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში რთული ეკონომიკური ვითარებაა, რასაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, რუსული რუბლის გაუფასურების გამო მომავალ წელს ტურიზმის ინდუსტრია მთელს მსოფლიოში დაზარალდება, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა გლობალური მასშტაბით მხოლოდ 3.1-3.3% იქნება. გამონაკლისი ალბათ არც საქართველოს ტურისტული ინდუსტრია იქნება, რომელსაც წელს ორი მნიშვნელოვანი ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, ტურისტები შეუმცირდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial