რისკიანი „უზრუნველი“ სიბერე

მაკა ღანიაშვილი

საქართველოში საპენსიო სისტემა რეფორმისთვის მზადების პროცესშია. არსებული მოდელი, რესურსების შეზღუდულობის გამო, ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების შეცვლილ პირობებთან პენსიის ადექვატურობის უზრუნველყოფას. 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსიონერის პენსია 10 ლარით გაიზრდება და 160 ლარი გახდება. ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოში პენსია 14 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. მართალია, ეს თანხა ჯერ საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება, მაგრამ ბიუჯეტს მაინც მძიმე ტვირთად აწვება. ამასთან, ჩვენთან პენსიის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან არის 17-18%, ხოლო ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 40%-ს აღემატება. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, საპენსიო უზრუნველყოფის მხოლოდ სახელმწიფო სექტორის გადასაწყვეტ პრობლემად დატოვება სახელმწიფო ვალდებულების მნიშვნელოვან მატებასა და ვალდებულებების შესაძლო შეუსრულებლობის საფრთხეს შეიცავს. 2014 წლის მდგომარეობით, საპენსიო უზრუნველყოფაზე საქართველოში მილიარდ სამას მილიონზე მეტი ლარი მიემართება. ეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 14.6 პროცენტია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ეს თანხა, დაახლოებით, 260 ლარს შეადგენს, ერთ დაქირავებით დასაქმებულზე კი – 1750 ლარადმე წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ ერთი დაქირავებით დასაქმებული ყოველთვიურად 1 პენსიონერზე მეტს ინახავს.

საქართველოს საპენსიო სისტემა ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. ძირითადია გადანაწილების პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო საპენსიო სისტემა. პენსიები სოციალური ხარჯების უმსხვილესი კატეგორიაა და მთლიანი სოციალური დაცვის ხარჯების ნახევარზე მეტს შეადგენს. არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას ბაზრის უმნიშვნელო ნაწილი უკავია და კვლავაც განვითარების ჩანასახოვან სტადიაზე რჩება. მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, საპენსიო პროგრამა მძიმე ტვირთი იქნება ბიუჯეტისათვის მანამ, სანამ ქვეყნის საპენსიო ასაკის მოსახლეობა დამოკიდებული იქნება საბაზისო სახელმწიფო პენსიაზე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ბიუჯეტი სოციალური დანახარჯების ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება და ამიტომ კერძო საპენსიო დანაზოგების გარეშე პენსიების არსებული დონეების შენარჩუნებაც კი, დროთა განმავლობაში, ქვეყანას მაღალ საბიუჯეტო ხარჯებთან მიიყვანს.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ასაკით პენსია მამაკაცებს 65 წლის მიღწევიდან ენიშნებათ, ქალებს – 60 წლიდან. ევროპის უმრავლეს ქვეყნებში გამოკვეთილი ტენდენცია მიუთითებს, რომ საპენსიო ასაკის განსაზღვრისას, სქესთა შორის ასაკობრივი სხვაობის დაწესებაზე სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს უარს. საქართველოში საპენსიო ასაკის გაზრდა ან გათანაბრება საკმაოდ რთული პროცესი იქნება, ვინაიდან მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს უკავშირდება. უპირველესად, იმ გარემოების გამო, რომ ქვეყანაში არსებობს სხვა, სავსებით საპირისპირო მოლოდინი, რომ საპენსიო ასაკმა, პირიქით, დაიწიოს და მოქალაქეებმა უფრო ადრე მიიღონ პენსია. ეს რეალობა განპირობებულია ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობითა და მწვავე სოციალური პრობლემებით, როცა მოსახლეობის სოლიდურ ნაწილს არ გააჩნია მუდმივი შემოსავალი და მეტ-ნაკლებად მდგრადი სოციალური გარანტიები. ასეთ ფონზე, 150-ლარიანი პენსია ნაწილობრივ ამსუბუქებს მძიმე სოციალურ ფონს, განსაკუთრებით, რეგიონებში. თუმცა რეფორმა სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია 2013 წელს შეიქმნა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეროვნული ბანკის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები შედიან.

ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო რეფორმის საკოორდინაციო ოფისი შეიქმნა, რომელიც მუშაობს ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის შექმნაზე. საპენსიო უზრუნველყოფის დაგროვებით პრინციპზე დამყარებული მოდელი გულისხმობს, პენსიის დაგროვების ინდივიდუალურ ხასიათს, პენსიის სიდიდე კი დამოკიდებულია საპენსიო შენატანის სიდიდესა და საპენსიო ფონდების მიერ განხორციელებული საინვესტიციო სტრატეგიის წარმატებასა და ფინანსურ მაჩვენებლებზე. დაგროვებით მოდელს ეკონომიკის ზრდის ციკლისა და განვითარებული ფინანსური ბაზრის პირობებში ახასიათებს მდგრადი ზრდა, როცა დაბანდებებიდან მიღებული სარგებელი აღემატება ინფლაციის და ხელფასების ზრდას.

ამავდროულად, „დაგროვებების“ წილის ზრდა მშპ-ში ქმნის მყარ სტიმულებს ეკონომიკის ზრდისთვის. თვალსაჩინოა დაგროვებით პრინციპზე დამყარებული საპენსიო მოდელისთვის დამახასიათებელი რისკებიც. უპირველესად ის გარემოება, რომ ეკონომიკის ციკლური ბუნებიდან გამომდინარე, ზრდა არ არის ყოველთვის შეუქცევადი. ეკონომიკის ვარდნის და უკანასკნელ პერიოდში მომრავლებული კრიზისების პირობებში, დაგროვილი რესურსი შეიძლება გაუფასურდეს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ფასის კლების გამო. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები არიან უფრო მაღალი ხარისხით დაუცველნი საბაზრო რისკების და ინფლაციის მიმართ. მაგრამ არსებობს საპენსიო უზრუნველყოფის შერეულ პრინციპზე დამყარებული მოდელი. ეს მოდელი გულისხმობს გარკვეული ელემენტების შეჯერებას როგორც სოლიდარული, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემების მოდელებიდან. ამგვარი მიდგომა ნაწილობრივ ამცირებს რისკებს და ზრდის მოქნილობას საპენსიო უზრუნველყოფაში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობის მოცულობის განსაზღვრისას. შერეული მოდელის არსებობა კრიზისის დროს ასევე შესაძლებელს ხდის რისკის გადანაწილებას საპენსიო სქემებს შორის.

რა მოდელს ირჩევს საქართველო? ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროში არსებული საპენსიო რეფორმების სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი გვესაუბრება:

4

„დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ეს სოციალური პენსიაა, სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებულიც კი არ არის. სოლიდარულში ზოგადად იგულისხმება ის, რომ ვინც იმუშავა და გადაიხადა გადასახადები, შემდეგი თაობა მას ინახავს. ჩვენ შემთხვევაში, ადამიანი მუშაობდა თუ არ მუშაობდა, საპენსიო ასაკის შემდეგ ავტომატურად ხდება პენსიონერი და არ აქვს მნიშვნელობა, თავის შრომისუნარიან პერიოდში რამდენი გადაიხადა ბიუჯეტში, მუშაობდა თუ არა ის და ამიტომაც ეს არის სოციალური საპენსიო სისტემა. სხვა ქვეყნებში მინიმუმ 15 წელი მაინც უნდა იყოს დასაქმებული ადამიანი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მას შემდეგ რაღაც ოდენობის პენსია გადაუხადოს. ეს არის სოლიდარული საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპი. რაც უფრო მეტ გადასახადს იხდის ადამიანი მუშაობის პერიოდში, მეტ პენსიას აიღებს შემდეგ. ანუ პენსიის ოდენობა დამოკიდებულია გადახდილი გადასახადის მოცულობაზე, რაც, თავის მხრივ, შემოსავლების მოცულობას უკავშირდება. ჩვენთან არის სოციალური სისტემა, სადაც ყველა ერთი და იგივეს იღებს და მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, გადანაწილების ეს უსამართლო პრინციპი არის სწორი. რეალურად, ჩვენ რომ დიფერენცირება გავაკეთოთ და ადამიანებს, ვისაც საერთოდ არ აქვს კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში (დიასახლისები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები და ა.შ.) და პენსიის სახით გადავუხადოთ მინიმალური, ვთქვათ 50 ლარის მოცულობის პენსია და ვინც დასაქმებული იყო და იხდიდა გადასახადებს მათ მივცეთ სიტყვაზე 250 ლარი, რეალურად მივიღებდით სურათს, რომ საქართველოს პენსიონერების დიდი ნაწილი დღეს მიიღებდა მხოლოდ ამ მინიმალურ 50 ლარს. თუმცა, ეს სოციალურად ძალიან რთული იქნებოდა რეგიონებისთვის, სადაც რეალურად ბევრი ოჯახისთვის პენსია არის ერთადერთი მატერიალური, ფულადი შემოსავლის წყარო. მაგრამ სახელმწიფო პენსია ვერასდროს ვერ იქნება იმდენი, რომ ყველა პენსიონერი იყოს კმაყოფილი. ანუ იმისათვის, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანმა მიახლოებით მაინც შეინარჩუნოს ცხოვრების სტანდარტი. ვთქვათ, თუ ადამიანს სჭირდება თვეში დაახლოებით 1000 ლარი როცა მუშაობს, პენსიაზე გასვლის შემდეგ მას 400 ლარი მაინც უნდა იმისთვის, რომ ძალიან არ გაუარესდეს მისი ცხოვრების დონე. ანუ შემოსავლის 40% არის სტანდარტად მიჩნეული, რომელიც აუცილებელია ასე თუ ისე მიახლოებული ცხოვრების სტანდარტის შესანარჩუნებლად პენსიაზე გასვლის შემდეგ. ამიტომაც რეალურად პენსია ყოველთვის გაიზრდება, ოღონდ იმდენად ვერ გაიზრდება, რომ ხალხი ბოლომდე კმაყოფილი იყოს.
საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა გულისხმობს შემდეგს – არსებულ საპენსიო სისტემასთან ერთად, იარსებებს დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ანუ ის რაც არსებობს არ უქმდება, ამას ემატება სხვა მიმართულება, სახელმწიფო პენსიას ბიუჯეტიდან კვლავ ყველა მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა მონაწილეობს თუ არა ის ნებაყოფლობით დაგროვებით საპენსიო სქემაში. კერძო დაგროვებითი სისტემა იქნება ნახევრად სავალდებულო და ნახევრად ნებაყოფლობითი, ანუ თუ დასაქმებული გადაწყვეტს, რომ მას სურს ნებაყოფლობით საპენსიო სქემაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფოს და დამსაქმებელს არჩევანი არ აქვს. ის დასაქმებული, ვინც ნებაყოფლობით საპენსიო სქემაში გადაწყვეტს ჩართვას, ყოველთვიური ხელფასიდან საპენსიო ფონდში რიცხავს 2%-ს, ამას ემატება სახელმწიფოს მიერ გადახდილი 2% და ასევე კომპანიაც ვალდებულია 2% დანამატის სახით გადარიცხოს დასაქმებულის საპენსიო ფონდში. საბოლოო ჯამში, ყოველთვიური შენატანი იქნება ხელფასის 6%. ეს ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის, ამ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა, შეიძლება იყოს 7% ან სხვა ციფრი, მაგრამ პრინციპი არის ასეთი. ანუ ეს სისტემა არის მორგებული დასაქმებულის უფლებებზე, მას აქვს არჩევანი გაწევრიანდეს თუ არა ამ სისტემაში, მაგრამ თუ დასაქმებულმა გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, სახელმწიფოს და კომპანიას ეს არჩევანი აღარ რჩება. ანუ დასაქმებული სახელმწიფოს კვლავ უხდის საშემოსავლოს სახით 20%-ს, აქედან სახელმწიფო დაიტოვებს 18%-ს, 2%-ს კი რიცხავს საპენსიო ფონდში.

ს.ე. ეს 2% სავალდებულო იქნება თუ ადამიანს ექნება საშუალება სურვილის შემთხვევაში, ვთქვათ, 3% გადარიცხოს საკუთარ საპენსიო ფონდში?
ო.ძ.
დიახ, იქნება ამის საშუალება. თუ 2% არის სავალდებულო, იმის ზემოთ დაწესდება ზღვარი ვთქვათ 5%-მდე, რომელიც დამსაქმებელს ყოველთვიური ხელფასიდან შეუძლია დაზოგოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს თანხა უკვე აღარ დაიბეგრება იმ საშემოსავლო 20%-ით. ეს არის კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორი. ამ თანხის გამოტანის საშუალება თქვენ რა თქმა უნდა არ გექნებათ საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მაგრამ ეს არ იქნება რაღაც აბსტრაქტული თანხა, ეს არის კონკრეტული ანგარიში, აქტივები, რომელსაც თქვენ ხედავთ და აკონტროლებთ მის ზრდას ან შემცირებას. თანხის ნაწილის პენსიაზე გასვლამდე გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარკვეული დაშვებების შემთხვევაში, მაგალითად, თუ ადამიანს განსაკუთრებული მძიმე დაავადება აღმოაჩნდა და სჭირდება თანხა ან შვილების სწავლისთვის, მაგრამ ეს იქნება მთლიანი აქტივების ნაწილი მხოლოდ და არა სრულიად. საპენსიო ფონდის აქტივების ინვესტირება მოხდება სხვადასხვა ფასიან ქაღალდებში.

ს.ე. საქართველოში არ არის კაპიტალის ბაზარი განვითარებული, არ შეუშლის ეს ხელს საპენსიო რეფორმის განხორციელებას?
ი.ძ.
მართალია, არ არის განვითარებული და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა, ამიტომ პარალელურ რეჟიმში ჩვენ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც ვმუშაობთ. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტულია კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის განვითარება, საქართველოში არის 50 კომპანია მაინც, რომელსაც შეუძლია 2-5 მილიონი დოლარის ობლიგაცია გამოუშვას, თუმცა ამ კომპანიების მიმართ იქნება მკაცრი მოთხოვნები, შეფასდება მათი რისკები, შემოსავლები და ა.შ. ეს იქნება კარგად გაკონტროლებადი სფერო, რომელსაც გააკონტროლებს სახელმწიფო. ის ვინც გამოუშვებს თავის ფასიან ქაღალდს, მას ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება და ბევრი ეტაპის გავლა მოუწევს, იმისათვის, რომ მისი ფასიანი ქაღალდები დაშვებული იყოს საფონდო ბირჟაზე. ამიტომ კაპიტალის ბაზარიც გასავითარებელი იქნება. საპენსიო რეფორმის გაშვება დაახლოებით 2 წელში იგეგმება, ამ პერიოდში ჩანასახი უნდა გაჩნდეს და კომპანიებმა დაიწყონ ფასიანი ქაღალდების გამოშვება. უნდა დაიწყოს აქტივობები იმისთვის, რომ ორი წლის თავზე ჩვენ რაღაც დონეზე უკვე გვქონდეს ეს ბაზარი. ამ ორ წელიწადში კაპიტალური ბაზრის რეფორმაც დასრულებული იქნება. კომპანიებიც წინასწარ იქნებიან ინფორმირებული თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ და მათ ექნებათ ამისათვის მოსამზადებელი პერიოდიც. ადგილობრივ ბაზარზე აქტივების დაბანდება სახელმწიფო ობლიგაციებშიც მოხდება და საბანკო დეპოზიტები, გრძელვადიან ლარის რესურს მიაწვდიან ეს ფონდები ბანკებს. ასევე, თანხის ნაწილი უნდა დაბანდდეს საზღვარგარეთ, საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე. ეს აუცილებელია. იქნება შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, მთლიანი აქტივების თუ რამდენი პროცენტი შეიძლება გავიდეს საზღვარგარეთ და რამდენი დაბანდდეს ქვეყნის შინგნით. სავარაუდოდ, ქვეყნის გარეთ ინვესტირებისათვის მაქსიმუმ 50%-იანი ზღვარი დაწესდება. მაგრამ უცხოეთში გასვლა აუცილებელი იქნება, რადგან მთელ თანხას ადგილობრივი ბაზარი ვერ აითვისებს.

ს.ე. ვინ განახორციელებს საპენსიო ფონდის მართვას?
ი.ძ.
საპენსიო ფონდის მართვას განახორციელებს გამოცდილი, კვალიფიციური უცხოური საფინანსო ინსტიტუტი. თავდაპირველად ორი, რომელსაც დიდი გამოცდილება ექნება ამ საქმეში. მაგალითად, ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ასობით მილიარდ დოლარს მართავს ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი ამ ფინანსური რესურსის მართვას განახორციელებენ ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად, ერთობლივად პარტნიორული თანამშრომლობით, რადგან ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც მიიღონ ეს გამოცდილება. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრების ოპერაციებში უცხოური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ბევრი დეტალია, როგორი მართვა იქნება უმჯობესი, აქტიური თუ პასიური ინვესტირება და ა.შ. ბევრი კითხვა არსებობს, რაც დახვეწას ექვემდებარება და ჯერ განხილვის ეტაპზეა.

ს.ე. ეს კომპანიები როგორ შეირჩევა?
ი.ძ.
მოხდება მათთან მოპალარაკება, გასაუბრება, გავაცნობთ ადგილობრივ ბაზარს. შემდეგ მოხდება ტენდერის გამოცხადება. უცხოური კომპანიები განაცხადს შემოიტანენ და შემდეგ მათგან მოხდება არჩევა. მათ საქმიანობას რეგულირებას გაუწევს შესაბამისი მარეგულირებელი. ანუ სად განახორციელებენ ინვესტიციებს, როგორ, რა მოცულობით და ა.შ.

ს.ე. რა ასაკის მოქალაქეებს შეეხებათ საწყის ეტაპზე რეფორმა?
ი.ძ.
როდესაც ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება, ალბათ, ქალბატონებისთვის 45, ხოლო კაცებისთის 50 წელი იქნება ზედა ზღვარი, ან შეიძლება 50 და 55. ეს ბევრ რამეზეა დამოიკდებული. ყოველთვიური ხელფასიდან, რეალურად 6% არ არის დიდი თანხა, ამიტომ ადამიანმა რომ შედეგი მიიღოს ამ დაგროვებითი სქემით და აქტივები ღირებულ ნიშნულამდე გაიზარდოს, დაახლოებით 30 წელია საჭირო. თქვენი პორტფოლიო ამ 30 წლის განმავლობაში ნელ-ნელა იზრდება. ან შეიძლება რაღაც მომენტში იყოს ჩავარდნა ბაზარზე განვითარებული მოვლენების გამო. ამას ვერ გავექცევით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აქტივების ზრდა გარდაუვალია, თუმცა ამას დრო სჭირდება.

ს.ე. დაზოგვის ჩვევა საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა, როგორია თქვენი მოლოდინი საზოგადოების ჩართულობის მხრივ?
ი.ძ.
მართალია, ჩვენთან ძალიან დაბალია დაზოგვის კულტურა, ამიტომაც არსებობს წახალისების მექანიზმები. ძლიერია ფინანსური მოტიცავია. ანუ დღესვე რომ ვთქვათ, თქვენი შემოსავლის 2%, რომელსაც არ იღებთ, წამიერად ხდება 6%, ეს ელემენტარული მათემატიკაა. რომ არაფერი ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში აქტივების ზრდის შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, ნებაყოფლობითი სქემის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნდობის გაჩენაცაა. უფრო სწორია, რომ ადამიანს არჩევანი დაუტოვო. საწყის ეტაპზე აუცილებელია ხალხსაც ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაც არ ავალდებულებს მას ამის გაეთებას და ეს მისი არჩევანია. ნდობის ხარისხი ნელ-ნელა უნდა ამღლდეს.

ს.ე. თუ იგეგმება, რომ დროთა განმავლობაში მთლიანად ამ ნებაყოფლობით საპენსიო სქემაზე გადავიდეს ქვეყანა?
ი.ძ.
არა ბიუჯეტიდან მაინც უნდა მისცე ადამიანს პენსია, იმიტომ, რომ ის მუშაობდა, იხდიდა გადასახადს და მას რაღაც მაინც ეკუთვნის ბიუჯეტიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ. ამასთანავე 6%-იანი დანაზოგით რთულია იმდენი თანხის დაგროვება, რომ ადამიანს აღარ დასჭირდეს დამატებითი, დავუშვათ, 150-ლარიანი სახელმწიფო პენსია. იდეალური ვარიანტია, რომ დღეს არსებულმა საპენსიო სისტემამ და ახალმა, ნებაყოფლობითმა დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ ერთმანეთი შეავსოს.

საპენსიო სისტემა – გლობალური დილემა

საპენსიო რეფორმის აუცილებლობის წინაშე მხოლოდ საქართველო არ დგას. 2011 წლიდან მსოფლიო საპენსიო სისტემებში შევიდა პენსიონერების ახალი და საკმაოდ მოცულობითი ტალღა, რომელთა უზრუნველყოფაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. 3 წლის წინ დაიწყო პენსიაზე გასვლა baby boom-ერების თაობის პირველმა ტალღამ. 1940-1960-იანი წლებში შობადობა პიკზე იყო. ამდენად, ახალი პენსიონერების ტალღა ისტორიის მანძილზე ყველაზე მასობრივი და, ამავდროულად, ყველაზე გავლენიანი იქნება. შედეგად, პრაქტიკულად ყველა განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტები დიდი დეფიციტით გამოირჩევა. ევროზონაში ვალის მოცულობამ მშპ-ს მიმართ დაახლოებით 93%-ს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაანგარიშებით, ფინანსური კრიზისისა და რეცესიის წილად უახლოეს ხანებში სახელმწიფოთა შიდა ვალების მოსალოდნელი ზრდის მხოლოდ 20% მოვა. დანარჩენ 80%-ს განაპირობებს სახელმწიფო ხარჯების ზრდა ჯანდაცვის, სოციალურ და, განსაკუთრებით, საპენსიო უზრუნველყოფაზე. ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაუმჯობესებამ, უკურნებელი დაავადებების კლებამ, ახალ მედიკამენტებზე და მკურნალობის განვითარებულ ტექნოლოგიებზე ხელისაწვდომობის მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა მთელ მსოფლიოში. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, თუ 2009 წელს 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა დედამიწის მთლიან მოსახლეობაში 11%-ის დონეზე იყო, 2050 წლისთვის მისი 22%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი. 2050 წლისთვის 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში 2 მილიარდს გადააჭარბებს.

Standard&Poor’s-ს გათვლებით, თუ მთავრობები არ შეცვლიან მიმდინარე საპენსიო და სხვა სოციალურ პროგრამებს, მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფო ვალებს 2010 წლის მშპ-ს 36,1%-დან 2050 წლისთვის მშპ-ს 300%-მდე გაზრდის. დიდი პრობლემების წინაშე დგას აშშ-ც. „ბეიბი-ბუმერების“ თაობის მიმართ საპენსიო ვალდებულება როგორც კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში, ასევე სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დეფიციტი 4.3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, „მილენიუმის“ თაობის (1990-2000 წლებში დაბადებულები) პენსიაზე გასვლის დროისთვის კი პენსიის გაცემა საერთოდ უტოპია შეიძლება გახდეს. რა არის აშშ-ს საპენსიო სისტემის და მთლიანად ეკონომიკის მთავარი გამოწვევა? როგორ ფუნქციონირებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის საპენსიო სისტემა? აშშ-ში სახელმწიფო პენსიები გაიცემა OASDI პროგრამით (Old-Age, Survivors, and Disability Insurance Program), მისი 84% ფინანსდება დასაქმებულებისა და დამსაქმებლების საგადასახადო შენატანებით, 14% – ფორმირდება ფონდის საინვესტიციო აქტივობების შედეგად (ძირითადად აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციებში), 2% კი გადასახადებით, რომელსაც აშშ-ში იხდიან მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ფონდში ცალკე არ ფორმირდება თითოეული მოქალაქის პენსია, არსებობს საერთო კალათა საიდანაც პენსიონერებს ეხდებათ პენსია.

დღეს ფონდი დიდ დეფიციტს განიცდის, დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით, მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება მას პენსიების გაცემა. მოსახლეობის ზრდის ტემპები მცირდება, 2010-2015 წელს აშშ-ს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 0.9%-ით იზრდებოდა, 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 0.4%-მდე შემცირდება. ამას ემატება მოსახლეობაში პენსიონერების წილისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა. ასევე, მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთაც უდიდესი წვლილი შექავთ OASDI-ის ფონდის ფორმირებაში, პენსიონერთა რაოდენობა კი 2010 წლის 44 მილიონიდან 2030 წლისთვის 73 მილიონამდე გაიზრდება. დღეს აშშ-ს ხელისუფლება განიხილავს OASDI-ის მომავლის სამ სცენარს. ამ სცენარების მიხედვით, 2020 წლამდე OASDI-ის აქტივების ზრდა არის მოსალოდნელი, ამის შემდეგ ის კლებას დაიწყებს, 2033 წლიდან კი მოსალოდნელია დიდი დეფიციტი. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეს ფონდი პენსიონერთა მაქსიმუმ 77%-ის მომსახურებას შეძლებს. თუმცა არსებობს უფრო ოპტიმისტური გათვლებიც, რომლის მიხედვითაც OASDI არანაირი დეფიციტი არ ემუქრება. ამისათვის კი უნდა შესრულდეს რამდენიმე პირობა: შობადობის ზრდა, შემოსავლების ზრდა უფრო მაღალი ტემპით, უფრო მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთები, უფრო მაღალი სამომხმარებლო ინფლაცია და უმუშევრობის დონის შემცირება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა იმისათვის, რომ მომდევნო 75 წლის განმავლობაში OASDI დეფიციტი არ შეექმნას, არის ორი: გაიზარდოს ის განაკვეთი, რომლის მიხედვითაც ხდება შენატანები ამ ფონდში ან შემცირდეს ის გადახდები, რაც ხდება ფონდიდან. ორივე ეს გადაწყვეტილება არასასიამოვნო იქნება ეკონომიკისა და მოქალაქეებისათვის.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში სახელმწიფო პენსიას პენსიონერთა 25% იღებს, 60%-ს კი აქვს კერძო საპენსიო სქემებით დაგროვებული საკუთარი პენსია. მაგრამ ეს არათუ შვებად, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს ამერიკის ეკონომისთვის, რადგან დღეს ამერიკის საპენსიო ფონდებს დიდი მოცულობით გრძელვადიანი ვალდებულებები დაუგროვდათ. აშშ-ს საპენსიო ფონდების აქტივების მთლიანი მოცულობა ქვეყნის მშპ-ს 74.5%-ს შეადგენს. სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 25 უმსხვილესი საპენსიო ფონდის ვალებულება აშშ-ში 2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საპენსიო ფონდების საინვესტიციო საქმიანობა დაფუძნებული იყო „კარგი წლების“ დროს გარანტირებულად მზარდ შემოსავლებზე, თუმცა კრიზისის დროს, მომავალი პენსიონერების მიმართ ვალდებულება ქაღალდზე სულ უფრო იზრდებოდა, რეალური აქტივები კი მცირდებოდა. აშშ-ს საპენსიო სისტემა ხაფანგშია – ერთი მხრივ, იმისათვის, რომ კერძო საპენსიო ფონდების დეფიციტის შესამცირებლად აუცილებელია იმ ფინანსური აქტივების ფასების ზრდა სადაც მათ ინვესტირება აქვთ გაკეთებული, კერძო ფონდების ინვესტიციების 48,9% აქციებზე მოდის, 20,9% კი ობლიგაციებსა და სხვა გრძელვადიან ვალდებულებებზე. ამიტომაც ბაზრის სტიმულირებისთვის სასურველი იქნება აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს. მეორე მხრივ კი, იმისათვის, რომ OASDI შეძლოს და მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებს, უკეთესი სცენარი იქნება ფედის საპროცენტო განაკვეთების ზრდის ხარჯზე შემოსავლის გაზრდა აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციებიდან, რომლებშიც OASDI-ის აქტივების დაბანდებაა ნებადართული. როგორ დააღწევს თავს ფედი ამ დილემას, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ეს რეალობა კარგი მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვისაც. კერძო ფონდების ეფექტიანი მუშაობისათვის, რომელსაც საქართველოს მომავალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ დაეფუძნება, რამდენიმე პირობის არსებობაა საჭირო, მათ შორის, ფონდების სიმრავლე და მაღალი კონკურენცია, მათი საქმიანობის გამჭვირვალობა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial