სავალუტო ომის დასაწყისი

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

22 იანვარს, მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომის შემდეგ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება მასობრივი რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკის გატარების შესახებ. პროგრამა მიზნად ისახავს ფულადი მასის ზრდასა და ევროზონის ეკონომიკის სტიმულირებას.
მარტიდან ევროპის ცენტრალური ბანკი მეორად ბაზარზე ყოველთვიურად 60 მილიარდი ევროს სახელმწიფო ობლიგაციებს იყიდის. პროგრამა 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა, როგორც ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, ცენტრალური ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების მასშტაბური შესყიდვა ამის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს, ეს ბაზრის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

მარიო დრაგის პრეს-კონფერენცია დავოსის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად გაიმართა. ამიტომ ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ფორუმის ბევრი მონაწილე გამოეხმაურა. Goldman Sachs-ის აღმასრულებელმა ოპერატიულმა მენეჯერმა, გარი კოენმა განაცხადა, რომ მსოფლიო სავალუტო ომშია ჩართული. „ყველა ქვეყანა საკუთარ ვალუტაზე იწყებს ზრუნვას. ვალუტის კურსის ვარდნა ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ყველაზე მარტივი გზაა“ – განაცხადა კოენმა.
ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ემსახურება ევროპის ცენტრალური ბანკიც გადაწყვეტილებაც, რომელიც ასევე ინარჩუნებს რეკორდულად დაბალ საპროცენტო განაკვეთს 0.05% ნიშნულზე, რომელიც ევროზონაში 2014 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, ლონდონისბირჟაზე ევრო რეკორდულად დაეცა და 11 წლის მინიმუმს მიაღწია, ამავე დროს, გაიზრდაევროპული კომპანიების სააქციო ინდექსები, მაგალითისთვის Stoxx Europe 600 გაიზარდა 0.8%-ით 360.84-მდე.
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მარიო დრაგიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რაოდენობრივი შერბილების პროგრამა გაგრძელდება მანამდე, სანამ ევროზონაში ინფლაცია სამიზნე, 2%-იანი მაჩვენებელს არ მიაღწევს.

წლის დასაწყისში ევროზონის ბევრი ქვეყანა დეფლაციას განიცდიდა, რაც შემცირებული ეკონომიკური ზრდისა და შესაძლო სტაგნაციის წინაპირობაა. კომპანიებმა და მომხმარებლებმა უკვე დაიწყის ფულის ხარჯვის შემცირება, იმ იმედით, რომ ფასები მომავალში კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
ამ პირობებში ევროპის ცენტრალური ბანკი ეძებს გზას მოთხოვნისა და მოხმარების ზრდის სტიმულირებისათვის. ფინანსური სახსრების უფრო მეტად ხელმისაწვდომობამ უნდა უბიძგოს ბანკებს უფრო მეტად აქტიური დაკრედიტების პოლიტიკის წარმართვისკენ, გაიაფებული ფული კი უნდა გახდეს მოხმარების ზრდის წინაპირობა.

sqema dragize

რაოდენობრივი შერბილების მსგავსი პროგრამა წარმატებით განხორციელდა აშშ-ში 2008-2014 წელს. ფულადი მასის გასაზრდელად ფასიანი ქაღალდების შესყიდვის პროგრამები განახორციელეს იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკებმაც.

მარიო დრაგის განცხადებით, რაოდენობრივი შერბილების პროგრამა ევროზონის ორი პრობლემის წინააღმდეგაა მიმართული. „ინფლაციის შემცირების ტემპები იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვენ ველოდით. ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა. ევროზონის ბევრ ქვეყანაში სუსტი ეკონომიკური ზრდაა, ფულად და საკრედიტო ბაზრებზე კი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა“, – განაცხადა მარიო დრაგიმ. ამიტომაც აუცილებელია მივიღოთ გადამჭრელი ზომები, რათა გავანეიტრალოთ დეფლაციის რისკები – დასძინა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.