ამერიკაში კორპორაციული სკანდალების სერია გრძელდება

მოამზადა ლინა ეპიშევამ

აშშ-ში საბირჟო ვაჭრობა ინდექსების ვარდნით დაიწყო. ვაჭრობის დახურვის შემდეგ Dow Jones-ის ინდექსი 100 პუნქტზე ქვემოთ დაეცა. Nასდაქ-ის ინდექსი 4,06%-ით 1403,80 პუნქტამდე დაეცა, რაც 1997 წლის 10 იანვრიდან მის მინიმალურ ზღვარს წარმოადგენს.

ეს არის ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული სკანდალის შედეგები, რომელშიც ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “WorldCom” გაეხვია.

აშშ-ში სიდიდით მეორე საერთაშორისო სატელოფონო კომპანია-ოპერატორმა მრავალმილიარდიანი მაქინაციის ორგანიზირება აღიარა. ახლა “WorldCom”-ის გაკოტრება ემუქრება, რამაც შეიძლება დააფრთხოს ინვესტორები, რომლებიც ჯერ გონზე ვერ მოვიდნენ, ენერგოკოპანია “Enron”-ის კრახის შემდეგ.

“WorldCom”-მა გადაუდებლად გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა თავისი ბიზნესი. ამ მიზნით შეამცირეს 17 ათასი თანამშრომელი. აგრეთვე გაირკვა, რომ კომპანიის ევროპულმა განყოფილებებმა შეიძლება დაკარგონ 650 თანამშრომელი. უფრო დიდი შემცირებები მოხდება სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპაში შემცირდება 450 სამუშაო ადგილი.

ამ სკანდალის შედეგად, “WorldCom”-ის აქციები 1 ივლისს 6 ცენტამდე დაეცა. 5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ “WorldCom”-ის აქციები Nasdaq-ის საბირჟო ინდექსიდან შეიძლება გამოირიცხოს.

“WorldCom”-ის მთავარი ოფისი, რომლის კლიენტთა რიცხვი 20 მილიონს შეადგენს, მისისიპის შტატში იმყოფება. 1990 წლიდან “WorldCom” იყო ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია. ერთ დროს ფირმა შედიოდა ამერიკის უმსხვილესი კორპორაციების რიცხვში. დიდი ვალების ხარჯზე პატარა რეგიონალური ოპერატორიდან, კომპანია უზარმაზარ საერთაშორისო კორპორაციად იქცა.

90-იან წლებში ისეთმა ახალგაზრდმა კომპანიებმა, როგორც “WorldCom”, “Quest” და “Global Crossing”, Wall Street-ში შევიდნენ. Wall Street-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ამ კომპანიებმა ფასები შეამცირეს, მაგრამ მათ ანგარიშგებაში მაინც ნაჩვენები იყო მოგების ზრდა. მათ ფონზე, ძველი კოპანიები, როგორც “AT&T” და “Sprint” მკრთალად გამოიყურებოდნენ. ამ ტენდენციებმა მანამდე გაძლო, სანამ გრძელდებოდა dot. com-ის ბუმი, თავისი მზარდი მოთხოვნებით. როგორც კი ინტერნეტ ბუმი მიწყნარდა და ფინანსები ამოიწურა, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია შეირყა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების მოგება შემცირდა, მაგრამ ამავე დროს ადგილობრივმა სატელეფონო ფირმებმა შეძლეს გადარჩენა.

თაღლითობის მასშტაბებით “WorldCom”-მა ენერგოგიგანტ “ენრონს” გაუსწრო. გაზეთი “The Times”-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მისისიპის შტატიდან წარმოშობილი სამაგალითო ქრისტიანის მიერ დაფუძნებული სატელეკომუნიკაციო კომპანია ინვესტორებს იმით ატყუებდა, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში ანგარიშგებაში არარსებული 3,85 მილიარდი დოლარის მოგებას აჩვენებდა.

პრობლემები კომპანიაში მიმდინარე შინაგანი გამოძიების დროს აღმოჩნდა. “WorldCom”-მა მოგების გადიდების ახალი რეკორდი დაამყარა. დღეისათვის “WorldCom” – ის დავალიანება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს და კომპანიას გაკოტრება ემუქრება.

ვარაუდობენ, რომ მარტივი საბუღალტრო ხერხით “WorldCom”-მა მოგება მილიარდობით დოლარამდე გაბერა: ფირმა აფორმებდა მიმდინარე ხარჯებს, როგორც ინვესტიციებს ძირითად კაპიტალში. ამის შედეგად, კორპორაციული ხარჯები არ ფიქსირდებოდნენ მოგების და ზარალის ანგარიშგებაში, ასე რომ, ფირმა უფრო მომგებიანი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.

“WorldCom”-ში უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან მთავარი ფინანსური დირექტორი, სკოტ სალივანი. კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, ბერნი ებბერს მალე მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა. სამოცწლიანი ებბერსი “WorldCom”-ის უხელმძღვანელებდა ამა წლის მაისამდე. მაშინ გაირკვა, რომ მან “WorldCom”-ის საბანკო ანგარიშიდან კრედიტი თავის სასარგებლოდ გასცა. ეს სახსრები მას დასჭირდა თავისი ვალების დასაფარავად. Wall Street-ს ეს ძალიან არ მოეწონა.

ეჭვები “WorldCom”-ის ხელმძღვანელობის თაღლითობის შესახებ აქციონერებს უკვე 2000 წელს გაუჩნდათ. მათ სარჩელი შეიტანეს მისისიპის შტატის საოლქო სასამართლოში, სადაც ადანაშაულებდნენ კომპანიას ფინანსური მაქინაციების წინასწარ განზრახულ მცდელობაში, რომელიც მიზნად ისახავდა “WorldCom” – ის აქციების კურსის გაზრდას და კომპანია “Sprint”-ის ჩაძირვას.

სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. 2002 წლის აპრილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა აქციონერთა სარჩელი. სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი ბრალდებების არასაკმარისი დასაბუთებულობა გახდა.სარჩელი დაუკმაყოფილებელ იქნა გასაჩივრების უფლების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა, აშშ-ის ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) დაიწყო “WorldCom” – ის საქმიანობის შესწავლა. კომისიამ ამხილა კომპანიის პირველი პირების ფართომასშტაბიანი მაქინაციები. აღსანიშნავია, რომ “WorldCom” – ის აუდოტორი იყო კომპანია “Andersen”-ი, რომელიც ამასწინათ დამნაშავედ აღიარეს, ფირმა “Enron”-ის საბუღალტრო ანგარიშგების განადგურების გამო. “ენრონის” მიერ გამოწვეული კორპორაციების და მსხვილი აუდიტორული კომპანიების მიმართ ნდობის კრიზისი უფრო მეტად გაძლიერდება “WorldCom”-ის სკანდალის შემდეგ. უნდა მოგახსენოთ, რომ ფინანსური ანგარიშგების მაქინაციების შედეგად ჩაიძირა “Tyco International”, “Kmart, Enron” და “Global Crossing”.

ამ კორპორაციული სკანდალებით შეწუხებულმა პრეზიდენტმა ბუშმა გადაწყვიტა, გამოერკვია სიტუაცია ამერიკულ კორპორაციებში. როგორც თეთრ სახლში ამბობენ, პრეზიდენტი აპირებს დაარწმუნოს კონგრესმენები, რომ მიიღონ მისი გეგმა კორპორაციული საფინანსო პასუხისმგებლობის გაზრდის შესახებ.

ამ გეგმის მიღების შემთხვევაში, კომპანიების ხელმძღვანელებს არ მიეცემათ საშუალება, გამდიდრდნენ მოგების ხელოვნური გაზრდით.

ათი დღის შემდეგ პრეზიდენტი ჩადის ნიუ-იორკში, სადაც მან უნდა დაარწმუნოს Wall Street – ის საფინანსო ელიტა კორპორაციული პრაქტიკის შეცვლის და საბუღალტრო წიგნების უფრო მკაცრი კონტროლის აუცილებლობაში. კორპორაციული სკანდალები არყევენ ბაზრებს და აფერხებენ აშშ-ის ეკონომიკურ ზრდას. ყველაფერი ეს ისახება დოლარის კურსზე, რომელმაც პირველად 2000 წლიდან პრაქტიკულად ევროს პარიტეტს მიაღწია.

მსოფლიო ბანკები შეუდგნენ ამერიკაში მორიგი ფინანსური სკანდალით მიყენებული პოტენციალური ზარალის დათვლას. აშშ-ის კონგრესმა ჩაატარა სატელეკომუნიკაციო გიგანტ “WorldCom”-ის ხელმძღვანელობის საბუღალტრო მაქინაციებთან დაკავშირებული საქმის მოსმენა. “WorldCom”-ის ხელმძღვანელობამ უნდა მისცეს ჩვენება აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიის საგამომძიებო ჯგუფს. ამის გარდა, ამერიკული კონგრესის ფინანსური კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ კომპანიის მენეჯმენტი გამოკითხონ.

“დაუჯერებელია, რომ ეს თაღლითობა ჩადენილია ერთი ადამიანის მიერ”, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა პოლ ო?ნილმა.

საქმის მოსმენის დროს ბერნი ებბერსმა უარი განუცხადა აშშ-ის კონგრესის ფინანსების კომიტეტს ჩვენების მიცემაზე. სხვა სკანდალური ფირმის “ენრონის” მსგავსად, მან დაიმოწმა ამერიკის კონსტიტუციის მეხუთე დანართი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა არ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. კორპორაციის მთავარმა ფინანსისტმა, სკოტ სალივანმა იმავე დაცვის ხერხს მიმართა.

ებბერსმა, რომელიც თანამდებობიდან ორი თვის წინ გადადგა, სანამ “WorldCom”-მა აღიარა მაქინაციები ანგარიშგებაში, გამოთქვა იმედი, რომ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება აიხსნებოდა, როგორც მისი ბრალეულის დადასტურება.

ზოგიერთმა კონგრესმენმა ჩათვალა, რომ ებბერსი ცდილობდა, თავისი თავი გაემართლებინა. კანონმდებლების აზრით, დაცვიდან შეტევაზე ასეთი მიდგომის გამო ებბერს მეხუთე დანართის გამოყენების უფლება უნდა ჩამოერთვას. რესპუბლიკელმა მაიკლ ოქსლიმ განაცხადა, ებბერსი მოსმენაზე შეიძლება კიდევ გამოიძახონ და არ არის გამორიცხული, რომ მას პარლამენტის გამოძიების მიმართ უპატივცემულობის ბრალდებებს წაუყენებენ.

ებბერსისა და სალივანის გარდა, “WorldCom”-ის ახლანდელმა პრეზიდენტმა, ჯონ სიდგმორმა, დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, ბერტ რობერტსმა, ანალიტიკოსმა სატელეკომუნიკაციო სფეროში ჯეკ გრაბმანმა და ანდერსენის ყოფილმა პარტნიორმა, მელვინ დიქმა, რომელსაც “WorldCom”-ის აუდიტი მიყავდა, კონგრესში ჩვენება მისცეს.

კომპანიის ახლანდელი ხელმძღვანელობა არ შეეწინააღმდეგება კონგრესმენების მცდელობას, გამოიძიონ “WorldCom” – ის გაკოტრების საქმე და უკვე აგრძნობინა, რომ დაინტერესებულია ამ საქმით. ხელმძღვანელების აზრით, ის სიტუაცია, რომელშიც კომპანია აღმოჩნდა, შეიქმნა აუდიტორების შეცდომების გამო.

მაგრამ აუდიტორული ფირმის “ანდერსენის” წარმომადგენლობამ არაფერი იცოდა “WorldCom”-ის ანგარიშგებაში გაურკვევლობის შესახებ. “Solomon Smith Barney”-ის ანალიტიკოსი სწუხდა, იმაზე, რომ დიდი ხნის განმავლობაში “WorldCom”-ს მაღალ შეფასებას აძლევდა, რადგან არაფერი იცოდა კომპანიის რეალური მდგომარეობის შესახებ.

მიუხედავად კომპანიის ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, მენეჯმენტი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მიიღებს 5 მილიარდ დოლარს თავისი ბიზნესის მხარდასაჭერად და პროცენტების გადასახდელად. მაგრამ პოტენციურმა გამსესხებლებმა მიუთითეს კომპანიას, რომ ასეთი გარიგების ალბათობა ნულს უტოლდება.

თუ “WorldCom” გაკოტრდება, სამი უმსხვილესი კორპორაციული გამსესხებელი – “JP Morgan”, “Citigroup” და “Bank of America” დაკარგავენ ფულს.

წინასწარი გამოანგარიშებით, სატელეკომუნიკაციო გიგანტის კრედიტორთა რიცხვში მსოფლიოს დაახლოებით 60 ათასი ბანკი შედის, მათ შორის, ბრიტანული, იტალიური და ჰოლანდიური.

თუ “WorldCom”-ის ხალმძღვანელობა მიმართავს აშშ-ის მთავრობას თხოვნით, აღიაროს ფირმა ბანკროტად (ეს პროცედურა ითვალისწინებს ხელისუფლების მხრიდან კრედიტორებისაგან დაცვას), მაშინ დაზარალდებიან მზღვეველები და საპენსიო ფონდები.

“WorldCom”-ის ბედი ბეწვზე ჰკიდია მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკების მერყეობის გამო. ისინი უკვე დაზარალდნენ არნახული კორპორაციული გაკოტრებების მთელ სერიათა რიგიდან (“Enron”, “Global Crossing”, “Kmart”). ამის გარდა, ბანკები ვერ აცნობიერებენ არგენტინულ დეფოლტს: ამა წლის დასაწყისში ბუენოს-აირესმა უარი თქვა 141 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის დაბრუნებაზე;

Citigroup-მა “WorldCom” -ს დაახლოებით 375 მილიონი დოლარი ასესხა; “JP Morgan”-ის აზრით, ეს ბოლო სკანდალი სერიოზულ მატერიალურ ზარალს არ გამოიწვევს; “Bank of America”-მა უარი განაცხადა, გამოექვეყნებინა ტელეკომ-კომპანიისათვის გაცემული სესხის რაოდენობა.

სააგენტო რეიტერის ცნობით, ბანკ “Mellon”-მა აღიარა, რომ მან “WorldCom”-ის კრედიტორებს დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოუყო;

ჰოლანდიის სადაზღვევო კანტორა “Aegon” კომპანიისაგან 200 მილიონის დაბრუნებას ელოდება; გაკოტრების შემთხვევაში, სხვა ჰოლანდიური ფირმები იძულებულები გახდებიან ჩამოწერონ 100 მილიონი ევრო.

გერმანულმა სადაზღვევო ალიანსმა “WorldCom”-ში 200 მილიონი დოლარი დააბანდა, იტალიურ ბანკ “Generali”-ს კი ამერიკული ფირმის 40 მილიონი ევროს ბონდები აქვს.

მიუხედავად ამისა, ევროპული ბანკების და სადაზღვევო კომპანიების აქციების კურსმა ცოტათი მოიმატა. ინვესტორები თვლიან, რომ ეს ზარალი სერიოზული არ არის.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გაურკვეველმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ ბანკები “რისკებს ერთმანეთში ინაწილებენ”, – თქვა საინვესტიციო კომპანია “Putnam Lovell Securities”-ის ანალიტიკოსმა, ჯონ მიტჩელმა.